ძალადობა ოჯახში ლამის #1 პრობლემად იქცა - გზაპრესი

ძალადობა ოჯახში ლამის #1 პრობლემად იქცა

ძალადობა ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა საქართველოში. ამ კუთხით კანონიც გამკაცრდა. შს სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ამ პრობლემის მოგვარება და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საუბნო სამსახური აქტიურად არის ჩართული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. პოლიციელები შემთხვევის ადგილზე გადიან და საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და ძალადობის გამეორების თავიდან აცილების მიზნით ვალდებულები არიან გამოსცენ შემაკავებელი ორდერიც. სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ვითარება რთულია, 2016 წლის 20 იანვრის მონაცემებით, 2598 შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა სასამართლომ, თუმცა ფაქტია, დამცავი ორდერის გამოცემა დამნაშავეს ვერ აფერხებს და ის მაინც სჩადის დანაშაულს. სამწუხაროდ შემთხვევები მაინც ხდება და არაერთ ოჯახში დაწყებული ძალადობა მსხვერპლით დასრულდა.

ყოფილი ქმრების სისასტიკე რაც ყველაზე საგანგაშოა, ბოლო დროს ქალებს ყოფილი მეუღლეები კლავენ. რამდენიმედღიანი ინტერვალით, თბილისში ორი ასეთი უმძიმესი შემთხვევა მოხდა.

6 თებერვალს, კუკიის დასახლებაში, 1976 წელს დაბადებულმა აბრამმა 31 წლის ყოფილი მეუღლე ლია, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მკვლელობა წინასწარ ჰქონდა განზრახული და ყოფილ ცოლთან შესახვედრად ღამით, უფლისციხის ქუჩაზე, შეიარაღებული მივიდა. ახალგაზრდა ქალი თურმე მეუღლეს ემალებოდა, რადგან გაყრის შემდეგ მოკვლით ემუქრებოდა. ლიამ ახლობლის ოჯახს შეაფარა თავი და იქ ცხოვრობდა. ქმარყოფილმა გოგონას მამიდის დახმარებით მიაგნო. მამიდა რას წარმოიდგენდა, ყოფილ სიძეს მისი ძმისშვილის მოკვლა თუ სურდა და აბრამთან ერთად მივიდა იმ სახლში, სადაც ლია ცხოვრობდა. აბრამი უმტკიცებდა მამიდას, რომ ცოლყოფილთან დალაპარაკება და სიტუაციის გარკვევა სურდა. მამიდამაც ძმისშვილს ურჩია, შეხვედროდა ქმარს, ახალგაზრდა ქალიც დაითანხმა, დასალაპარაკებლად ქუჩაში გამოვიდა და ტრაგედიაც მამიდის თვალწინ დატრიალდა. საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, გასროლის ხმა გაისმა. "იდგნენ სახლის წინ და ლაპარაკობდნენ. უცებ დაყვირებას გასროლა მოჰყვა. სროლის ხმაზე გარეთ გამოვვარდით. იქ იდგა მამიდაც. მკვლელი კი გაქცეული იყო. გოგო წაიქცა და ადგილზევე გარდაიცვალა. სასიკვდილო ჭრილობა თავში ჰქონდა მოხვედრილი", – ჰყვება თვითმხილველი მეზობელი.

დანაშაულში ეჭვმიტანილი, მართალია, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ მალე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ძალოვანთა მტკიცებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ანალოგიური დანაშაული რამდენიმე დღით ადრე თბილისში, ვარკეთილში მოხდა. ლანჩხუთის სოფელ ქვიანში მცხოვრებმა 30 წლის გიორგი დოლიძემ 28 წლის მეუღლე ნინო კილასონია ქუჩაში მოკლა. ახალგაზრდა ქალს სახლს სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, სწორედ ამ დროს ესროლა ყოფილმა ქმარმა, ძირს დაგდებული, დასისხლიანებული მეუღლე მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც ამბობენ, ამის შემდეგ დამნაშავემ პოლიციაში დარეკა, ძალოვანებს აცნობა, რომ მანქანამ ახალგაზრდა ქალს გადაუარა და ის ქუჩაში ეგდო. მომხდარიდან 1 საათში გიორგიმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც მოკლული ქალის ოჯახის წევრები ამბობენ, ნინო კილასონიაზე ქმარი წლების მანძილზე ძალადობდა. წყვილი ერთად 11 წელი ცხოვრობდა, 2 ქალიშვილიც ჰყავდა, მაგრამ ბოლოს ახალგაზრდა ქალმა ძალადობას ვეღარ გაუძლო და სახლიდან წამოვიდა. შვილებთან ერთად, შუამთის ქუჩაზე მცხოვრები დის ბინას აფარებდა თავს. შვილების რჩენა რომ შესძლებოდა, სამსახურიც მოძებნა. მუშაობა ხატების საამქროში დაიწყო და ცდილობდა, ცხოვრება აეწყო, მაგრამ ქმარმა სიცოცხლე მოუსწრაფა და შვილებიც დააობლა.

ნინო კილასონია წარმოშობიდან აბაშიდან იყო. მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. 16 წლის ასაკში მოიტაცა თურმე, გიორგიმ. ამ ტრაგედიამდე 3 დღით ადრე თურმე, აბაშაში მისი მშობლების სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ყველაფერი გადაიწვა. ჭირისუფალი ფიქრობს, რომ ყოფილმა სიძემ ცოლს სახლიდან გაქცევა არ აპატია და შურისძიების მიზნით, ჯერ მშობლიური სახლი გადაუწვა, მერე კი მას თბილისში მიაგნო და სადისტურად მოკლა.

"ქმარი სულ სცემდა, საშინელ დღეში აგდებდა, მაგრამ იმ იმედით, რომ ის გამოსწორდებოდა, ამ ტანჯვას უძლებდა. უფრო შვილების გამო იტანდა ამდენს: ცდილობდა, შვილებისთვის მამა შეენარჩუნებინა. ქმარი რომ სცემდა, მერე ეუბნებოდა, რომ თავის საქციელს ნანობდა, ნინოს სულ გამოსწორებას ჰპირდებოდა, თან წასასვლელიც არსად ჰქონდა და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ამდენს ითმენდა. იქნებ გამოსწორდესო, სულ ამის მოლოდინში იყო, მაგრამ ბოლოს, ბავშვებზე ძალადობაც რომ დაიწყო ქმარმა, ეს ვერ აიტანა და დაშორდა. ემუქრებოდა მოკვლით. პოლიციას შევატყობინეთ. ხელწერილი დაადებინეს, რომ არც ცოლს და არც შვილებს ახლოს არ გაეკარებოდა, არ დაურეკავდა და არ შეაწუხებდა. ამან უფრო გააგიჟა. იცოდა, სადაც ცხოვრობდა ნინო, და უთვალთვალებდა. სულ ვცდილობდით, სადმე არ გადაჰყროდა და ამიტომ, სამსახურშიც კი ვაცილებდით ნინოს. იმ DDდღესაც ველაპარაკე. მითხრა, 15 წუთში შინ ვიქნებიო. ამას რას წარმოვიდგენდით?! თურმე, სანადირო თოფი ლანჩხუთიდან ჰქონია ჩამოტანილი და დაშლილს სულ თან დაატარებდა, ქურთუკის შიგნით. ჩაუსაფრდა ნინოს და მოკლა სახლის წინ. გონზე ვერ მოგვყავს ბავშვები: ამ საშინელ ფაქტს შეესწრნენ, გარეთ კივილის ხმაზე გაცვივდნენ და ძირს დაგდებული დედა ნახეს! შოკში არიან. ჩემი და კორპუსის წინა მხარეს მოკლა, თავად უკანა მხარეს გასულა და იქ უსვრია და იქ მოიკლა თავი. ყველაზე მეტად, ბავშვებზე ვდარდობ. არ ვიცი, რა მოვუხერხო, რით ვანუგეშო, როგორ შევუმსუბუქო ეს ტკივილი", - ამბობს მოკლული ქალის და.

ნინო კილასონიას ცხედარი აბაშაში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს, ყოფილი მეუღლე კი - მის მშობლიურ სოფელში.

შემთხვევა

სხვა მძიმე ბოროტმოქმედების გარეშე, გასულ კვირასაც არ ჩაუვლია. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კინაღამ 14 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა. მეზობლის სახლიდან გასროლილი ტყვია ქეთევანს მუცელში მოხვდა. ყვირილით გამოვარდა თურმე, კარის მეზობელი: 22 წლის ბიჭი თავში ხელებს იშენდა და ყველას, გოგონას გადარჩენას სთხოვდა. დაჭრილი ჯერ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქ ოპერაციაც ჩაუტარდა, მაგრამ მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმობილით თბილისში, იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გადმოიყვანეს. დღემდე რეანიმაციაში რჩება, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია.

გოგონა გონზე მოვიდა და კონტაქტურიც გახდა. სუნთქვითი აპარატიც მოუხსნეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება 10-108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და დანაშაულში მხილებული 22 წლის ხვიჩა ყარალაშვილი პოლიციას ჩაჰბარდა, თუმცა ის წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. მისი მტკიცებით, სანადირო თოფს წმენდდა და უცებ ტყვია გაუვარდა. ამ ვერსიის სჯერათ სოფლის მცხოვრებლებს, მათ შორის - დაზარალებული გოგონას ოჯახს.

დავით მამუკელაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მატანში:

- ძალიან სამწუხარო ფაქტია. ძალიან განიცადა ხვიჩა ყარალაშვილმა ეს ამბავი. ყვიროდა, - მიშველეთ, დამეხმარეთ, გოგონა რომ გადარჩესო. ღმერთს მის გადარჩენას ევედრებოდა. ოჯახებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ, კარგი მეზობლობა, მეგობრობა აკავშირებთ. სხვა ვერსია არც კი განიხილება, გარდა უბედური შემთხვევისა.

იმავეს ამბობს მატანის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ნელი ტერტერაშვილი:

- გოგონა ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა. როგორც ამბობენ, მოზარდი აფთიაქში ყოფილა, სახლში ბრუნდებოდა. ამ დროს თანასოფლელ ბიჭს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და გოგონა მუცელში დაჭრა. თვითონ ამ ბიჭმაც ჩვენი სკოლა დაამთავრა. ჩემი მოსწავლე არ ყოფილა, მაგრამ პედაგოგები მას დადებითად ახასიათებენ. საბედნიეროდ, 14 წლის ქეთევან გარშაულაშვილი გამოკეთდა. ასეთ შედეგს ექიმებიც არ ელოდნენ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყოველდღე ვეკონტაქტები ახლობლებს და მეუბნებიან, რომ დღითი დღე მდგომარეობა უმჯობესდება. მადლობა ღმერთს, გადარჩა!

საქმე პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა და ბიჭს ოფიციალურად, ბრალიც წაუყენა, მაგრამ სავარაუდოდ, საქმის გადაკვალიფიცირება მოხდება, უფრო მსუბუქი ბრალდებით. როგორც დაჭრილის ახლობელმა გვითხრა, გოგონას ოჯახი არ ჩივის და დამნაშავის დასჯას არ ითხოვს, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს არ იყო განზრახ ჩადენილი დანაშაული. "ძალიან ახლო მეზობლები იყვნენ, ბავშვები ერთად გაზრდილები არიან. ოჯახებს შორის არასოდეს არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. უბედური შემთხვევა იყო, გამორიცხულია, სხვა რაიმე მიზეზი ყოფილიყო. ჩვენ პოლიციის განყოფილებაშიც მივაკითხეთ დაკავებულ ბიჭს და ვნახეთ, ის როგორ განიცდის მომხდარს. ჩვენი, დაზარალებული ოჯახის სურვილია, მას არ დაუმძიმდეს მდგომარეობა. ისიც ბავშვია, მომავალი წინ აქვს და ციხეში მოხვედრით მასაც დაენგრევა მომავალი. ბიჭი დაიჭირეს, მაგრამ როგორც ვიცი, ამ ეტაპზე მას გირაო შეეფარდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა", - გვითხრა დაჭრილი გოგონას ნათესავმა ნიკომ. საქმის გამოძიება გრძელდება.

ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა

5 თებერვალს, ბათუმში, კლინიკა "მედინაში" ტრაგედია დატრიალდა. 30 წლის აქსანა ჩახვაძე საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მიზეზად მის ფსიქიკურ მდგომარეობას ასახელებენ. როგორც ირკვევა, 7 იანვარს ახალგაზრდა ქალმა ბათუმის დედათა და ბავშვთა სამკურნალო ცენტრში იმშობიარა და პატარა გოგონა გაჩნდა. ბედნიერი და გახარებული დედა რამდენიმე დღეში შვილთან ერთად გაწერეს, თუმცა, მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ქალი სისხლდენით, ისევ სამშობიაროში მიიყვანეს.

"ჩაუტარდა მკურნალობა, მაგრამ ჰემორაგიული შოკი იყო, მძიმე მდგომარეობა, და ჩვენთან, "მედინაში" გადმოიყვანეს. 5 დღის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, 26 იანვარს ჩაუტარდა ჰისტერექტომია ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა, რეანიმაციაში ვმკურნალობდით. 30 იანვარს გადავიყვანეთ პალატაში, რადგან მდგომარეობა დასტაბილურდა", - ჰყვება კლინიკის დირექტორის მოადგილე, ლადო ურუშაძე. მისი თქმით, პაციენტის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ექიმები ინფორმირებულები იყვნენ. მათი თქმით, ახალგაზრდა ქალის ქცევა ადეკვატური იყო, ამიტომ ასეთ ტრაგიკულ შედეგს არავინ ელოდა. "პალატაში რომ გადავიყვანეთ მდგომარეობა სტაბილური იყო. მას რომ ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა, ვიცოდით. 2012 წლიდან აღრიცხვაზე იყო, შიზოფრენია დაუდგინდა. პაციენტს ფსიქონევროლოგიურ ცენტრში მკურნალობდნენ. სადილობის შემდეგ გადახტა ფანჯრიდან. ამ დროს პალატაში მარტო იმყოფებოდა და ფაქტის თვითმხილველი არავინაა, თუმცა შემთხვევამდე, მასთან კლინიკის თანამშრომელი იყო შესული და მას საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. შეწუხებულები ვართ მომხდარით და თანავუგრძნობთ ოჯახს!" - აღნიშნა ლადო ურუშაძემ.

მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბუნებრივია, გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებთანაც ვცადეთ დაკავშირება. აქსანა ჩახვაძე მსახიობ ხვიჩა მაღლაკელიძის ცოლისდა აღმოჩნდა. როგორც ხვიჩა ამბობს, გარდაცვლილს ადრეც ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა.

ხვიჩა მაღლაკელიძე:

- ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ადრეც სცადა თვითმკვლელობა: ორი წლის წინ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოხტა. მაშინ სიკვდილს გადაურჩა. გვეგონა, ამის შემდეგ მსგავსს არ გაიმეორებდა, მაგრამ სამწუხაროდ, სიცოცხლე ასე დაასრულა. ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრობდა. ასე გადაწყვიტა მან ცხოვრება. კარგი ადამიანი იყო. აგრესიული არ ყოფილა, არავის ერჩოდა, უბრალოდ დეპრესიული იყო. წლებია, თავის თავში ჩაიკეტა. მკურნალობდა კიდეც, ფსიქიატრიულშიც იყო აღრიცხვაზე და წამლებს იღებდა. 30 წლის იყო აქსანა. მისი დაორსულება გვიან გავიგეთ, გათხოვილი არ იყო. მარტო ცხოვრობდა, მაგრამ უფროსი და სულ აკითხავდა, სულ ზრუნავდა მასზე. 7 იანვარს იმშობიარა დედათა და ბავშვთა სამშობიარო ცენტრში, ბუნებრივი მშობიარობით. ცოტათი ნაადრევი მშობიარობა იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად იყო, გოგონა გაუჩნდა. არავინ არის დაზღვეული ამ შედეგისგან. ვინ წარმოიდგენდა ამ ტრაგედიას?!. ფეხმძიმობის დროსაც და მერეც ნათელ გონებაზე იყო. ბავშვი რომ გაჩნდა, თავის პატარას საოცრად უვლიდა, მზრუნველობას არ აკლებდა და გვერდიდან არ შორდებოდა. სულ სხვა ადამიანი გახდა. ვამბობდით, იქნებ პრობლემა დავძლიეთ და აწი, კარგად იყოს-თქო?.. გვეგონა, შვილის დაბადებამ შეცვალა და გამოიყვანა დეპრესიიდან. ყველანი გახარებულები ვიყავით. წამალს იღებდა, მაგრამ ექიმმა, ძუძუთი რომ ეკვება ბავშვი, ამის უფლება მისცა, და პატარა ბუნებრივ კვებაზე ჰყავდა... მოულოდნელად გართულდა მდგომარეობა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და საშვილოსნო ამოკვეთეს. შეიძლება, ესეც გახდა დეპრესიის მიზეზი. ქალები უფრო შეხვალთY მის მდგომარეობაში. ალბათ განიცდიდა იმასაც, რომ მეტ შვილს ვეღარ გააჩენდა. რადგან მას ოპერაცია დასჭირდა, ძუძუთი ვერ გამოკვებავდა პატარას და ამიტომ, ჩვილი ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეს... ექიმებს მართლა არაფერი დაუკლიათ, ყველაფერი გააკეთეს მის გამოსაჯანმრთელებლად. ძალიან განვიცდით მომხდარს. ბავშვი ისევ საავადმყოფოში რჩება.

ინცესტი

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბავი განსაკუთრებულად შოკის მომგვრელი და თავზარდამცემია: 17 წლის ბიჭი და მისი 15 წლის ღვიძლი და ერთმანეთთან სქესობრივ კავშირში არიან მხილებული. ძმას სასამართლომ წინასწარი პატიმრობაც უკვე შეუფარდა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა თურმე, 8 თვის ორსულია. საქმეში სამართალდამცველებთან ერთად, სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო და ორსული გოგონა, უსაფრთხოების მიზნით, თბილისში, სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახური ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს. ძალოვანები მომხდარს ადასტურებენ. შემზარავი ფაქტით მთელი სოფელია შეძრული. სკოლის დირექტორის თქმით, გოგონამ სწავლა მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ შეწყვიტა, ხოლო ბიჭი დაკავებამდეც დადიოდა სკოლაში და ახლა მე-11 კლასის მოსწავლეა.

"მთელი სოფელი შოკში ვართ. ამას ვინ წარმოიდგენდა?! გინეკოლოგთან ჰყავდა დედამისს წაყვანილი. თურმე ნაყოფის მოცილება სურდა ოჯახს, მაგრამ უკვე ძალიან დიდი იყო და ამას ვერავინ გარისკავდა. გვიან გაირკვა სიმართლე. მოუყოლია დედამისისთვის, რომ ძმასთან ჰქონდა კავშირი. სად იყო დედამისი, ასეთი რამე როგორ უნდა გამოჰპაროდა?!. ამბის გახმაურების შემდეგ, დედაც გადაიკარგა სოფლიდან. ამბობენ, ფსიქიკური პრობლემა აქვს და საავადმყოფოში მოათავსესო... არ ვიცი, ასეთი სისაძაგლე როგორ ჩაიდინეს. ორივე არასრულწლოვანია. თურმე გოგო ამბობს, ძალადობას არ ჰქონდა ადგილი და ნებაყოფლობითი იყო მათი ურთიერთობა. იმასაც ამბობენ, თუ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა, მაშინ გაუპატიურებისთვის ვერ გაასამართლებენ დამნაშავესო. როგორ არ უნდა დაისაჯოს?! საერთოდ, სად უნდა გამოყონ თავი და როგორ უნდა იცხოვრონ, წარმოუდგენელი ამბავია", - ჰყვება აღშფოთებული მეზობელი.

თეა ხურცილავა