არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის საგანგაშო ფაქტები
font-large font-small
არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის საგანგაშო ფაქტები
"ვფიქრობ, სკოლებში ფსიქოლოგის ყოფნა მნიშვნელოვანია, მან უნდა იმუშაოს სისტემატურად ბავშვებთან"

"შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია, ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა, რომ თარსი რიცხვია ცამეტი", - 15 წლის ნინო შეყილაძემ "ფეისბუკზე" ეს პოსტი
13 იანვარს დადო... ვისი მისამართით დაწერა და რისი თქმა უნდოდა არასრულწლოვან გოგონას, ამას ალბათ სამართალდამცავები დაადგენენ. ფაქტი კი შემზარავია: ამ ფრაზის დაწერიდან რამდენიმე საათში, 15 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თბილისში, ბერბუკის ქუჩის მცხოვრებლები საშინელი ტრაგედიის თვითმხილველები გახდნენ. ნინო შეყილაძე საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულის აივნიდან გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველებმა "სასწრაფო დახმარების" ბრიგადა გამოიძახეს და გოგონას გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ მას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. როგორც ამბობენ, გარდაცვლილი პირველად საკუთარმა მამამ ნახა. ამ დროს იგი სახლში მანქანით ბრუნდებოდა და ამ შემზარავი ფაქტის თვითმხილველი გახდა. გამწარებული მამის სულისშემძვრელ გოდებას ირგვლივ მყოფები ვერ ივიწყებენ.
მწარე რეალობაა, საქართველოში სუიციდი ხშირია. საუბედუროდ, ეს არ გახლავთ ერთადერთი შემთხვევა, როცა არასრულწლოვანი ასეთ საშინელ გადაწყვეტილებამდე მიდის. ამ ტრაგედიას წინ უძღოდა ბორჯომში მომხდარი ანალოგიური ფაქტი: გასულ კვირას, ბორჯომის VI საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ომარ (ბაჩი) გელაშვილი მიტოვებულ შენობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
მსგავსი ტრაგედია შარშანაც არა­ერთხელ დატრიალდა. იყო შემთხვევა, როცა ერთ კვირაში სამმა არასრულწლოვანმა მოიკლა თავი. კონკრეტული ფაქტების ჩამოთვლა ალბათ შორს წაგვიყვანს, თუმცა აშკარაა, პრობლემა მწვავედ დგას და ამას მიხედვა სჭირდება. ისიც ცნობილია, სახელმწიფომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის, იუსტიციისა და განათლების სამინისტროების კოორდინირებული მუშაობა, რათა ქვეყანაში თვითმკვლელობების ზრდა შეჩერდეს. დრო არ ითმენს და სასწრაფოდ არის ნაბიჯები გადასადგმელი, რომ საქართველოში არასრულწლოვნები სიცოცხლეს თვითმკვლელობით არ ასრულებდნენ.
ორივე შემთხვევას სამართალდამცავები იძიებენ და ფაქტებზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ასეთი საქმე ხშირად ისე იხურება, რომ თვითმკვლელობის მიზეზი უცნობი რჩება. ამ კონკრეტულ შემთხვევებშიც ჯერჯერობით არ ასახელებენ მიზეზს, არავინ საუბრობს იმაზე, თუ რატომ მივიდნენ მოზარდები ამ გადაწყვეტილებამდე.
ბაჩი გელაშვილი 14 იანვარს მიაბარეს მიწას. მომხდარით შეძრულები არიან ბიჭის ოჯახის წევრები და ახლობლები. იმ საბედისწერო დღეს ბაჩის ძებნა ოჯახის წევრებმა საღამოს დაიწყეს. ბავშვმა ძალიან რომ დაიგვიანა და ვერც მეგობრებთან იპოვეს, მშობლებმა განგაში ატეხეს. მალე მიტოვებული შენობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მომხდარს ახსნას ვერ უძებნიან გელაშვილის პედაგოგებიც.

ქეთევან ხაჩიძე, ბორჯომის VI საჯარო სკოლის დირექტორი:

- დავკრძალეთ ჩვენი სკოლის მოსწავლე, მაგრამ დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ მოიკლა თავი. შოკირებულები ვართ. ძალიან კარგი ბავშვი იყო, ძალიან ნიჭიერი. არანაირი დეპრესია, არანაირი გარიყულობა თანატოლებისგან არასოდეს შეგვიმჩნევია. აქტიური, მხიარული, სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო. შეყვარებული არ ჰყოლია. ვერ აგვიხსნია, რა მოხდა. შესანიშნავ გარემოში იზრდებოდა.

ნესტან მახარაშვილი, კლასის დამრიგებელი:

- პედაგოგები ვეძებთ მიზეზს, თუ რამ მიიყვანა ბავშვი ამ მდგომარეობამდე, მაგრამ ასეთი მიზეზი ვერ ვიპოვეთ. ტრაგედიის მიზეზს ვერ ვპოულობთ, ბავშვს არ ჰქონია პრობლემები და გაოგნებულები და თავზარდაცემულები ვართ. ბაჩი ოლიმპიადებში მონაწილეობდა, ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა, ექიმობაზე ოცნებობდა... არც ოჯახში ჰქონდა პრობლემა. ჰყავს ერთი და, რომელიც სამედიცინოზე სწავლობს. ბებია პედაგოგია, დედა - ექიმი, ბორჯომის საავადმყოფოში უფროსის მოადგილეა. გარემო ძალიან კარგი ჰქონდა, მატერიალურადაც არ უჭირთ, არაფერი აკლდა, მის გარშემო ტრიალებდა მთელი ოჯახი. ძნელია, ანუგეშო ისინი.
არც ნინო შეყილაძის მეგობრებსა და ახლობლებს აქვთ პასუხი, რატომ მივიდა გოგონა ამ გადაწყვეტილებამდე. სოციალური ქსელი აჭრელებულია გოგონას მეგობრების ტკივილიანი წერილებით. ერთი შეხედვით, არც მას ჰქონდა სერიოზული პრობლემა. ერთადერთი, რაზეც მეზობლები საუბრობენ, გამწარებული მშობლები მომხდარში თავს იდანაშაულებენო. მეზობლების ვერსიით, ნინოს მეგობრებთან შეკრებაზე უნდოდა წასვლა, დედამ უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ გვიანი იყო. თუმცა, იმის მტკიცება, რომ ამის გამო მოიკლა თავი, აბსურდულად მიაჩნიათ გოგონას ახლობლებს. ისინი ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად უბედურ შემთხვევასაც განიხილავენ და იმასაც არ გამორიცხავენ, რომ გოგონა აივნიდან გადმოვარდა.

ნინიც თბილ გარემოში იზრდებოდა. გოგონას ოჯახი არაფერს აკლებდა. წარმატებული ბავშვი იყო. წლებია, სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა, სკოლაშიც კარგად სწავლობდა და მეგობრების ტკივილიანი წერილებიდანაც ჩანს, რომ ბევრი ოცნება ჰქონდა. მას სამი ძმა დარჩა, ყველაზე პატარა 2 წლისაა. მეზობლებს ხშირად დაუნახავთ, როგორ ასეირნებდა ქუჩაში გოგონა პატარა ძმას და როგორ ესიყვარულებოდა.

17 იანვარს კიდევ ერთმა მოზარდმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. 13 წლის გოგონას ცხედარი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდთან იპოვეს. გოგონა ხიდიდან გადახტა. როგორც ახლობლები ამბობენ, ის სახლიდან დილის 7 საათზე გაიპარა. გარდაცვლილს ტანსაცმლის ჯიბეში წერილი უპოვეს, რომელიც გამოძიებას ნივთმტკიცებად აქვს წაღებული, მაგრამ წერილის შინაარსი საზოგადოებისთვის უცნობია. გოგონა სკოლის მოსწავლე იყო და მის პედაგოგებს თვითმკვლელობის მიზეზზე საუბარი უჭირთ.

რატომ მიდიან არასრულწლოვნები ამ საბედისწერო გადაწყვეტილებამდე, მიზეზები სად უნდა ვეძებოთ, ამაზე კონკრეტული პასუხი არც ფსიქოლოგებს აქვთ, თუმცა ისინიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ პრობლემის მოგვარების გზებზე უნდა იზრუნოს.

ელენე სამუშია, ფსიქოლოგი:

- სუიციდის შემთხვევები ძალიან რთული საკვლევია ფსიქოლოგებისთვის. ძნელია მიზეზების დადგენა. ხშირად მოზარდი საკუთარ თავში იკეტება და უფრო მეტი სირთულე აქვს, ზრდასრულთან შედარებით. ის მიდის სუიციდამდე გამოუვალი მდგომარეობის გამო. მოზარდებმა არ იციან პრობლემის გადაწყვეტის საშუალება, როგორ მოაგვარონ სირთულე. ამას ახლავს რისკ-ფაქტორები. სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი, ოჯახის ფაქტორი, ხასიათი. რაც უფრო მეტი რისკ-ფაქტორია, მით მეტია ალბათობა, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. დეპრესიული აშლილობა, ფსიქიკური პრობლემები ნაკლებადაა არასრულწლოვნების შემთხვევაში მიზეზი. რაც უფრო მეტად იღებს სოციალურ მხარდაჭერას, ჰყავს ბევრი მეგობარი, მით უფრო ნაკლებად სჩადის ასეთ რამეს. როდესაც ადამიანს უიმედობა დარევს ხელს, მომავალს ვერ ხედავს, მიდის ამ ნაბიჯამდე. შეიძლება ასევე, მიზეზი ვეძებოთ ოჯახურ პრობლემებშიც.

- თქვენ მუშაობთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებთან. რამდენად აქტუალურად დგას იქ მსგავსი პრობლემა და სუიციდის მცდელობის ფაქტებს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როცა ადამიანს მოეძალა სუიციდური იდეები. წამყვანი, ამ შემთხვევებში, ოჯახური პრობლემები იყო. საბედნიეროდ, განზრახვა არ განხორციელებულა. ხშირად ამბობენ, - ამას თუ ვერ განვახორციელებ, თავს მოვიკლავო. როცა ადამიანი თვითმკვლელობაზე ფიქრობს, უმრავლეს შემთხვევაში ამას გარშემო მყოფებთან ამბობს ანუ იძლევა სიგნალებს პირდაპირ ან მინიშნებით. მთავარია, დავიჭიროთ მინიშნება. სუიციდის უმრავლეს შემთხვევაში მსხვერპლი ამის შესახებ ამბობდა. ასეთ დროს ისინი ითხოვენ დახმარებას. მთავარია, ეს მესიჯი დავიჭიროთ და დავეხმაროთ. ყველაზე ძლიერი ფაქტორი ასეთ დროს არის ოჯახი. ახალგაზრდის სურვილების, ოცნებების შესახებ უნდა გაიგონ მშობლებმა და რაც მთავარია, შვილებთან ჰქონდეთ მეგობრული ურთიერთობა და ყოველთვის მხარი დაუჭირონ მიზნების მიღწევაში. 15 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ითქვა, ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ ოჯახმა არ გაუშვა მეგობრებთან წვეულებაზეო, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო თვითმკვლელობის მიზეზი. ყველა შემთხვევაში სხვა მიზეზი იქნებოდა. მშობლებს, პედაგოგებსაც დიდი როლი აკისრიათ ბავშვებთან ურთიერთობის დროს. ასე უცებ არ ხდება, რომ ერთი კონფლიქტის გამო ადგეს და თავი მოიკლას არასრულწლოვანმა. ამას აქვს აუცილებლად წინა პირობა. ეს არის დიდი ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ყველას უნდა ახსოვდეს, მოზარდობის ასაკში ბავშვს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. უნდა შევარჩიოთ მასთან ურთიერთობის გზა. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია განათლება როგორც მშობლების, ასევე საზოგადოების.

- რა შემთხვევაში უნდა ატეხოს განგაში ოჯახმა?

- თუ იცვლება ბავშვი, მისი ქცევა, ხასიათი, თუ გახდა ჩაკეტილი. თუ დაეძაბა ურთიერთობები კლასში, მეგობრებთან, უჭირს კონტაქტი თანატოლებთან... ამას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს მიანიშნებს პრობლემაზე.

- გასულ კვირას მომხდარ შემთხვევებზე გავესაუბრეთ ახლობლებს. ისინი ამბობენ, რომ პრობლემები საერთოდ არ ჰქონდათ ამ ბავშვებს. მაშინ სად უნდა ვეძებოთ ტრაგედიის მიზეზი?

- როდესაც ვესაუბრები ადამიანებს და ვეკითხები მიზეზს, ყველა ამბობს, რომ მიზეზი მისთვის უცნობია და შოკირებულები არიან. მაგრამ როცა კარგად ჩავეძიები, დეტალურად გამოვიკითხავ ყველა წვრილმანს, აღმოჩნდება, რომ ასე არ იყო და გარდაცვლილის ცხოვრებაში ამ ნაბიჯის გადადგმამდე რაღაც ცვლილებები მოხდა. ვფიქრობ, სკოლებში ფსიქოლოგის ყოფნა მნიშვნელოვანია, მან უნდა იმუშაოს სისტემატურად ბავშვებთან და მაქსიმალურად დაეხმაროს სირთულეების გადალახვაში.


თეა ხურცილავა

ბეჭდვა