კახეთში ღვთისმსახურებმა ავარიით ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლეს - გზაპრესი

კახეთში ღვთისმსახურებმა ავარიით ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლეს

სოფელ მანავის მთავარ გზაზე, 36 წლის გიორგი ფოცხვერაშვილს ავტომანქანა დაეჯახა და ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის გზაზე გადადიოდა, მანქანა რომ დაეჯახა.

"როგორც ჩანს, მანქანა დიდი სიჩქარით მოდიოდა, ამ დროს გიორგი გზაზე გადადიოდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრახუნის ხმა გავიგეთ. ბიჭი ძირს ეგდო და სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. მანქანაში ეკლესიის ორი მსახური იჯდა. ამბობენ, ისინი გურჯაანში მიდიოდნენ და იქაური ეპარქიის მამაოები არიან. უცებ პოლიციაც მოვიდა. მამაოებს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებიათ, მაგრამ როგორც ვიცი, მთვრალები იყვნენ. სავალ ნაწილთან მოხდა ავტოავარია. გიორგი მთვრალი არ იყო. ის მეგობრებთან ერთად საქეიფოდ მიდიოდა. უბნის ბიჭებს უყიდიათ სამწვადე და უნდა ექეიფათ, მაგრამ ქეიფის თავი ვის ექნებოდა ამ ტრაგედიის მერე? ძალიან განვიცდით. არ ვიცით, ის მამაოები დაიჭირა თუ არა პოლიციამ", - გვითხრა მანავის მკვიდრმა.

როგორც შევიტყვეთ, ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. დავუკავშირდით გიორგი ფოცხვერაშვილის დას, ნინოს. იგი ბაღში პედაგოგად მუშაობს, მომხდარით შეძრულია. ტირილით გვითხრა, - ახლა საუბრის თავი ნამდვილად არა მაქვს, ჩემს ძმას დავკრძალავ და მერე მივხედავთ ამ საქმეს და ჟურნალისტებსაც მერე დაგელაპარაკებითო.

როგორც მეზობლები ამბობენ, უმძიმეს მდგომარეობაშია გარდაცვლილი ბიჭის დედა და ის კატეგორიულად მოითხოვს დამნაშავეების დასჯას. ასევე დავუკავშირდით სოფელ მანავში გამგებლის წარმომადგენელს. დიმიტრი საბაშვილი გარდაცვლილს დადებითად ახასიათებს:

- მომხდარ უბედურ შემთხვევას სამართალდამცავები იძიებენ. შეღამებული ყოფილა, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. არა მგონია, თვითონ გიორგი ნასვამი ყოფილიყო, მას დალევა არ უყვარდა. გიორგი ქართული ოცნების აქტივისტი იყო. უბოროტო ბიჭი, ძალიან კეთილი. თანავუგრძნობთ მის ოჯახს. მამაოების ვინაობა ჩემთვის არ არის ცნობილი. ამბობენ, გურჯაანელი მამაოები იყვნენო, დეტალებს სამართალდამცავები დაადგენენ.

გიორგი ფოცხვერაშვილს ხუთშაბათს დაკრძალავენ. ის წლების წინ თურმე პოლიციაშიც მუშაობდა. იმედია, მისი ყოფილი კოლეგები სიმართლეს დაადგენენ. ჩვენ ამ საკითხზე საპატრიარქოშიც დავრეკეთ. მამა მიქაელ ბოტკოველმა გვითხრა, რომ მომხდარზე ინფორმაცია მას აქვს, თუმცა დასძინა, - დეტალებს გავარკვევთ და მომხდარზე საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას გააკეთებსო.

სოფელში თვითმხილველისგან იციან, რომ მამაოები ნასვამები იყვნენ და მათ დასჯას მოითხოვენ.

თეა ხურცილავა