თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი მკვლე­ლე­ბი (ნაწილიII) - გზაპრესი

თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი მკვლე­ლე­ბი (ნაწილიII)

1986 წლის 17 იანვარს, ოპერატიული სამძებრო სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს ვასილი კულიკი, ირკუტსკის საქალაქო სადგურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახაზო ექიმი, მეტსახელად _ "ირკუტსკელი მონსტრი". იმ დღეს მას დაბადების დღე ჰქონდა. მანიაკის დაკავებას ხელი შეუწყო მზარეულმა _ გალინა გორიაკინამ. სასადილოს ფანჯრიდან მან შენიშნა კაცი, რომელიც პატარა ბიჭუნას ნახევრად დანგრეული ნაგებობისკენ მიათრევდა. ბავშვი მოძალადეს წინააღმდეგობას უწევდა. გალინამ ბუფეტიდან კიდევ ორი ქალი წაიყვანა და ნაგებობისკენ წავიდა. ქალები იქ შემზარავი სცენის მხილველნი გახდნენ: კაცს ბავშვი გაეგუდა, მიწაზე დაეწვინა და მის გაუპატიურებას ცდილობდა. ქალების განწირულ ყვირილზე ახლომახლო მყოფი ორი მამაკაცი მივიდა. მანიაკი გაქცევას შეეცადა, მაგრამ დაიჭირეს და მილიციის რაიონულ განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც მისი ვინაობა გაირკვა.

სერიული მკვლელი _ ვასილი კულიკი სავსებით ნორმალურ ოჯახში გაიზარდა: მამა _ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, დედა _ სკოლის დირექტორი. თვით ვასილი გარეგნულად რესპექტაბელური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. სამსახურში მისი პირადი საქმე უამრავი "მადლობით" იყო სავსე. თუმცაღა, ექიმის ჩრდილოვანი მხარე დაუოკებელ სექსუალურ მანიაკს ფარავდა, რომელიც თავიდან პატარა ბიჭუნების გაუპატიურებით იყო გატაცებული, შემდეგ კი, როცა ბავშვების შიშის განცდამ თავი მოაბეზრა, მათი მოკვლაც დაიწყო.

1984 წელს, კულიკმა პირველი მკვლელობა ჩაიდინა: ის ქუჩაში თავის ძველ პაციენტს _ მოხუცებულ ქალბატონს შეხვდა და თავი მის დასახმარებლად გამოიდო. ქალი სახლში მიაცილა და ამინაზინის ორმაგი დოზა გაუკეთა. ამან მსხვერპლი მოადუნა და ნახევრად უგონო მდგომარეობაში ჩააგდო. კულიკმა ქალი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ _ მოახრჩო. ამ შემთხვევის შემდეგ, მის სპეციალიზაციად მოხუცი ქალების (როგორც წესი, 70 წელზე ზემოთ) განადგურება იქცა. როცა "სასწრაფოთი" მარტოხელა მოხუც ქალბატონებთან გამოძახებაზე მიდიოდა, კულიკი მათ მონაცემებს უბის წიგნაკში ინიშნავდა. სამუშაოს შემდეგ, პაციენტებს ისევ მოინახულებდა, "მზრუნველობას იჩენდა", წნევის გაზომვას და ინიექციის გაკეთებასაც სთავაზობდა. შპრიცს დასაძინებელი პრეპარატით ავსებდა. სასურველი შედეგის დადგომის მერე, მათ აუპატიურებდა და კლავდა. შიგადაშიგ, მოხუცებს ბავშვებსაც უნაცვლებდა. სულ, სისხლიან ანგარიშზე 13 მსხვერპლი იყო.

სასამართლომ კულიკს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. დამნაშავე ცდილობდა, თავი ფსიქიკურად დაავადებულად წარმოედგინა. შემდეგ, გაქცევაც სცადა. ფიზიკურ ფორმას ციხეშიც ინარჩუნებდა _ მუშტებსაც იღერებდა და კუნთებსაც ავარჯიშებდა. ცდილობდა, რაიმე იარაღი ჩაეგდო ხელში. მას სამართებელი და წვერგალესილი სახრახნისიც უპოვეს. საბოლოოდ, განაჩენი 1988 წლის 11 აგვისტოს აღსრულდა.

სხვათა შორის, რარიგ უცნაურიც უნდა იყოს, დაკავების შემდეგ, ვასილი კულიკმა გაიხსენა, რომ ის მაინც ექიმი იყო და ბრალის აღიარებისას დაწერა: "საკუთარ თავს ფიზიკურად და მორალურადაც სრულიად ჯანმრთელად მივიჩნევ და მოვითხოვ, რომ ჩემ მიმართ სასჯელის უკიდურესი ფორმა იქნას გამოყენებული... ვთვლი, რომ იმგვარ ადამიანებს, როგორიც მე ვარ, ადგილი ადამიანთა შორის არ მოეძებნება. აღარაფერს ვამბობ ჩემს პროფესიასთან შეთავსებაზე..."

"მედძმის" საქმე

პეტერბურგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ქვესადგურის თანამშრომელი _ მაქსიმ პეტროვი, ერთ ადამიანში, რობერტ სტივენსონის ნაწარმოების _ "ექიმი ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის" მონსტრთა განსხეულებად იქცა. მისი დანაშაულის ძირითადი მოტივი ანგარება იყო. ის უღონო მოხუცებთან ვიზიტებზე სიარულს დილიდან იწყებდა (მაშინ, როცა მათი ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ).

პეტროვის პირველი მსხვერპლი, 1997 წელს, კომუნალურ ბინაში მცხოვრები მარტოხელა მოხუცი ქალბატონი გახდა. მოძალადემ მას თავი პოლიკლინიკის ექიმად წარუდგინა. გაუზომა წნევა, გაუკეთა საძილე საშუალება და ბინიდან ყველაფერი ღირებული გაიტანა. როცა მოხუცმა გაიღვიძა, მეზობლებს შესჩივლა, რომ ექიმმა გაძარცვა. თუმცა, მეზობლებმა მას არ დაუჯერეს და ჩათვალეს, რომ ის "ჭკუიდან შეცდა".

პირველი 17 ძარცვა პეტროვმა ტრაგიკული დასასრულის გარეშე განახორციელა. უბრალოდ, მიაძინებდა მოხუცს და მერე ძარცვავდა. მძინარე პაციენტებსაც კი ხსნიდა ბეჭდებსა და საყურეებს. ბოლო დროს, თავს იზღვევდა და ბინიდან გასვლისას, გაზს რთავდა, რომ მსხვერპლი გარდაცვლილიყო. ადამიანებს, შეიძლება ითქვას, ერთგვარად გაუმართლათ კიდეც, რომ არც ერთი ბინა არ აფეთქდა და ლეტალური შედეგიც არ დამდგარა. თუმცა, იყო ერთი შემთხვევა, როცა ხანძარი გაჩნდა და ცეცხლი მალე ჩააქრეს. ბინის დიასახლისიც ცოცხალი გადარჩა.

პირველი მკვლელობა პეტროვმა 1999 წელს ჩაიდინა. ეს სპონტანურად მოხდა: როცა ის წყნარად ალაგებდა ნივთებს, მოულოდნელად, ბინაში პაციენტის ქალიშვილი დაბრუნდა. პეტროვში მისტერ ჰაიდმა გაიღვიძა და ქალი სახრახნისით მოკლა. არც მოხუცი დაინდო და დაახრჩო.

მსგავსი რამ 1999 წლის 2 ნოემბერსაც მოხდა, როცა 82 წლის ქალის დაძინების შემდეგ, ძარცვის მომენტში, სააბაზანოდან მისი ქალიშვილი, ყოფილი ბალერინა, 48 წლის ოლგა პერსიანინოვა გამოვიდა. სანამ ქალი გაერკვეოდა, რა მოხდა, მაქსიმმა პირველივე შემხვედრ საგანს _ სამკუთხოვან ქლიბს _ ხელი სტაცა და ოლგას რამდენჯერმე დაარტყა. შემდეგ, უსაფრთხოებისთვის, ის ქალის წინდით დაახრჩო. მძინარე პენსიონერსაც იგივე ბედი ეწია. ორი ადამიანის სიცოცხლის საზღაური აღმოჩნდა: ვერცხლის კოვზების კომპლექტი; ტელევიზორის 2 პულტი; მუსიკალური ცენტრი; უბრალო ხატი და რამდენიმე ასეული რუბლი.

მანიაკის დასაპატიმრებლად მილიციამ დაგეგმა ოპერაცია სახელად _ "მედძმა", რომელშიც 700 თანამშრომელი მონაწილეობდა. პეტროვი 2000 წლის 17 იანვარს აიყვანეს, როცა მორიგ პოტენციურ მსხვერპლთან, ტურკუს ქუჩაზე გამოჩნდა. მის ჩანთაში ნაპოვნი იქნა: სამართებელი, კაპრონის წინდა და შპრიცი დასაძინებელი პრეპარატით.

11 პაციენტის მკვლელობის მიღმა 47 ძარცვა იყო ჩადენილი. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სხვათა შორის, იზოლატორში ცუდი პირობების გამო, პეტროვმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც იჩივლა. ევროპელმა მოსამართლეებმა მანიაკი შეიცოდეს და 2012 წლის 6 ნოემბერს, გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სერიული მკვლელისთვის 16.350 ევროს სახით კომპენსაცია უნდა გადაეხადათ.

წინამორბედი _ ექიმი მენგელეს სისხლიანი დავთრები

ექიმ მკვლელთა შორის, ყველაზე შემზარავი, ნაცისტი ექიმი-ექსპერიმენტატორი _ იოზეფ მენგელე იყო. 1943 წლის მაისში, ის ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ექიმად დანიშნეს, სადაც ბობოქარი "მოღვაწეობა" წამოიწყო.

მენგელე ბანაკში ჩამოსულ ეშელონებს პირადად ხვდებოდა და ტყვეებს ახარისხებდა. არჩევდა _ ვის უნდა ემუშავა, ვინ გახდებოდა მისი სასტიკი ექსპერიმენტების მსხვერპლი და ვინ დაასრულებდა სიცოცხლეს გაზის კამერაში. მენგელე ტრანსპლანტაციის, ამპუტაციის, შხამებით ინტოქსიკაციის ცდებს ატარებდა. საკუთარი პრაქტიკის მანძილზე, მან 40000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. მენგელეს საყვარელი თემა ტყუპების კვლევა გახლდათ. ის მათ სხვა ბავშვებისგან აცალკევებდა და სპეციალურად გამოყოფილ ბარაკებში ასახლებდა. მისი სასტიკი ექსპერიმენტების შედეგად, სამი ათასი ბავშვიდან ცოცხალი 300-ზე ნაკლები გადარჩა.

დასაწყისი იხილეთ აქ

დასასრული

ირინა ჯანდიერი