"ხმა არ ამოიღო, თორემ მოგკლავო" - 18 წლის გოგონაზე მოძალადეს ეძებენ - გზაპრესი

"ხმა არ ამოიღო, თორემ მოგკლავო" - 18 წლის გოგონაზე მოძალადეს ეძებენ

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში 18 წლის გოგონა 40 წლის მამაკაცმა საშინლად აწამა. მოძალადემ იგი გაუპატიურების მიზნით მიტოვებულ შენობაში შეიყვანა. მოგვიანებით გოგონა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე უამრავი სისხლჩაქცევა და დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმებმა სათანადო მკურნალობა ჩაუტარეს. ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. გოგონას ოჯახის წევრები მომხდარზე არ საუბრობენ, თუმცა გამგებლის წარმომადგენელი ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში, დავით ბიგვავა მომხდარს ადასტურებს.

დავით ბიგვავა:

- 18 წლის გოგონა სოფელ დარჩელში ბებიასა და ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა. იგი მშობლებთან ერთად გალში ცხოვრობს და რამდენიმე დღის გადმოსული იყო გალიდან. როგორც ირკვევა, მან ტელეფონით გაიცნო ზუგდიდელი მამაკაცი. იმ დღეს მან გოგონას შეხვედრა სთხოვა და ისიც ზუგდიდში წავიდა მასთან შესახვედრად. როგორც ჩანს, მოძალადემ გოგონა გაიტყუა და მასზე ძალადობა სცადა, გოგონა კი წინააღმდეგობას უწევდა. ამიტომ მოძალადეს ის საშინლად უცემია. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ჩემი ინფორმაციით, დამნაშავის ვინაობა უკვე ცნობილია, ის 40 წლის მამაკაცია, ზუგდიდში მცხოვრები ვინმე კუკავა. ჯერჯერობით დაკავებული არ არის. იმედია, სამართალდამცავები მის ადგილსამყოფელს დაადგენენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს გოგონას ყური აქვს მოჭრილი, ფეხი მოტეხილი, მაგრამ ეს არ დასტურდება. ვესაუბრე გოგონას ოჯახის წევრებს, ისინი მომხდარით შეძრულები არიან. ამბობენ, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. ექსპერტიზა დაადგენს, არის თუ არა გაუპატიურებული. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე ადრე ნასამართლევია, ორჯერ იყო კუკავა თურმე დაქორწინებული. გოგონას ოჯახის წევრებმა საჩივარი შეიტანეს პოლიციაში და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

მარინე ცარციძე, სოფელ დარჩელის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან წყნარი, წესიერი ბავშვია. მისი ოჯახი გალიდან დევნილია და ამიტომ გოგონა ბებიასა და ბაბუასთან იზრდებოდა. ჩვენს სკოლაში სწავლობდა უმცროს ძმასთან ერთად. 2012 წელს, IX კლასის პირველი სემესტრიდან გაიყვანეს სკოლიდან. როგორც ვიცი, მშობლებმა ის გალში წაიყვანეს. აქ როცა იყო, ბებია სულ აკითხავდა, ძალიან ყურადღებიანი ოჯახია. ფაქტის ირგვლივ სოფელში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული. როგორც ვიცი, საქმეში ფსიქოლოგი ჩაერთო და ბავშვის სტრესიდან გამოყვანას ცდილობს. გოგონა მოძალადეს ტაქსიში ჩაუსვამს და მიტოვებულ ადგილას წაუყვანია, იქ კი ძალადობა უცდია. მოძალადე მასთან შედარებით ასაკოვანია, 40 წლამდეა. ძლივს დააღწია თურმე თავი. ექსპერტიზა ჩაუტარდა, დადგინდება, არის თუ არა გაუპატიურებული. 18 წლის გოგონას ფსიქიკა დაუნგრია მოძალადემ და გაანადგურა. დღემდე დაჭერილი არ არის დამნაშავე. შეიძლება ის უკვე გალში გადავიდა. ასეთი ნაძირალები გადადიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თავს აფხაზეთს აფარებენ. ამ ფაქტის მერე შიშმა დაისადგურა სოფელში, უკვე სხვებსაც ეშინიათ ბავშვების ქუჩაში მარტო გაშვების. ჩვენც, სკოლის პედაგოგები, ძალიან ვფრთხილობთ, ფეხდაფეხ დავდევთ ბავშვებს, სახლებში სამარშრუტო ტაქსით ვუშვებთ. ნაძირალებს რა გამოლევს ქვეყანაში? საპირფარეშოშიც კი არ ვუშვებთ ბავშვს უმეთვალყურეოდ. სოფელში იმასაც ამბობენ, სხვა ბავშვზეც იყო ძალადობის მცდელობაო, არ ვიცი, რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს.

"ბავშვი გაუპატიურებულია, მთელი სხეული დალურჯებული აქვს. ტელეფონით გაცნობილთან შესახვედრად პირველად წავიდა, სახლში კი არ უთქვამს, პაემანზე რომ მიდიოდა. რას წარმოიდგენდა ასეთ რამეს? თურმე მოძალადემ მას ასაკიც კი დაუმალა, თორემ ამხელა კაცთან შესახვედრად არ წავიდოდა. ცოტა ხანს უსაუბრიათ, მერე იმ ნაძირალას უთქვამს, - სადმე გავისეირნოთო. ჩაუსვამს ტაქსიში და მიტოვებულ შენობაში მიუყვანია. გოგონა როგორც კი მიმხვდარა, რა მიზანი ჰქონდა, თავის დაღწევა უცდია, ყვიროდა კიდეც, მაგრამ ახლოს მოსახლეობა არ არის და ვინ დაეხმარებოდა. თურმე მან პირზე ააფარა ბავშვს ხელი, - ხმა არ ამოიღო, თორემ მოგკლავო. იმასაც ამბობენ, დანა ეჭირა ხელშიო. გოგონა თურმე წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ გარეწარი მხეცი, მასზე ძალადობდა. ისეთ სტრესშია ბავშვი, ახლოს არავის აკარებენ. თურმე სულ ტირის, საშინლად განიცდის მომხდარს. რას იფიქრებდა, ასეთ გარეწარს რომ ხვდებოდა? როგორც სოფელში ამბობენ, დამნაშავე რამდენჯერმე ნასამართლევია, ციხიდან ახალი გამოსული უვარგისი ადამიანი. ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში ძალადობა? როცა ასეთი ფაქტები ხდება, სულ იმას ვფიქრობ, რატომ არ არის ქვეყანაში დახვრეტა. ასეთმა ნაძირალებმა ქუჩაში არ უნდა იარონ. მისი ოჯახის წევრები განადგურებულები არიან. ყველამ თავისი თავი წარმოიდგინოს მათ ადგილას. ის ხომ მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებს იმ საშინელ წუთებს? ძალიან პატიოსანი, მშრომელ ოჯახში გაზრდილი ბავშვია. ყველას გული შეგვტკივა. რომ გვქონდეს უფლება, ჩვენ თვითონ გავუსწორდებით ამ ნაძირალას და სასამართლო არ დაგვჭირდება, - ამბობს ერთ-ერთი იქაური მცხოვრები.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამართალდამცავებმა უკვე დაჰკითხეს დაზარალებული. მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ. ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად გოგონა დარჩელში არ იმყოფება, ის ნათესავმა წაიყვანა. გოგონასთან ფსიქოლოგი მუშაობს. მთელი სამეზობლო სამართალდამცავებს მოუწოდებს, დროზე დააკავონ დამნაშავე. იმედია, ასეც მოხდება და კუკავა უმკაცრესად დაისჯება.

თეა ხურცილავა