შვილის სიკვდილის გამო თვითმკვლელობამდე მისული დედები (I ნაწილი) - გზაპრესი

შვილის სიკვდილის გამო თვითმკვლელობამდე მისული დედები (I ნაწილი)

ფრანგი სოციოლოგის, ემილ დიურკგეიმის მოსაზრებით, სუიციდის სხვადასხვა ტიპები არსებობს: ეგოისტური თვითმკვლელობები, რომელსაც მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები; ანომიური თვითმკვლელობა, რაც ახასიათებს მატერიალური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს; ალტრუისტული თვითმკვლელობა, რომელსაც ძირითადად, სიყვარულით იმედგაცრუებულები სჩადიან. ფატალისტური თვითმკვლელობა - ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად. არსებობს ფარული სუიციდიც, რომელიც ხორციელდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით; როდესაც ადამიანი მათი მეშვეობით ცდილობს რეალობიდან გაქცევას, სინამდვილეში, მისდა უნებურად, სიცოცხლეს გაურბის.

31 მაისს, ღამის 2 საათზე მეცხრეკლასელი გოგონა ლიზი ლაშხი, თავისი საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დედისერთა გოგონა ბებიასა და დედასთან ერთად ცხოვრობდა. მშობლები გაშორებულები არიან და დედა შვილს მზრუნველობას არ აკლებდა. მეზობლების თქმით, ლიზი ძალიან გონიერი და ნაკითხი გოგონა იყო. ერთი წელია, რაც ოჯახმა ამერიკულ აკადემიაში შეიყვანა და წარმატებით დახურა მეცხრე კლასი. რა გახდა გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი, ამაზე ოჯახის წევრები და ახლობლები არ ლაპარაკობენ. ერთი ვერსიით, გოგონა სახლში გვიან დაბრუნდა, დედამ უსაყვედურა და ეს ვერ აიტანა. მეორე ვერსიით, ლიზი ღამის ორ საათზე მეგობრებთან ერთად კაფეში აპირებდა წასვლას, დედამ არ გაუშვა და ამიტომ მიიღო ასეთი საშინელი გადაწყვეტილება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. იმედია, ძალოვანები დაადგენენ ტრაგედიის მიზეზს, თუმცა, ამით არაფერი შეიცვლება ლიზის ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც მომხდარით შეძრულები არიან. მათ აღარ ჰყავთ დედისერთა ლიზი. საზოგადოებამ იცის, რომ ამ ფაქტის თვითმხილველმა დედამ, ეკა იორამაშვილმაც სცადა თვითმკვლელობა. ისიც გადმოხტა აივნიდან, თუმცა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მეზობლის აივანზე დაეცა და სხეულის დაზიანებები მიიღო. მეზობლის თქმით, სასოწარკვეთილმა დედამ საავადმყოფოში წასვლაზეც კი უარი თქვა. მას სახლში მოუყვანეს ექიმი. ამბობენ, ექიმები არ გაიკარაო. დღემდე სახლში რჩება.

ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში ფაქტის თვითმხილველმა სულისშემძვრელი სტატუსი დაწერა. უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, მას დავუკავშირდით და ასეთი რამ გვიამბო:

GzaPress- რამდენიმე დღე გავიდა ამ საშინელი ტრაგედიიდან და ვერ ვივიწყებ იმ ღამეს. დაახლოებით ღამის 2 საათზე ისეთი საშინელი ხმა მომესმა, რომლის მსგავსი არასოდეს გამიგონია. ვიფიქრე, აქვე ახლოს რაღაც აფეთქდა-მეთქი... გავიხედე ღია ფანჯრიდან, მაგრამ ვერაფერი დავინახე... რამდენიმე წამში ქალის განწირული კივილი შემომესმა... ის შველას ითხოვდა. მაშინვე გავვარდი გარეთ და რას ვხედავ, ახალგაზრდა ქალს შუა ქუჩაში, გოგონა გულში ჰყავს ჩახუტებული და უაზროდ, არაადამიანური ხმით კივის. თან ეფერება, - შვილო, არ დამღუპოო, - ეუბნებოდა. მივედი ახლოს და მთხოვა, "სასწრაფო" გამოიძახეთო... ვკითხე დაბნეულმა, - გული წაუვიდა-მეთქი? - არა, გადმოვარდა მეცხრე სართულიდანო... - გადავირიე... ვერ აღვწერ იმ მდგომარეობას, რა დღეშიც ჩავვარდი, როცა თვალი ავაყოლე იმ კორპუსის სიმაღლეს, თვითონ გავხდი მოსაბრუნებელი... ამასობაში, ჩემი რძალიც გამოვარდა სახლიდან... უკვე დავრეკე "სასწრაფოშიო". თავიდან ვერ გავარჩიე, გოგო იყო თუ ბიჭი, რადგან სახე არ უჩანდა, დედას ისე ძლიერ ჰყავდა ჩახუტებული. გოგონას ჯინსის შარვალი ეცვა. სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა... უცებ ბავშვს მუცელი საშინლად გაებერა, რაც სავარაუდოა, ძლიერი ვარდნისგან ორგანოების გასკდომამ გამოიწვია. სისხლი არ წამოსვლია, ღია ჭრილობა არ ჰქონია. გული მომიკვდა... ამასობაში მთელი კორპუსი შეიკრიბა გარეთ. ბავშვის ბებიაც გამოჩნდა, გამწარებული დარბოდა და შველას ითხოვდა. "სასწრაფოს" მოსვლამდე პატრულის მანქანები მოვიდნენ. "სასწრაფომ" დააგვიანა, მერე როგორც იქნა, გამოჩნდა. ბავშვს თვალი ნახევრად ღია ჰქონდა. ჯერ ისევ თბილი იყო, მაგრამ ვხედავდი, ცოცხალი აღარ იყო. საკაცეზე რომ დააწვინეს, ფეხი გავუსწორე, მოტეხილი ჰქონდა. პროზექტურაში წაყვანის გადაწყვეტილებას იღებდნენ. ვეღარ აკავებდნენ დედასა და ბებიას. საწყალი დედამისი რომ მიხვდა, შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა და საავადმყოფოში არ მიჰყავდათ, უცებ გაშტერდა, ხმას ვეღარ იღებდა. გაოგნებული ვიდექი... როგორ აიყვანეს სახლში ბებია, არ დამინახავს. გავიგონე, მეზობელმა პატრულს რომ უთხრა, - ბავშვის დედას ყურადღება მიაქციეთ, რამე არ მოიმოქმედოსო. დედაც აიყვანეს პატრულის დახმარებით სახლში. ალბათ პატრული ვერც მოიფიქრებდა, იმ სახლს უკანაც რომ ჰქონდა აივანი და ცოტა ხანში ზედა სართულიდან ისევ კივილი გაისმა. თურმე ახლა დედა გადახტა მეცხრე სართულის უკანა აივნიდან... ეს არც გაგვიგია, "სასწრაფოს" მანქანასთან ვიდექით და ველოდებოდით, როდის წაიყვანდნენ ბავშვს პროზექტურაში. ამ დროს ოთხი ბიჭი მოვარდა ყვირილით, - ზედა სართულიდან ქალი გადმოხტაო. კი, ბავშვია 15 წლის და "სასწრაფოში" ასვენია-მეთქი. გაიკვირვეს, - ასე უცებ როგორ დაასვენესო? ქუჩის მეორე მხრიდან გადმოხტაო, გაიმეორა მეორე ბიჭმა. მერე გაირკვა, რომ ბიჭები თურმე სიგარეტს ეწეოდნენ აივანზე და დაინახეს მათი წინა კორპუსიდან ქალი რომ გადმოხტა. ეს ლიზის დედა, ეკა იყო. უნდა გენახათ, ის უცხო ბიჭები როგორ იშენდნენ თავში ხელს და როგორ ბღაოდნენ, როცა ეს საშინელება დეტალურად გაიგეს... პატრული და მოსახლეობის ერთი ნაწილი სასწრაფოდ გაცვივდნენ სახლის უკანა მხარეს ჩაბნელებულ ეზოში, მაგრამ იქ ეკა ვერ იპოვეს... შემდეგ ვიღაცამ დაინახა, ქალი რომელიღაცა სართულის აივნის სახურავზე ეგდო, რომელიც უფრო განიერი იყო და კარგად წინ წამოწეული. როგორც ამბობენ, როცა გადახტა, რომელიღაც სართულის თოკზე ძლიერად დაეცა, ამ ინერციამ ააგდო მაღლა და ერთ-ერთი მეზობლის აივანზე დავარდა. მესმის განადგურებული დედის მდგომარეობა... წამებში დაემხო თავზე მთელი ცხოვრება, წამებში დაკარგა აზრი მისმა ამქვეყნად ყოფნამ, მაგრამ სიკვდილი თუ არ გიწერია, თურმე არაფრით მოკვდები... დედა გადარჩა, დაჟეჟილიაო, ექიმებსაც კი არ გაჰყვა საავადმყოფოში. საშინლად განადგურებულია... უფალმა დედა გადაარჩინა და არ გაიყვანა ამ წუთისოფლიდან, რადგან შვილზე უნდა ილოცოს და შესთხოვოს უფალს პატიება შვილის საქციელზე... დედის გულმხურვალე ლოცვა-ვედრებას შვილი ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს... ახლობელ-მეგობრებს კი, არა აქვთ უფლება მასზე ლოცვის.

როგორც შევიტყვეთ, 2006 წელს, დოლიძის ქუჩაზე ეკა იორამაშვილს ძმა მოუკლეს. ოჯახს ეს ტკივილი ჯერ კიდევ არ ჰქონდა განელებული და ახალი ტრაგედია დაატყდათ თავს. სადარბაზოსთან ლიზის კლასელები და მეგობრები იყვნენ შეკრებილი. ისინი ჟურნალისტებს კორპუსის კადრების გადაღების საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. მომხდარის მიზეზებზეც არ საუბრობენ.

როგორც გვითხრეს, ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, ლიზის "ფეისბუკის" საკუთარი გვერდი დაუხურავს, თუ რატომ, ამაზე პასუხიც არ გვაქვს. ცალსახაა, უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. თურმე გოგონას დედა საღ გონებაზე არ არის. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

აფექტის მდგომარეობაში მყოფმა სცადა ეკა იორამაშვილმა თვითმკვლელობა, უდავოა - შვილის სიკვდილი ვერ აიტანა.

გაგრძელება იხილეთ აქ

თეა ხურცილავა