"10 წლის ბავშვი თურქეთში პოლიტიკოსი ძმისა და ცოლის მისი ცოლის დახმარებით წაიყვანა"- -ბავშვის დედა სამართალდამცავებს ბავშვის დაბრუნებას სთხოვს - გზაპრესი

"10 წლის ბავშვი თურქეთში პოლიტიკოსი ძმისა და ცოლის მისი ცოლის დახმარებით წაიყვანა"- -ბავშვის დედა სამართალდამცავებს ბავშვის დაბრუნებას სთხოვს

ახალგაზრდა ქალი, ნინო ახალაძე სამართალდამცავებსა და სახელმწიფოს თვე-ნახევარია, შვილის პოვნაში დახმარებას უშედეგოდ სთხოვს. იგი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მისი ერთადერთი 10 წლის შვილი გიორგი ქვეყნიდან ქმარმა ისე გაიყვანა, რომ ნებართვაც არ უთხოვია. აცხადებს, რომ ქმარმა და ქმრის ოჯახის წევრებმა ბავშვი ფაქტობრივად მოსტაცეს. დარწმუნებულია იმაშიც, რომ განზრახვის განხორციელებაში ქმარს მისი ძმა, "მემარცხენე ალიანსის" ლიდერი, კახა ძაგანია და მისი ცოლი დაეხმარნენ.

ნინო ახალაძე 4 წელიწად-ნახევარი ქმართან, ბექა ძაგანიასა და შვილთან ერთად საფრანგეთში, კერძოდ -ნიცაში ცხოვრობდა. საქართველოში შვილთან ერთად აგვისტოში ჩამოვიდა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა. ქმართან განქორწინება სურდა და სასამართლოში გაყრის საბუთები უნდა შეეტანა, მაგრამ მოულოდნელად დედას ბავშვი წაართვეს.

ნინო ახალაძე:

-ჩემი ოჯახი 11 წლის წინ შეიქმნა. ვიცოდი, ბექა ნარკომანი რომ იყო, მაგრამ მიყვარდა და ამიტომ გავყევი ცოლად. მეგონა, ოჯახის შექმნის შემდეგ მისი ცხოვრების წესი შეიცვლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დაქორწინებიდან მალევე პრობლემის წინაშე დავდექი. ხშირად ვკამათობდით, სულ პრობლემები გვქონდა, ბევრჯერ წამოვსულვარ კიდეც მისი სახლიდან. ჩემი შვილი რომ დაიბადა, ბექა საქართველოში არ იყო. 6 თვის იყო ჩემი შვილი, მასთან ერთად იმ სახლიდან რომ წამოვედი. 3 წელი დედაჩემთან ვცხოვრობდი და ვზრდიდი ჩემს შვილს, მერე ისევ შევრიგდით და უკან დავბრუნდი. თუმცა, ყოველი შერიგების შემდეგ ვხვდებოდი, რომ იქ არ უნდა დავბრუნებულიყავი.

-რა იყო კონფლიქტის მიზეზი?

-მისი ცხოვრების წესი. ყველაფერზე შეეძლო ეჩხუბა. მერე ციხეშიც აღმოჩნდა, ნარკოტიკების ბრალდებით დააკავეს. წელიწადი და რამდენიმე თვე იქ გაატარა. ხელი მოწერილი არ გვქონდა, ციხეში პაემანზე რომ მომენახულებინა, ქორწინების მოწმობა იყო საჭირო და ამიტომ ხელის მოწერამ ციხეში მომიწია. 2010 წლის 10 დეკემბერს გამოვიდა ციხიდან. 2011 წლის თებერვალში გადავწყვიტეთ, საფრანგეთში წავსულიყავით და აქაურობას ცოტა ხანი გავრიდებოდით. იქ ჩავბარდით, როგორც დევნილები. სტატუსიც მოგვანიჭეს, დახმარებას ვიღებდით, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. პერიოდულად მეც ვმუშაობდი, საქართველოდანაც გვიგზავნიდა თანხას ბექას ოჯახი. მეტადონის პროგრამაში ჩაერთო და ვიფიქრე, გამოსწორდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. მეტადონის პარალელურად, კოკაინს მაინც იღებდა. ჩაიკეტებოდა სიბნელეში თავის ოთახში, და ასე იყო. ბევრჯერ ვიფიქრე იქიდან წამოსვლა, მაგრამ ისევ ვჩერდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ მეცოდებოდა.მას დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არც ენა იცის. 4 წელიწად-ნახევარი დავრჩი საფრანგეთში, მაგრამ ვეღარ გავუძელი და გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი საქართველოში. აგვისტოში ჩამოვედით მე და ჩემი შვილი, მაგრამ ისევ ვორჭოფობდი. არ ვიცოდი, დავბრუნდებოდი უკან თუ არა. კიდევ ვიმეორებ -ის მეცოდებოდა იქ მარტო, მხოლოდ ამის გამო თუ დავბრუნდებოდი. უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აღებული მქონდა, მაგრამ ყველაფერი კარგად რომ გავაანალიზე, ბოლოს უარი ვთქვი დაბრუნებაზე.

-ეს მეუღლემ იცოდა?

-ეს არავისთვის იყო სიახლე. ყველამ იცოდა, ან დავბრუნდებოდი, ან -არა. მანაც ადამიანურად გამომაცილა. უკან რომ აღარ დავბრუნდებოდი, ეს ვუთხარი. დედამისს ეს არ მოეწონა და ძალიან გაღიზიანდა. იმაზე გაგიჟდნენ, როგორ დავტოვე მარტო. ჩემი ქმარი ამას თავიდან არ აპროტესტებდა, მაგრამ დედამისმა გადაუბრუნა ტვინი და უთხრა, თითქოს ზურგში დანა ჩავცხე. თავიდან განქორწინებაზეც იყო თანახმა. ვუთხარი, საბუთებისთვის ნოტარიუსთან "სკაიპით" მოეწერა ხელი, მაგრამ დედამისთან საუბრის შემდეგ გამომიცხადა, რომ განქორწინების წინააღმდეგი იყო და ხელს არ მოაწერდა. მაშინ ვუთხარი, რომ მაინც შევიტანდი საჩივარს სასამართლოში და ეს მაინც მოხდებოდა, უბრალოდ დროში გაიწელებოდა პროცესი.

-შვილმა თუ იცოდა რამე?

-10 წლის ბიჭი მყავს. მას ავუხსენი ყველაფერი. ვუთხარი, -მე ასე გადავწყვიტე და შენ რას იტყვი-მეთქი? ბავშვი ნიცაში სწავლობდა, მისი აზრი ხომ უნდა მცოდნოდა. შენ რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ-მეთქი. ბავშვმა ტირილი დაიწყო, -აქ მომწონს ცხოვრება და აქ მინდა, მაგრამ იქ თუ არ წავალთ, მამას დავკარგავ, სახლიდან წავა მამაჩემი და მისთვის მიცემულ სიტყვას გავტეხო. ეტყობა, მამამისმა უთხრა, იქ არ დარჩეო. იმდენად ჰქონდა მამისგან ეს ჩაბეჭდილი, რა საკითხზეც უნდა გელაპარაკა მასთან, ბოლოს გეტყოდა, საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედიო. მერე ავუხსენი, -მამას როგორ დაკარგავ, შვილო? ისიც ჩამოვა შენთან, შენც ჩახვალ არდადეგებზე-მეთქი. ეს რომ გაიგო, ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო. აქ მინდა, აქ ბევრ ბავშვთან მაქვს ურთიერთობაო, -მითხრა. სექტემბერში სკოლაშიც შევიყვანე. იქ რაგბიზე დადიოდა და აქაც შევიყვანე რაგბიზე. ძალიან გახარებული იყო. არ გასჭირვებია ადაპტაცია. კარგად შეეგუა ახალ მეგობრებს. ჩემი მეგობრების შვილებთანაც მეგობრობდა, თამაშობდა. ძალიან კმაყოფილი იყო. იქ არ იყო ამის ფუფუნება, ეს ყველაფერი მოსწონდა. იქიდან მამამისი რომ დაურეკავდა, ბავშვი ღიზიანდებოდა და ტირილს იწყებდა. არასოდეს მომისმენია, მამამისი რას ესაუბრებოდა, დიალოგს ყურს არ ვუგდებდი, სრული თავისუფლება ჰქონდა, მაგრამ ბავშვი ამ საუბრის შემდეგ იცვლებოდა. როცა მისი ოჯახი დარწმუნდა, რომ უკან აღარ ვბრუნდებოდით, ბებია-ბაბუამ შაბათ-კვირას ბავშვის სახლში წაყვანა დაიწყო. შევთანხმდით ამაზე. მერე პარასკევს მიჰყავდათ და კვირას მოჰყავდათ, არც ამაზე მითქვამს უარი. მაგრამ იქ სიარულის შემდეგ ბავშვი აბსოლუტურად შეიცვალა, თითქოს დედა-შვილს შორის დიდი კედელი გაჩნდა, არადა, საოცარი დედაშვილობა გვქონდა, შვილს გვერდიდან არ ვიცილებდი... ეტყობა, ჩემზე ცუდად ელაპარაკებოდნენ, მამამისიც ურეკავდა და ბავშვს ვეღარ ვცნობდი. გაღიზიანებული იყო. არადა, ისე გავზარდე, 10 წელია, ლოგინშიც კი ჩახუტებულებს გვეძინა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭი მყავს. საფრანგეთში რომ ვმუშაობდი, ნახევარ საათში ერთხელ მირეკავდა, -დედა, მიყვარხარ, დედა, მალე მოდიო. ასეთი დედაშვილობა გვქონდა. ძალიან იხსნებოდა, ყველაფერზე მესაუბრებოდა და უცებ ამხელა კედელი გაჩნდა!..

11 დეკემბერს ბავშვი ჩვეულებრივად წაიყვანეს ქმრის მშობლებმა. კვირა მოსაღამოვდა, ბავშვის მოსვლას ველოდებოდი და "ვაიბერში" მომდის ასეთი მესიჯი: "ნინო, როგორ ხარ, ხომ იცი, რომ მაგრად მიყვარხარ, არ ინერვიულო, მე გადავწყვიტე წავსულიყავი ნიცაში და გთხოვ, არ ინერვიულო. მამიკოსთან ერთად ვარ იტალიაში. ჩემი სურვილია შენც ჩამოხვიდე და ჩვენთან იყო, გელოდებით, მალე მომწერე". ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი. ეს მესიჯი ჩემი ქმრის ტელეფონით იყო გამოგზავნილი. თავიდან ხუმრობა მეგონა. ვრეკავდი ქმრის ნათესავებთან, მაგრამ არც ერთი არ მპასუხობდა ტელეფონზე. მერე გავიგე, 13 დეკემბერს ბავშვი ჩემთან შეუთანხმებლად თურქეთში წაუყვანია მამამისს. გავგიჟდი, ეგრევე დავიწყე რეკვა ჩემი ქმრის ტელეფონზე. ბავშვმა ყურმილი აიღო; მითხრა, იტალიაში ვართო. კიდევ არ ვუჯერებდი. მერე მამამისს მალაპარაკა. თურმე 7 დეკემბერს ჩამოსულა საქართველოში. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, თავისიანების გარდა, არავინ იცოდა. ბავშვი ჩვეულებრივად წაიყვანეს სახლიდან და ასეთ დღეში ჩამაგდეს.

-ბავშვის პასპორტი ჰქონდათ?

-ბავშვმა ჩანთიდან ამომაცალა ქართული პასპორტი. დამერწმუნეთ, ეს ჩემს შვილს აზრად არ მოუვიდოდა, აშკარად დაარიგეს, პასპორტი წამოეღო სახლიდან და მანაც მომპარა. გაოცებული ვიყავი. ვფიქრობდი, უპასპორტოდ როგორ წაიყვანეს-მეთქი? ქართული პირადობის მოწმობა არ მქონდა აღებული, ამიტომ პასპორტი სკოლაში დამჭირდა და სულ ჩანთით დამქონდა. აღმოვაჩინე, რომ ის აღარ იყო. ფრანგული "პირადობა" კი მე მაქვს, ის არ წაუღია. თვითონ მეუბნებიან, რომ არიან ნიცაში, მაგრამ გავარკვიე, 13 დეკემბრიდან მოყოლებული, თურქეთში არიან. იქიდან ვერ მიჰყავს, რადგან არ აქვს ჩემი თანხმობა გაყვანაზე.

-აქედან როგორ გაიყვანა მამამ ბავშვი თანხმობის გარეშე?

-როგორც მითხრეს, მშობელს აქვს უფლება, მეორე მშობლის გარეშე დროებით გადააკვეთინოს საზღვარი ბავშვს. მე რომ მომყავდა იქიდან, მომქონდა ჩემი ქმრის თანხმობა. მე არაფერზე მომიწერია ხელი. თვე-ნახევარია, თურქეთში არიან. ბავშვი სკოლაში არ დადის, იქით ვერ მიჰყავს უსაბუთოდ. თავიდან შემეძლო პერიოდულად ბავშვთან დალაპარაკება. ამბობდა, -მე მინდა ნიცაში ცხოვრებაო, ეს ჰქონდა ჩაბეჭდილი. ვიდეოთი კონტაქტის საშუალებაც მქონდა და ვხედავდი -პასუხს რომ მცემდა, მამამისს როგორ უყურებდა თვალებში, ისეთი სახით უყურებდა, თვალებით ელაპარაკებოდა, -ხომ სწორად ვუპასუხე დასმულ კითხვასო?.. მერე, ნელ-ნელა, "სკაიპი" გამითიშეს, მხოლოდ მიწერ-მოწერა იყო, ახლა რამდენიმე დღეა, საერთოდ არ შემოდიან "ვაიბერზე". წარმოიდგინეთ, "ფეისბუკზე" მეგობრებიდან წამშალა ჩემმა შვილმა, თუმცა, მე ხომ ვიცი, რომ ჩემი შვილი არ იყენებს "ფეისბუკს", მას უბრალოდ ჰქონდა ეს გახსნილი... ბოლოს 16 იანვარს ველაპარაკე. მას მერე ბავშვს არ დავლაპარაკებივარ. არ ვიცი, რა გავაკეთო, ვის მივმართო, რომ შვილთან შეხვედრის საშუალება მომეცეს. კახა ძაგანია ჩემი მაზლია. მისი ცოლიK მეფიცებოდა, -არაფერი ვიცი, ძალიან განვიცდი, როგორც ქალი მომხდარს. რომ წავიდნენ, მერე გავიგე ეს ამბავიო, -მაგრამ ეს ტყუილი აღმოჩნდა, ამის დამადასტურებელი მიმოწერა მაქვს. დარწმუნებული ვარ, მისი პოლიტიკოსი ძმა და ძმის ცოლი დაეხმარნენ ბექას ქვეყნიდან ბავშვის გაყვანაში. კახას ცოლმა დაუჯავშნა სასტუმრო თურქეთში.M ნინო მეუბნება, რომ ძალიან განიცდის ჩემს მდგომარეობას, მაგრამ მისი სიტყვები ტყუილია. პირველ დღეს ჩემი შვილის "ფეისბუკზე" შევედი, პაროლი ვიცოდი, და ნინოს წერს ჩემი ქმარი, -ნინო, ჩავედით, მერე დავურეკავ ყველას, ახლა სძინავს გიორგის, თან ტელეფონის "კარტაც" არ მაქვს ჯერ აღებულიო. ნინო პასუხობს, -კარგი, მომწერე, თუ რამე, ხაზზე ვარ, "ვაიბერი" ჩართული მაქვს. სასტუმრო მოგეწონა? ნინომ უკვე იცისო? -ეკითხება რძალი. ბექა პასუხობს, -ისეთი არ იყო, როგორიც სურათში ვნახეთ; "ვაიბერის" შენი ნომერი არ მახსოვს; ნანიმ (დედამთილზეა საუბარი) ჩართოს "სკაიპი" და "ვაიბერიო". კახა ძაგანიას უთქვამს, წავიდეს ნიცაში და იქ ნახოს თავისი შვილიო. მათ სწორედ ეს უნდოდათ, ჩემი წასვლა იქ, რომ ბექა უპატრონოდ არ დარჩეს და ამიტომ შვილი გამოიყენეს იარაღად. კიდევ არ ვკარგავ იმედს, ველოდები, იქნებ ჩამოიყვანონ ბავშვი. რატომ არ ფიქრობენ ბავშვის მომავალზე? თვე-ნახევარია ბავშვი სკოლაში არ დადის, დახეტიალებენ აქეთ-იქით. ისიც დავადგინე, რომ 2 დღით, 21 და 22 დეკემბერს, ჩემი ქმარი საფრანგეთში დაბრუნდა და მერე ისევ წავიდა სტამბოლში. ისიც არ ვიცი, ის ორი დღე თურქეთში ვისთან დატოვა ჩემი შვილი. მივმართე პოლიციას, სახალხო დამცველს, მაგრამ საშველი არ ჩანს. იურისტები მეუბნებიან, ძალიან რთული საკითხია, სიღრმისეულად შესასწავლია და თანდათან გამოიკვეთება რაღაცებიო. ამასობაში დრო გადის. საკუთარ შვილთან არ მალაპარაკებენ, უფრო მეტიც, დამაპირისპირეს. თან სიბინძურეზე მიდიან: რომ დამალონ ბექას ნარკომანობა, ხმას მივრცელებენ, თითქოს შვილმა თქვა უარი დედაზე, იმიტომ, რომ ლოთი ვარ და ბავშვი იხსნეს ლოთი დედისგან. ეს ბავშვსაც ჩააგონეს: წარმოიდგინეთ, ჩემი შვილი იქიდან მეუბნება, -შენ ყოველღამე დასალევად მიდიოდიო. ბავშვი აგრესიულად არის ჩემ მიმართ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, ახლა ბავშვი დიდი სტრესის ქვეშ არის და ძალიან ნერვიულობს. შვილთან მაპირისპირებენ! კახა ძაგანიამ ისიც იკადრა, წლებია, ჩემი ძმა არ მინახავსო, -არადა, ხშირად ჩამოდიოდა საფრანგეთში ჩვენთან. ისიც გამორიცხულია, თბილისში ჩამოსული ძმა არ ენახა. მომიყვანონ ჩემი შვილი, დაველაპარაკები. კარგად ვიცნობ მას და მივხვდები, რეალურად რა უნდა. თუ იმაში დავრწმუნდები, რომ ჩემს შვილს მართლა აღარ ვუნდივარ და მამასთან უნდა ცხოვრება, სადისტი ხომ არ ვარ, შვილს ცხოვრება დავუმახინჯო! ჩემი ხელით ჩავულაგებ ტანსაცმელს და მამამისთან გავუშვებ. გამორიცხულია, მამამისმა იქ მარტო შეძლოს მისი მოვლა. მას ცხოვრების სტილის შეცვლის სურვილი არ აქვს. ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ წამალი გადაეგდო, მაგრამ -უშედეგოდ. ეს წლები შვილი ხშირად ხდებოდა ჩვენი კონფლიქტის მომსწრე, ამას საშინლად განიცდიდა. ბავშვმა კარგად იცის ყველაფერი, უბრალოდ ახლა წნეხის ქვეშაა. ყველაფერს აკეთებენ, რომ დამაშანტაჟონ შვილით და დამაბრუნონ ნიცაში, მაგრამ მე განქორწინება გადაწყვეტილი მაქვს, ეს გარდაუვალია. სარჩელიც მზად მქონდა, ვწერდი, რომ არც ალიმენტს ვითხოვდი მეუღლისგან და არც შვილთან დაკავშირებით გვქონდა პრობლემა, მაგრამ როცა ჩემი დედამთილი მიხვდა, განქორწინება გარდაუვალი იყო, შვილი ასე დამაპირისპირა. სახელმწიფოს ვთხოვ, დამეხმაროს, ვიპოვო ბავშვი. ასე მგონია, ბრაზილიურ სერიალს ვუყურებ. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. ყველას ვთხოვ, დამეხმაროს.

ნინოს დედა, მანანა ცინცაძე შესაბამის ორგანოებს დახმარებას სთხოვს. ამბობს, ბექა ძაგანიას დოსიეს წაკითხვის შემდეგ სამართალდამცავებისთვის ნათელი იქნება ოჯახის დანგრევის მიზეზიო.

მანანა ცინცაძე:

-სამ წლამდე მე გავზარდე ჩემი შვილიშვილი. სულ გაქცეული იყო, სულ წასული იყო ჩემი სიძე ქვეყნიდან ან ციხეში იჯდა. ბავშვს დედას აძულებენ, რაც ბებია-ბაბუასთან დაიწყო სიარული, აგრესიული გახდა. ვთხოვ ყველას დაგვეხმარონ ბავშვის საქართველოში დაბრუნებაში. ბავშვი ფაქტობრივად მოიტაცეს. კახას ცოლიც -ნინო ძაგანიაა: ჩემი შვილიც ქმრის გვარზე იყო და ეჭვი მაქვს, რომ მათ შეძლეს ნოტარიუსთან ყალბი მინდობილობის გაკეთება, -ჩემი შვილის ნაცვლად კახას ცოლმა მოაწერა ხელი და ისე გაიყვანეს ბავშვი საქართველოდან.

ბუნებრივია, მეორე მხარის პოზიციის დადგენა გვსურდა და ბექა ძაგანიას დედას, ქალბატონ ნანის დავუკავშირდით.

ნანი ძაგანია:

-ამ თემაზე კომენტარებს არ ვაკეთებ. არ ავყვები არაადეკვატურ საუბრებს. საქართველოში იმდენი პრობლემაა, იმაზე წერეთ, ოჯახური კონფლიქტი არ არის თქვენი გასარკვევი. თვითონ გაარკვევენ. ისინი არ არიან საჯარო მოხელეები და ნუ ჩაერევით მათ საქმეში. როგორც დედაა მშობელი, ისეა -მამაც. ბავშვმა მოისურვა მამასთან ცხოვრება და ცხოვრობს, რა არის აქ გასარკვევი?! ნუ ჩაერევით ამ არასასიამოვნო თამაშში.

-ჩვენ ვალდებული ვართ, ორივე მხარის პოზიცია მოვისმინოთ და ამიტომ დაგიკავშირდით.

-რა უნდა გაიგოთ? ბავშვს უნდა მამასთან. ამბობს, დამაბრუნეთ ჩემს სახლში, სადაც ვცხოვრობდი 5 წელი, სადაც ვსწავლობდი, სადაც ვვარჯიშობდი რაგბიში და იქ მინდაო. მამამ ბავშვს შეუსრულა სურვილი, ეს იყო და ეს.

-მაშინ, სასამართლო გადაწყვეტილება ხომ უნდა გქონდეთ. ბავშვი მალულად რატომ წაიყვანეთ?

-ჯერ არ არიან განქორწინებულები. თქვენ არ ჩაერთოთ, გირჩევთ, ამ დავაში.

-დედა ამბობს, რომ ბავშვი არის ამ დრომდე თურქეთში და სკოლაშიც არ დადის. ამას ადასტურებთ?

-მოდი, ჭორებს ნუ ავყვებით. ბავშვი არის სახლში, სადაც ცხოვრობდა.

-შეთანხმების გარეშე რატომ წაიყვანა მამამ შვილი?

- კომენტარს არ ვიძლევი ამაზე. ოფიციალურად, წესების დაცვით წაიყვანა მამამ შვილი საქართველოდან. არ მინდა საუბარი, დავამთავროთ.

ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება არ მიმდინარეობს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, მესაზღვრეს სამართლებრივი ნორმა არ დაურღვევია, რადგან ბავშვს საზღვარზე სრულწლოვანი მეურვე ახლდა. იმედია, შესაბამისი სამსახურები ამ საქმეს გამოიძიებენ, ბავშვის უფლებები ოჯახური დავის გამო არ შეილახება და პატარა ბიჭუნას ბედი მალე გაირკვევა.

თეა ხურცილავა