როგორ მოხვდა საქართველოში ბირთვული მასალა - ურანის გასაღებისთვის დაკავებულები პენსიონერები არიან - გზაპრესი

როგორ მოხვდა საქართველოში ბირთვული მასალა - ურანის გასაღებისთვის დაკავებულები პენსიონერები არიან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე არიან დაკავებულნი.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, მუხტარ ცქიტიშვილის ადვოკატი ამბობს, ყველა დაკავებული ხანდაზმული, პენსიონერია. როგორც დავით აბესაძემ აღნიშნა, მუხტარ ცქიტიშვილი, რომლის სახლიდანაც ურანის ამოღება მოხდა, ამ ეტაპზე ბრალს არ აღიარებს. "ამ ეტაპზე ოფიციალურად ბრალს არ აღიარებს, თუმცა შეიძლება საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს - ვნახოთ. ყველა დაკავებული არის ხანდაზმული, პენსიონერი და არ მგონია, სახელმწიფოს ინტერესი იყოს მათი ციხეში ჩასმა. საქმეს გრიფით "საიდუმლო" არ ადევს, მაგრამ არ აქვს ჩვენება მიცემული და ხელს არავის ადებს", - განაცხადა აბესაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების ვარაუდია, რომ აღნიშნული ნივთიერება სომხეთის მოქალაქეებმა ჩამოიტანეს, მაგრამ რა გზით მოხდა ეს, აღნიშნულის დადგენაზე მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება საქმის მასალებს, ადვოკატის თქმით, ის ჯერჯერობით მასალებს სრულად არ გაცნობია.

იხილეთ ოპერატიული ვიდეომასალა

"ამოღებულია რაღაც კონტეინერი, რომელიც არის რადიაქტიული ნივთიერების შემცველი და სასამართლოს განჩინებით არის ჩატარებული ფარული ვიდეო გადაღება და სხვა მოქმედებები, არის საქმეში გარკვეული მტკიცებულებები", - განაცხადა აბესაძემ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებული სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ადვოკატმა, სოსო ნატროშვილმა განუცხადა, არც ერთი პირი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულებს გამოძიებისთვის ჩვენებები არ მიუციათ. ნატროშვილის თქმით, ის სომხეთის მოქალაქეებს სახაზინო წესით იცავდა, თუმცა ახლა უკვე საქმეში კერძო ადვოკატები ერთვებიან.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. როგორც სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: სომხეთის რესპუბლიკის 3

მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

უწყების განმარტებით, აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U238 (ურანი 238)-ით.