შეურაცხადმა მამაკაცმა ძმის მკვლელობა აღიარა - გზაპრესი

შეურაცხადმა მამაკაცმა ძმის მკვლელობა აღიარა

არაერთი ადამიანია გისოსებს მიღმა გამოკეტილი საკუთარი ძმის, დის, მშობლისა თუ ნათესავის მკვლელობისთვის. მათ რიგს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში მცხოვრები, 48 წლის ნიკოლოზ ჩუთლაშვილი მიემატა. ის სამართალდამცავებს ბრალის აღიარებით ჩაჰბარდა. 43 წლის ნუგზარი, ნიკოლოზმა გიორგობის ღამეს ტრაქტორის კბილანის ჩარტყმით მოკლა, შემდეგ გვამი სახლიდან გაიტანა, წვიმიან ღამეს ეზოში დააგდო, თვითონ კი სახლში შებრუნდა, სისხლის კვალი მოასუფთავა და დაიძინა. ხმაური მეორე დილით მას შემდეგ ატყდა, რაც მეზობელმა ქალბატონმა ჩუთლაშვილების ეზოში მოკლული ნუგზარის ცხედარი იპოვა. ქალის კივილზე მეზობლები შეიკრიბნენ და შემზარავი სურათის მხილველები გახდნენ. სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახეს. ძალოვანების მოსვლის შემდეგ ნიკოლოზიც გამოვიდა სახლიდან და ძმის მკვლელობა აღიარა.

როგორც ირკვევა, იმ დღეს ძმები მთვრალები იყვნენ. ტრაგედიის დროს სახლში მათი 78 წლის მამაც იმყოფებოდა. ისიც ნასვამი იყო და ეძინა. ამბობს, რომ შვილების ჩხუბის ხმა არ გაუგონია.

ილია ჩუთლაშვილი, მამა თვალცრემლიანი, აკანკალებული ხმით საუბრობს ოჯახის ტრაგედიაზე:

- საშინელება ხდება ჩემს თავს. არ ვიცი, რა ვთქვა და რა გავაკეთო, განადგურებული ვარ. გიორგობა ერთად აღვნიშნეთ, მეზობლის ბიჭებიც მოვიდნენ და ყველამ ერთად ვჭამეთ პური, არაყი დავლიეთ, მაგრამ ჩემი შვილები ძალიან მთვრალები არ იყვნენ. სუფრასთან არანაირი წაკამათება ძმებს შორის არ მომხდარა. საღამოს 11 საათზე დავიშალეთ. მე და ჩემი შვილი ნიკო ამ სახლში ერთად ვცხოვრობდით. აქვე, გვერდით არის ჩემი უმცროსი შვილის, ნუგზარის სახლი. მეზობლებიც და ნუგზარიც სახლებში წავიდნენ. მე მეორე სართულზე მეძინა, ნიკოს კი ყოველთვის პირველ სართულზე ეძინა ხოლმე, იქ ცხოვრობდა, მის ოთახში არც კი შევდიოდი. ჩემს შვილს, ნიკოს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ის თავისთვის ლაპარაკობდა და იცინოდა ხოლმე, მაგრამ არავის ერჩოდა. ექიმთან არ წავიდა, წამალიც მოვუტანე, მაგრამ არც წამალი დალია. ძალიან ავად არ იყო, მაგრამ ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა. ყველაფერი წლების წინ დაიწყო. 22 წლის იყო მაშინ ნიკო. ცოლის შერთვა გადაწყვიტა, გოგონა უყვარდა და მოიტაცა, მაგრამ მისმა მშობლებმა დიდი ამბავი ატეხეს და გოგონა უკან წაიყვანეს. ეს ამბავი ისე განიცადა ჩემმა შვილმა, რომ მას მერე ფსიქიკა შეერყა, მაგრამ ხალხს არ ერჩოდა. ასეთი ადამიანისთვის დალევა არ შეიძლებოდა, ამიტომ ძმა უკრძალავდა. სხვა პრობლემა ძმებს შორის არ ყოფილა. ჩემი შვილი რომ მოუკლავს, მერე ნიკო შუაღამეს ამოსულა ჩემთან და უთქვამს, - მამა, ნუგზარი მოვკალიო, მაგრამ მეც ნასვამი ვიყავი, მეძინა და არ გამიგონია. დილით გავიგე, რაც მოხდა. პოლიციას ჩაჰბარდა და თქვა, მე მოვკალიო.

- რატომ მოკლა, ამაზე რას ამბობს?

- ნიკო სახლის კარს კეტავდა ღამით. დაუკეტავს იმ ღამითაც. გვიან მოსულა ნუგზარი და მას კარი არ გაუღია. ისიც არ მოეშვა თურმე და კარი შემოუნგრია. ამბობს, ამიტომ მოვკალიო. იმასაც ვნერვიულობ, რატომ შეუნგრია ნუგზარმა კარი? ეს უბედურება ხომ არ დატრიალდებოდა?

- ხომ არ ჩხუბობდნენ ერთმანეთში, ძმის ხომ არ ეშინოდა?

- არ ვიცი, რატომ არ გაუღო. ჩემს შვილთან არ მილაპარაკია, ისე წაიყვანა პოლიციამ. არ ჩხუბობდნენ, მაგრამ ადრე იყო შემთხვევები, როცა ნუგზარმა ერთი-ორჯერ შეაშინა ნიკო. სთხოვდა, არ დაელია. მეტი არაფერი ყოფილა და რატომ ჩაიდინა ეს, არ ვიცი. მერწმუნეთ, არ იყო ეს განზრახ მკვლელობა, ეტყობა, იძულებული გახდა, მოეკლა. რაღაც კბილანა სჭერია ხელში და ის ჩაურტყამს. არ ვიცოდი, ასეთ რამეს სახლში რომ ინახავდა, თორემ აუცილებლად მოვაშორებდი. თავი ჰქონდა ნუგზარს გახეთქილი. ეს საშინელება რომ მოხდა, ამის მერე მარტოს გარეთ გამოუთრევია ცხედარი და ეზოში დაუგდია. მთელი ღამე წვიმდა და ეზოში ეგდო ჩემი შვილი. ეს ბიჭები იყვნენ ჩემი პატრონი, ისინი მივლიდნენ. მეუღლე 1981 წელს გარდამეცვალა და მას მერე ჩემს ბიჭებთან ერთად ვცხოვრობ. ნუგზარს ეშინოდა, მამას არაფერი დამართოო, ამიტომ სულ სთხოვდა, არ დაელია. დიდი ტრაგედიაა, შვილო. მეც არ ვიცი, რა მოხდა. ახლა ერთი შვილი ცოცხალი არ მყავს, მეორე ციხეშია გამოკეტილი, მას რა ვუშველო?

- არ ითხოვთ მის დასჯას?

- რომ გამოკეტონ ციხეში, ამით რა შეიცვლება? მინდა, გამოუშვან, მე არ მავნებს, ნამდვილად ვიცი. ყველას ვთხოვ, ჩემი შვილი გამოუშვან. ნუგზარი მეუღლესთან დაშორებული იყო, სამი გოგო ჰყავს, ახლა მისი ორი გოგონა ჩემთან არის. ნიკოს კი ოჯახი არ შეუქმნია. ერთი თხოვნა მაქვს, იქნებ დავიხსნა ციხიდან ჩემი შვილი. მითხარით, ეშველება რამე? ნუგზარი არ მყავს, ახლა ციხეში მყოფზე ვდარდობ, 78 წლის კაცს ეს რა დამემართა, შვილების იმედად ვიყავი. რა ვქნა ახლა, უპატრონოდ დავრჩი. დარწმუნებული ვარ, ნიკო ძალიან განიცდის. არც ის ვიცი, ადვოკატი ჰყავს თუ არა.

სოფელ მაწიმში გამგებლის წარმომადგენელი, ვახტანგ ჭიპაშვილი თვლის, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა:

- ძმა ძმას დალევას უშლიდა ხანდახან. ყველამ იცოდა, რომ ნიკოლოზი შეურაცხადი იყო. პატარა იყო, დედა რომ დაეღუპა, მამამ გაზარდა. ისე, მუშა ბიჭი იყო, მაგრამ შეყვარებული რომ არ დაუტოვეს, ამის მერე ცუდად იყო. თავისთვის დადიოდა ქუჩაში და ლაპარაკობდა. რატომ შეეშინდა იმ ღამეს და ძმას რატომ არ გაუღო კარი, არ ვიცით, შეიძლება, ქურდიც ეგონა. ნუგზარმა კარი რომ შეუნგრია, ალბათ მანაც ვერ მოზომა და ჩაარტყა. ყველანი მთვრალები ყოფილან, ეტყობა, ნუგზარსაც მაშინ მოუნდა ძმისთვის ჭკუის დარიგება და ეს უბედურება მოხდა. ეზოში გამოუთრევია მერე მოკლული ძმა, თავისი ხელით მოუწმენდია სისხლი, მერე დაწოლილა და დაუძინია. ძმების სახლებს შუა ბიძაშვილის სახლია, ის დაკეტილია და ხმაურიც არავის გაუგონია.

- მკვლელობის იარაღი ამოღებულია?

- ადრე ნიკო ტრაქტორისტი იყო. ტრაქტორის კბილანისთვის დიდი ტარი გაუკეთებია და ის ჩაარტყა თავში, გულთანაც ჩაურტყამს. ეტყობა, ადგილზე მოკლა ნუგზარი. სახლის ეზოში რომ დააგდო, ის მკვდარი იქნებოდა. ძირს ეგდო მეორე დღემდე საცოდავი, წვიმაში. სასიმინდეში შეუნახავს მკვლელობის იარაღი და როცა პოლიცია მოვიდა, მათ გადასცა სისხლიანი კბილანა. პოლიციის მოსვლამდე ოთახში იყო ჩაკეტილი. იატაკი მოწმენდილი დახვდა პოლიციას, მაგრამ სისხლის ლაქები შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს. ბიჭებს ერთი და ჰყავთ, მათი სიძე პოლიციელია. ნიკოლოზის დასჯას არავინ ითხოვს, სულ ტირის მათი მოხუცი მამა. ყველა დეტალს გამოძიება დაადგენს, შესაძლოა, თავსაც იცავდა ძმა ძმისგან.

- ადრე ხომ არ სცემდა ნუგზარი ძმას?

- ნუგზარს ადრე უცემია ძმა, მათ შორის დაპირისპირებაც ყოფილა, მაგრამ ბოლო დროს არაფერი მსმენია. მაშინაც მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკოლოზი სვამდა, ძმა კი აშინებდა, ღვინო რომ არ დაელია.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. მას ძმის განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას ალბათ ექსპერტიზა შეისწავლის. თუ იგი შეურაცხადი აღმოჩნდება, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ და იძულებითი მკურნალობა ჩაუტარდება.

თეა ხურცილავა