ბადრი ნანეტაშვილი - მთელ საქართველოს ვალი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა თავს იკლავს? - გზაპრესი

ბადრი ნანეტაშვილი - მთელ საქართველოს ვალი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა თავს იკლავს?

საქმე არ არის გამოძიებული, პროკურატურამ ვერ დამაჯერა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროსი კიწმარიშვილის მეგობარმა ბადრი ნანეტაშვილმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, ბადრი ნანეტაშვილს ეროსი კიწმარიშვილთან სატელეფონო საუბარი გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ბადრი ნანეტაშვილი აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილისთვის რაიმე უცნაური არც ბოლო სატელეფონო საუბრის დროს შეუნიშნავს. ნანეტაშვილის თქმით, ეროსი კიწმარიშვილმა იარაღი იმ მიზნით შეიძინა, რომ საკუთარი ძმისთვის ეჩუქებინა. მისივე განცხადებით, პროკურატურის მიერ დასახელებული თანხა, რომელიც კიწმარიშვილს ვალად ჰქონდა, გარდაცვლილის შემოსავლების მეათედი იყო, რომლის გადახდის პრობლემა მას არ ჰქონია. ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი ჩატარებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

"ეროსი კიწმარიშვილმა მართლაც შეიძინა ირაღი და ამის მიზეზი ის იყო, რომ ეს იარაღი თავისი ძმისთვის უნდა ეჩუქებინა. რაც შეეხება პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს, ვფიქრობ, რომ არ იყო დამაჯერებელი. საქმე არ არის გამოძიებული, პროკურატურამ ვერ დამაჯერა, რაც თავიდან თქვა, დღესაც იგივე გამოაცხადეს. არგუმენტი, რომ ეროსიმ თავი მოიკლა ვალების გამო, არ არის დამაჯერებელი. ეროსის მანჰეტენზე ჰქონდა ბინა, რომელიც 3 მილიონ დოლარადაა შეფასებული და რომელიც მას გაქირავებული ჰქონდა. ის თანხა კი რომელიც პროკურატურამ გამოაცხადა, ეროსის შემოსავლების მეთედიც არ იყო. მეც და მთელ საქართველოსაც ვალი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა თავს იკლავს? ეროსის ჰქონდა ვალის გადახდის საშუალება", - აცხადებს ბადრი ნანეტაშვილი.

მისივე განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილს ჰქონდა სხვადასხვა გეგმები, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში აპირებდა. მისივე თქმით, კიწმარიშვილი საკუთარი ტელევიზიის გახსნასაც გეგმავდა.

"მკვლელობის წინა დღეს და მანამდეც, გვქონდა საუბარი რომ ტელევიზია უნდა გაეკეთებინა. ბევრი გეგმა ჰქონდა, რომელიც მეორე, მესამე დღეს უნდა გაგრძელებულიყო. იმასაც გეტყვით, რომ მკვლელობამდე ერთი საათით ადრე მესაუბრა და არაფერი საეჭვო არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი და ერთ საათში გაახსენდა რომ თავი უნდა მოეკლა? მითუმეტეს, პროკურატურაც აცხადებს, რომ ის თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია", - განაცხადა ბადრი ნანეტაშვილმა.

კითხვაზე, ბოლო პერიოდში კიწმარიშვილს ვინმესთან ხომ არ ჰქონია დაძაბული ურთიერთობა, ან ხომ არ უთქვამს, რომ ის ვინმესგან საფრთხეს ელოდა, ნანეტაშვილი აცხადებს, რომ "ეროსის ყოველთვის ჰქონდა დაძაბული ცხოვრება, ყოველთვის ჰქონდა სხვადასხვა დაპირისპირება, მაგრამ ის, რომ მას ეთქვა, ვინმესი მეშინია ან რაიმე საფრთხეს ვგრძნობო, არ მახსენდება. დარწმუნებული ვარ, მსგავს რამეს არავისთან იტყოდა", - განუცხადა ბადრი ნანეტაშვილმა "ინტერპრესნიუსს".