"მგელძაღლას" მიერ ჩადენილი სადისტური მკვლელობის დეტალები - გზაპრესი

"მგელძაღლას" მიერ ჩადენილი სადისტური მკვლელობის დეტალები

58 წლის ელზა გელაშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღე და ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. მოგვიანებით ქალის ცხედარი ქალაქ სიღნაღიდან მოშორებით, სოფელ ერისიმედის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირას იპოვეს. ქალს საფეთქელთან ბლაგვი საგნით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. სამართალდამცავებმა მალე გახსნეს დანაშაული და ელზა გელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. იგი სოფელ ბოდბისხევში მცხოვრები, 50 წლის მამუკა ნადირაშვილია, მეტსახელად - მგელძაღლა, რომელიც ციხიდან ერთი თვის გამოსულია. ნადირაშვილთან ერთად დაკავებულია მისი თანასოფლელი, გელა ყაჯრიშვილი.

გელაშვილებისთვის უცნობია, რა ბრალდება აქვს ყაჯრიშვილს წაყენებული, მაგრამ ჭირისუფალი ორივე დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და თვლის, რომ დანაშაული ჯგუფურად არის ჩადენილი. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი მკვლელმა ჯერ გააუპატიურა და მერე მოკლა, თუმცა ქალი გაუპატიურებული იყო თუ არა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მკვლელობაში ბრალდებული ნადირაშვილი არაერთხელ იყო ნასამართლევი. როგორც სიღნაღში ამბობენ, ბოლოს სწორედ ქალის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს.

მოკლული ელზა გელაშვილი წნორის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი იყო. დაახლოებით 13:00 საათზე წნორის ცენტრიდან დაიკარგა. ახლობლები თავიდან ქალის გაუჩინარების მიზეზად ყაჩაღობას განიხილავდნენ. იმასაც ამბობდნენ, ელზას ბანკიდან თანხის გამოტანა სურდა, რათა წყლის გამათბობელი ეყიდაო, მაგრამ ეს ვერსია მალე გამოირიცხა: გაირკვა, რომ გაუჩინარებულ ქალს ბანკში თანხა აღებული არ ჰქონდა.

ქალის ძებნა ახლობლებმა სიღნაღსა და წნორს შორის ტყეში დაიწყეს. სწორედ ამ ტერიტორიაზე იმავე ღამით, ქალის ფეხსაცმელი იპოვეს. ამან უფრო გააჩინა ეჭვები და საქმეში სამართალდამცავებიც ჩაებნენ.

ელისაბედ გელაშვილი, ელზა გელაშვილის მული:

- იმ დღეს ელზა სამსახურში იყო წასული. 3 საათზე ვურეკავდი, რაღაც მინდოდა მეკითხა, ტელეფონს არ პასუხობდა. ეს უჩვეულოდ მომეჩვენა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, იმ დროს ელზა ცოცხალი რომ არ იქნებოდა და ნაძირალას მიჰქონდა მისი ცხედარი სადღაც გადასაგდებად. ელზას არასოდეს დაუგვიანია, სულ სახლში მოიჩქაროდა. რომ არ გამოჩნდა, მის მთავარ ბუღალტერს დავურეკე. მითხრა, - დღეს პირველ საათზე წავიდა სამსახურიდანო. ტელეფონიც გათიშული იყო, ამიტომ ძალიან შევშფოთდი. ვიფიქრე, რაღაც უბედური შემთხვევაა-მეთქი. წნორიდან სიღნაღამდე შვიდ კილომეტრს ხშირად ფეხით გადიოდა, მანქანა ხომ არ დაეჯახა-მეთქი?!. ჩემს ძმასთან მივედი და ერთად წავედით ელზას საძებნელად. ამ დროს ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა, - მეც გავიკითხე და ერთ ჩვენს ნაცნობ ტაქსის მძღოლს 13 საათსა და 20 წუთზე ელზა წნორის გაჩერებაზე უნახავსო. ის ტაქსის მძღოლი წნორში მიდიოდა, სანამ მგზავრები ჩამოსვა და უკან მობრუნდა, იქ ელზა აღარ დახვდა. სერიოზულად შევშინდით, წნორის პოლიციას მივაკითხეთ. მთელი სამი საათი გვკითხავდნენ და დაგვპირდნენ, ძებნას დავიწყებთო. სიღნაღში ჩემი ძმისა და ძმისშვილების მეგობრები სამ ჯგუფად დაიყვნენ და იმ ტერიტორიების დათვალიერება დაიწყეს, სადაც ჩემს რძალს უნდა გაევლო. ღამის 3 საათზე ერთ ჩასახვევში ცალი ფეხსაცმელი იპოვეს და მაშინვე პოლიციას აცნობეს. სანამ პოლიცია ჩაერეოდა, ჩვენი ახლობელი ადვოკატის, თენგიზ ბეჟაშვილის დახმარებით, ავტოგასამართი სადგურის ვიდეოთვალი გავხსენით, იქიდან გაჩერება კარგად ჩანდა. ვნახეთ, იმ 15 წუთის განმავლობაში, სანამ სიღნაღელმა ტაქსის მძღოლმა ჩაიარა და ამოიარა, სულ 4 მანქანა იყო გავლილი, ორი მსუბუქი და ორი - `სამარშრუტო~. ვითხოვდით ამ მანქანების მძღოლების დადგენას. მეორე დღეს გამგებლის მოადგილე ქალბატონმა გაიხსენა, - სწორედ იმ დროს ჩავიარე მანქანით, სამსახურიდან სახლში მივდიოდი, გზაზე `მარშრუტკა~ იყო გაჩერებული, იქ ქალი იჯდა და ჩხუბის და ტირილის ხმა გამოდიოდა, მაგრამ მეგონა, ოჯახური კონფლიქტი იყო და არ ჩავრეულვარ, ისე გავიარეო. ამ ადამიანს ვაჩვენეთ ჩემი რძლის სურათი და ამოიცნო, სწორედ ის იჯდა იმ მანქანაში. მისმა ჩვენებამ დააყენა გამოძიება სწორ გზაზე. პოლიციამ მანქანის ძებნა დაიწყო. ნაძირალა მკვლელი მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც მიცვალებული მოიშორა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიაზე გადაადგო, თურმე მანქანით გადაადგილდებოდა და ავარია მოუხდა, მანქანა ხრამში ჩაუვარდა. შვილისთვის დაურეკავს, - იქნებ რომელიმე შენი ამხანაგი გამომიგზავნო, რომ მანქანის ამოყვანაში დამეხმაროსო. მივიდნენ მასთან დასახმარებლად და ამ დროს თურმე პოლიციაც დაადგა თავზე. მკვლელი მთვრალი ყოფილა და, ჯარიმა რომ აეცილებინა თავიდან, უთქვამს, - საჭესთან მე არ ვიჯექი, ეს ბიჭი იჯდაო, - და მისი შვილის მეგობარს გამოუწერეს თურმე ძალოვანებმა ჯარიმა. მკვლელმა იქიდან თავის დაძვრენა შეძლო, მაგრამ მერე, როცა სამართალდამცავებმა კარგად გაშიფრეს ვიდეოთვალი, გამოჩნდა, რომ სწორედ იმ მანქანაში ჩაჯდა ჩემი რძალი. მეორე დღეს მკვლელი ბოდბისხევში, საკუთარი სახლიდან აიყვანეს. ჩემი რძლის მკვლელი ნაძირალა მამუკა ნადირაშვილია. დადგენილია, რომ მასთან ერთად მანქანაში იჯდა მისი თანასოფლელი, გელა ყაჯრიშვილი. ორივე აყვანილია. კარგი იქნებოდა, ეს ამბავი, სანამ პოლიცია დააკავებდა, მანამდე გვცოდნოდა. მათი ვინაობა რომ დაგვედგინა, ლინჩის წესით გავასამართლებდით. რაში სჭირდება ასეთ ადამიანებს სასამართლო? ისინი წამებით უნდა მოკლა.

- თქვენი რძალი როგორ აღმოჩნდა მათ მანქანაში?

- ელზა უცხოს მანქანაში არასოდეს უჯდებოდა. თუმცა, იმ გაჩერებაზე როცა სიღნაღისკენ მომავალი ადამიანი დგება, ხშირად უჩერებენ და მოჰყავთ. ჩემი რძალი სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ მაღაზიაში შესულა, იქ ბრინჯი და მარილი უყიდია და გაჩერებაზე დამდგარა. ალბათ ელოდებოდა ტრანსპორტს. როგორც ვიდეოში ჩანს, მას ამ `სამარშრუტო~ მანქანამ გაუჩერა, მანქანაში ორნი იყვნენ. საჭესთან მკვლელი იჯდა. გელა ყაჯრიშვილი გადმოსულა მანქანიდან და შეუთავაზებია ჩემი რძლისთვის, - სიღნაღში მივდივართ და წაგიყვანთ, მე უკან გადმოვჯდები და თქვენ წინ დაბრძანდითო. ასე თავაზიანად რომ მოექცნენ, ალბათ მოერიდა და ჩაუჯდა მანქანაში. თან, სადაც ეს ხდებოდა, ძალიან ხალხმრავალი ადგილია და რას წარმოიდგენდა, ასეთი რამე რომ მოხდებოდა? უპატიოსნესი ქალი იყო ელზა, ამას მთელი სიღნაღი დაგიდასტურებთ. ქუჩაში ქალს ასე თავს რომ ესხმიან დღისით-მზისით, ეს საშინელებაა, მომხდარი მთელი საქართველოს ტრაგედიაა. როგორც ჩანს, გზაზე გადაუხვია მანქანამ და იმ მხეცმა ჩემი რძლის გაუპატიურება სცადა. მკვლელს უთქვამს, - წინააღმდეგობას რომ მიწევდა, იმიტომაც ჩავარტყი თავში ქვა და ისე მოვკალიო. მკვლელობაში მხილებული ნადირაშვილი ბევრჯერ ნასამართლევია, ციხიდან ერთი თვის გამოსული ყოფილა, ანალოგიური დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, ეგ გარეწარი. მოკლა საწყალი ქალი და მერე ქუჩაში დააგდო. საფეთქელთან ჰქონდა ელზას სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული. მერე ცხედარიც გაძარცვეს. ჩანთაში ჰქონდა ორი ბეჭედი: ერთ-ერთი - ბრილიანტისთვლიანი. დღემდე არ არის ნაპოვნი მისი ჩანთა. დამნაშავეებს უთქვამთ, ჩანთა არ ჰქონდაო, მაგრამ ვიდეოზეც ჩანს, რომ ჩანთა ეჭირა ხელში. ახლა ათას ჭორს ავრცელებენ, მაგრამ ჩვენთვის სიმართლის დადგენაა მთავარი. ვითხოვთ, მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. აშკარაა განზრახ მკვლელობა, ადამიანის დაყაჩაღება და გაუპატიურება. გაუპატიურებული არის თუ არა საწყალი ქალი, ჯერ ვერ გეტყვით, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მეორე დამნაშავე, გელა ყაჯრიშვილი თურმე ცდილობს, თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას და უთქვამს, მე არაფერი გამიგიაო. მის მიმართაც აღძრულია საქმე, ექსპერტიზები დანიშნულია. ყაჯრიშვილი ამბობს, - მანქანაში ვიჯექი, მაგრამ მე დამეძინაო. არადა, 5 წუთით ადრე გაჩერებაზე გადმოვიდა თვითონ, წინ დასვა ელზა, თვითონ უკან ჩაჯდა. მანქანამ 5 წუთში სხვაგან გადაუხვია. ასე როგორ დაიძინებდა, რომ ქალის კივილსა და წინააღმდეგობის გაწევას ვერ გაიგებდა? ეს ხომ აბსურდია და ზღაპარი. გამოძიების იმედი გვაქვს და თუ სწორად არ წავიდა გამოძიება, მაშინ სხვა გზას მივმართავთ, ჩვენი ძალებით შევეცდებით, პასუხი ვაგებინოთ დამნაშავეებს. ახლა უამრავი ჭორი ვრცელდება, იმასაც ამბობენ, თითქოს ჩემი რძალი იცნობდა მკვლელს, ვითომ იმ არაკაცმა ნადირაშვილმა ცოლს სცემა, იმ ცოლმა იჩივლა ჯანდაცვის ცენტრში და ჩემმა რძალმა ქალის მხარე დაიჭირა და ამიტომ შურისძიების მოტივით მოკლაო, მაგრამ ეს აბსურდია. რომელი ჭკუათამყოფელი ჩაუჯდება ასეთ კაცს მანქანაში? ეს აბსურდია. არ ვაპირებთ, ჭორებს ავყვეთ. ეს არის საშინელი ტრაგედია. ეს კაცი ისე მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ არავინ გაბედოს ქუჩაში ქალზე თავდასხმა და მასზე ძალადობა. უცოდველი, შრომით დაღლილი ქალი მოკლა. გაანადგურა ჩვენი ოჯახი. ელზა 7 კილომეტრს ფეხით გადიოდა. 120 ლარის გულისთვის დადიოდა საწყალი ქალი, - ძალიან კარგი კოლექტივი მყავს და იქაურობას ვერ ველევიო, ამბობდა. თანამშრომლები ტიროდნენ, - 40 წელია, ჩვენ გვერდით არის და მისი ზედმეტი სიტყვა არ გვსმენია არასოდესო. ორი შვილის დედა იყო. ელზა ფიზიკურად მოკლა იმ გარეწარმა და ჩვენ კი სულიერად გავნადგურდით. ექსპერტიზას დაესწრო ჩემი ბიძაშვილი და საშინელ დღეშია, - თქვენ არ იცით, რა საშინელება ვნახე, ქალს მთელი ბეჭები, მთელი სხეული დაჟეჟილი აქვსო. ეტყობა, წინააღმდეგობას უწევდა მოძალადეს.

ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილი გელაშვილების ოჯახის ახლობელია და თავიდანვე ჩაება საძიებო სამუშაოებში:

- გვიან, საღამოს 8 საათზე დაიწყო ქალის ძებნა, მას მერე, რაც სახლში არ გამოჩნდა. ქმარი საშინელ დღეში იყო. პოლიციაში მივედით და გვითხრეს, სამი დღე სანამ არ გავა, ოფიციალურად ძებნას ვერ დავიწყებთო. საქმე მაშინვე რომ არ აღიძვრება, ეს მახინჯი ფორმაა კანონში. ამიტომ ჩვენი ძალებით ვცდილობდით მოგვეძებნა. გავახსნევინე ვიდეოთვალი. დაფიქსირდა `ოპელი~, `ჟიგული~ და ორი `სამარშრუტო ავტობუსი~. ვითხოვდი მანქანის მძღოლების დადგენას. მთელი ღამე ვეძებეთ, მერე იპოვეს ნაწამები ქალი. მკვლელი დაკავებულია. მეორე დამნაშავე ამბობს, რომ ეძინა, ეს აბსურდია და მის დასჯასაც ვითხოვთ. ელზა, ისევე, როგორც ბევრი სხვა, წნორში სიღნაღიდან დადიოდა სამუშაოდ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის, მაგრამ ხშირად ხდება, რომ სამსახურიდან გამოსულ უმანქანო ხალხს, რომელიც გაჩერებაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდება, მანქანას უჩერებენ და სიღნაღში გაიყოლებენ ხოლმე. თითქმის ყველა იცნობს ერთმანეთს და ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა? იმ გადასახვევთან ბევრჯერ გამიჩერებია მანქანა უცხო ადამიანისთვისაც და წამომიყვანია. ეს არის მოკლე გზა სიღნაღამდე. ელზა უპატიოსნესი ადამიანი იყო. გამარჯობას რომ ამბობდა, თავს მაღლა არ სწევდა. მთელი წნორი იცნობდა და პატივს სცემდა. მშრომელი ქალი იყო, სანიმუშო დედა და მეუღლე. მისი მკვლელი დაკავებულია, მამუკა ნადირაშვილი, მეტსახელად - მგელძაღლა. აუტანელი ადამიანი რომ იყო, ამიტომ ჰქონდა ეს სახელიც. ცოლი საზღვარგარეთ ჰყავს; ჰყავს სხვა ქალიც, რომელიც ჩიოდა ხოლმე, რომ მამუკა სცემდა. ციხიდან ახალი გამოსული იყო და კიდევ ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინა. დასახლებულ პუნქტში, დღისით, მზისით, გაჩერებიდან აიყვანონ ქალი, მოიტაცონ, მერე მოკლან და გადააგდონ - ასეთი რამე არ მახსოვს, ამდენი წელია, ადვოკატად ვმუშაობ.

მარინე, მოკლულის ახლობელი:

- იქ, სადაც ელზას ცალი ფეხსაცმელი აღმოვაჩინეთ, თურმე მიკროავტობუსმა მოძრაობის წესების დარღვევით გადაუხვია და კინაღამ დაეჯახა იქვე მიმავალ მსუბუქ ავტომანქანას, რომელსაც ქალი მართავდა. ამ ქალმა შენიშნა, რომ შავგვრემან, გამხდარ ქალს ეჭიდავებოდა ვიღაც, მძღოლის ადგილიდან, ქალბატონი კი მიკროავტობუსიდან გადმოხტომას ცდილობდა და წინააღმდეგობას უწევდა, თან კიოდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა ქალმა გზა განაგრძო. ამბობს, რომ ოჯახური კონფლიქტი ეგონა. რას წარმოიდგენდა ასეთ რამეს?! საწყალი ელზა ეტყობა, მოძალადეს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მხეცებს ალბათ ვერ გაუმკლავდა. ამაზე სადისტური დანაშაული გაგიგონიათ? ორივე დაკავებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!

სამართალდამცავებმა საქმე 108-ე

- განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრეს. გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა