სამი ადამიანის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - გზაპრესი

სამი ადამიანის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

პაატა ჩუბინიძეს, გიორგი ფიჩხაძესა და მერაბ აბესაძეს ახლობლები 3 დღე-ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. ისინი ხორცის ბიზნესით იყვნენ დაკავებული, სოფლებში მოსახლეობისგან ცოცხალ პირუტყვს ყიდულობდნენ და მარნეულის ბაზარში ყიდდნენ. 9 თებერვალს, პაატა ჩუბინიძეს უცნობმა პირმა დაურეკა და უთხრა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში პირუტყვი ჰყავდა გასაყიდი. 10 თებერვალს, დილით ადრე, პაატა მეუღლის ბიძაშვილთან, გიორგი ფიჩხაძესთან ერთად თავისი მიკროავტობუსით ზესტაფონიდან სამეგრელოში წავიდა.

ხობში ახლობელს, მერაბ აბესაძეს შეუარა, რომელიც საქმიანობაში ეხმარებოდა და სამივენი ზუგდიდში ჩავიდნენ. პაატას ძმებიც წლებია, ამ საქმით არიან დაკავებული და განგაში მას შემდეგ ატეხეს, როცა მათი მობილურები გაითიშა. ახლობლებმა იმ ტერიტორიაზე დაიწყეს დაკარგულების ძებნა, სადაც ისინი ეგულებოდათ. ძებნის შემდეგ, ზუგდიდში, მდინარის პირას, პაატა ჩუბინიძის მიკროავტობუსს მიაგნეს. საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ, მდინარე უჩაღალში ერთ-ერთი დაკარგულის მობილურიც იპოვეს. პოლიციამ მოგვიანებით ზუგდიდის სოფელ აბასთუმანში, ურთის მთასთან ცხედრებსაც მიაგნო. მათ თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული. მკვლელობის მოტივად ანგარებით, ფულის გამოძალვის მიზნით თავდასხმა სახელდება. დანაშაული გახსნილად გამოცხადდა და სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სოფელ ნარაზენში მცხოვრები, ყოფილი სპეცრაზმელი, 40 წლის დავით ბეჭვაია დააკავეს.

ძალოვანთა მტკიცებით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა და პოლიცია იმ ადგილას მიიყვანა, სადაც ხალხი ჰყავდა დახოცილი. ჩვენი ინფორმაციით, ცხედრები ხრამში იყო ჩაყრილი და ზემოდან ფიჩხი ჰქონდა მიყრილი. მართალია, ძალოვანები აცხადებენ, რომ დამნაშავემ დეტალურად აღიარა დანაშაული და ცხედრებიც აჩვენა, მაგრამ სასამართლო პროცესზე დავით ბეჭვაიამ წაყენებული ბრალდება კატეგორიულად უარყო. ირწმუნება, რომ შემზარავ საქმესთან კავშირი არა აქვს.

"ჩემი დაკავება უკანონოდ მოხდა. ბავშვები ჩამოვსვი სკოლასთან და ჩემი მეუღლის სამსახურთან, ზუგდიდის ბაზრის ტერიტორიაზე გავაჩერე მანქანა. ბაზარში შესვლას და პროდუქტის შეძენას ვაპირებდი. ამ დროს გაჩერდა "მერსედესის" მარკის შავი მიკროავტობუსი, იქიდან 10-მდე ადამიანი გადმოცვივდა, ძალით შემაგდეს მანქანაში და პოლიციის სამმართველოში აღმოვჩნდი... იქ იძულებით, მუქარით, თავიანთ დაწერილ ჩვენებაზე მომაწერინეს ხელი. წინასწარ გამიყვანეს იქ, სადაც მიცვალებულები იყვნენ, ცოტა ხანში ხელმეორედ წამიყვანეს და უკვე გადამიღეს ვიდეო და ფოტოები. მე ეს დანაშაული არ ჩამიდენია. თუ გამათავისუფლებთ დარბაზიდან, 3 დღეში მოვიპოვებ მტკიცებულებებს, რომ ეს ჩემი ჩადენილი არ არის..." - აღნიშნა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა.

მისი ადვოკატი, თანდილა ჯოლოგუა ითხოვდა, დაკავებულის უდანაშაულობა დაემტკიცებინა, მაგრამ სასამართლომ მათი პოზიცია არ გაიზიარა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა გამოაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს.

ოფიციალური ინფორმაციით, საქმე დავით ბეჭვაიას წინააღმდეგ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა. ისიც დადასტურებულია, რომ წინადღეს პაატა ჩუბინიძის ტელეფონზე ბეჭვაიამ რამდენჯერმე დარეკა და ზუგდიდში ჩასვლა სთხოვა. ბრალდებული თურმე ირწმუნება, - გარკვეულ პირებს ჩემი დაკავება სურდათო. იმასაც ამბობს, ადრე დავალებული მქონდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმა, მაგრამ შესრულებაზე უარი ვთქვიო. კონკრეტულად ვინ დაავალა, ამაზე არ ლაპარაკობს. თუმცა ამბობს, ამის შემდეგ მოვლენები ჩემს ირგვლივ უცნაურად განვითარდა: ჯერ გაურკვეველ ვითარებაში დავკარგე საკუთარი ტაბელური იარაღი, მაკაროვი, რომელიც, როგორც სპეცდანიშნულების რაზმის წევრს, სახელმწიფოსგან 200 ლარად მქონდა შეძენილიო. ბეჭვაიამ 2 წლის წინ აცნობა პოლიციას იარაღის დაკარგვის ფაქტი და საქმის გამოძიებაც დაიწყო. დაახლოებით 2 თვის წინ კი საკუთარ ავტომანქანაში აღმოაჩინა ასაფეთქებელი მოწყობილობა. მაშინაც გამოიძახა 112 და ამ ფაქტზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. როგორც ადვოკატი ამბობს, ამ ეტაპზე ბრალდებული საკუთარი ვერსიის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. იმედი აქვს, რომ გამოძიება ნამდვილ მკვლელს დაადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმავს იმ პირთა ვინაობის დასახელებას, რომლებიც მას უკანონო დავალებას აძლევდნენ.

თანდილა ჯოლოგუა, ბეჭვაიას ადვოკატი:

- მერწმუნეთ, დავით ბეჭვაიას წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს. არც დანაშაულის იარაღია ამოღებული და არც რაიმე სამხილი დევს საქმეში, რომ ეს საზიზღარი დანაშაული მისი ჩადენილია. სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება და ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. საქმეში წერია, თითქოს ბეჭვაია დაიბარეს პოლიციაში და იქ დააკავეს, თუმცა უამრავი მოწმეა, რომ მისი დაკავება ზუგდიდის ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. ხელები გადაუგრიხეს, მანქანაში ისე ჩატენეს და პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს. მას მოსთხოვეს, ეღიარებინა დანაშაული. დავით ბეჭვაიაზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ეუბნებოდნენ, - თუ შენ ამ მკვლელობებს არ აღიარებ, ახლა მოკლულების ოჯახებს მივუსევთ შენს მცირეწლოვან შვილებსა და მოხუც დედას და მთლიანად გაგანადგურებთო. მორალური წნეხის ქვეშ მოაქციეს, წინ დაუდეს დაწერილი ჩვენება, სადაც წერს, თითქოს მოკლულები ძროხის მომპარავები იყვნენ და იმიტომ მოვკალი ისინიო, რაც აბსურდია.

- სამინისტრომ კადრები გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, დაკავებული მკვლელობის ადგილს როგორ უთითებს. ამაზე რას იტყვით?

- არის ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა წინადღეს იპოვეს დახოცილები, რომლებიც იყვნენ დამარხულები. პოლიციამ ამოთხარა ცხედრები. მერე ეძებდნენ ადამიანს, ვისაც მიაკერებდნენ ამ საქმეს. ასე შეარჩიეს დავით ბეჭვაია. პოლიციამ მეორედ უკვე კამერების თანხლებით მიიყვანა შემთხვევის ადგილას და მუქარით აიძულეს ეთქვა ის, რაც არ ჩაუდენია. მას ის ტანსაცმელიც გახადეს, რაც შემთხვევის ადგილზე გაყვანისას ეცვა, კაცი გააშიშვლეს და ჩააცვეს ძონძები. არანაირი ექსპერტიზის პასუხი საქმეში არ დევს, ისიც კი არ ვიცით, რა იარაღით არიან ისინი მოკლული. ცხედრების ფოტოებიც დევს საქმეში. ფიჩხები აქვთ მიყრილი. აშკარად თვალში საცემია, რომ ტანზე მიწა აქვთ მოკლულებს. ეს ადასტურებს, რომ ამოთხარეს ცხედრები და მერე მიაყარეს ფიჩხი.

- დავით ბეჭვაია თურმე ესაუბრა მოკლულებს და სატელეფონო ამონაწერითაც დასტურდება ეს ფაქტი.

- მისი მობილურიდან, მისი მეუღლის ძმის ტელეფონიდან მართლა დაურეკა მან რამდენჯერმე ზესტაფონელებს, რადგან ჩასაბარებელი პირუტყვი ჰყავდა და გაყიდვა სურდა. წინადღეს დაუკავშირდა. მეორე დღეს ისინი მოვიდნენ, დაათვალიერეს პირუტყვი, მაგრამ ვერ მორიგდნენ ფასზე და მათ გზა განაგრძეს. დავით ბეჭვაია მერე ცოლ-შვილთან ერთად სიმამრის სახლში წავიდა. მისი საცხოვრებელი სახლი 3 კილომეტრით არის დაშორებული შემთხვევის ადგილიდან. პოლიციამ წინასწარ აზრი შექმნა საზოგადოებაში, რომ ეს სასტიკი დანაშაული ბეჭვაიას ჩადენილია. არადა, მას არასოდეს ჩაუდენია დანაშაული, ნასამართლევი არ ყოფილა, იყო სპეცდანიშნულების სამსახურის თანამშრომელი. ეს ბიჭი ტირის, - არ ჩამიდენია დანაშაულიო და შიმშილობა გამოაცხადა. მოკლულების ჭირისუფალსაც შეუძლია, ასეთ დროს შური იძიოს დამნაშავის ოჯახზე. მითხარით, რატომ უვრცელებენ ასეთ სიცრუეს? შეძლებული ოჯახი აქვს. 20.000 ლარზე მეტი ღირებულების ღვინო ჰქონდა გასაყიდი, საქონელი ჰყავს, თხილი აქვს და უამრავი შემოსავალი ჰქონდა ოჯახს. სად არის აქ ლოგიკა, სამი ადამიანი მოკლა 1.920 ლარის გამო? ის დაკავების წუთებიდან ითხოვდა საქმეში ჩემს ჩართვას, მაგრამ მოუყვანეს სახაზინო ადვოკატი. ესეც შეგნებულად მოხდა. ეჭვებს აჩენს ისიც, რომ ამ ამბამდე 2 თვით ადრე ვიღაცამ დავით ბეჭვაიას განადგურება მოინდომა და მისი მანქანა დანაღმეს, რაც მერე გაინაღმა სპეციალური სამსახურის მიერ.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობა "მაკაროვის" პისტოლეტით არის ჩადენილი. ბეჭვაიას იარაღი ჰქონდა?

- ჯერ საქმეში არ დევს დასკვნა, თუ რა იარაღით არიან ისინი მოკლულები. რაც შეეხება მაკაროვს, დავით ბეჭვაიამ 2 წელზე მეტია, რაც "მაკაროვი" დაკარგა. ამაზე მას განცხადება დაწერილი ჰქონდა და არც ეს არის გამოძიებული. ვითხოვთ ციხიდან მის გათავისუფლებას, რადგან უდანაშაულოა. მერწმუნეთ, ეს მკვლელობები გაუხსნელია. გამოძიების მსხვერპლია დავით ბეჭვაია.

დავით ბეჭვაიას მეზობლებსაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამ დანაშაულის ჩადენა შეეძლო. მათი თქმით, 90-იან წლებში ბეჭვაიების ოჯახს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, თუმცა დათომ თავდამსხმელები მაშინ დაჭრა. იმასაც ამბობენ, გარკვეული პერიოდი მათ ოჯახს პოლიციაც იცავდაო.

დავით ბეჭვაიას სოფელი ნარაზენი და სოფელი აბასთუმანი მომიჯნავე სოფლებია. ადგილი, სადაც ცხედრები იპოვეს, მოსახლეობისგან ერთი კილომეტრითაა მოშორებული. შენიშნა თუ არა ვინმემ იქ უცხო ადამიანები ან გაიგო თუ არა გასროლის ხმა, ამ და სხვა დეტალებს ალბათ გამოძიება დაადგენს.

თეა ხურცილავა