მკვლელობა ფონიჭალაში - ყაჩაღობა თუ შურისძიება? - გზაპრესი

მკვლელობა ფონიჭალაში - ყაჩაღობა თუ შურისძიება?

მამფორიების მეზობლებმა განგაში მაშინვე ატეხეს, როცა ბინაში კვამლი შენიშნეს. ისინი მეზობლის კარზე აბრახუნებდნენ, მაგრამ არც ტელეფონის ზარს პასუხობდა ვინმე და არც კარს აღებდნენ. სასწრაფოდ სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ მეხანძრეებს კი საშინელი სურათი დახვდათ: ახალგაზრდა ქალი, ნონა ომანაძე მისაღებ ოთახში ყელგამოჭრილი ეგდო, ხოლო საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს მისი პატარა გოგონა, რომელიც დამნაშავეს ცეცხლში დაეწვა.

შემზარავი დანაშაული ჯერჯერობით გაუხსნელია. უცნობია, ვინ და რატომ დახოცა ასე სადისტურად დედა-შვილი. ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სამართალდამცავებს ჯერ დამნაშავე არ დაუკავებიათ.

მართალია, თავდაპირველად მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა განიხილებოდა, - ითქვა, რომ ბინაში 7.000 ამერიკული დოლარი და ოქროული ინახებოდა, მაგრამ ეს ვერსია მალე უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ძალოვანთა მტკიცებით, სახლიდან არაფერია წაღებული. ბინის დათვალიერებისას პოლიციელებმა იპოვეს ოჯახის კუთვნილი ნივთები. შს სამინისტროს ცნობით, თანხა და ოქროულობა სახლში გამოსაჩენ ადგილას იყო, მაგრამ დამნაშავეს არ წაუღია. ეს ეჭვებს უფრო აძლიერებს, ამიტომ მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად შურისძიებაც განიხილება, თუმცა შურისძიების მოტივით ჩადენილ მკვლელობას გამორიცხავენ ოჯახის წევრები. ირწმუნებიან, რომ მათ მტერი არ ჰყავდათ. მართალია, ძალოვანები ყაჩაღობას გამორიცხავენ, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები ამ ვერსიას ისევ განიხილავენ და ვარაუდობენ, დამნაშავემ ბინაში ფული და ოქროული ვერ იპოვა, ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და ამიტომ დახოცეს ისინი.

როგორც ირკვევა, ტრაგედიის დროს სახლში მხოლოდ დედა-შვილი იყო. ნონას მეუღლე, ოთარ მამფორია დილით სამსახურში წავიდა, ხოლო უფროსი ვაჟი სკოლაში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, მკვლელი ხელსაყრელ მომენტს ელოდა და როცა მიხვდა, რომ დედა-შვილი მარტო დარჩა, ის ბინაში მაშინ შეიჭრა. სამართალდამცავები მთელი დღე ჰკითხავდნენ მოკლული ქალის მეუღლეს. რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, ამაზე ჯერ არ საუბრობობენ ძალოვანები. დაკითხვიდან დაბრუნებულმა ჭირისუფალმა, ოთარ მამფორიამ ჟურნალისტებთან ისიც არ დამალა, რომ პოლიციაში მას იმასაც ეკითხებოდნენ, - ცოლ-შვილი ხომ არ მოგიკლავსო.

- დილით სახლში მძინარე ცოლ-შვილი დავტოვე და წავედი სამსახურში. უფროსი ვაჟი მე წავიყვანე სკოლაში. სამსახურში დამირეკეს და იქ გავიგე, რაც მოხდა. არ ვიცი, ვინ მოკლა ჩემი ცოლ-შვილი. ვერსია არ მაქვს. სახლში ფული რომ ინახებოდა, ეს ბევრმა იცოდა. იცოდა ჩემმა მამიდაშვილმა, მეზობელმაც. თავიდან მეგონა, ყაჩაღობის მიზნით მოხდა თავდასხმა, მაგრამ ფული არ არის წაღებული. რამდენიმე საათს გაგრძელდა ჩემი დაკითხვა. გამომძიებელი მეკითხებოდა, - მტერი ვინ გყავდათო? არ გვყოლია მტერი. ჩემი დაკითხვით რომ ვერაფერი გაიგეს, მეუბნებოდნენ, შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით-მეთქი? - ვერაფერს მაძლევ ხელჩასაჭიდს, მტერი ან ვინმე გიჟი ხომ არ გყავთ გარემოცვაში, მითხარი, ვის შეეძლო ეს დანაშაული ჩაედინაო? არ მაქვს ამაზე პასუხი და რა მეთქვა? ამის მერე მითხრეს რამდენჯერმე, - შენ მოკალიო, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ეს ჩემი ჩადენილი არ არის. მიზეზი უცნობია ჩემთვის, არ ვიცი, ვინ ჩაიდინა.

ტრაგედიის ადგილას დიდხანს მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედრები ბინიდან ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ამ ფაქტის თვითმხილველი მეზობლები შოკირებული არიან. როგორც მეზობლები ამბობენ, ბინიდან ხმაურის ხმა არავის გაუგონია. ოჯახს ყველა დადებითად ახასიათებს. ამბობენ, რომ ცოლ-ქმრის ჩხუბი არასოდეს გაუგონიათ. კორპუსი, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, დაუსრულებელია. იქ მოსახლეობა წლების წინ, თვითნებურად შესახლდა. ბევრმა ფართობი დაიკანონა.

მარინა, მეზობელი:

- ვერ აგვიხსნია, ვინ გაიმეტა ეს წესიერი ხალხი ასე. მთელი დღეა ვტირი, ისტერიკაში ჩავვარდი, ეს საშინელება რომ ვნახე. ნონა კარგი ადამიანი იყო. შვილებზე მზრუნველი. ყველას თავი შეგვაყვარა. მისი მეუღლეც მშრომელი ბიჭია. ოთარს თურმე ადრე მოულოდნელად ფეხმძიმე მეუღლე დაეღუპა და ერთი შვილი დარჩა. ნონა მისი მეორე მეუღლეა, ცხოვრება თავიდან ააწყო და ახლა ეს უბედურება დაატყდა თავს. პირველი ქორწინებიდან 8 წლის ბავშვი ჰყავს. მას თავს ევლებოდნენ. ძალიან მზრუნველი გოგო იყო, არაფერს აკლებდა, ბავშვს რომ დაელაპარაკოთ, ისიც გეტყვით, რომ არაფერს ვამატებ. საკუთარი დედაც ვერ გაუკეთებს შვილს იმდენს, რასაც ნონა უკეთებდა გერს. წყვილს საერთო შვილიც ჰყავდა, ის ლამაზი გოგონა, რომელიც მკვლელმა ასე სადისტურად მოკლა. ალბათ ბავშვს ეძინა საწოლში, როცა ეს საშინელება დატრიალდა. ამის გაფიქრებაც არ მინდა. ცელქი, საყვარელი გოგონა იყო. რომელმა გარეწარმა ასწია ხელი მასზე, გაოგნებული ვარ. ეს ოჯახი ძალიან ბევრს შრომობდა. აქ რომ შემოვიდნენ, ცარიელი კედლები იყო და კოხტად მოაწყვეს ბინა. ცხოვრობდნენ ბედნიერად, სულ იმას ცდილობდა ნონა, ბავშვები კომფორტში ჰყოლოდა. ეკლესიური გოგო იყო, ტაძარში დადიოდა, ბავშვებიც დაჰყავდა და აზიარებდა. საშინელება ტრიალებს.

- მეზობლებმა შენიშნეს ცეცხლი?

- დიახ, პირველი საათი ხდებოდა, ვიღაცამ ბინიდან გამოსული კვამლი რომ შენიშნა, მერე ატყდა ხმაური, ყველა მხრიდან ისმოდა შეძახილი, - ცეცხლი გამოდის საძინებლიდანო. გამოვცვივდით. ვრეკავდით სახანძროში და შველას ვითხოვდით, რადგან ვფიქრობდით, რომ ამ დროს სახლში ვინმე იქნებოდა. ნონა ძირითადად სახლში იყო ხოლმე, მაღაზიაში საყიდლებზე თუ ჩავიდოდა. კარი შეამტვრიეს მეხანძრეებმა და მერე გავიგეთ, რა საშინელება მოხდა. ცხედრები ცელოფანსა და ზეწარში გახვეული გამოასვენეს. როგორც ამბობენ, ნონა შიშველი იყო. ეტყობა, საწოლში ეძინა საწყალს, როცა თავს დაესხა დამნაშავე. არ ვიცი, ვინ ჩაიდინა, მაგრამ იმ ადამიანს გასამართლება არ სჭირდება, ხალხმა წამებით უნდა მოკლას. იმასაც ვფიქრობ, ხომ არ იცნო დამნაშავე და იმიტომ ხომ არ მოკლა? მაინც ვფიქრობთ, მიზეზი ყაჩაღობა იყო. მტერი არა მგონია, ჰყოლოდათ.

ოჯახის უფროსი, ოთარ მამფორია მეზობლების თქმით, მანქანების სამრეცხაოზე მუშაობს. როგორც ამბობენ, მშრომელი ადამიანია. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ქალის ცხედარი დასახიჩრებულია, სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნება. ექსპერტიზის შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება.

გასულ კვირას დიღომშიც მოხდა მკვლელობა. ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის მფლობელებს, ძმებს - ზურაბ და გია ბერიშვილებს შეიარაღებული პირი დაესხა თავს. დამნაშავემ ორივეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ამის შემდეგ მიიმალა. ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, რადგან დანაშაული დღისით მოხდა. დაჭრილები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ზურაბ ბერიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მის ძმას კი ექიმებმა სათანადო დახმარება აღმოუჩინეს და სიკვდილს გადაურჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალე დანაშაული გახსნილად გამოაცხადა და მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავა. როგორც ირკვევა, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. მკვლელობა ძველ ვალს უკავშირდება. დამნაშავე, 1981 წელს დაბადებული დავით ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში მივიდა და წარსულში არსებული ვალის გამო მეპატრონეებთან, ძმებთან - ზურაბ და გიორგი ბერიშვილებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დავითმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ზურაბს, ხოლო მის ძმას, გიორგის ფეხში ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი ამოიღო. დამნაშავის თანმხლები პირების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სროლის ხმა გაიგონეს ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ, სავაჭრო ობიექტებში მომუშავე პირებმა. ისინი ამბობენ, რომ ზედიზედ რამდენიმე გასროლა მოხდა: "დაახლოებით დღის 3 საათზე ატყდა სროლა. მეგონა, ბავშვები ასაფეთქებელს ისროდნენ, ფაქტს პატრული შეესწრო და ასე ოპერატიულად იმიტომ გაიხსნა ეს საქმე. კეპიანი ქუდი ეხურა შეიარაღებულ ახალგაზრდას, ის მირბოდა, უკან მისდევდა პატრულის თანამშრომელი. როგორც მერე გავიგე, მალევე დააკავეს. მკვლელობის მოტივი ჩემთვის უცნობია. საშინელებაა, დღისით ქუჩაში ხალხს რომ ესვრიან. უნდა მიხედოს სახელმწიფომ ამ პრობლემას, თორემ შეიძლება გამვლელები გახდნენ შეიარაღებული პირების მსხვერპლები. როგორც ამბობენ, ზურაბ ბეროშვილსაც ჰქონდა მანქანაში იარაღი, მაგრამ იქამდე მისვლა და მისი გამოყენება ვეღარ შეძლო... ეტყობა ემუქრებოდნენ, თორემ შეიარაღებული რატომ ივლიდა? ძმები სულ შრომობდნენ, რატომ გაიმეტეს ისინი სასიკვდილოდ, მართლა არ ვიცი", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

თეა ხურცილავა