საქმის გარჩევა მკვლელობით დასრულდა - გზაპრესი

საქმის გარჩევა მკვლელობით დასრულდა

21 წლის აჩიკო ტოტორაშვილმა 4 ახალგაზრდა დაჭრა. მათგან ერთი _ 22 წლის ნოდარ გოგიტიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაჭრილთა შორის პოლიციის თანამშრომელიცაა. როგორც ირკვევა, ის მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა და ამ დროს ხელში დაჭრეს. შს სამინისტროს ცნობით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი მირიან ნოღაიდელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. იგი ახლოს იყო შემთხვევის ადგილთან, ხმაური გაიგონა და ვითარების გასარკვევად მოჩხუბრებთან მივიდა. სამოქალაქო ფორმაში მყოფი, უიარაღო პატრულ-ინსპექტორი შეეცადა აჩიკო ტოტორაშვილის შეჩერებას, მაგრამ მოქნეული დანა მასაც მოხვდა და დაიჭრა. ტრაგედია ერთ-ერთ რესტორანში ბიჭებს შორის დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა. კონფლიქტი ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას გოგიტიძე უმძიმეს მდგომარეობაში დახვდა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სხვა დაჭრილებიც სასწრაფოდ ქობულეთის საავადმყოფოში მოათავსეს. ორი მსუბუქად იყო დაშავებული, ისინი მალე გაწერეს. ერთი პაციენტი კვლავ საავადმყოფოშია, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილი დატოვა ტოტორაშვილმა, მაგრამ მისი დაკავება ძალოვანებს არ გასჭირვებიათ. იგი რამდენიმე საათში ქობულეთის რაიონის სოფელ აჭიში აიყვანეს.

როგორც ირკვევა, მოკლულსა და ბრალდებულს შორის უთანხმოება დიდხანს გრძელდებოდა.

გარდაცვლილი ნოდარ გოგიტიძე ქობულეთის საფეხბურთო გუნდ `შუქურაში~ თამაშობდა. მისი მეგობრები მომხდარით შეწუხებულები არიან:

_ ბომბორა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან მხიარული, საოცრად კარგად ცეკვავდა. მეგობრული იყო. მუდამ ღიმილიანი, უკონფლიქტო. რატომ გაიმეტეს სიკვდილისთვის, არ ვიცით. ძალიან განვიცდით მისი მეგობრები და განადგურებულები ვართ. ცხოვრების სურვილი დავკარგეთ, ჩვენი ენერგიული და სიცოცხლით სავსე მეგობარი აღარ გვყავს. საოცრად მოსიყვარულე იყო. სიტყვებით ძნელია, გამოხატო ის ემოცია, რასაც ახლა განვიცდით თითოეული მისი მეგობარი. არ ვიცი, მის გარეშე რა გვეშველება. მკვლელი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ასეთი კარგი ბიჭი მოგვიკლა. არ ვიცით, აწი ჩვენ თუ გავიღიმებთ, ჩაკვდა ჩვენი უბანი _ ამბობს მისი ერთ-ერთი მეგობარი.

სოციალური ქსელიც აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით. ვიდეოებითა და ფოტოებით, სადაც ბომბორას ცხოვრების დეტალები და ეპიზოდებია ასახული. კლიპიც კი მიუძღვნეს მეგობრებმა.

_ შეძრულები ვართ მომხდარით. ორივე ახალგაზრდას კარგად ვიცნობ. ძალიან კარგი ბიჭი იყო მოკლული, მოსიყვარულე და სიცოცხლით აღსავსე. სულ მოღიმარს ვხედავდი. ცუდს ვერც დაკავებულზე ვიტყვი. აჩიკოც კარგი ახალგაზრდაა. რა მოხდა ამ ბიჭებს შორის, არ ვიცი, მაგრამ აქ ყველამ იცის, რომ დიდი ხანია, მათ შორის იყო რაღაც უთანხმოება და გარჩევები. იმ დღეს თურმე ბიჭებმა გადაწყვიტეს, ისინი შეერიგებინათ და ამიტომ ერთად შეიკრიბნენ. როგორც ამბობენ, თითქოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. ის იყო, სუფრა იშლებოდა, რომ უცებ დაიწყო ჩხუბი. როგორც ამბობენ, მკვლელობაში ბრალდებულს თურმე მაგრად სცემეს, ამ დროს მან დანა ამოიღო, დაჭრა ისინი და გაიქცა. დანას თურმე გიჟივით იქნევდა. ამბობენ, მასაც აქვს დაზიანებები და ძალადობის კვალიც ეტყობაო. თურმე არ იცოდა, რომ ბომბორა მოკლული ჰყავდა. იქიდან გაქცეულა. მერე რომ მიაკითხეს და უთხრეს, კაცი მოკალიო, გაგიჟებულა. საშინელებაა, ფაქტობრივად, უმნიშვნელო კონფლიქტს შეეწირა ეს ლამაზი ბიჭი და აჩიკომაც საუკეთესო წლები ციხეში უნდა გაატაროს, _ ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ნარგიზ რომანაძე, ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი:

_ ნოდარ გოგიტიძე ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო, სკოლასთან ცხოვრობენ და ჩვენ თვალწინ გაიზარდა. სკოლა დაამთავრა ექსტერნის წესით, ძალიან მოზომილი, უპრეტენზიო, რომ არ შეგაწუხებდა, ისეთი ზრდილი ახალგაზრდა იყო. არასოდეს არაფერი შეშლია. სპორტს მისდევდა, ფეხბურთელი იყო. ისე, ტრაგიკული ოჯახია, ერთი წლის წინ მას ახალგაზრდა მამა გულის შეტევით გარდაეცვალა, ავარიით დაიღუპა ბიძა და ახლა ეს ამხელა ტრაგედია დაატყდა კიდევ ოჯახს. გვტკივა ძალიან. ჰყავს და და ძმა, ეს იყო ოჯახის უფროსი შვილი. ამბობენ, `სპიცით~ არის მოკლული. მკვლელობის მოტივზე ვერაფერს გეტყვით. ჭორებზე არ ვისაუბრებ, გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება დამნაშავეს, მასაც დადებითად ახასიათებენ. საშინელებაა, რაც მოხდა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, უკვე დაჰკითხეს სამართალდამცავებმა ჩხუბში მონაწილე ბიჭები და თვითმხილველები. ჩვენება მისცა ბრალდებულმაც, თუმცა მისი ჩვენების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. არც მკვლელობის მოტივზე საუბრობენ. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა