პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენა
font-large font-small
პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენა
მაია რჩეულიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთ დამფუძნებელის მაია რჩეულიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" დამფუძნებელის მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილის, შპს "ცენტრ პოინტი აჭარას" დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ.

"ბრალდების მხარემ შუამდგომლობა კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან ერთად დაასაბუთა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მაია რჩეულიშვილი, და მასთან დაკავშირებული პირები მენაშენეებს მოუწოდებენ, რომ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა მათი კანონიერი ინტერესები დაკმაყოფილებულია და არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, რითაც ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას. ასევე მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მაია რჩეულიშვილი და შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სხვა წარმომადგენლები კვლავაც დამატებით ითხოვენ თანხებს მენაშენეებისაგან, რამაც კვლავაც შეიძლება დააზარალოს ისინი; ამავდროულად, მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ასევე ეუფლებიან შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" დამფუძნებლები და მათთან დაკავშირებული პირები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დიდი ოდენობით, ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით 2016 წლის 10 ივლისს ბრალდებულად დაკავებული იქნა სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი, ხოლო გურამ რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხდა, რადგან იგი ემალება გამოძიებას. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, სასამართლომ მისი დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალფუნქციური სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის მიერ დაფუძნდა კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფი". პრესასა თუ მედიაში გასული რეკლამების შესაბამისად აღნიშნული ჯგუფის მიზანს დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით მრავალი საცხოვრებელი ბინის აშენება წარმოადგენდა, შედეგად მრავალმა მოქალაქემ მიმართა "ცენტრ პოინტ ჯგუფს", ჯერ კიდევ არაშენებული ბინების შეძენის სურვილით.

შპს "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ფილიალის შპს "ცენტრ პოინტი აჭარა" დირექტორებს წარმოადგენდნენ: 2004 წლის 23 ივლისიდან - 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ჩარკვიანი, ხოლო 2006 წლის 28 ნოემბრიდან - ირაკლი მინდელი. დირექტორები დანაშაულებრივ კავშირში იყვნენ შპს "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებელ პარტნიორთან მაია რჩეულიშვილთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან გურამ რჩეულიშვილთან და მოქმედებდნენ მათი მითითებით. შპს "ცენტრ პოინტ აჭარას" ბათუმში სამი ობიექტის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, კერძოდ კი, საცხოვრებელი სახლები უნდა აშენებულიყო პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი "თეთრი მაგნოლია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბეჭდვა