ყოფილი პარლამენტარები - მკვლელი და მოკლული - გზაპრესი

ყოფილი პარლამენტარები - მკვლელი და მოკლული

ახალგაზრდა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს

ანსამბლ "ხერთვისის~ ხელმძღვანელი, 30 წლის ვანო წიკლაური თბილისში, ქერჩის ქუჩაზე მოკლეს. მას დღის 2 საათზე, სარეპეტიციო დარბაზში მკვლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბიჭის გადარჩენა ვეღარ შეძლო, ორი ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული. ის ადგილზე გარდაიცვალა. გასროლის ხმა იქვე კორპუსის მცხოვრებლებმა გაიგეს. რამდენიმე ადამიანმა თურმე დაინახა, როგორ გამოვიდა სირბილით შენობიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, როგორ ჩაჯდა მანქანაში და მიიმალა. მკვლელობა ოპერატიულად გახსნეს სამართალდამცავებმა, დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა დასახელდა.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ი.მ. ხაშურში დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ცნობილია, რომ ბრალდებული ვანო წიკლაურის ერთ-ერთი მოსწავლის მამაა. მას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით გაასამართლებენ, სასჯელსაც მოიხდის, თუმცა ეს ვერანაირი ნუგეშია მოკლულის ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, რომლებსაც საყვარელი ადამიანი ასე მუხანათურად მოუკლეს.

"დამნაშავე თურმე თავის ცოლზე ეჭვიანობდა, რომელსაც ბავშვი ცეკვაზე დაჰყავდა. ეჭვიანობით დაბრმავებულმა, სიცოცხლით სავსე ბიჭი ასე სადისტურად მოკლა. ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ ეჭვიანობის საბაბი აქ არ არსებობდა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერზე შეუძლიათ იეჭვიანონ. მკვლელმა ამ საშინელი დანაშაულით ყველა გაგვანადგურა~, - ამბობს მოკლულის მეზობელი.

ვანო წიკლაურს ყველა დადებითად ახასიათებს. როგორც ირკვევა, დამნაშავემ მისი გადაადგილების მარშრუტი კარგად იცოდა. ზაფხულში სტუდიაში სწავლა არ არის, ვანო სამსახურში ცოტა ხნით მივიდა ცეკვის ფორმების წამოსაღებად, რადგან იმ დღეს ერთ-ერთ რესტორანში კონცერტი ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ის მაშინ მოკლეს, როცა საპირფარეშოში ხელის დასაბანად შევიდა. მას ზურგიდან ესროლეს. ჯერჯერობით უცნობია, რა ჩვენება მისცა დამნაშავემ გამოძიებას.

დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანადირო თოფიდან გასროლით მოხდა. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

ყოფილი პარლამენტარის მკვლელობა კახეთში

8 აგვისტოს სანადირო თოფიდან გასროლით ყოფილი პარლამენტარი, ნოდარ მოდებაძე მოკლეს. ტრაგედია კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ნოდარ მოდებაძის კუთვნილ ვენახში მოხდა. როგორც ირკვევა, მკვლელობამდე დამნაშავესა და მოდებაძეს შორის შელაპარაკება მოხდა, ამის შემდეგ მწყემსმა სანადირო თოფიდან მას რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. ფაქტს თვითმხილველი ჰყავს, ვენახის დარაჯი, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს. დამნაშავის ვინაობაც ცნობილია ძალოვნებისთვის და მის ადგილსამყოფელს ადგენენ. სოფლის მოსახლეობის თქმით, მწყემსს მოდებაძის ვენახში საქონელი შეჰყავდა საბალახოდ, ვაზის ნარგავები ნადგურდებოდა და მოკლულმა თურმე მწყემსი რამდენჯერმე გააფრთხილა, - ნაკვეთებში საქონელი არ შეეყვანა, თუმცა მწყემსმა ყურად არ იღო ნათქვამი. მკვლელობის დღეს ნოდარ მოდებაძე ნაკვეთებში მივიდა და სხვისი საქონელი ისევ იქ რომ დახვდა, მწყემსთან შელაპარაკება მოუხდა, მან კი სანადირო თოფი აიღო და 66 წლის კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა. სოფელ აკურის რწმუნებულის, ოთარ ხატიაშვილის თქმით, ნოდარ მოდებაძეს მაშინ ესროლეს, როცა თავის კუთვნილ ნაკვეთში ნათესებს ამუშავებდა. მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა სოფელ კისისხევიდანაა. რწმუნებულის თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მუხლით.

მოკლული აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მეწილე იყო. ნოდარ მოდებაძე ცოტა ხნის წინ დაზარალებულად სცნო პროკურატურამ და მას წართმეული ქონებაც დაუბრუნდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2004 წელს, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის კატეგორიული მოთხოვნით, აკურის ღვინის ქარხნის მესაკუთრეები, თეიმურაზ მეგრელიშვილი და ნოდარ მოდებაძე იძულებულები გახდნენ, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ დაეთმოთ თავიანთი ქარხანა. სამართალდამცავების ორგანიზებით, შუაღამით, სახლიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ნოტარიუსი და 2004 წლის 7 სექტემბერს ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება: შპს "რთველი XXI~-ის 100%-იანი წილი, რომელსაც მეგრელიშვილი და მოდებაძე ფლობდნენ, აჩუქეს სახელმწიფოს. ამ დანაშაულისთვის ბრალი წაეყენა ზურაბ ადეიშვილსა და ივანე მერაბიშვილს. ისინი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს. როგორც ცნობილია, ქარხანა დაუბრუნდა დაზარალებულებს.

დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს მოსახლეობა. მათი თქმით, მსგავსი ფაქტებით შეწუხებულები არიან და მათაც აქვთ მწყემსებთან პრეტენზიები: "ჩვენს ნაკვეთებშიც შეჰყავთ მწყემსებს საქონელი და მთლიანად გაგვიჩანაგეს მეურნეობა. არაერთი საჩივარია შესული პოლიციაში, თუმცა ეს პრობლემა მაინც არ მოგვარდა, მწყემსები ისევ ისე იქცევიან, პოლიცია კი ზომებს არ იღებს~, - აცხადებს მოსახლეობა.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

პროსტიტუციის ფაქტები თბილისში

გასულ კვირას სამართალდამცავებმა ორი ქალი დააკავეს. ერთ-ერთი - 42 წლის დარეჯანი, სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობდა. მეორე კი, ჩინეთის მოქალაქეა, რომელიც თბილისში ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი იყო. დაკავებულებს პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდება წაუყენეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროსა და სალონში მომუშავე პირები მოწმის სახით დაჰკითხეს.

მკვლელობა

წალკის რაიონის სოფელ ნარდევანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პარლამენტარს, ჰაიკ მელტონიანსა და წალკის რაიონის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, სამსონ თამარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. დანაშაული ნათესავებს შორის ქონებრივ დავას უკავშირდება. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, სამსონ თამარიანისა და პარლამენტის ყოფილი წევრის, ჰაიკ მელტონიანის ოჯახებს შორის დაპირისპირება მიწის ნაკვეთის გამო წლებია, მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, სამსონ თამარიანი ჰაიკ მელტონიანის უმცროს ვაჟს საკუთარი ავტომობილით დაეჯახა და მიატოვა. როდესაც ჰაიკ მელტონიანი და მისი ძმისშვილი ბავშვთან მივიდნენ, თამარიანის ვაჟმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და ჰაიკ მელტონიანის 23 წლის ძმისშვილი დაჭრა. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ შემთხვევის შემდეგ, თამარიანის მისამართით მელტონიანმა გაისროლა. შედეგად კი თამარიანის ძმა დაიჭრა. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში იმყოფება.

"ეს ორი გვარი ისე იყო ერთმანეთზე გადაკიდებული, ვიცოდით, რა შედეგიც დადგებოდა. დიდი ხნის წინ დაიწყეს მიწაზე დავა. მკვლელობის წინა დღეს, ჰაიკ მელტონიანის ძმისშვილი სამსონ თამარიანის მაღაზიაში მივიდა და სამსონის ცოლის თვალწინ უღირსად მოიქცა. მეორე დღეს კი ორივე გვარი საერთო ნათესავის დაკრძალვაზე იყო. როდესაც გარდაცვლილი დაკრძალეს, სამსონ თამარიანი საკუთარ მანქანაში ჩაჯდა და მელიტონიანის არასრულწლოვან ბიჭს მანქანა დაარტყა, ბიჭი წაიქცა, მანქანაც არ გააჩერა, გაიარა და წავიდა. ამის შემდეგ მელტონიანი და მისი ძმისშვილი მივიდნენ, რათა ჰაიკის ბიჭი მანქანაში ჩაესვათ და სახლში წაეყვანათ; იქვე იდგა სამსონ თამარიანის ბიჭი - ანდრანიკი, რომელმაც რევოლვერი ამოიღო და ჰაიკ მელტონიანის ძმისშვილს, ანდრანიკ მელტონიანს მუცელში ესროლა. ძმისშვილი რომ მიწაზე წაქცეული და სისხლიანი დაინახა, ბიძამ - ჰაიკ მელტონიანმა ამოიღო იარაღი და სროლა დაიწყო. ტყვია სამსონ თამარიანის ძმას, სამველს მოხვდა. ჰაიკ მელტონიანის ძმისშვილი მძიმედ დაჭრილი წაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა~, - ამბობს თანასოფლელი. მელტონიანის ძმა, დავითი, მისი ძმისშვილის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. "მომიკლეს ძმისშვილი, ჩემი ძმა ციხეშია, ჩვენ თავებს გავწირავთ, დავიხოცებით, კანონი თუ არ აღსრულდება, ჩვენ აღვასრულებთ. სამსონ თამარიანი თანამდებობითა და გავლენებით სარგებლობს, ამ სოფელში ყველაფერსაა დაპატრონებული~.

ბრალდებულ თამარიანის ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ უარყო, რომ დანაშაული მანქანის შეჯახებას მოჰყვა: "არანაირი შეჯახება სამსონ თამარიანის მხრიდან, არასრულწლოვნის მიმართ არ ყოფილა. ეს დასტურდება წარმოდგენილი ჩვენებით, სადაც არასრულწლოვანი ამბობს, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია იმ დღეს, როცა ეს ფაქტი მოხდა. უფრო მეტიც, ის ჩვენებაში აცხადებს, რომ არ ახსოვს, სად მიიღო ეს დაზიანება. ეს არის წლების წინ მომხდარი დაპირისპირების შედეგი~.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა