შემზარავი ფაქტი: დედამ ახალშობილი მოკლა და საპირფარეშოში ჩააგდო - გზაპრესი

შემზარავი ფაქტი: დედამ ახალშობილი მოკლა და საპირფარეშოში ჩააგდო

32 წლის ფეხმძიმე ქალმა სახლში, ექიმების გარეშე იმშობიარა, ამის შემდეგ შვილი გაგუდა და ჩვილის ცხედარი საპირფარეშოში ჩააგდო. რომ არა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება, შეიძლება, ეს შემზარავი ფაქტი არავის გაეგო. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა: არიან დედები, რომლებიც არასასურველ ახალშობილებს საკუთარი ხელით კლავენ. არადა, ჩვენს ქვეყანაში უამრავი წყვილი ოცნებობს შვილზე, ბავშვის აყვანის ათასობით მსურველი დგას რიგში და წლების მანძილზე უშედეგოდ ელოდებიან, რომ მათ ოჯახს პატარა არსება გაალამაზებს.

როგორც ირკვევა, ქალის ორსულობაზე ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. თამუნამ შეძლო, ფემძიმობა 9 თვის მანძილზე დაემალა.

16 წლის იყო აფხაზეთიდან დევნილი გოგონა, სოფელ ლიაში რომ გათხოვდა. როგორც ამბობენ, მისი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა. წყვილს მალე ვაჟიშვილი შეეძინა და ცოლ-ქმარი ბედნიერები იყვნენ, მერე კიდევ ორი პატარა გაჩნდა. ორი ვაჟი და ერთი გოგონა იზრდება მათ სახლში. მოულოდნელად, ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს: 8 წლის წინ, თამუნას მეუღლე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. იგი სანადიროდ მეგობრებთან ერთად წავიდა და კაშხალთან ჩამოწოლილმა ზვავმა ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა. დაქვრივებულ ქალს შვილების აღზრდაში დედამთილი და მამამთილი, ასევე - მაზლი ეხმარებოდნენ. ყველანი ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ.

ვახტანგ კვირკველია, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ლიაში:

- ანთიების ოჯახს აქ ყველა იცნობს. უაღრესად პატიოსანი ხალხია. მათზე ცუდს არავინ გეტყვით. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სამი ბავშვის აღზრდაში რძალს დედამთილ-მამამთილი ეხმარებოდა. უფროსი ბავშვი მერვე კლასშია. მომხდარი ყველასთვის შოკის მომგვრელი იყო, რადგან რძლის ფეხმძიმობის ამბავი არავინ იცოდა. როგორც დედამთილი ამბობს, მისი რძალი რამდენიმე თვე სახლიდან იყო წასული. ეს გოგო ოჩამჩირის რაიონიდან დევნილია. დედამისს ბინა ფოთში მისცეს. დედამთილისთვის უთქვამს: დედას მივეხმარები, რომ დაალაგოს იქაურობაო და ფოთში წასულა. ბავშვები ბებიასა და ბაბუასთან დატოვა, თავად კი 3 თვით წავიდა. მისთვის ორსულობა არავის შეუმჩნევია. ამბობენ, ცოტა გასუქებული იყოო. ეს ახალგაზრდა ქალი იეჰოვას მოწმე გახლდათ და ამ ჯგუფის წევრებთან ერთად, სოფელ-სოფელ დადიოდა ხოლმე.

იმ დღეს, როცა ქალმა იმშობიარა, ბავშვებმა ბებიას უთხრეს, - დედა ცუდად არისო. პატარები სკოლაში წავიდნენ, დედამთილი კი რძალთან, საძინებელ ოთახში შევიდა.

დედამთილი იხსენებს: "ოთახში რომ შევედი, თამუნამ მითხრა: მგონი, მოვიწამლეო. მე უკან გავბრუნდი და სოდიანი წყალი შევუტანე. ვთხოვე, დაელია. მეუღლეს კი ვუთხარი, სასწრაფო დახმარების ბრიგადისთვის დაერეკა. ექიმები ოთახში რომ შემოვიდნენ, ჩემი რძლის საძინებელი ოთახის კარი დაკეტილი დამხვდა. ვაკაკუნე, ვეძახდი, მაგრამ კარი არ გააღო და არც მიპასუხა. მერე გარეთ გავედი. ამ ოთახს მეორე კარი აქვს და იქიდან ვცადე ოთახში შესვლა. მეორე კარი ეზოში გადის. თან, ვეძახდი. იქვე ახლოს საპირფარეშოა და იქიდან გამომძახა, - აქ ვარ და მალე მოვალო. გამოვიდა საპირფარეშოდან, ხელი დაიბანა და ოთახში შემოვიდა. საწოლში დააწვინეს. ამ დროს იატაკზე სამ ადგილას, დიდი რაოდენობით სისხლი შევნიშნე და მას ვუთხარი, - შენ მოწამლული არ ხარ-მეთქი. ექიმმა გასინჯა და მითხრა, მუცელშია პრობლემაო. ამის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს".

მალე  სახლს პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სახანძროს მანქანა მოადგა. მაშინ შეიტყვეს ოჯახის წევრებმა, რომ ახალგაზრდა ქალმა არასასურველი ახალშობილი გაჩენისთანავე მოკლა. სამართალდამცავები ბავშვის ცხედარს ეძებდნენ.

"ჯერ ეზოში ეძებდნენ. ოჯახის წევრებიც სახლიდან გამოიყვანეს და ეზოს გარედან ადევნებდნენ თვალყურს, თუ რა ხდებოდა მათ სახლში. პოლიციამ ლენტით შემოღობა შესასვლელი. მერე ეტყობა, ქალმა აღიარა, რომ საპირფარეშოში ჩააგდო ჩვილი. "დვიჟოკი" მოიტანეს და ცხედარი საპირფარეშოდან ამოიტანეს. ეს ყველასთვის შოკი იყო", - ამბობს გამგებლის წარმომადგენელი.

დედამთილის თქმით, მან რამდენიმე თვის წინ რძლის საუბარს მოჰკრა ყური. ის ვიღაცას ფეხმძიმობაზე ესაუბრებოდა. თურმე, რძალი ექოსკოპიაზე წაიყვანა, მაგრამ ექიმმა უთხრა, ფეხმძიმედ არ არისო. "პოლიციელი მოვიდა და მითხრა, - ტუალეტი სად არის? შენი რძალი ორსულად ყოფილა. უკვე აღიარა: მშობიარობის მერე ბავშვმა რომ იტირა, ხელით დავახრჩვეო. ყელზე ბავშვს ემჩნევა დაზიანება, მერე კი საპირფარეშოში ჩააგდოო. მართლა იქ იპოვეს. ამის მერე რძალი არ მინახავს. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს. რომ გამეგო, ფეხმძიმედ იყო, მას ჩემს სახლში არ გავაჩერებდი", - ამბობს ბრალდებულის დედამთილი.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით აღიძრა. ახალშობილის მკვლელობისთვის დედას ბრალი უკვე წაუყენეს. წაყენებული ბრალდება 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე დავით გელაშვილმა უკვე იმსჯელა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. როგორც ცნობილია, ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა დანაშაულს აღიარებს. იგი სასამართლოში ადვოკატის გარეშე წარდგა. 10.000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა პროკურატურა და მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ქალმა ეს თანხა ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, მისთვისაც მოულოდნელი იყო შვილის ფეხმძიმობა. სავარაუდოდ, გირაოს თანხას თამუნას ნათესავები გადაიხდიან. "დეტალებს ახლა პოლიცია იძიებს. როგორც ვიცით, ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. ბუნებრივია, ქმრის ოჯახში არავინ შემოუშვებს და ამიტომაც, დედამ წაიყვანა. 10.000-ლარიან გირაოს ვინ გადაიხდის, არ ვიცი. ამ ქალს და მის სამივე შვილს დევნილის სტატუსი აქვთ. სამივე ბავშვი ბებიასა და ბაბუასთანაა", - ამბობს გამგებლის წარმომადგენელი ვახტანგ კვირკველია.

საქმეში უკვე ჩაერთო სოცმუშაკი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებს ფსიქოლოგი გაუწევს დახმარებას. "ბავშვებს ჰყავთ ბებია და ბაბუა, რომლებთანაც იზრდებოდნენ და მომავალშიც ისინი იზრუნებენ მათზე. მზრუნველი ბებია-ბაბუა ჰყავს. ჯერ მომხდარის შესახებ არაფერი იციან. ბებია ამბობს, რომ მათ ყველაფერს ნელ-ნელა აუხსნის... თუ ბავშვებს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნებათ, მათ დავეხმარებით. ამ ეტაპზე კი ამის საჭიროება არ არის", - გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა