ვაკეში მომხდარი მკვლელობის დეტალები - გზაპრესი

ვაკეში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მორიგი ასეთი ფაქტი 2 სექტემბერს, დღის 3 საათზე ფალიაშვილისა და რიგის ქუჩის კვეთაზე მოხდა. ხალხის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცმა შავ ჯიპში მყოფი ადამიანები ჩაცხრილა. ჯერ მძღოლის გვერდზე მყოფს ესროლა, შემდეგ მძღოლს დაახალა ტყვიები. ამ შემზარავი ტრაგედიის ამსახველი კადრები საზოგადოებამაც იხილა, რომელიც ვიდეოთვალმა აღბეჭდა. ადგილზე დაიღუპა 37 წლის სოსო ჯოხაძე, მძიმედ დაიჭრა ადვოკატი 34 წლის ზაქარია ჩიბუხაშვილი, რომელსაც სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია და ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა.

სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მანქანაში მყოფი მოკლულის ძმა, გიორგი ჯოხაძე. ის კრიმინალური ავტორიტეტია, რამდენჯერმეა ნასამართლები. ნასამართლები იყო სოსო ჯოხაძეც. იგი ციხიდან გამოსვლის შემდეგ იძულებული იყო, საქართველო დაეტოვებინა. როგორც ახლობლები ამბობენ, პოლიციამ მას ულტიმატუმი წაუყენა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. სოსო ჯოხაძე ბოლო წლებში სომხეთში ცხოვრობდა, თურმე საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოდიოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა, ახლაც ახალი ჩამოსული იყო, რადგან გოგონა შეეძინა. ამ დღეებში ისევ აპირებდა სომხეთში დაბრუნებას. როგორც ამბობენ, პოლიციელებთან უთანხმოება თავიდან რომ აერიდებინა, ქალაქში მეგობარ ადვოკატთან ერთად გადაადგილდებოდა.

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა იმავე დღესვე დააკავეს. 35 წლის ბადრი ნათობაძე, მეტსახელად ბადუკა რამდენჯერმე ნასამართლებია. მას წინასწარი პატიმრობაც შეეფარდა, მაგრამ თავად ბრალდებული ბრალდებას უარყოფს.

ნათობაძის ადვოკატი 5.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა მის გათავისუფლებას, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მომხდარი ნათობაძის ჩადენილია.

- ამას ადასტურებს ვიდეოჩანაწერები, დაკითხულია მის გვერდში მყოფი პირიც, ვისთან ერთადაც ავტომანქანით მოძრაობდა. ის გვიყვება, როგორ აედევნა ბრალდებული მანქანას, რომელშიც ჯოხაძეები ისხდნენ. გაჰყვა იმ ადგილამდე, სადაც ავტომანქანა შეჩერდა და ბევრად მეტი შანსი გაუჩნდა სასროლად და ესროლა კიდეც. თავისივე მეგობარს გამოართვა სწორედ ის მაისური, რომელიც ვიდეოკადრებში ჩანს, თავზე რომ აქვს გადაფარებული. - აღნიშნა პროკურორმა, ლია ჩადუნელმა.

საქმეშია პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები. ისინი ამბობენ, რომ გასროლიდან დაახლოებით ერთ-ორ წუთში დაინახეს, როგორ მირბოდა თავზე გადაფარებული მაისურით მამაკაცი, რომელსაც მოუჩანდა იარაღი და პოლიციელების დანახვაზე მიმართულება შეიცვალა. წავიდა მზიურის პარკისკენ, სადაც ჩასასვლელი ხევია. პოლიციელები გაჰყვნენ. ხევში ჩაჰყვნენ პოლიციელებიც და სწორედ იქ დააკავეს. თან ჰქონდა იარაღი და ის მაისური, რომელიც მეგობარს გამოართვა და თავზე ეხურა. მეგობარი ადასტურებს, რომ ეს მაისური მისია.

ბადრი ნათობაძე სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ დაკავებისას იარაღი არ ჰქონდა:

- როგორ შეიძლება მოვითმინო და მოვისმინო ის, რასაც პროკურორი ამბობს? ამბობენ, რომ იარაღი ამოიღეს. სად მქონდა იარაღი, ხომ არ იცით? იარაღი არ მქონია და არც დანაშაული ჩამიდენია. მინდოდა, მომეყოლა თქვენთვის ყველაფერი... მეც ადამიანი ვარ, მეც ხომ მაქვს ჩემი უფლებები? ნასამართლები ვარ მარიხუანაზე ერთხელ, ორჯერ და კიდევ იარაღზე - ერთი კვირა გადამიცდა ვადა იარაღის ტარების უფლებაზე, შემოვარდნენ და დამიჭირეს... წელიწად-ნახევარია, ციხიდან გამოვედი. თქვენი მართალი სასამართლოს იმედი მაქვს. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდი სასამართლოში, რომ აქ მაინც ვიპოვო სამართალი. არავითარი იარაღი არ ამოუღიათ ჩემგან. `მზიურის~ ტყე-პარკში ვიყავი და იქ დამაკავეს. ვაკეში ვცხოვრობ და დღეში 4-5-ჯერ დავდივარ `მზიურში~. ერთი საათის განმავლობაში იქ ვყავდი, ვერ გავიგე, რას მერჩოდნენ...~ - განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბადუკა ნათობაძე 2002-2003 წლები `ნაციონალური მოძრაობის~ ვაკის ახალგაზრდული რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო და საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა პარტიის ლიდერებთან. განსაკუთრებით - გივი თარგამაძესთან. სააკაშვილის პრეზიდენტობისას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი არველაძესთან მუშაობდა. მან საპატიმრო მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით დატოვა.

მოკლულის ახლობლები ირწმუნებიან, რომ ნათობაძეს სოსო ჯოხაძეზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ქვეყნის დატოვება სურდა. კერძოდ, კიევში უნდა გაფრენილიყო და ბილეთიც ნაყიდი ჰქონდა. იმასაც ამბობენ, ბადუკა ნათობაძე `ნაციონალური მოძრაობის~ დროს საკმაოდ პრივილეგირებული იყო. მიშას ე.წ. ზონდერების ჯგუფის წევრიც იყო. ოფიციალურად არც ერთ სამართალდამცავ სტრუქტურაში არ ირიცხებოდა, მაგრამ გასამრჯელოს იღებდაო.

მკვლელობის მოტივის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება სახელდება. როგორც ამბობენ, ჯოხაძეს იგი ადრე ნაცემი ჰყავდა.

ყოფილი პატიმარი, სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დირექტორი, გია ფაცურია 2004 წელს იჯდა ბადუკა ნათობაძესა და სოსო ჯოხაძესთან ერთად საკანში. ის აცხადებს, ნათობაძე ხშირად იწონებდა თავს მერაბიშვილთან, თარგამაძესთან, სააკაშვილთან და სხვებთან ურთიერთობითო.

გია ფაცურია:

- სოსო უწესიერესი ადამიანი იყო, არასოდეს კავშირი არ ჰქონია ნარკოტიკებთან და არანაირ სიბინძურესთან. ბადუკა კი ყველანაირ სიბინძურესთანაა დაკავშირებული. 2004 წელს მარნეულიდან მოდიოდა დიდი ოდენობით ჰეროინით, მაშინ პოლიციისგან გაქცევა სცადა, რამდენიმე საპატრულო მანქანა დაამტვრია. ასეთ დანაშაულზე მაშინ სხვებს 20 წელს ან უვადოს უსჯიდნენ, მაგრამ მას რამდენიმე წელი მიუსაჯეს, იმიტომ რომ შეკრული იყო `ნაცებთან~. მიშა სააკაშვილის ძმაკაცი იყო, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანია. დარწმუნებით ვამბობ, ვაკეში მომხდარი მკვლელობა `ნაცმოძრაობის~ კილერების მობილიზებულია. სოსო ჯოხაძე, ისევე როგორც მე, `ოცნების~ მომხრეები ვიყავით. სოსოU უწესიერესი და სამართლიანი კაცი იყო, ამათ ესენი ვერ იტანენ. ვფიქრობ, მას დაავალეს სოსოს მოკვლა. `ნაცმოძრაობის~ დაქირავებული კილერები ვერ აკონტროლებდნენ ქალაქში სიტუაციას, როდესაც სოსო ჯოხაძე და მისი ძმა იყვნენ აქ. ისინი ისე ვეღარ ბოგინობდნენ და ამიტომ ერთი ძმა მოიშორეს.

`ნაციონალური მოძრაობის~ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ისიც განაცხადა, რომ სოსო ჯოხაძის სახელს გასულ წლებში არაერთი გახმაურებული დანაშაული უკავშირდებოდა. მისი ინფორმაციით, 2006 წელს, `ციხის ბუნტის~ დროს იყო ე.წ. კრიტის მაყურებელი და `ბუნტის~ ერთ-ერთი ორგანიზატორი.

კიდევ ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზად ორ დაჯგუფებას შორის მომხდარი დაპირისპირებაც დასახელდა. ამ ვერსიაზე მას მერე უფრო მეტად ალაპარაკდნენ, როცა ძალოვანებმა მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს და სამი პირი დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები გიორგი ფეიქრიშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა.

დაკავებული ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები კი ირწმუნებიან, რომ გიორგის იარაღი პოლიციამ ჩაუდო და რამდენიმე დღე მათ უთვალთვალებდნენ. მათი მტკიცებით, სატელეფონო ზარებიც ხორციელდებოდა გიორგისთან და მოითხოვდნენ, დროზე დაეტოვებინა საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით ემუქრებოდნენ. ციხეშია გიორგი ფეიქრიშვილის ტყუპისცალი ძმაც, ისიც სასჯელს იარაღის ტარებაზე იხდის.

ამავე დღეს დააკავეს მისი მეგობარი, ნოდარ ნიშნიანიძე, რომელიც 2015 წელს საბურთალოზე მომხდარ დაჭრაში იყო მხილებული. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ ნიშნიანიძემ დაჭრა გოჩა ვეფხვაძე, რამდენიმე დღის შემდეგ ის დაიჭირა პოლიციამ, თუმცა ბრალის დადასტურება ვერ შეძლეს და პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. ნიშნიანიძე წარსულში ნასამართლებია.

მათი კიდევ ერთი მეგობარი, გიორგი ყანჩაველი პოლიციამ ქუჩაში დააკავა. ისიც წარსულში ნასამართლებია და გავრცელებული ინფორმაციით, ბადუკას მეგობარია, საკმაოდ დაახლოებული პირია ნიკა რურუასა და გივი თარგამაძესთან. როგორც ამბობენ, ყანჩაველის მამა ჟორიკა რურუას ნათლულია. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით: დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები გიორგი ყანჩაველის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს იარაღი და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზა. ნარკოლოგიური შემოწმებისას დაკავებულს მარიხუანასა და სუბოტექსის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. მართალია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამივე დაკავებული იცნობდა ბადუკა ნათობაძეს, თუმცა თავად დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ სამივეს ძალოვანებმა ბრალი შეუთითხნეს. ამ ბიჭების დაკავების ჯოხაძის მკვლელობასთან კავშირს თავად სამართალდამცავებიც არ ადასტურებენ.

ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, ალბათ სასამართლო განხილვების დროს გახდება მკვლელობის ოფიციალური მოტივიც ცნობილი. საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ ჯოხაძის მკვლელობა ასე არ დასრულდება, სისხლის ღვრა ისევ მოხდება, რადგან მოკლულის ძმა და მეგობრები დამნაშავეზე შურისძიებას შეეცდებიან.

თეა ხურცილავა