კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ - გზაპრესი

კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე ბრალდებული 6 პირიდან დაკავებული არც ერთი არ არის.

როგორც "ინტერპრსნიუსს" ბრალდებულების - კობა ტყეშელაშვილისა და ვლადიმერ გეგეშიძის ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ " განუცხადა, დაცვის მხარე ელოდება როდის შევა სასამართლოში შუამდგომლობა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ამასთან, როგორც ადვოკატმა განაცხადა, ექვსივე ბრალდებული ის პირები არიან, რომლებიც შსს-ში 24 მაისს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

"ამ დროსითვის ბრალდებულები არ არიან დაკავებულები. ბრალის წაყენების შემდგომი ღონისძიება არის შუამდგომლობა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებაზე. ველოდებით როდის და სად დაგვიძახებენ. მე ვიცავ ორ პირს - კობა ტყეშელაშვილსა და ვლადიმერ გეგეშიძეს. როგორც ვიცი, დანარჩენ ოთხ პირს ამ დრომდე ადვოკატი არ ჰყავთ", - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ და აღნიშნა, რომ ბრალდებულები ცემის ფაქტს აღიარებენ, თუმცა წარდგენილ ბრალს უარყოფენ.

2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.