გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ - გზაპრესი

გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ გზით უსწორდება ოპოზიციას, რადგან არჩევნებს აგებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია კი, არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. ასევე, ხელი დაარტყეს მედიის წარმომადგენლებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით კი, "ოცნება" ამ მეთოდით ცდილობს მთავარი ოპონენტის ჩამოცილებას, რადგან კორცხელში არჩევნებს "ნაციონალები" იგებენ: "მსგავსი განუკითხაობა არასდროს მინახავს. არ იყო პოლიცია. თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის დუბინკებით და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კორცხელში არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" იგებს" - დაწერა ნადირაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე.

იხილეთ ხელჩართული ჩხუბის კადრები