რას ჰყვება მკვლელი ყოფილ ცოლსა და მის შეყვარებულზე - ჩვენების ექსკლუზიური დეტალები - გზაპრესი

რას ჰყვება მკვლელი ყოფილ ცოლსა და მის შეყვარებულზე - ჩვენების ექსკლუზიური დეტალები

გასულ კვირას თბილისში მომხდარი მკვლელობა ძალოვანებმა ოპერატიულად გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. ბექა დემეტრაძე მიხეილ ცხაკაიას მკვლელობას აღიარებს. ცნობილია, რომ მან ყოფილი მეუღლის შეყვარებულზე შური იძია და ის სანადირო თოფით მოკლა.

ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ფრაგმენტი ბექა დემეტრაძის ჩვენებიდან:

"2010 წლის 12 დეკემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის დამაკავეს და 6 წელი მომისაჯეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ეჭვი გამიჩნდა მეუღლის მიმართ, რადგან პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გავიგე, რომ მან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა ჩემსავე უბანში მცხოვრებ მიხეილ ცხაკაიასთან. აღნიშნულის გამო მეუღლესთან უსიამოვნება მომიხდა და 2013 წლის 30 მაისს ოფიციალურად განვქორწინდით. განქორწინებამდე მიხეილ ცხაკაიასთანაც მქონდა პირადი საუბარი და ჩხუბი. როდესაც ჩემი მეუღლე და მიხეილ ცხაკაია ერთად დავინახე, დავრწმუნდი, რომ მათ შორის ახლო ურთიერთობა იყო, რის გამოც ვიჩხუბეთ. ჩხუბის შემდეგ მასთან ამ თემაზე აღარ მისაუბრია. მიხეილ ცხაკაიას არასწორი საქციელის გამო ძალიან გავბრაზდი. იმას, რომ ჩემს უბნელს, ჩემი პატიმრობის დროს ჩემს მეუღლესთან ჰქონდა ურთიერთობა, ვერაფრით შევეგუე და გადავწყვიტე, მიხეილ ცხაკაია მომეკლა. მხოლოდ შესაბამის მომენტს ველოდი. სანადირო თოფი ადრე შევიძინე, მაგრამ არ გამიფორმებია, რადგან ცხაკაია უნდა მომეკლა. თოფი გადავჭერი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლულის გადანაჭერი კი კანდელაკის ქუჩაზე, ურნაში ჩავყარე. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დროებით სარგებლობაში არსებული "ნისანით" მივედი მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, გადაჭრილი თოფიც თან მქონდა. ერთ ლულაში მოვათავსე ე.წ. კარტეჩი, ხოლო მეორე ლულაში 2 ნომერი საფანტის ვაზნა და მიხეილ ცხაკაიას გამოჩენას დაველოდე. 2-საათიანი ლოდინის შემდეგ დავინახე, ცხაკაია მოემართებოდა თავის კავკასიურ ნაგაზთან ერთად სახლის მიმართულებით. ჩამიარა გვერდით და კანდელაკის ქუჩისკენ გადავიდა. გზის შუა ნაწილში იყო, ავტომანქანიდან რომ გადმოვედი და სახელი დავუძახე. მოიხედა თუ არა, დამიზნებით ვესროლე თავში ერთმანეთის მიყოლებით. მიხეილ ცხაკაია ასფალტზე დაეცა, ხოლო მისი ძაღლი გაიქცა. დავრწმუნდი, რომ ის გარდაცვლილი იყო, მერე ეს გადაჭრილი თოფი, სადაც ავტომანქანა მეყენა, იქვე მდებარე ავტოფარეხის სახურავზე შევაგდე და წავედი..."

სროლის ხმაზე ქუჩაში პირველი გარდაცვლილის დედა გამოვარდა, გამწარებული დედა შვილს მივარდა, მის გადარჩენას ცდილობდა, ყველას შველას სთხოვდა, დასისხლიანებული შვილი მკლავებზე ეწვინა. წამებში მეზობლებიც მოცვივდნენ, ქუჩაში გამვლელებიც, "სასწრაფოც" გამოჩნდა, ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა სამწუხაროდ, ვეღარ მოხერხდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი დედას ხელებში ჩააკვდა. ცხაკაიების სახლთან მისულს უამრავი ადამიანი დამხვდა. ქუჩაში ისმოდა გამწარებული დედის სულისშემძვრელი გოდება. დეტალებზე ახლობლებმა საუბარი არ ისურვეს. ყველა მათგანი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ მიშო დადებითი, უკონფლიქტო პიროვნება იყო.

პროკურორი ნიკოლოზ ნინიძე ამბობს, რომ სახეზეა შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. მისი თქმით, დაკითხულები არიან მოწმეები, მათ შორის, ბრალდებულის ყოფილი მეუღლე და არ დასტურდება, რომ ბრალდებულს ცოლმა უღალატა:

- 2013 წელს ცოლ-ქმარი ოფიციალურად დაშორდა. მას მერე მისმა ყოფილმა ცოლმა ურთიერთობა გააბა სხვა მამაკაცთან და ამის გამო მოკლა ბრალდებულმა ცხაკაია", - აცხადებს პროკურორი.

პროკურორმა სასამართლო პროცესზე ბექა დემეტრაძის დაპატიმრება მოითხოვა.

ნინო ლალიაშვილი, ბრალდებულის ადვოკატი:

- დიდი ხანია ბექა დემეტრაძეს ვიცნობ, მის ინტერესებს ადრეც ვიცავდი. ბექას მაშინ სამოქალაქო დავა ჰქონდა მეუღლესთან. მეუღლეს ღალატის გამო დაშორდა, ცოლი მას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა, ამიტომ იძულებული გახდა, საჩივარი შეეტანა სასამართლოში. შვილის ნახვის უფლებას ითხოვდა. მე ვარ მოწმე, როგორ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ბექას შვილთან ურთიერთობა ჰქონოდა. ძალიან ბევრი აპატია მან ყოფილ ცოლს. ბექას ტრაგედია 6 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს. როცა მამაკაცები ციხეში ხვდებიან, იმედი აქვთ, რომ მეუღლეები დაელოდებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ბექა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი მეუღლე არასწორ ნაბიჯს გადადგამდა, ოჯახს დაანგრევდა და სხვა მამაკაცთან გააბამდა ურთიერთობას. მას ცოლმა უღალატა. გარდაცვლილი მიხეილ ცხაკაია ბექას მეგობარი იყო. ერთი უბნელები არიან. ცოლი სიყვარულს ეფიცებოდა, არსად წასვლას არ აპირებდა, მაგრამ ბექამ ეს ამბავი გაიგო. რადგან ბექას ციხეში ყოფნის დროს მისი ყოფილი მეუღლე და მოკლული არ მალავდნენ ურთიერთობას, ერთად ხედავდა მათ საერთო სამეგობრო. ძალიან ძნელია, ასეთი რამე ციხეში მყოფ ადამიანს უთხრა, მაგრამ როცა გამოვიდა ციხიდან, მეგობრებმა თავიანთი ეჭვები გაუმხილეს. ერთ დღეს თავად ბექამ ნახა ისინი ერთად და ამის მერე ცოლს კატეგორიულად მოსთხოვა სახლიდან წასვლა. ფაქტია, ბექამ ვერ აპატია ეს ყველაფერი ცოლსა და მეგობარს. სულ შიში ჰქონდა, ამის გამო შეიძლება არაკაცად მომიხსენიოს ხალხმაო. 3 წელია, დაშორდა ცოლ-ქმარი ერთმანეთს. ბექა ამბობს, ცოლად რომ მოეყვანა ცხაკაიას, შეიძლებოდა უფრო გადამეხარშა, მაგრამ ჩემი შვილის დედას რომ ვიღაცასთან ჰქონდა რომანი, შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვისო. ამბობს, ჩემგან წასვლის შემდეგ რომ გაება ვიღაცასთან რომანი, პრობლემა არ იყო, უბრალოდ, ვერ შევეგუე იმას, რომ ჩემს ცოლთან ჰქონდა ურთიერთობა ჩემს მეგობარს და ორი უახლოესი ადამიანი მატყუებდაო. ცხაკაია მას ციხეში ამანათებსაც უგზავნიდა, ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ. ძალიან მძიმე ლოდი მაწვა მხრებზე, ჩემს გაღიმებას ფასი არ ჰქონდაო. ეს ბექას პირადი ტრაგედიაა, ერთ დღეს ამოხეთქა და ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა. მერწმუნეთ, ბექა ნამდვილად მსხვერპლია ამ ვითარების. როგორც ვიცი, რამდენჯერმე საქმეც გაარჩიეს. ძალიან განიცდის, რომ ამ მდგომარეობამდე მივიდა. საქმის არსებითი განხილვისას ჩვენ გავახმაურებთ დეტალებს და ცხადი გახდება, რამ მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე.

პროკურორ ნიკოლოზ ნინიძის თქმით, დაკითხულია ათეულობით ადამიანი და არ დასტურდება ბრალდებულის და მოკლულის მეგობრობაც. "უბრალოდ ისინი უბნელები იყვნენ, არანაირი ძმაკაცები არ ყოფილან", - ამბობს პროკურორი.

უამრავ ტკივილიან წერილს წავაწყდი სოციალურ ქსელში. ჟურნალისტი ვიკა ბუკია მიხოს ბავშვობიდან იცნობს და ძალიან განიცდის მომხდარს. ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება: "შორს ვარ და რაღაც მინდა ვთქვა მიხოზე. ბიჭზე, რომელიც მოკლეს. მთელი ცხოვრებაა ვუყურებ ამ საოცრად კეთილ, გაჩხვანკულ, გრძელ ბიჭს, ჯოხებივით ფეხებს რომ მოათრევს, თითქოს ეზარება მათი თრევა. ვიცი, მის მეგობრებს გაეცინებათ ახლა, იმიტომ, რომ ზუსტად ასე დადის. საერთოდ არ ვიცი, ჩემი ეზო როგორია მის გარეშე. ეზოში რომ შემოვალ, მხვდება თავისი კომენტარებით. მარტო ერთხელ ვეჩხუბე - ერთი ბოთლი წყალი გადამასხა. საშინლად გავბრაზდი... ამ დღეებში ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, როგორი იყო მიხო. ის იყო საოცრად კეთილი, გულჩვილი, გამორჩეულად კარგი. მიხოს მხოლოდ სხვებისთვის სიხარულის მინიჭება შეეძლო, მხოლოდ ხუმრობა, მხოლოდ სხვების გაცინება, მხოლოდ სხვებზე დარდი.. ასეთი იყო 5 წლის ასაკში და ასეთი იყო 31 წლის. ასეთი იყო იმ დღეს, როცა ესროლეს ორი ტყვია, ეზოში სადაც ვთამაშობდით, სადაც გავიზარდეთ. ესროლეს განზრახ, ჩაფიქრებულად, გამიზნულად, დაგეგმილად. მას არავინ სძულდა, მისი მკვლელიც კი. პირიქით, ესროლეს იმიტომ, რომ უყვარდა და ესროლეს იმიტომ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სიყვარულს გვიკრძალავენ, სადაც ადამიანებს ამის გამო კლავენ. ნეტავ, იმან თუ იცოდა, ვის ესროდა? რომ იმეტებდა გასაგიჟებლად გულკეთილ, საოცრად კარგ ადამიანს. თავიდან გვეგონა ვინმეში შეეეშალათ და იმიტომ მოკლეს, მერე გაირკვა, რომ შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა მოკლა. წარმოუდგენელია მას ვინმე გაემწარებინა. მიყვარხარ ძალიან, სენაკა".

ტელევიზიის ეთერით მომხდარზე კომენტარი გააკეთა თათო გეწაძემ, დემეტრაძის ყოფილმა ცოლმა:

- არც დარეკვა, არც მუქარა არ ყოფილა. ადამიანი არის ჩვეულებრივი ბოღმა, ფსიქიკურად ავადმყოფი, ნარკომანი. დაახლოებით 4 წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, ციხიდან ახალი გამოსული იყო, მიშომ უთხრა, - გოგომ გადაწყვიტა დაგშორდეს, შენთან ცხოვრება აღარ უნდა, ეს მისი არჩევანია. დიდი შანსია, რომ მომავალში ერთად ვიყოთ, რადგან რაღაც გრძნობა გვაქვს. მე შენს შვილს მამობას გავუწევო. ბექამ დაუქნია თავი, ჩამოართვა ხელი და უთხრა, - კი ბატონო, გაგიმარჯოსო და ასე დამთავრდა". ჩვენი ინფორმაციით, დემეტრაძის ყოფილი ცოლი ამბობს, რომ მან ცხაკაიასთან სასიყვარულო ურთიერთობა ქმართან დაშორების შემდეგ ჰქონდა.

როგორც შევიტყვეთ, ბექა დემეტრაძემაც მეუღლესთან დაშორების შემდეგ ახალი სიყვარულის ძებნა დაიწყო. მასაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა გოგონასთან, რომელზეც ამ დღეებში უნდა ექორწინა. ამ ფონზე ბრალდებულმა ასეთი შემზარავი დანაშაული რატომ ჩაიდინა, ეს გაუგებარია. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ ადვოკატთან, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ბრალდებულს საცოლე ჰყავდა.

თეა ხურცილავა