"ლუბა ამბობდა, ეს გოგო მე აუცილებლად მომკლავსო" - დედის მკვლელობის შემდეგ, მამაც უნდა მოეკლათ - გზაპრესი

"ლუბა ამბობდა, ეს გოგო მე აუცილებლად მომკლავსო" - დედის მკვლელობის შემდეგ, მამაც უნდა მოეკლათ

ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში უპრეცედენტო დანაშაულის განხილვა მოუწევთ მოსამართლეებს. სამართალდამცავები რიტუალურ დანაშაულსა და კანიბალიზმზე ალაპარაკდნენ. თბილისში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ახალგაზრდა ბიჭმა ადამიანის ორგანო შეწვა და შეჭამა, მაგრამ პროკურატურის მტკიცებით, ამას თავად ბრალდებული დეტალურად აღიარებს. რაც ყველაზე ამაზრზენია, 76 წლის ლუბა (ლოლა) ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ჯგუფურ მკვლელობაში მისი 18 წლის შვილი, ირმა ყოჩიაშვილია ბრალდებული, მასთან ერთად ყოჩიაშვილის შეყვარებული - 23 წლის ბექა შენგელია და 17 წლის არასრულწლოვანი გოგონა - ნინა ჩ. დააკავეს. ასევე ძალოვანებმა ბრალი ბექა შენგელიას ნათესავს, დ. კ-სა და შენგელიას თანაკლასელს, ა. ა-ს წაუყენეს, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო.

ყველაფერი ასე დაიწყო:

19 ოქტომბერს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ ომარ ყოჩიაშვილს მეუღლე სახლში არ დახვდა და მაშინვე განგაში ატეხა. მეზობლების თქმით, ლუბა ყოჩიაშვილი ახალი ნაოპერაციევი იყო და სახლიდან იშვიათად გადიოდა. ქმარმა მეზობლებთან მოიძია მეუღლე, მერე შვილს დაურეკა, მაღაზიაშიც მოიკითხა, მაგრამ მისი დამნახავი არავინ იყო. მალე პოლიციას მიმართა. საქმეში ძალოვანები ჩაერთვნენ. კორპუსის ქვეშ მაღაზიაა და მათი ვიდეოთვალი დაათვალიერეს, აშკარა იყო, რომ ქალი სადარბაზოდან გარეთ არ გასულა. 2 კვირა ეძებდა ომარი მეუღლეს, დაჰკითხეს ის და მისი ქალიშვილი. როგორც ირკვევა, ომარმა თავისი ეჭვები გაანდო ძალოვანებს და საუბედუროდ, ეს ეჭვები გამართლდა. მომხდარში მათი შვილი აღმოჩნდა გარეული.

პროკურატურის მტკიცებით, 22 ოქტომბერს გლდანში, ძველი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს დანახშირებული ქალის ცხედარი. ბუნებრივია, მოხდა მოძიება, ვინ იყო იმ პერიოდში დაკარგული. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა, დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ნაპოვნი ცხედარი ლუბა ყოჩიაშვილის იყო. ფაქტი მაშინვე არ გაუხმაურებია პოლიციას, დანაშაულის გასახსნელად აქტიურად დაიწყო მუშაობა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად იმოქმედა. ცნობილია, რომ დედა-შვილს, ირმა და ლუბა ყოჩიაშვილებს ერთმანეთთან ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. დედას შვილის ქცევები არ მოსწონდა და შენიშვნას აძლევდა. ირმა უცნაურად ჩაცმული დადიოდა, ხშირად თვრებოდა და ოჯახმა ისიც იცოდა, რომ რაღაც სექტაში იყო მათი შვილი გაწევრებული, რასაც ძალიან განიცდიდნენ. მთელმა კორპუსმა იცოდა, რომ ახალგაზრდა გოგონა გზას აცდენილი იყო. სახლში ტაქსით მოდიოდა, მძღოლს ეტყოდა, ახლავე სახლიდან ფულს ჩამოვიტანო, შევიდოდა სადარბაზოში და იკარგებოდა. ამ ფაქტმა სისტემატური ხასიათი მიიღო. მეზობლების თქმით, მოკლული ლუბა ყოჩიაშვილი ლექტორი იყო. წლების მანძილზე სამხედრო აკადემიაში ასწავლიდა, საკმაოდ დახვეწილი და განათლებული ქალი ამჟამად პენსიონერი გახლდათ და ძირითადად სახლში იჯდა. ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა. ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია. ირმას მამა 31-ე ქარხანაში მუშაობს. ძალიან კარგი ადამიანია. წლების წინ ყოჩიაშვილებს დიდი ტრაგედია დაატყდათ თავს. 21 წლის ქალიშვილი მოულოდნელად გარდაეცვალათ. გოგონა დიაბეტით იყო დაავადებული. მაშინ ლუბა 57 წლის იყო. ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახმა შვილის აყვანა გადაწყვიტა და ორი კვირის დაბადებული ჩვილი გოგონა იშვილეს. მას გარდაცვლილი შვილის სახელი, ირმა დაარქვეს და ისე ზრდიდნენ, რომ არაფერს აკლებდნენ. ყველა მეზობელი გეტყვით, რომ ისინი ბავშვს თავს ევლებოდნენ, სულ ხელჩაკიდებული დადიოდა ქუჩაში დედა-შვილი. გაირკვა, რომ ბოლო დროს ხშირად სკოლაშიც არ დადიოდა, ამას დედა ძალიან განიცდიდა და ცდილობდა, შვილი როგორმე სწორ გზაზე დაეყენებინა.

ცნობილია, რომ ირმამ და მისმა მეგობრებმა ლუბას მკვლელობა გადაწყვიტეს. დანაშაული მათ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ასაკოვანი ქალი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდგომ გაგუდეს. ამის შემდეგ ბრალდებულები სახლიდან გარდაცვლილის ცხედრის გატანას შეუდგნენ. წინასწარ ჰქონდათ დიდი ცელოფანის პარკები ნაყიდი, მაგრამ მასში ქალის ცხედარი ვერ მოათავსეს. ცხედარი შუაში გადაკეცეს, სკოჩით გადასკოჩეს და ასე მოათავსეს დიდი ზომის ჩანთაში და ლიფტით ჩაიტანეს ქვევით. მიმდებარე ტერიტორიაც კარგად ჰქონდათ შესწავლილი, ისიც იცოდნენ, რომ სადარბაზოს ცენტრალური გასასვლელიდან ვერ გავიდოდნენ, რადგან მაღაზიის ვიდეოთვალი დააფიქსირებდა, ამიტომ ცხედარი მეორე კარით გაიტანეს. კართან მანქანა ჰყავდათ, მანქანის საბარგულში მოათავსეს. ამის შემდეგ ისინი თბილისში, ირმას შეყვარებულის, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში მივიდნენ. სწორედ აქ მოხდა ცხედრის დანაწევრება. "ქალს კიდურები მოაჭრეს, ამოაჭრეს სხვადასხვა ორგანო. ბრალდებულთაგან ერთმა აღიარა, რომ მოკლულისთვის ამოჭრილი ორგანო შეჭამა", - აცხადებს პროკურორი, ზვიად ფხაკაძე. ჩვენი ინფორმაციით, მოკლული ქალის გულ-ღვიძლი ბრალდებულმა შენგელიამ სახლში შეწვა და შეჭამა. დანაწევრებული ცხედარი ისევ ცელოფანის პარკებში მოათავსეს და ნაგავსაყრელზე გაიტანეს. ამოთხრილ ორმოში ჩააგდეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. ძალოვანებმა შენგელიას სახლიდან ტაფები და ქვაბები ამოიღეს და მასაც ექსპერტიზა უტარდება. პროკურატურა დანაშაულის მოტივად პირად ინტერესს ასახელებს. მათი თქმით, მოკლულთან ქალიშვილს მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება. დანაშაულს აღიარებს უმძიმეს დანაშაულში მხილებული სამივე პირი, მათ შორის - არასრულწლოვანიც. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ამ შემზარავი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეს ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდნენ.

- ირმა უცნაურად ჩაცმული დადიოდა, სხეულზე ტატუები ჰქონდა, თმა ნახევრად აპარსული, მეორე მხარეს - ნაწნავი. მესამე დღეს ჩვეულებრივ შემოვიდა მაღაზიაში, ტკბილეული და "საწრუპები" იყიდა. ახლა რომ ვფიქრდები, ვგიჟდები, ამხელა დანაშაული ჩაიდინა და კიდევ სასუსნავებს ჭამდა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა, - ამბობს მეზობელი და დასძენს: - ამის შემდეგ პოლიცია ირმას უთვალთვალებდა. როგორც ვიცი, მის ტანსაცმელში და სხვადასხვა ადგილას მალულად ჩიპები დამონტაჟდა, მოსმენაზე აიყვანეს. ის ხვდებოდა თავის თანამზრახველებს და მათ საუბარს ისმენდა პოლიცია. გაირკვა, რომ მათი ჩადენილი იყო ყველაფერი და მათ მამის - ომარის მოკვლაც ჰქონდათ გადაწყვეტილი. შეყვარებულმა დაურეკა ირმას, უნდა მოვიდეო, - უნდა მოეკლათ ომარიც. პოლიციამ ამ დროს ქუჩაში აიყვანა ისინი. ასე გადაურჩა მკვლელობას მამამისი. საწყალი დედამისი იძახდა თურმე, მეშინია, ამან არ მომკლასო. ძალიან აგრესიული იყო. ამას ვინ წარმოიდგენდა? ქალი რომ დაიკარგა, იმ ღამით ის სახლში არ ყოფილა. მამამისი ამბობს, მეორე დღეს მთვრალი მოვიდა და მთელი დღე ეძინაო. მკვლელობის შემდეგ თურმე მამამისს ღამით შუქს არ აქრობინებდა, - მეშინიაო. ამბობენ, მკვლელობით რიტუალი ჩაატარესო.

ხუთივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა პროკურატურამ და რამდენიმე საათი უსმენდა მოსამართლე მხარეების ადვოკატებს. სასამართლო პროცესი დახურული იყო, რადგან ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია. ნინა ცნობილი დრამატურგის შვილობილია, მისი მეუღლის შვილი - პირველი ქორწინებიდან. ამბობენ, რომ იგი დასის წევრი იყო და ოჯახი არაფერს აკლებდა. გამაოგნებელია ამ გოგონას მოქმედებაც. ისიც ჩვეულებრივ აგრძელებდა ცხოვრებას და ოჯახის წევრებს აღელვებაც არ შეუტყვიათ მისთვის. როგორ აღმოჩნდა ის ამ ჯგუფთან და რა როლი შეასრულა მკვლელობაში, ამას გამოძიება დაადგენს. მას ოჯახმა უკვე აუყვანა კერძო ადვოკატი და ამის შემდეგ დეტალურად აღიარა დანაშაული.

დანაშაულის შეუტყობინებლობაში დაკავებული ორი პირი კი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატებმა პატიმრობიდან მათი გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა.

გაგა მეშველიანი, ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატი:

- ირმა აღიარებს, მაგრამ დეტალების გამჟღავნების უფლება არ მაქვს. ვეთანხმები, რომ სარიტუალო ხასიათი ჰქონდა მომხდარს. ირმა ამბობს, რომ უთანხმოება და კონფლიქტი ჰქონდა მშობლებთან, დანაშაულის მოტივად ასახელებს გარკვეულ ზეგავლენას ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან და ამანაც უბიძგა, რომ დედის მიმართ წყენა დაემთავრებინა ასეთი სასტიკი დანაშაულით. შესაძლოა, ირმა იყო ბექას გავლენისა და ასევე ოჯახში არასწორი მოპყრობის მსხვერპლიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა მოეკლა. ირმას პოზიციაა, რომ პატიმრობის გადაწყვეტილება არ გასაჩივრდეს და ის დაელოდება სასამართლოს ვერდიქტს. მის გვერდით ვარ დაკავების მომენტიდან და ძალდატანების გარეშე აღიარა ყველაფერი. რაც შეეხება მამის მკვლელობის დაგეგმვას, ამაზე გამოძიება გრძელდება და არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ასე იყო. ირმა ამბობს, რომ ნანობს ჩადენილს. მას ჰყავდა არაჩვეულებრივი მშობლები, რომლებმაც გაზარდეს.

როგორც ნაცნობები ამბობენ, ბექა შენგელია ძალიან განათლებული ადამიანია. ერთ-ერთი პოეტი ამბობს, რომ მეგობარი დიზაინერის დაბადების დღეზე გაიცნო შენგელია:

- მან მიიქცია იმ სუფრაზე ყველას ყურადღება, თავისი აზრებით. ძალიან განათლებული და ჭკვიანი ადამიანია, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო სექტის წარმომადგენელი. პოეტი ვარ, წავიკითხე ლექსები და ის დაინტერესდა ჩემით. მიწერ-მოწერა მქონდა "ფეისბუკით". მეც დავინტერესდი ამ პიროვნებით, საინტერესო საუბარი ჰქონდა. ერთ დღეს შეხვედრა დამითქვა თავისუფლების მოედანზე. მითხრა, საღამოს 6 საათზე ვიკრიბებით და ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობო. ზუსტად ვიცოდი, რაზე მივდიოდი, მაგრამ წავედი. ის არ დამხვდა დათქმულ ადგილას, ვურეკავდი ტელეფონზე, მაგრამ გათიშული ჰქონდა, მერე მომიბოდიშა, რაღაც შემემთხვა პოლიციასთან და ამიტომ ვერ მოვედიო. ანრი ჯოხაძეც იყო იმ დაბადების დღეზე, სადაც ის გავიცანი.

ამავე ადამიანის თქმით, შენგელიას ადამიანის გავლენის ქვეშ მოქცევა შეუძლია. "უცნაურად ეცვა, ფრჩხილები დაგრძელებული ჰქონდა და ამას მივაქციე ყურადღება. სოციალურ ქსელში თავისი მეგობრები მას ბელადად მოიხსენიებენ". ჩვენი ინფორმაციით, ის წალენჯიხელია და წლებია, თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. შენგელია ამბობდა, რომ ის გოთების მიმდევარი იყო. ახლობლების თქმით კი, ბექა სექტანტური წრის ერთ-ერთი ლიდერია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ჯგუფმა ე.წ. რიტუალი და მსხვერპლშეწირვა ჩაატარა. დედის მოკვლის ინიციატივა თურმე მისი შვილისგან მოდიოდა. როგორც ამბობენ, გოთების სხვადასხვა ჯგუფი არსებობს და ერთი ნაწილი მუდამ დეპრესიულები, უჩვეულოდ შეუწყნარებლები, მოძალადეები, თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილები, ვამპირები, სადომაზოხისტები არიან. ალბათ ამ შემთხვევაშიც ასეთ მაზოხისტებთან გვაქვს საქმე. გოთიკური ლიტერატურა მჭიდრო კავშირშია საშინელ საიდუმლოებებთან, მაგიასთან, ირაციონალურ მოვლენებთან, საიქიოსთან. პერსონაჟებს შორის გვხვდებიან ვამპირები, მოჩვენებები და სხვა ამოუცნობი არსებები.

თეა ხურცილავა