10 წელი მამაკაცის მკვლელობისთვის - გზაპრესი

10 წელი მამაკაცის მკვლელობისთვის

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული თინათინ გინტური განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით გაასამართლა და 10 წელი მიუსაჯა. მას რომან ბედიანაშვილის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად. ჯარისკაცის მკვლელობა 8 მარტს, გორში მოხდა. იმ ღამით თინათინ გინტური გორში, მოსკოვის ქუჩაზე მდებარე რომან ბედიანაშვილის ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა. გამოძიების მტკიცებით, მათ ერთმანეთთან შელაპარაკება მოუხდათ. გინტურმა კი შურისძიების მოტივით მისი მოკვლა გადაწყვიტა. მას სასმელში საძილე აბები ჩაუყარა, დააძინა, მერე ბინას ბენზინი მოასხა, ცეცხლი წაუკიდა და იქაურობა დატოვა. მეზობლებმა ბინაში კვამლი შენიშნეს და მაშინვე სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. სწორედ მეხანძრეებმა იპოვეს იატაკზე დაგდებული ჯარისკაცის ნახევრად დამწვარი ცხედარი. მალე ბრალდებულიც დააკავეს. როგორც ირკვევა, მამაკაცმა გინტური მეგობრისგან გაიცნო და იმ ღამით ბინაში წაიყვანა. გამოძიებამ მას ქურდობაშიც დასდო ბრალი, რადგან ბინიდან მოკლულის მობილური ტელეფონი ჰქონდა წამოღებული. რომან ბედიანაშვილი მხუთავი აირით მწვავე მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. იგი 39 წლის იყო, გორის რაიონის სოფელ ფხვენისიდან და გორში, კომბინატის დასახლებაში, სოციალურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ხუთი შვილის მამა იყო, მეუღლესთან გაცილებული და კონტრაქტით ჯარში მსახურობდა. ბრალდებულის დედა, ნინო ბაშარული მაშინ ირწმუნებოდა, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ფსიქოტროპულ წამლებსაც სვამდა: `ორი წელია, არ მინახავს. გაქცეული იყო სახლიდან. ფსიქოტროპულ წამლებსაც სვამდა, აღრიცხვაზეც იყო კლინიკაში~, _ ამბობდა ის. ექსპერტიზით ბრალდებულს შეურაცხადობა არ დაუდგინდა. გინტური ჩადენილი დანაშაულისთვის 10 წელს ციხეში გაატარებს.

მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს

სამართალდამცავებმა გასულ კვირას, მესტიაში, 23 წლის მამაკაცი დააკავეს. მას ძალოვანები დიდი ხანია, ეძებდნენ. დაკავებულს განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. დანაშაული ერთი წლის წინ, თბილისში მოხდა. 2015 წლის 19 ნოემბერს, თბილისის ზღვის მახლობლად, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მას ჩხუბი მოუხდა დის ქმართან და სიცოცხლეს გამოასალმა იგი. 1988 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დის ქმარი მალე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდა და მათი ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა ბრალდებული მაშინ სიძესთან, მაგრამ შელაპარაკება ტრაგედიით დასრულდა. გამოძიება ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.