ძალადობა თუ სასიყვარულო მესიჯებს შეწირული სიცოცხლე? - გზაპრესი

ძალადობა თუ სასიყვარულო მესიჯებს შეწირული სიცოცხლე?

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ შავაძეს 11 წელი მიუსაჯა. შემზარავი დანაშაული ხულოს რაიონის სოფელ შუასოფელში, გასული წლის 21 აგვისტოს მოხდა. გამოძიების მტკიცებით, ოთარ შავაძემ იმ დღეს ბავშვობის მეგობარი რომან შავაძე სახლში მიიტყუა და შურისძიების მოტივით ე.წ. სადგისით მოკლა, შემდეგ თავისა და ქვემო კიდურების არეში მას რამდენიმე დაზიანება მიაყენა, ღამით კი მოკლულის ცხედარი მდინარის ნაპირას დამარხა. დაკარგულ მამაკაცს ოჯახი ორი დღე ეძებდა, მესამე დღეს კი ცხედარი იპოვეს. ძალოვანებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და ბრალი ოთარ შავაძეს წაუყენეს. დაკავებისას ბრალდებული დეტალურად აღიარებდა დანაშაულს და მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებდა, მაგრამ სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ მისი ჩვენებები ცემა-წამებით იყო მიღებული.

ირაკლი ბარძიმაძე, ბრალდებულის ადვოკატი:

- იმ დღეს რომანი ოთარის სახლში მივიდა, სარეცხი მანქანა ჰქონდა გადასატანი და დაეხმარა. გადადგეს, ამ დროს მაღაზიის გამყიდველმა ოთარს დაურეკა, - შენი მშობლების პენსია წაიღეო. ოთარმა რომანს შესთავაზა, ლუდი დაელია, მაგრამ უარი მიიღო, - ნასვამი ვარო. მისი სახლიდან ერთად გამოვიდნენ, რომანი თავის სახლში წავიდა, ოთარმა კი გზა განაგრძო. ლუდი არ დაულევია, რადგან ბირჟაზე ბიჭები ვერ ნახა და სახლში მალევე დაბრუნდა. ამ დროს გაიგონა, მისი ცოლი როგორ უყვიროდა რომანს, - აქედან გაეთრიეო. იგი ოთარის მეუღლეზე ძალადობდა. ქმარი ყვირილით შევიდა ოთახში. იმის ნაცვლად, რომანი გაქცეულიყო, ოთარს სკამი ესროლა. არადა, პირველ სართულზე, ფანჯარასთან იდგა და გაქცევა შეეძლო. პირიქით, ოთარის მოსაკლავად დანით გაიწია. ბრალდებული ამბობს, სწორედ ამის შემდეგ ავიღე დანა, დავეტაკეთ ერთმანეთს და არ მახსოვს, რამდენჯერ დავარტყი, გონზე რომ მოვედი, მკვდარი ძირს ეგდოო.

- გამოძიების ვერსიით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

- ეჭვიანობა არაფერ შუაშია. კაცი შეესწრო, თავისი ცოლი როგორ იცავდა თავს მოძალადისგან. ეს დადგენილია, მაგრამ ვინაიდან გარდაცვლილს ბევრი დაზიანება ჰქონდა, მოსამართლემ მიიჩნია, რომ განზრახ მკვლელობა იყო. ერთი ან ორი დაზიანება რომ მიგეყენებინა, ვიფიქრებდი, იგერიებდი ან მოგერიების გადამეტებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ იმდენად ბევრი დაზიანება აქვს, მისი მოკვლა განზრახული გქონდაო. ვაცხადებ, ოთარ შავაძეს მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონდა. პროკურორი თავიდანვე ცდილობდა, ბრალდება შეეთითხნა, თითქოს სახლში მოტყუებით შეიყვანა, თავს ჩუმად დაესხა და ისე მოკლა, მაგრამ სასამართლოზე გარდაცვლილის მხარის ჩვენებებითაც ეს გარემოება არ დადასტურდა. მოკლულის შვილი ამბობს, დილით სახლში ტელევიზორი ჩართული დამხვდაო. ეს ადასტურებს, რომ რომანი სახლში დაბრუნდა და მერე ისევ წავიდა ოთარის სახლში, რომ მის ცოლზე ეძალადა. სადგისით მოკლა თუ დანით, ესეც არავინ იცის. ამოღებულია დანაც და სადგისიც, მაგრამ ოთარს არ ახსოვს, ხელში რა ეჭირა. ფაქტის თვითმხილველია ოთარის მეუღლე. ის სიმართლეს იტყოდა, მაგრამ პროკურატურამ დასაკითხთა სიიდან ამოიღო და სასამართლოზე არც დაუკითხავთ.

- გავრცელებული ინფორმაციით, ოთარი აღიარებდა დანაშაულს.

- ბრალდებულმა სიმართლე თქვა, მაგრამ პოლიციამ ცემა-წამებით, ძალადობით სასურველი ჩვენება მიიღო. პროცესზე ამ წამებაზე ისაუბრა. ოთარ შავაძესაც ჰქონდა დაზიანებები, ესეც ადასტურებს, რომ მათ იჩხუბეს. თუ პირველად ოთარმა ჩაარტყა დანა გულში რომანს, ფაქტია, ის ვერ გაუძალიანდებოდა. აშკარაა, ჯერ რომანი დაესხა თავს, მიაყენა დაზიანება, ეს კი მოგერიებაა. ოთარი ამბობს, ჭკუიდან შევიშალე, მერე რას ვაკეთებდი, არ მახსოვსო. მათ ბავშვობა ერთად აქვთ გატარებული, ძმადნაფიცები იყვნენ, მაგრამ რომანმა უღალატა მეგობარს - როცა პირველად წავიდა ოთარი თურქეთში სამუშაოდ, მაშინ იძალავა ოთარის მეუღლეზე. მერე კი აშანტაჟებდა.

- ოთარი ეჭვიანობდა მეზობელზე?

- ამბობს, თურქეთიდან რომ ჩამოვედი, ჩემი მეუღლის ტელეფონზე რომანმა დარეკა, მერე ჩავრთე ტელეფონი მოსმენაზე და გავიგონე, როგორ ემუქრებოდა ჩემს ცოლს, - ზედმეტი ხომ არაფერი გითქვამს, ხომ იცი, მერე რასაც გიზამო. როცა ეს სიტყვები მოვისმინე, ჩავერთე საუბარში, - ბიჭო, რაშია საქმე, რა სიტყვებს ამბობ-მეთქი? მიპასუხა, - უი, ბიჭო, შენს ნომერზე დავრეკე? შემეშალა, სხვასთან ვრეკავდიო. ოთარი ამბობს, მან ეს ნომერი კარგად იცოდა და არ შეეშლებოდა სხვის ნომერში. ოთარს ეჭვი ჰქონდა, ამის გარკვევას აპირებდა: ფიქრობდა, მოგვარეები დასხდებოდნენ, ილაპარაკებდნენ და გადაწყდებოდა, ვის გაასახლებდნენ სოფლიდან და ვინ დარჩებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

- ძალადობას თუ ჰქონდა ადგილი, ოთარს მეუღლემ რა უთხრა?

- მეუღლემ იმ წუთში ყველაფერი არ თქვა, მაგრამ დანაშაულის შემდეგ მოუყვა. უკვე მომხდარი იყო მკვლელობა... რაც შეეხება ცხედრის გადატანას, ამან არ შეიძლება დაამძიმოს მისი მდგომარეობა. ის არ არის იურისტი, იგი ცდილობდა ჩადენილი ქმედების დამალვას. რა თქმა უნდა, ჯობდა, მაშინვე პოლიციაში დაერეკა, სიმართლე ეთქვა და არ ჩაედინა ის სისულელე, მისი გაგებით, მან გვამი მიწას მიაბარა. ასევე, ამ ნაბიჯით ცდილობდა, ზედმეტი გართულება აერიდებინა თავიდან და ცხედარი მოეშორებინა. აქ ეს ორი ასპექტია.

- ცხედარი მარტომ წაიღო და დამარხა თუ თანამონაწილეც ჰყავს?

- კიდევ გიმეორებთ, ეს არ არის დანაშაული, ასე მოიქცეოდა ალბათ ყველა არაიურისტი. ცხედარი როგორ წაიღო, ამაზე ვერაფერს გეტყვით, ის არ საუბრობს. ბრალდებული ამბობს, ცხედარი იქვე ახლოს ხევში დამარხა, სახლიდან 200 მეტრში. ტყეში ეძებდნენ დაკარგულს, ერთ ადგილას მიაგნეს სისხლის კვალს. ეტყობა გზაში დაისვენა, იმ კვალს გაჰყვნენ, აგვისტო იყო, ბალახიც გათელილი იყო და ადვილად მიაგნეს შემთხვევის ადგილს. ოთარ შავაძე არ მიმალულა, ჩვეულებრივად, სოფელში ცხოვრობდა, ეჭვი მასზე მიიტანეს, რადგან იმ დღეს მასთან იყო. 11 წელი არ უნდა მიესაჯათ მისთვის. როცა პიროვნება შენს სახლში ძალადობს, როცა იცი, ფიზიკურად კონტაქტშია შენი ოჯახის წევრთან, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რამდენ ჭრილობას მიაყენებ მას. იმდენად უსუსური და არაფრის მაქნისია იქაური პოლიცია, ვერ დაიცვა ოთარ შავაძის ოჯახი. იქიდან მისი ოჯახი გამოასახლებინეს მოკლულის ახლობლებმა. შვილმა თუ დანაშაული ჩაიდინა, მშობლებმა რა დააშავეს? არასწორია ეს განაჩენი. კაცს ოჯახი შეურცხვინეს, დამნაშავე მის მოსაკლავად მიდიოდა, თავს იცავდა და 11 წელი მიუსაჯეს. კარგი იქნებოდა, მკვლელობა არ მომხდარიყო. მაშინ რომან შავაძეს აქეთ ექნებოდა საბოდიშო ამ ოჯახთან.

ბადრი პაქსაძე, მოკლულის სიძე:

- ადვოკატი ცდილობს, გაამართლოს ბრალდებული, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ძალიან ცუდია, საქმე მკვლელობამდე რომ მივიდა. ნორმალური საუბრით უნდა გაერკვიათ ურთიერთობა. ასე რომ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, მკვლელი თავის ცოლს მოკლავდა ან გაეყრებოდა, მაგრამ ოთარი დაეყრდნო მეუღლის ნათქვამს და არ მოისმინა მეორე მხარის აზრი. ამას მოჰყვა მკვლელობა. მკვლელმა თავიდან თქვა, რატომ და როგორ მოკლა, მაგრამ მას მერე, რაც ადვოკატმა დაარიგა, სხვანაირად ლაპარაკობს. ეს მკვლელობა მესიჯების გამო მოხდა. ბრალდებულის ადვოკატი რომ ამბობს, საქმე ისე რომ ყოფილიყო, მერწმუნეთ, განზრახ მკვლელობისთვის არ გაასამართლებდნენ ოთარ შავაძეს. არანაირ ფაქტზე წასწრება იქ არ ყოფილა, ეჭვიანობდა ოთარი, სახლში მიიტყუა რომანი და მოკლა. იმისათვის, რომ მკვლელი დაიცვა, ადვოკატმა არ უნდა იკადრო მკვდრის დადანაშაულება. ოთარის ცოლის მოწერილი მესიჯები რომ წავიკითხე, გავოცდი, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამეები მიეწერა გათხოვილ ქალს უცხო მამაკაცისთვის, ვერ წარმომიდგენია. ვადასტურებ, რომანიც პასუხობდა ამ ქალის მესიჯებს, მაგრამ ქალის მოწერილმა მაინც გამაოცა. არა მგონია, საყვარლები ყოფილიყვნენ, რომანი არ იყო ის ადამიანი, მეზობლის ცოლთან ურთიერთობა დაეჭირა, მაგრამ ფაქტია, ქალმა კაცი მდგომარეობიდან გამოიყვანა და ისიც პასუხობდა ამ მესიჯებს. `არ გაბედო, შენს ქმარს არUუთხრა, ასე ემუქრებოდა რომანი~, - ამბობს ადვოკატი, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი მისი შეთხზულია და არ არის სიმართლე. პოლიციამ ამ ქალის მიერ მიწერილი 68 მესიჯი ამოიღო. იგი ღამის 2-3 საათზე სწერდა რომანს, - ახლა ჩემთან რომ იყო, რა კარგი იქნებოდაო, ახლა აბაზანიდან გამოვედი და მინდა, ჩემთან იყოო და კიდევ სხვა რამეებს, რომელსაც ვერ გავასაჯაროებ. უდავოდ, ქალი უგზავნიდა ამ შინაარსის მესიჯებს. რომ წაიკითხოთ, დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში. ამ დროს რომანი საერთოდ არ იყო სოფელში. მთელი წელი ბათუმში მუშაობდა, იქ ცხოვრობდა და სოფელში წელიწადში 2-3-ჯერ, დღესასწაულებზე თუ ჩამოდიოდა. ეს ყველაფერი კარგად იცის ადვოკატმა. ვაცხადებ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა მკვლელობა. ოთარმა მოუსმინა ცოლს, არ დაელაპარაკა რომანს და იგი წამებით მოკლა. არადა, რომანის მეუღლემაც კი იცოდა, რომ მეზობლის ქალი ღამის 2-3 საათზე მის ქმარს მესიჯებს სწერდა. რომანს მეუღლესთან არ დაუმალავს, უთხრა, - ეს ქალი მგონი გაგიჟდა, რა შინაარსის მესიჯებს მწერსო. ძალიან რომ მოუხშირა ქალმა მესიჯების წერას, რომანის ცოლმა გააფრთხილა კიდეც, - თუ თავს არ დაანებებ, იცოდე, ყველაფერს შენს დედამთილს ვეტყვიო. ამის მერე ქალმა სხვანაირად დაიწყო მოქმედება. ეს მიმოწერა კი თითქმის ორი წელი გრძელდებოდა.

- ქმარმა როგორ გაიგო ამ ურთიერთობის შესახებ?

- ოთარი თურქეთში მიდიოდა. თურმე ცოლს სთხოვა, შენი ტელეფონის ჩიპი მათხოვე, წავიღებ სიმღერებს და თურქეთში მოვუსმენო. ცოლს ალბათ ეგონა, მესიჯები წაშლილი ჰქონდა, მაგრამ რომანის მიწერილი საპასუხო რამდენიმე მესიჯი ქმარმა ამ ჩიპში აღმოაჩინა. ამის მერე დაიწყო ეჭვიანობა. ცოლმა ტყუილი შეთხზა, ქმარმა დაუჯერა და ტრაგედიაც დატრიალდა. ისე იყო ცხედარი დასახიჩრებული, ოჯახის წევრებს არც კი უნახავთ. ამის შემდეგ ცხედარი ერთხელ ჯერ ერთ ადგილას დამარხა, მეორეჯერ კი ხრამში გადააგდო და ისეთ ადგილას გადამარხა მდინარის ნაპირას, რომ მდინარე თუ ადიდდებოდა, ცხედარს წყალი წაიღებდა. მკვლელობის ადგილიდან მკვლელმა 500 მეტრი ათრია. ამას მარტო ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა. მისმა ცოლმა მაშინ აღიარა, გვამის ჩატანაში ვეხმარებოდიო, მაგრამ ცოლი არ დაუკავებიათ, ოჯახის წევრის ჩადენილი დანაშაულის დაფარვა შეეძლოო, ამბობდნენ. რომანის ძებნა მესამე დღეს დავიწყეთ, ყველა მეზობელს ვკითხე, ოთარსაც ორჯერ დავურეკე, რადგან ვიცოდი, მან გაიყვანა სახლიდან. მისმა საუბარმა დამაეჭვა, ორივეჯერ სხვადასხვა პასუხი გამცა. ჯერ მითხრა, ჩემს სახლში იყო, აივანზე დავტოვე, მე წავედი მაღაზიაშიო, მერე სხვა რამე მიამბო. ყველგან ვეძებდი, მათი სახლის უკან ტყეა, იქაურობა ფეხით მოვიარე და მამაკაცის საცვალი ვიპოვე. გაირკვა, რომ საცვალი რომანის იყო. პოლიცია ჩაერთო საქმეში. გავაგრძელეთ ძებნა, კვალმა ხრამთან მიმიყვანა და მდინარის ზედა მიმართულებით წამიყვანა. ვნახე, ქვები იყო ცხედარზე ზემოდან დალაგებული, ამოვთხარე, მერე სილა იყო მიყრილი, ამ სილის ამოთხრაც დავიწყე და ადამიანის ფეხი დავინახე. დავიყვირე, პოლიციამ გამაჩერა, - ხელი არ ახლოო. კრიმინალისტები მოვიდნენ, ამოთხარეს და ვიპოვეთ ნაწამები ცხედარი... ოთარის სახლში ძალოვანებმა სისხლის კვალი იპოვეს. მორეცხილი იყო იქაურობა, მაგრამ ლინოლეუმზე ლაქები აღმოჩნდა. მაშინვე დააკავეს, მან ყველაფერი აღიარა, მაგრამ ადვოკატის დარიგებით მერე შეცვალა ჩვენება. ღრუბლიანი ამინდი იყო იმ დღეს, ალბათ ელოდებოდა ძლიერ წვიმას, რომ ცხედარი წაეღო. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, სახეზეა განზრახ მკვლელობაო. გასაგებია, ადვოკატი იცავს, მაგრამ სიმართლე არ იმალება.

- ადვოკატი იმასაც აპროტესტებს, რომ ოთარ შავაძის ოჯახი გახიზნულია სოფლიდან.

- წარმოუდგენელია ამ ოჯახმა იქ იცხოვროს. ფაქტობრივად, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. რომანის დედამ უნდა უყუროს, მისი შვილის მკვლელის მშობლები და ცოლ-შვილი როგორ იცხოვრებენ იქ? მათი შვილი ციხიდან გამოვა, მაგრამ რომანი არ გაცოცხლდება. მათი რძალი არასწორ გზაზე დადიოდა, მის მესიჯებს შეეწირა 42 წლის კაცი და კიდევ აქ უნდათ, იცხოვრონ?

- არც რომანი უნდა გაჰკარებოდა მეზობლის ცოლს, ისიც ხომ დამნაშავეა?

- ამ ოჯახებს შორის მართლა კარგი ურთიერთობა იყო. ფაქტობრივად, ერთ ეზოში გაზრდილები არიან. დარწმუნებული ვარ, იმ ქალთან რომანს სქესობრივი ურთიერთობა არ ექნებოდა, მაგრამ დანაშაული ის იყო, რომ პასუხობდა მესიჯებზე. არც ერთ სიტყვას არ ვამეტებ, დამერწმუნეთ, ქალი ცდილობდა რომანთან ურთიერთობის დამყარებას. შემიძლია, ეს მესიჯები წაგაკითხოთ, ეს საქმის მასალებშია და ყველამ იცის.

თეა ხურცილავა