"8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა?" - მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა მაგდა პაპიძეს - გზაპრესი

"8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა?" - მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა მაგდა პაპიძეს

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, შენ დედა არ ხარ და რატომ გინდა დაგვიმტკიცო, რომ დედა ხარ? შენ ეს არ უნდა გაგეკეთებინა, - ასე მიმართა ომარ ქაფიაშვილის დედამ დარეჯან მინდიკაურმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს.

ბრალდების მხარის მხრიდან დაკითხვის შემდეგ დარეჯან მინდიკაურს კითხვები თავად ბრალდებულმა დაუსვა. ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ დარეჯან მინდიკაურმა მაგდა პაპიძეს განუმარტა, თუ რას გულისხმობდა დისტანცირებაში, რომელსაც მაგდა პაპიძე იჩენდა.

"დედაშვილობა მარტო საჭმლის კეთება და სხვა რაღაცების ყიდვა არ არის. თორნიკეს სითბო აკლდა, შენ რომ აუკივლდებოდი და კიოდი, ბავშვი იყო დაფეთებული. ამბობდი, ჩემი შვილია და როგორც მინდა ისე გავზრდიო. დისტანციაზე როცა ვლაპარაკობ, გაიხსენე, როდესაც მშობიარობდი, ჩემთვის არ დაგიძახია შენგან 11 მეტრში რომ ვიყავი და შენს დას დაუძახე მეორე სართულზე. თუ შეგეძლო ფანჯარასთან მისვლა, იმასაც შეძლებდი, რომ ჩემთან მოსულიყავი", - განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.

მისივე თქმით, ომარ ქაფიაშვილი მაგდა პაპიძისგან ხშირად შეურაცხყოფებს ითმენდა.

"დიდ შეურაცხყოფას ითმენდა ჩემი შვილი. ძმაკაცებში რომ იჯდა გარეთ, როდესაც მიუვარდებოდი წივილ-კივილით, ჩუმად ადგებოდა და მოგყვებოდა, იმიტომ რომ უყვარდი. შენ რაც შემოხვედი ჩემ ოჯახში, ერთი წლის თავზე, ჩემი ოჯახიდან სულ შენი წივილი და კივილი ისმოდა. გაიკითხოს ყველამ, ჩემი ოჯახიდან არასდროს ხმამაღალი საუბარი არ გაუგიათ, შენს შემოსვლამდე", - განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.

ომარ ქაფიაშვილის დედა პერიოდულად მაგდა პაპიძეს მიმართავდა რეპლიკით "ნუ მსახიობობ". დაკითხვის ბოლოს მაგდა პაპიძემ დედამთილს სასამართლო დარბაზში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება და მის მიერ დასმული კითხვა - ესიზმრება თუ არა თორნიკე მაინც, გაახსენა.

"თორნიკე მესიზმრება კი არა, სულ ჩემთანაა. ყოველდღე მნახულობს მამაო და მეუბნება, რომ მათი სულები ცოცხალია", - განაცხადა მაგდა პაპიძემ, რომლის სიტყვებსაც დარეჯან მინდიკაურის გაღიზიანება მოჰყვა.

"მამაო დადის ყოველდღე? აღსარება ჩააბარე? შენ რა უფლება გაქვს შავები გეცვას? მთელი ცხოვრება ასეთი მსახიობი იყავი. 8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა? მაინტერესებს. მაგდა, ცხოვრებაში ფიქრობ, რომ ამაზე მეტად ვინმეს შეუყვარდებოდი, როგორც ამ ორ ადამიანს უყვარდი?" - მიმართა დარეჯან მინდიკაურმა, რის საპასუხოდაც მაგდა პაპიძემ აღნიშნა, რომ ის სიყვარულისთვის არ იბრძვის.

"როგორ დავირქვა თვითმკვლელის სახელი. მე არაფერი ჩამიდენია. ამ ხელზე ომარის სისხლი მქონდა და სულ ვკოცნი, მე არაფერი ჩამიდენია", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.