შვილის სიკვდილის გამო თვითმკვლელობამდე მისული დედები (II ნაწილი) - გზაპრესი

შვილის სიკვდილის გამო თვითმკვლელობამდე მისული დედები (II ნაწილი)

წლების წინ რუსთავში ერთმა ქალბატონმა ვერ გაუძლო ერთადერთი შვილის სიკვდილს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ფაქტიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ტრაგედია დღემდე ახსოვთ იქაურ მეზობლებს. ცოლ-შვილის გარეშე ცხოვრებას აგრძელებს დავით თურქაძე. დეტალების გასახსენებლად მას მივაკითხეთ. მეზობელს როცა ფაქტი გავახსენე, მაშინვე მიმითითა, მეცხრე სართულზე ადით, სახლში იქნება დავითი და ყველაფერს გიამბობთო.

დავით თურქაძე:

GzaPress- წლების წინ დაგვატყდა ეს უბედურება, რამაც ჩემი ბედნიერი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან ვარ. რუსთავში ბინა გვქონდა. ერთადერთი ბიჭი მყავდა, ჯონი თურქაძე. მაშინ 18 წლის იყო, მეორე დღეს ჯარში უნდა წასულიყო და სუფრის გასაშლელად ვემზადებოდით. ჩემი მეგობრის მანქანით წავედით კახეთში. მეურნეობა მქონდა და ჩემი აუზიდან თევზი უნდა წამომეღო. 1989 წლის ოქტომბერი იყო, პარასკევი დღე. ღვინო და თევზი ჩემმა მეგობარმა წამოიღო თავისი მანქანით. ჯონიმ მითხრა, - მე ლევანი ძიას გავყვებიო და მას გამოჰყვა. მე სუფრისთვის ხორცეული მომქონდა. დავტვირთე მანქანა და ამ დროს ჩემი ძმაკაცი ანზორი შემხვდა. ვაიმე, ძალიან ცუდი ამბავია, შენთან რომ მანქანა იყო, ავარიაში მოჰყვაო. - ვაიმე, ჯონიც იქ იჯდა-მეთქი, წამოვიყვირე. - არა, ჯონი იქ ვერ დავინახეო. გაცვეთილი საბურავები ჰქონდა, მოუცურდა და კაკალის ხეს შეასკდა. დარტყმის ხმაზე მეცხვარე გამოსულა. ჩემს ბიჭს უთქვამს, - ძალიან ცუდად ვარ, დათოს შვილი ვარ, ყველაფერს გააკეთებს მამაჩემი, ოღონდ მიშველეთ და საავადმყოფოში მიმიყვანეთო. იმ კაცს წაუყვანია ჯონი საავადმყოფოში. ლევანი იქვე დაუტოვებია, რადგან მკვდარი ეგონა. იფიქრა, ბავშვს მაინც გადავარჩენო. საუბედუროდ, ჯონი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა. მერე სხვებმა გადმოიყვანეს ლევანი. ის გადარჩა, თუმცა შრომისუუნაროა. მე საავადმყოფოში გავიგე, შვილი რომ აღარ მყავდა. ჩემი მეუღლე, მარინა ბაღოშვილი, რუსთავში იყო, კახეთში მოტყუებით ჩამოიყვანეს. საშინელ დღეში ჩავარდა, ვერ აღგიწერთ იმ განცდებს, რაც გადავიტანეთ. მინდოდა, შვილი სოფელში დამეკრძალა, მაგრამ მეუღლემ მითხრა, - ამხელა გზაზე ვერ ვივლიო და ამიტომ რუსთავში წამოვასვენეთ. ხუთშაბათ დღეს დავკრძალეთ. მეორე დღეს საფლავზე გასასვლელად ვემზადებოდით. სახლში იყვნენ დედაჩემი, ჩემი სიდედრი, ცოლის და. მარინა ჯონის ოთახში რომ შევიდა, დავინახეთ, თურმე წერილი დაუწერია. მწერდა, - დათო, მაპატიე, მე ჩემს ბიჭთან უნდა წავიდე, სხვანაირად არ შემიძლია და შენ აქედან გვიპატრონეო. ჯონისაც სწერდა, - შვილო, არ ვიცოდი ამდენი მეგობარი თუ გყავდა, ასე თუ უყვარდი ყველას, ასე თუ გაფასებდნენ. მე შენთან მოვდივარო. ჩემი შვილის სისხლიანი ქურთუკი იდო სახლში, ტრაგედიის დროს რომ ეცვა. ის ქურთუკი ჩაუცვამს ჩემს მეუღლეს, მეცხრე სართულის სახურავზე აიპარა და იქიდან გადახტა. სახლში ვიყავით ყველანი. ყვირილისა და ბავშვების ჩოჩქოლის ხმა გაისმა. ამ საშინელების წინაშე დავდექით, ჩემი მარინაც აღარ მყავდა.

- მანამდე მის ქცევაში საეჭვო არაფერი შეგიმჩნევიათ?

GzaPress- არაფერი, რომ შემეტყო ყურადღებას მივაქცევდი. მისი სიკვდილის მერე სოფელში მეზობლებმა მითხრეს, შვილს დასტიროდა, შვილო, ერთი კვირის თავზე შენთან ვიქნებიო. ეს რომ გამეგო, სიფრთხილეს გამოვიჩენდი. თუმცა, არ ვიცი, შევძლებდი თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილებას. მისი სიკვდილის მერე დედა-შვილი სოფელში წავასვენე და იქ დავკრძალე ორივე ერთად. ერთადერთი შვილის დაკარგვა ვერ გადაიტანა. მეორე შვილი რომ მყოლოდა, ვფიქრობ, თავს არ მოიკლავდა და მასზე იფიქრებდა. იმ დილით მის ხელში სარეცხის თოკი შევნიშნე. - ეს რად გინდა-მეთქი? მითხრა, - სარეცხის თოკი დალპა და შესაცვლელიაო. რა დროს თოკის შეცვლაა, ჭკუიდან ხომ არ შეიშალა-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ თავის მოსაკლავ გზას თუ ეძებდა, ამაზე არ მიფიქრია. ეს განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. ის ერთი კვირა, სანამ ჯონი დავკრძალეთ, ჩემს მეუღლეს პირში ლუკმა არ ჩაუდვია. მარტო ყავას სვამდა. გულში იკრავდა შვილის სისხლიან სამხედრო ქურთუკს, სწორედ ის ეცვა მაშინ, როცა გადახტა. ასე დაასრულა სიცოცხლე, ყველაფერი შეგნებულად გააკეთა, ტკივილს ვერ გაუძლო მისმა გულმა. საოცარი დედაშვილობა ჰქონდათ ჯონის და მარინას. ჩვენც კარგი ცოლქმრობა. არასოდეს ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ძალიან ბედნიერები ვიყავით, თუმცა, ასე შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მათ გარეშე დავრჩი. ძალიან ძნელია მათ გარეშე ჩემი ცხოვრება. მე ისე ძლიერად მიყვარდა ჩემი ცოლი, სხვა ქალის შერთვაზე არც მიფიქრია. ტრაგედია რომ მოხდა, მაშინ მარინა 37 წლის იყო, მე - 42-ის და მას მერე დავრჩი მარტო. დავდივარ მათ საფლავზე, ვუხდი დაბადების დღეებს, ვლოცულობ. მათ ფოტოებს ველაპარაკები. მარტო ვცხოვრობ. 4 წელია, რუსთავში წამოვედი. ლოპოტის ტბა და მიმდებარე ტერიტორია, 24 ჰექტარი, იჯარით მქონდა აღებული და 80 ტონა თევზი მყავდა ტბაში. მეურნეობას ვეწეოდი, ეს ყველაფერი წინა ხელისუფლებამ წამართვა. არჩილ გეგენავასა და მიხეილ სააკაშვილს ერთად ჰქონდათ მეურნეობა ყვარელში, ხეხილის ბაღჩა. თურმე ჩემი ტბისკენ ჩამოისეირნეს და როცა მიშას ეს ადგილი დაუნახავს, გაკვირვებულს უთქვამს, - ამ ადგილს მიმალავდით? ხვალიდანვე დაიწყეთ აქ მშენებლობაო და წამართვეს იქაურობა, თავისი 80 ტონა თევზით. ახლა სოციალურად დაუცველის დახმარებას ვიღებ, ამას პენსია ემატება და ამით ვცხოვრობ. ჩემი ჯონის მეგობრები ჩემთან ხშირად მოდიან და მიხარია, მათ რომ ვხედავ.

დასაწყისი იხილეთ აქ

თეა ხურცილავა