"პანაშვიდებზე ლანაც იძახდა, მაგდამ დაასწრო ომარსო" - რა ჩვენებას აძლევს სასამართლოს მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა? - გზაპრესი

"პანაშვიდებზე ლანაც იძახდა, მაგდამ დაასწრო ომარსო" - რა ჩვენებას აძლევს სასამართლოს მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები 2 კვირაზე მეტია, ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ, მაგდა პაპიძის საქმეს იხილავენ. მსაჯულები ბრალდების მოწმეების ჩვენებებს ისმენენ. პროკურატურამ ათეულობით მოწმე უკვე დაჰკითხა, მკვლელობის მამხილებელი სისხლიანი ნივთები საჯაროდ გამოიტანა და ნაფიცმა მსაჯულებმა სისხლის ლაქები ბუნკერიდან ამოღებულ უამრავ ნივთზე თავიანთი თვალით ნახეს. პროკურატურა ირწმუნება, რომ ეს ნივთმტკიცებები ნაგავსაყრელიდან ამოიღეს.

იქ ნანახია გარდაცვლილების სისხლიანი ტანსაცმელი, თეთრეული, ბალიში და უამრავი სხვა ნივთი. ასევე ამოღებულია მუყაოს სისხლიანი ყუთები. მინდიკაურის მტკიცებით, ამ ყუთებში ელაგა მაგდას ჭურჭელი და იმ დივნის ქვეშ იდო, სადაც მისი შვილი მოკლეს. პროკურატურის თქმით, პაპიძე კვალის წაშლას შეეცადა და სახლიდან გაიტანა ყველაფერი, რაც სისხლით დაისვარა. გამოძიებამ წარადგინა ცელოფანში ჩადებული ქაფიაშვილის ფეხსაცმელიც, რომელიც მისი მანქანიდან ამოიღეს. ისიც ცნობილია, რომ ცხედარს ფეხზე არ ეცვა. წარადგინეს ბავშვის ჩუსტები, რომლითაც იპოვეს მოკლული პატარა. ნივთმტკიცებებს მსაჯულები რამდენიმე საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ, მას დაზარალებულიც ესწრებოდა, რომელმაც ყველა ნივთი ამოიცნო.

პროცესზე ომარ ქაფიაშვილის მეზობლები და მეგობრები დაიკითხნენ. ყველა ხაზგასმით აცხადებს, რომ ომარი იდეალური მამა, ქმარი და შვილი იყო. თითქმის ყველა მოწმე იხსენებდა პანაშვიდის დღეებში ლანა პაპიძის ნათქვამს. ისინი ირწმუნებიან, თავად ლანა დისკენ იშვერდა ხელს და დარწმუნებული იყო, რომ დანაშაული მაგდამ ჩაიდინა. ამიტომ, ლანას დაკითხვას ჟურნალისტებიც მოუთმენლად ველოდით. გაირკვა, რომ გამოძიებას ის 3-ჯერ ჰყავდა დაკითხული და საინტერესო ჩვენებები ჰქონდა მიცემული. იმასაც ამბობდა, რომ მისი სიძე მაგდას ცუდად ექცეოდა, თუმცა მან ფაქტობრივად ყველა ჩვენება შეცვალა. პროკურორები რამდენიმე საათი ჰკითხავდნენ ლანა პაპიძეს, წარუდგინეს მისი ხელმოწერილი ჩვენებები, წაუკითხეს ციტატები ჩვენებებიდან, მაგრამ ლანამ ყველა ეს ჩვენება უარყო. უარყო საჯაროდ, ტელევიზიებში გაკეთებული განცხადებებიც და როცა ტოქშოუებიდან მას ციტატებს უკითხავდნენ, ის პასუხებს ვერ სცემდა, თავის ნათქვამს ახსნას ვერ უძებნიდა.

გამომძიებელმა ჰკითხა, რის საფუძველზე ამბობდა ტელევიზიებში, რომ თითქოს იმ დღეს ომარს 10-ის წუთებზე ვიღაცამ დაურეკა, გავიდა, 5 წუთში უკან შემობრუნდა, მაგდას უთხრა, იარაღი მომეციო, წაიღო იარაღი და წავიდა, ამ დროს თორნიკე გაეტირა და ისიც თან წაიყვანაო. ლანამ ვერ ახსნა, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია. ვერც ის, თუ რატომ თქვა, რომ ბავშვს ძალიან ბევრი დაზიანება აქვს მიყენებული, ბლაგვი საგანი აქვს თავში ჩარტყმული, ენა აქვს გადაყლაპული. პროკურორის კითხვებს ის ასე პასუხობდა: _ მაშინ შოკში ვიყავი, ამას სხვებისგან ვისმენდი და იმას ვამბობდი, თორემ არც ექსპერტიზა მინახავს, არც საქმის მასალებს ვიცნობდი. ჩემი დის ადვოკატებს რომ ვურეკავდი, ისინი ხშირად ტელეფონსაც კი არ იღებდნენ და მეუბნებოდნენ, არ გვაქვს უფლება, საქმის დეტალებზე გესაუბროთ, შენ ბრალდების მოწმე ხარო. ლანა პაპიძეს წინასწარ გამოძიებაში ნათქვამი აქვს, რომ მაგდას საყვარელი ჰყავდა, თუმცა ორშაბათის პროცესზე მან ეს ინფორმაცია უარყო. "ჩემი სიძე მეტრი და 87 სანტიმეტრი იყო, ძალიან ძლიერი, ცარიელი კუნთი... ერთხელ მე და ჩემი და ზურგზე მოგვიგდო და გვატარა, მას მაგდა როგორ მოერეოდა?" _ განაცხადა მან.

ლანა პაპიძის ჩვენებიდან:

_ ომარი ძალიან კარგი სიძე იყო, თუმცა ხშირად სვამდა და არაადეკვატურად იქცეოდა. ერთხელ ნასვამი იყო, გარეთ მეზობლის ძაღლი იყეფებოდა, ომარმა ძაღლს ყელი გამოსჭრა. ჩემი და იდეალური ცოლი, გადასარევი დედა იყო. მკვლელობის ღამეს, ჩემმა შვილმა ტელეფონით ითამაშა, ვერ დავტენე, გამორთული მქონდა და დავიძინე. დილას, 11 საათზე ჩავრთე, უამრავი გამოტოვებული ზარი იყო შემოსული, ბიძაჩემმა, დავით შამუგიამ დამირეკა და მითხრა, _ ცუდი ამბავი მოხდა, ომარს და მაგდას უჩხუბიათ და მათთან ჩადიო. მაგდასთან ვრეკავდი და არ მპასუხობდა, ომარის ტელეფონი გათიშული იყო. მაგდასთან რომ მივედი, უამრავი ხალხი დამხვდა. _ რა ხდება, მაგდა ხომ არ მომიკვდა-მეთქი? მიპასუხეს, _ მაგდა ცოცხალია, ომარი და ბავშვი აღარ არიანო. მაშინ გავიგე ეს ამბავი. არ ვადასტურებ, რომ თითქოს მე ვთქვი, მაგდას არ ვაცოცხლებ, საფლავს არ ვაღირსებო. ცხედრები უნდა მოასვენონო და ოთახი უნდა დაცლილიყო. მიჩნდება კითხვა, თუ იქ მოხდა შემთხვევა, ის ოთახი გამოძიებამ რატომ არ დალუქა?

ლანა პაპიძემ დაადასტურა, რომ იცოდა მაგდა პაპიძის ორსულობის ამბავი. იგი გააღიზიანა პროკურორის შეკითხვამ, _ თუ იცით, ვისგან იყო მაგდა ორსულად? "თავმოყვარეობის ამბავია, ჩემი და გათხოვილი იყო და თავისი ქმრისგან იყო ორსულად. რას მეკითხებით, მე რა ვიცი", _ იყო პასუხი. წინასწარ გამოძიებაში ლანა პაპიძეს აქვს ნათქვამი: "ჩემი დისგან გავიგე, რომ ომარი შეხვედრია ოთარ ბერძენიშვილს, უცემია და მერე ოთო მაგდას დამუქრებია, შენ ქმარს გავაქრობო". პროცესზე კი ლანა პაპიძემ განაცხადა: "შეიძლება მაგდას არ ახსოვდეს, ამ ამბებამდე ერთი კვირით ადრე, მაგდამ დამირეკა და მითხრა, ომარმა ოთართან იჩხუბაო". ლანა პაპიძეს ისიც ჰკითხეს, რატომ იშვერდა ის ხელს ომარ ქაფიაშვილის ძმისკენ და რატომ ადანაშაულებდა ძმისა და ძმისშვილის მკვლელობაში. "ხან ძმას ადანაშაულებდით, ხან მახოს მეგობარ ქალს, ხან ოთარ ბერძენიშვილს, რატომ?" _ ჰკითხა პროკურორმა. ლანამ უპასუხა, ეჭვი მაქვს, ეს დანაშაული ოთარ ბერძენიშვილის ჩადენილიაო. მან განაცხადა: "ომარის ძმა, მახო, დედაჩემს დანით დაემუქრა და მეც მანქანა დამიზიანა, ამაზე გამოძიებას მივმართე". გამომძიებელმა ლანა პაპიძის ეს ბრალდება განმარტა და განაცხადა, რომ მას მანქანა სხვა პირმა დაუზიანა, ეს დადგენილია და დაასახელა იმ ადამიანის ვინაობაც. ეს ამბავი ლანა პაპიძემ იცოდა, მერე მანქანა სწორედ მას გააკეთებინა, მაგრამ მალხაზ ქაფიაშვილს დააბრალაო. ლანას დაკითხვამდე ინციდენტი მოხდა სასამართლოს შენობაში. პროცესის დაწყებამდე, მაგდა პაპიძის და, დედა და ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მხარეები სხდომათა დარბაზში შედიოდნენ. ბრალდებულის დედასა და ომარ ქაფიაშვილის ახლობელს შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, თუმცა ვითარება მანდატურებმა განმუხტეს. მოგვიანებით მორიგი ინციდენტი მოხდა. შესვენებაზე საპირპარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, მაგდა პაპიძის დედამ სახეში სილა გააწნა. ფიზიკურ დაპირისპირებაში მამაკაცებიც ჩაერთნენ, თუმცა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სიტუაცია განმუხტეს. მანდატურებმა ფაქტი პოლიციას აცნობეს და მალე სამართალდამცავები გამოჩნდნენ. ქაფიაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ დაპირისპირება ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედისა და დის პროვოცირებული იყო. საპირისპიროს ამტკიცებს მეორე მხარე. როგორც ისინი აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრებისგან დაიწყო. პოლიციამ დარეჯან მინდიკაურის ცემის ფაქტზე 125-ე მუხლით გამოძიება დაიწყო და მოწმეები დაჰკითხა. მინდიკაურს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ამ დასკვნის მიღების შემდეგ პროკურატურა იმსჯელებს, მიმართავს თუ არა სასამართლოს და მოითხოვს თუ არა, ლია შამუგიას პასუხისგებას.

ძალიან საინტერესო იყო გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმის, მალხაზ ქაფიაშვილის დაკითხვა. მან მომხდარი თურქეთში შეიტყო, ამბობს, რომ ოჯახთან ხშირი მიმოწერა ჰქონდა, ძმას სიკვდილამდე ესაუბრა.

მალხაზ ქაფიაშვილის ჩვენებიდან:

_ ბოლო ხანებში მაგდა "ფეისბუკზე" ხან მპასუხობდა, ხან _ არა ან მოკლე პასუხებს მცემდა. ჩემს ძმასაც "ვაიბერის" საშუალებით ვუკავშირდებოდი. ბოლოს 19 დეკემბერს, შვიდის ნახევარზე ვესაუბრე, მესიჯი მომწერა და პასუხი ცხრის წუთებზე დავუბრუნე, თუმცა არ მისვლია, რადგან უკვე გაითიშა მისი ტელეფონი. 20 დეკემბერს, საღამოს "ფეისბუკში" რომ შევედი, უამრავი მესიჯი დამხვდა, ყველა მწერდა, რომ ნახავ ამ წერილს, ჩაალაგე ჩემოდანი და სასწრაფოდ ჩამოდიო. ჩემი იქაური ნომერი არავინ იცოდა და მთხოვდნენ, მოგვწერეო. დავწერე "ფეისბუკში" ჩემი ნომერი და მეგობარმა დამირეკა. მითხრა, ომარი ავარიაში მოყვა, რეანიმაციაშია და მძიმედ არისო. 10 წუთი ცუდად ვიყავი. უკან რომ შევედი, სტატია ვნახე, მაგდა პაპიძემ ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები მოკლაო. გავგიჟდი, როგორ ჩამოვედი არ მახსოვს, აქ ასეთი სურათი დამხვდა: ძმა და ძმისშვილი დახოცილი და ყოფილი რძალი დაჭერილი. მერე გავიგე ყველაფერი, რაც მოხდა. სახლში ორი მიცვალებული გვესვენა და იმის ნაცვლად, ლანასა და დედამისს ეგლოვათ, დადიოდნენ და ეძებდნენ წიგნებსა და მაგდას ნივთებს. მაგდას დედამ, ლია შამუგიამ მითხრა, მჯერა, რომ მაგდას გაკეთებულია, მაგრამ ხალხის დასანახავად ვამბობ, რომ არ არის მისი გაკეთებული, რადგან მაგდა ბავშვის დედააო. დამაინტერესა, რა იყო ამ წიგნებში და მეც დავიწყე ძებნა. დერეფანში კარადა იდგა, რომელიც გასაღებით იყო ჩაკეტილი. გავხსენი და ვიპოვე მაგდას ჩანაწერები სასიყვარულო ურთიერთობაზე და რაღაც პარკი. წერდა ვიღაც მონადირეზე: ერთ საღამოს მივედი, დავრჩი მასთან და დილით ჩემთვის გირჩები და ყვავილები ჰქონდა დაკრეფილიო. ასეთ რამეებს წერდა. იმ ცელოფანში ვიპოვე ის გირჩები, ვარდის ფურცელი და რაღაცები... ეს მონადირე ოთარ ბერძენიშვილია... მანამდე არ ვიცოდი, რომ ჩემს რძალს საყვარელი ჰყავდა. გავიგე, ოთარ ბერძენიშვილთან ღალატობდა ჩემს ძმას. მაგდა რომ იძახის, ომარი მიყვარდაო, ეს ტყუილია, თავიდანვე არ უყვარდა, რომ ჰყვარებოდა, სხვასთან სიარულს არ დაიწყებდა. ეჭვი ერთი პროცენტითაც არ მეპარება, რომ მკვლელობა მაგდას ჩადენილია, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს. იმ დღეს მეზობლები დედაჩემთან იყვნენ და ნახეს, მაგდა წარამარა შედიოდა ოთახში, როგორ გარეცხა გადასაფარებელი და როგორ გამოვიდა სარეცხი მანქანიდან ვარდისფერი სითხე. ისიც გამორიცხულია, რომ ომარს ფეხით წაეყვანა ბავშვი ხაჭაპურის საჭმელად. ჯერ ერთი, საღამოს არ წაიყვანდა, თანაც _ ფეხით. მაგდას ბავშვი ჰყავდა მანქანაში ჩაგუდული, ჩემი ძმა დიდი ხნის მოკლული ჰყავდა და ალბათ ვერ მოახერხა მანქანაში მისი ჩატენა... მაგდა პაპიძე ისეთი ქალია, ეს მკვლელობა მისი ჩადენილი რომ არ ყოფილიყო, მთელ საქართველოს ფეხზე დააყენებდა. დედაჩემს უნახავს ომარი დაბლა, მაგდა ჩამჯდარა მანქანაში და ნაგვის ურნაში გადაუგდია ნივთმტკიცებულებები. მაგდას ვიცნობდი, როგორც გიჟ და შვილზე გადაყოლილ დედას, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მან მოკლა შვილი... წინა დღეებში ომარს თავისი ერთ-ერთი ძმაკაცისთვის დაურეკავს და უკითხავს, სად შეიძლება გავაკეთო ტელეფონის ზარებისა და მესიჯების ამონაწერიო? ომარი ეჭვობდა, რომ მისი ცოლი ვიღაცასთან დადიოდა და ალბათ ამისთვის სჭირდებოდა. სანამ ომარი გაიგებდა, მაგდამ იქამდე მოიშორა და დაასწრო... პანაშვიდებზე ლანაც იძახდა, რომ მაგდამ დაასწრო ომარსო. ჩემი რძალი ფიზიკურად ძლიერი იყო, ფრენბურთს თამაშობდა... ომარს მაგდა ისე უყვარდა, არავის ეტყოდა, რომ მას ცოლი ღალატობდა, მაგრამ ამას რომ გაიგებდა, არ ვიცი, მერე რას იზამდა.

ამის შემდეგ, ბრალდებულმა პაპიძემ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა მალხაზ ქაფიაშვილს. "ჩემს შვილზე ამ ადამიანს დიდი ამაგი აქვს და ამას არასოდეს დავუკარგავ, დედასთან (დედამთილს გულისხმობდა) მომიწია ხმის აწევამ და ამას განვიცდი", _ განაცხადა პაპიძემ, რასაც ხმაური და გინება მოჰყვა ბრალდებულის მისამართით. ამის გამო, რამდენიმე ადამიანს სასამართლო პროცესი დაატოვებინეს.

სასამართლოზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

თეა ხურცილავა