როგორ შეარჩევენ ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტს გამოიტანენ
font-large font-small
როგორ შეარჩევენ ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტს გამოიტანენ
ნაფიცი მსაჯული შეიძლება გახდეს პირი, თუ ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან სიაში

კანონმდებლობის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან, ნაფიცი მსაჯულობის 50 კაციან კანდიდატთა სიას ადგენს.

ნაფიცი მსაჯული შეიძლება გახდეს პირი, თუ ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან სიაში; თუ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი; შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი - კერძოდ: თუ იგი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი; გამომძიებელი ან პოლიციელია; ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; არის სასულიერო პირი; იგი აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა; არის ბრალდებული; ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა დადებული; მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე; არის ფსიქოლოგი, ფსიქიატრი ან იურისტი.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არა უმეტეს 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან შედგება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე ექვსზე ნაკლები მსაჯული არ უნდა იყოს, მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე - რვაზე ნაკლები, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე კი ათზე ნაკლები.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელიც უნდა იყოს არა უგვიანეს შერჩევის პროცედურის დასრულებიდან მესამე დღისა.

სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე ნიშნავს უფროს მსაჯულს. უფროსი მსაჯული თავმჯდომარეობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სახელით წერილობითი შეკითხვით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს, აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს, ადგენს შესაბამის დოკუმენტებს, ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე აცხადებს.

ცნობისთვის მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ, ნაფიცის მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვის გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რომელიც 31 მარტს გაიმართა.
ბეჭდვა