რომან შამათავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმონ - გზაპრესი

რომან შამათავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმონ

საქართველოში არაერთი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული და წლებია, მათ კვალს ოჯახის წევრებმა ვერაფრით მიაკვლიეს. 2008 წელს ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ადამიანი დაიკარგა. მათ რიცხვში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი, პაატა ქარდავაც იყო. იგი 2008 წლის 27 აგვისტოს, ზუგდიდის ცენტრიდან გაქრა. მას მერე ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც - ცოცხალი. ამ წლების მანძილზე ოჯახის წევრები სხვადასხვა უწყებაში დადიოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა, უშედეგოდ. 6 წლის შემდეგ ირკვევა, რომ პაატა ქარდავა მოკლეს. გასულ კვირას ძალოვანებმა დანაშაული გახსნილად გამოაცხადეს და ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ მკვლელობაში ბრალი კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, პოლკოვნიკ რომან შამათავას წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ შამათავას წინასწარი პატიმრობა ამ საქმეზე უკვე შეუფარდა. ეს მის წინააღმდეგ აღძრული უკვე მეორე საქმეა. ის 2013 წლის ოქტომბერში დააკავეს. 2008 წლის მაისში, ხურჩაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზება ედება ბრალად, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ შამათავას ბრალი დაუმძიმა და ირწმუნება, რომ 2008 წელს მომხდარი პაატა ქარდავას მკვლელობაც მან ჩაიდინა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აგვისტოს ბოლოს, კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა, რომან შამათავამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და მისი ბათუმში ჩაყვანა. მიღებული დავალება ჯგუფის წევრებმა შეასრულეს და 2008 წლის 27 აგვისტოს, ზუგდიდში არსებული ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს პაატა ქარდავას. ამ დროს ქარდავა ზუგდიდში თავისი კუთვნილი "მერსედესით" გადაადგილდებოდა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხელბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა გადასვეს "ნივაში", რომლითაც ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში მიიყვანეს. იქ კი გატაცებული ქარდავა რომან შამათავას და მის თანამზრახველებს გადასცეს. ხოლო კვალის არევის მიზნით, პაატა ქარდავას ავტომანქანა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს თანამშრომლებმა დატოვეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში. პოლიციამ მაშინ განაცხადა, რომ ავტომობილი ორსანტია-ხურჩის მონაკვეთზე იყო აღმოჩენილი. აქედან დაიწყო იმ ვერსიის გავრცელება, რომ თავდაცვის სამინისტროს მზვერავი აფხაზეთში გაიქცა. გამოძიების მტკიცებით, რომან შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა შეკვეთილიდან ბათუმში შავი ზღვის ნავსადგომთან მიიყვანეს. რომან შამათავა დაკავებულ პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა. ამ ბრალდების აღიარებას ითხოვდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. თავად ქარდავა კატეგორიულად უარყოფდა სეპარატისტებთან თანამშრომლობას. გამოძიება ასევე ირწმუნება, რომ რომან შამათავას დავალებით, ნავმისადგომთან უკვე იდგა აჭარის კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა აღნიშნულ ნავში ჩასვეს, უშუალოდ რომან შამათავამ მოაბა მას ფეხზე ბეტონის ნატეხი, შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე შეიყვანეს, რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით პაატა ქარდავა მოკლა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.

რომეო საჯაია, შამათავას ადვოკატი:

- ქარდავა შესაძლოა ცოცხალი იყოს. გვამი ნაპოვნი არ არის და მკვლელობისთვის შამათავასთვის ბრალის წაყენება აბსურდულია. მერწმუნეთ, ამ საქმესთან რომა შამათავას არანაირი კავშირი არ აქვს. არ არის საქმეში მტკიცებულებები.

ხვიჩა ქარდავა, გარდაცვლილის ძმა:

- ჩემი ძმის დაკარგვიდან ამდენი წელი გავიდა, უამრავი ეჭვი, მითქმა-მოთქმა იყო. ყველგან უშედეგოდ ვეძებდით, მაგრამ ამ ამბის გაცხადებამდე მაინც იმ უმნიშვნელო იმედს ვებღაუჭებოდით, რომ ის იქნებ ცოცხალი ყოფილიყო. საუბედუროდ, ასე არ აღმოჩნდა. ეს დღეები ძალიან მძიმეა ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა ოჯახის წევრის საფლავიც არ გაქვს. ამ წლების მანძილზე მათი აგენტები მუშაობდნენ, მოდიოდნენ ჩვენთან და ხმებს ავრცელებდნენ, თითქოს პაატა აფხაზეთში გადავიდა, იქ მუშაობდა და ცხოვრობდა. ამბობდნენ, თითქოს სოხუმში ნახეს, ხან ამბობდნენ, რომ გუდაუთაში იყო. ჩვენ ჩვენი გზებით ვცდილობდით გავრცელებული ყველა ინფორმაციის გადამოწმებას, მაგრამ არც ერთი არ დადასტურდა. მეც დარწმუნებული ვიყავი, ჩემი ძმა რომ აფხაზებს არ შეეკვრებოდა. ჩვენ გალელები ვართ. მამაჩემი გალში, სოფელ ნაბაკევში ჭიშკართან მოგვიკლეს აფხაზებმა და შეუძლებელი იყო, მამის მკვლელებთან პაატას ურთიერთობა ჰქონოდა. ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის ეს წლები. წინ და უკან დავრბოდით უწყებებში და ვითხოვთ საქმის გამოძიებას. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს მაშინდელ უფროსს, თენგიზ გუნავას რამდენჯერ შევხვდი. ის ერთსა და იმავეს მეუბნებოდა: - მე და შენი ძმა მეგობრები ვიყავით, პაატა კარგი კაცი იყო, არავინ არ მოკლავდა, ის ცოცხალიაო. ამ დროს უკვე იცოდა, რომ პაატა მოკლული იყო და ზღვაში ჰყავდათ გადაგდებული. ასე გვატყუებდა 6 წელი გუნავა. როგორ წარმოგიდგენიათ, სამხარეოს უფროსმა არ იცოდა, ჩემი ძმა ზუგდიდის ცენტრიდან რომ გაიტაცეს? პაატა რიგითი თანამშრომელი არ იყო, 25 წელი ძალოვან უწყებებში მუშაობდა და სიტყვა ეთქმოდა. აშკარაა, გუნავაც გარეულია ამ საქმეში. ახლა ის გამოდის და ამბობს, თითქოს თვითონ არაფერ შუაშია. ცდილობს, თვალი აგვიხვიოს, უსინდისოდ მოგვმართავს, - გატყუებენო. ახლა ჯერჯერობით იმიტომ გავჩერდით, რომ არჩევნებია. არ გვინდა, ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული დაუდონ. დაველოდებით არჩევნებს და ამის შემდეგ კატეგორიულად მოვითხოვთ არა მარტო თენგიზ გუნავას დაკავებას, არამედ ყველა იმ პირის, ვინც ამ საქმეში იყო გარეული. პაატა 44 წლის, სიცოცხლით აღსავსე კაცი იყო. ორი შვილი დარჩა. მის მკვლელობას არავის შევარჩენთ, დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. როგორც ჩემი ძმა დახვრიტეს, ზუსტად ისე უნდა დაიხვრიტონ ესენი. უნამუსოდ იძახიან, - გვამი სად არისო. ისედაც საშინელ დღეში ვართ, მიცვალებულიც არ გვეღირსა.

პაატა ქარდავას ძმისთვის არ უთქვამს, რომ ემუქრებოდნენ. ოჯახის წევრების თქმით, 27 აგვისტოს პაატა კარგ განწყობაზე იყო. ოჯახი მარიამობისთვის ემზადებოდა. საყიდლებზე შვილი ზუგდიდის ბაზარში მამამ თავად მიიყვანა, ბაზრის კართან დატოვა და უთხრა, - ყველაფერს რომ იყიდი, დამირეკე და სახლში წაგიყვანო. მოგვიანებით უპასუხა შვილის ზარს მამამ და უთხრა, - წადი სახლში და მოვალო. როგორც მისი ქალიშვილი იხსენებს, მამის ხმა არ მოეწონა, ამიტომ რამდენიმე წუთში ისევ დაურეკა, მაგრამ ტელეფონები უკვე გამორთული ჰქონდა. ამის მერე კვალი გაქრა.

თენგიზ გუნავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი:

- რამდენჯერმე შევხვდი გარდაცვლილის მეუღლეს და შვილს, მათ ყველა ის ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც გაგვაჩნდა. შეთითხნილია ეს საქმე. ქარდავას საქმის წინ წამოწევა ახლა წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას ხელს აძლევს. ისევე როგორც რომან შამათავა, არც მე და ჩემი მეგობრები ამ საქმეში არაფერ შუაში ვართ. პირადად ვიცნობდი პაატა ქარდავას, მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციელებმა მაშინ შემატყობინეს, როცა ავტომანქანა სოფელ ხურჩაში იპოვეს. მას შემდეგ ვცდილობდით დაგვედგინა მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, მანქანაზე ხელის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ამ საქმის ჩემთვის გადმობრალება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ჩემი გამარჯვების ეშინია. მოვუწოდებ ოჯახს, არ დაუჯეროს გამოძიებას.

GzaPress10 ივნისს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს რომან შამათავას - ამჯერად სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერის, დათო ცინდელიანის განზრახ მკვლელობის ბრალდება. გამოძიების მტკიცებით, 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი კუდ-ის ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები, მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი ჩამოეყვანა სვანეთიდან თბილისში და მას გასაუბრებოდა. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს დათო ცინდელიანი თანამშრომლობდა აფხაზ სეპარატისტებთან.

კუდ-ის მაღალჩინოსნისათვის ცნობილი იყო, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ქუთაისში დანიშნული ჰქონდა გაერთიანებული თათბირი, სადაც სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბარებული იყო დათო ცინდელიანიც. 2008 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ,,მერსედესის" და ,,ოპელის" მარკის ავტომანქანებით, ქუთაისში დახვდნენ ,,ნივის" მარკის ავტომანქანას, რომელშიც სხვა მეტყევე რეინჯერებთან ერთად ისხდნენ დათო ცინდელიანი და მამამისი - ზაურ ცინდელიანი. დათო ცინდელიანი გადასვეს ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანაში, ხოლო ქუთაისი-ბაღდათის საავტომობილო გზის მონაკვეთიდან დათო ცინდელიანი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსით" ბაღდათი-საირმის შემოვლითი გზით წაიყვანეს თბილისის მიმართულებით. მოგვიანებით, ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, დათო ცინდელიანი თბილისის ნაცვლად ბათუმში ჩაიყვანეს და გადასცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას.

რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ბათუმში, შავი ზღვის ნავსადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა. შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი, რომელსაც ამავე დანაყოფის თანამშრომელი მართავდა. რომან შამათავამ დათო ცინდელიანი ჩასვა აღნიშნულ ნავში, აუხვია თვალები და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, რომ გაჰყოლოდა მას. მან შეასრულა ბრძანება და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე.

რომან შამათავამ თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.

თენგიზ გუნავამ კიდევ ერთი დანაშაულის გახსნის შესაძლებლობა დააანონსა. ის არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის საქმე გამოაცხადოს ხელისუფლებამ გახსნილად და ამ საქმეშიც ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულოს. რატომ ახსენა გუნავამ აბულაძის საქმე, არის თუ არა კავშირი ამ დანაშაულებს შორის, ეს გამოძიებით გაირკვევა. ფაქტია, დღემდე დაუდგენელია, სად გაქრა 43 წლის გოგიტა აბულაძე. იგი 2012 წლის 18 იანვარს გავიდა სახლიდან სამსახურში, სასტუმრო "ანაკლიაში" და მას მერე ვეღარ იპოვეს. ყველას ახსოვს, როგორ ცდილობდა პრეზიდენტამდე ამბის მიწვდენას გოგიტა აბულაძის გამწარებული დედა. ის ერთხელ წინ გადაუდგა ესკორტს, ამის გამო ძალოვანებმა ძალით შეათრიეს ქალი სახლში. მთელმა ქვეყანამ იცის, დღემდე აბულაძეების სახლის კართან გაკრულია დიდი აბრა, რომ ოჯახი დაკარგულ გოგიტას ეძებს. აბულაძეებსაც არწმუნებდნენ, რომ გოგიტა აფხაზეთში იყო გადასული. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ის ჯაშუში იყო. პაატა ქარდავას მკვლელობის საქმის გახსნის შემდეგ, სხვა გაუჩინარებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებსაც გაუჩნდათ იმედი, რომ მათი საქმეებიც გაიხსნება.

არის თუ არა აქ ჩამოთვლილ შემთხვევები ერთმანეთთან დაკავშირებული, ამას გამოძიება დაადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებას უკვე ჰყავს რამდენიმე მოწმე, რომლებიც პირდაპირ ამხელენ ბრალდებულ შამათავას ამ დანაშაულების ჩადენაში. რამდენად მყარი იქნება პროკურატურის პოზიცია და რამდენად გაიზიარებს ამას სასამართლო, ეს სასამართლო პროცესებზე გამოჩნდება. ფაქტი ერთია: მართალია, პოლკოვნიკი შამათავა ბრალს არ აღიარებს, მაგრამ ის პატიმრობაში რჩება უმძიმესი ბრალდებებით და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

თეა ხურცილავა