"იმ დღეს საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოჭრა, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა, მე ვერ დავიცავი გოგო" - გზაპრესი

"იმ დღეს საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოჭრა, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა, მე ვერ დავიცავი გოგო"

სამწუხაროდ, ისევ გვიწევს ოჯახის წევრებს შორის მომხდარ დანაშაულებზე წერა. გასულ კვირას სადისტურად ორი ახალგაზრდა ქალი მოკლეს და ორივეს მკვლელობაში ბრალდებული ქმარია.

ფონიჭალაში 20 წლის კიუნაი ისაევას ქმარმა ყელი გამოსჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული, 25 წლის ნოვრაზ ა. გამოძიების მტკიცებით, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო.

როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა და ქალი იძულებული იყო, სახლიდან წამოსულიყო, ბებიასთან ცხოვრობდა. მკვლელობის დღესაც ქმარი ბებიის სახლში მიუვარდა ცოლს და ნათესავების თვალწინ სცემა. მოძალადისგან თავი რომ დაეღწიათ, ქალის ბაბუამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა მოძალადე განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს.

- ბევრჯერ ჰყავს ქმარს ეს გოგო ნაცემი, იმ დღესაც გამოიძახეს პატრული. მისი ქმარი პოლიციაში წაიყვანეს, ხელწერილი დააწერინეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა და გამოუშვეს, მაგრამ ნოვრაზი იმავე ღამეს გოგოს ბებიის სახლში მაინც მიუვარდა, ოთახში შევარდა და საწოლში მწოლიარეს დანით ყელი გამოსჭრა. "სასწრაფო" რომ მოვიდა, გოგო ჯერ ისევ ცოცხალი იყო, მაგრამ მალე გარდაიცვალა. იმასაც ამბობენ, მისთვის თავის მოჭრა უნდოდაო. ორი პატარა დარჩა უპატრონოდ. ძალიან პატარა იყო ეს გოგო, ოჯახმა რომ გაათხოვა. ქმარი ეჭვიანობის გამო ხშირად სცემდა, ის ბებიასთან გარბოდა, მაგრამ მერე ქმარი მოდიოდა, შერიგებას სთხოვდა და ისევ უკან აბრუნებდა, - ამბობს მოკლულის ახლობელი.

დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს გოგოს ბებია, მინიხანუმ ისაევა:

- გათხოვების დღიდან ჰქონდა ჩემს გოგოს პრობლემები. სულ ეჩხუბებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ უნდა ემუშავა. ქმრის ბებია ძალიან ცუდად ექცეოდა, სცემდა. ჩემი შვილიშვილი ეუბნებოდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა და ვერ იმუშავებდა. ორი ბავშვი ჰყავს. ბებია მის ქმარსაც ეჩხუბებოდა, შემდეგ ქმარი კიუნაის სცემდა, წიხლებს ურტყამდა, სულ დალურჯებული იყო. იჩხუბებდნენ, მოვიდოდა ჩემთან, მერე კი ისევ ურიგდებოდა ქმარს. ბოლოს ჩემთან რომ მოვიდა, მითხრა, - უკან არ დავბრუნდებიო. ქმრის ბებიამ თურმე რძალს ტაფით სცემა. კიუნაი შვილებთან ერთად მოვიდა. ერთი თვეა, ჩემთან ცხოვრობს. ქმარი მოდიოდა და ფულს ითხოვდა. კიუნაიმ უთხრა, რომ აღარ შეეძლო ამდენის ატანა და მასთან გაშორებას აპირებდა. ქმარმა უპასუხა, მაშინ მიწაში იქნებიო. წინადღეს ბავშვები წაგვართვა და თავის სახლში წაიყვანა. ერთხელ ყელზე ქამარი მოუჭირა და ახრჩობდა. იმ დღეს საძინებელში შეუვარდა და ყელი გამოსჭრა, - ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა, მე ვერ დავიცავი გოგო.

გოგოს ნათესავებიც ამბობენ, რომ ოჯახური კონფლიქტის შესახებ იცოდნენ. ხშირად უნახავთ ნაცემი, დალურჯებული კიუნაი, მაგრამ მათ ურთიერთობაში არ ერეოდნენ. მათი თქმით, ბრალდებული ძალიან ეჭვიანი იყო, გოგოს ნათესავებთან მიკარების უფლებასაც არ აძლევდა. სახლიდან ვერ გამოდიოდა. ნათესავების თვალწინაც ბევრჯერ უცემია ცოლი. იმასაც ამბობენ, ქმარს ფსიქიკურად შეურაცხადის საბუთი ჰქონდა და პენსიასაც იღებდაო. თუმცა იმასაც დასძენენ, ეს საბუთი ყალბად გააკეთა, პენსია რომ აეღოო.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ძალოვანთა მტკიცებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. პოლიციას სათანადო ზომები რომ მიეღო, შეიძლება ეს ტრაგედია არ დატრიალებულიყო. საქართველოში უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა ოჯახურ დანაშაულზე დაზარალებული მხარე პოლიციას იძახებს, პოლიცია კი ხელწერილით ან დამცავი ორდერით ათავისუფლებს მოძალადეს და ამის შემდეგ მოძალადე მკვლელობას სჩადის. მართალია, კანონი გამკაცრებულია, მაგრამ ფაქტია, უფრო მეტი ზომების მიღებაა საჭირო, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს. ბრალდებულის ახლობლები იმასაც ამბობენ, რომ მოკლულს საყვარელი ჰყავდა: ქმარმა ცოლის ტელეფონში მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნახა, ამის გამო სცემა ცოლს, რომელიც მერე სახლიდან გაიქცაო. საქმეში ჩაერთო სოციალური სამსახური და ისინი ბავშვების ბედზე იზრუნებენ. გამოძიება გრძელდება.

****

ეჭვიანობას შეწირული 2 ადამიანი

სადისტური დანაშაული მოხდა ასევე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში, სადაც ეკომიგრანტები არიან ჩასახლებულები. 42 წლის ზურაბ სუბელიანმა მის სახლში სტუმრად მყოფი მეზობლის თვალწინ ცოლს, დარეჯან კუპრავას ყურები დააჭრა. როცა მეზობელმა, კახა პაკელიანმა ქალის დახმარება სცადა, მასაც სამზარეულოს დანით მუცლისა და გულის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 50 წლის კახა პაკელიანი ჯოხითა და ჯაჭვითაა ნაცემი, მკვლელმა მასაც ყურები დააჭრა. შემდეგ დანა დააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პაკელიანი მალე გარდაიცვალა, ბრალდებულის ცოლი, დარეჯანი კი დღემდე საავადმყოფოშია. საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: 108-ე, განზრახ მკვლელობით და და სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით. პოლიციამ დამნაშავე მალე დააკავა, ის დანაშაულს აღიარებს.

მოკლული კახა პაკელიანის ოჯახის წევრები და ახლობლები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. მკვლელობის მოტივად ამ შემთხვევაშიც ეჭვიანობა დასახელდა, თუმცა მოკლულის ნათესავები კატეგორიულად უარყოფენ ამ ვერსიას და ამბობენ, რომ გარდაცვლილს მკვლელის ცოლთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.

- ითქვა, თითქოს სუბელიანმა კახა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, რაც აბსურდია. კახა უპატიოსნესი ბიჭი იყო. 20 წელია, სვანეთიდან გადმოვსახლდით ხაიშში და ერთ ადამიანს ვერ იპოვით, მასზე ცუდი რომ თქვას. უდანაშაულო ბიჭი, 5 შვილის მამა, სუბელიანმა სადისტურად მოკლა. რატომ? ამაზე პასუხს ველით. იმ დღეს, დაახლოებით 12 საათი იქნებოდა, როცა კახას მკვლელი ქუჩაში შეხვდა. კახა თავის ნაბოლარა შვილთან ერთად სათიბიდან შინ ბრუნდებოდა. ზური სუბელიანი ნასვამი შეხვედრია და უთქვამს, - ჩემთან წავიდეთ, დავლიოთო. კახას ბავშვი სახლში გაუშვია, მაღაზიაში არაყი უყიდიათ და სუბელიანის სახლში წასულან. მათთან ერთად კიდევ ერთი თანასოფლელი, ოლეგი იყო. ცოტა ხანში ზურამ ოლეგი გააცილა და უკან რომ შემობრუნდა, ცოლისთვის უკითხავს, - კახას აქ რა უნდაო?!. დარეჯანს უპასუხია, - შენ არ მოიყვანე კახაო? ზურას ცოლის ცემა დაუწყია. კახა მათ გასაშველებლად შუაში ჩამდგარა. ბიჭი ჯოხითა და ჯაჭვით არის ნაცემი. ზურგი და მკლავები სულ დასისხლიანებული და დასერილი ჰქონდა, ნეკნები ჩალეწილი, ყურები მოჭრილი. სასტიკად არის ნაწამები ცოლიც. ცხვირი აქვს ჩამტვრეული და ყურები დაჭრილი. ამის შემდეგ, ეტყობა, ეჭვიანობის სცენა რომ გაეთამაშა, მათთვის ტანსაცმელი გაუხდია. მკვლელის ცოლი ამბობს, - ვგრძნობდი, ტანსაცმელს რომ მხდიდა, მაგრამ განძრევა და ხმის ამოღება არ შემეძლო. შემეშინდა, მომკლავდა და თავი მოვიმკვდარუნეო. ამ ნაძირალას სურდა, თავი ასე ემართლებინა, რომ თითქოს მათ შეუსწრო და ეჭვიანობის საფუძველზე მოკლა კახა. ვერ ვიტყვი, რომ შეურაცხადია. მთელმა სოფელმა იცის, როგორ სასტიკად ექცეოდა ცოლს. შეეძლო ნებისმიერზე ეეჭვიანა, ვინც მათი ეზოს კარს შეაღებდა. მეზობელთანაც ვერ გადადიოდა დარეჯანი. მის ცოლს ყოველთვის ვეუბნებოდით, - გაშორდი, თავს რატომ აკვლევინებ ამ პათოლოგსო, მაგრამ ამ ქალს წასასვლელი არსად ჰქონდა და ამდენ წამებას ითმენდა... - ამბობს მოკლულის ნათესავი.

ბრალდებულ სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

***

სადისტური მკვლელობა გლდანში

კიდევ ერთი მკვლელობა გლდანში მოხდა. 77 წლის მოხუცის სახლში ბოროტმოქმედები შეიჭრნენ და წამებით მოკლეს. როგორც ირკვევა, მოხუცს მოატყუეს, რომ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები იყვნენ, იმანაც კარი უპრობლემოდ გააღო. რას წარმოიდგენდა, რომ ყაჩაღები იყვნენ? ბინაში შეცვივდნენ და ქალი გაგუდეს. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს უმძიმესი სურათი დახვდათ: ქალს ცელოფანის პარკი ჰქონდა თავზე ჩამოცმული და ზემოდან საბნები ეყარა. გარდაცვლილის მეზობელმა გაიგონა, როგორ უთხრეს დამნაშავეებმა მოხუცს, - გაზიდან ვართო. როგორც ირკვევა, დამნაშავეებმა იცოდნენ, რომ წინა დღეებში მოხუცს შვილებმა გერმანიიდან ფული გამოუგზავნეს და ამ ფულს ეძებდნენ.

- მოხუცი დასთან ერთად ცხოვრობდა, მისი შვილი და შვილიშვილი გერმანიაშია. სახლში მარტო იყო, და გასული ყოფილა. როგორც ჩანს, დაელოდნენ დის გასვლას და მერე შეეჭრნენ სახლში. ქალს გადაადგილება უჭირდა, ამიტომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. რატომ მოკლეს, ვერ ამიხსნია. შეიძლება მან დამნაშავეები იცნო, თორემ რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია? ეს არის სისასტიკე. სახლიდან 2.000 დოლარი და ოქროულობაა წაღებული. სახლში დაბრუნებულ დას ეს საშინელება დახვდა. შოკშია, საშინლად განიცდის მომხდარს, - ამბობს მეზობელი.

სამართალდამცავებმა მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დანაშაული გახსნეს. ირკვევა, რომ დამნაშავეები ადრე ნასამართლევები არიან. ისიც დადგინდა, რომ დამნაშავეებს "ნაკოლის" მიმცემი ჰყავდათ. ლევან კ. და ივანე ლ.-მ თემურ გ.-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, გლდანის "ა" მიკრორაიონში ბინაში შევიდნენ, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ თანხას და ძვირფასეულობას, შემდეგ ქალბატონი გაგუდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 1978 წელს დაბადებული ლევანი წარსულში ნასამართლევია. ასევე, ნასამართლევია 1984 წელს დაბადებული ივანე. მათ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალი დასდეს, ხოლო 1969 წელს დაბადებულ თემურ გ.-ს ქურდობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. ნაქურდალი ფული და ძვირფასეულობა ამოღებულია. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თეა ხურცილავა