მოითხოვს თუ არა დედა, ქმრის მკვლელი შვილის მკაცრად დასჯას? - გზაპრესი

მოითხოვს თუ არა დედა, ქმრის მკვლელი შვილის მკაცრად დასჯას?

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სოსო დანელია პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაულიც აღიარა.

ბრალდებულის დაცვას მოსახლეობა ცდილობს. თითქმის მთელმა სოფელმა იცის, რამ მიიყვანა სოსო ამ ტრაგიკულ შედეგამდე. ამბობენ, რომ მშრომელი ბიჭი დამნაშავედ აქციეს, მომხდარის გამო სწუხან და ძალოვნებს ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებასა და მისთვის ბრალის შემსუბუქებას სთხოვენ.

ამ ტრაგიკულ შემთხვევას საფუძველი წლების წინ ჩაეყარა. მართალია, 30 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ყველას ახსოვს. სოსო მაშინ სამი წლის იყო, მისი და, სოფო, კი - 5-ის. ორი მცირეწლოვანი შვილი დედამ მიატოვა და ცოლად გაჰყვა იქვე, 50 მეტრში მცხოვრებ იური დანელიას, რომელიც მის ქმარს ბიძაშვილად ეკუთვნოდა. თავად იური დანელიაც ცოლშვილიანი იყო, მანაც მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დატოვა.

ეს შოკისმომგვრელი იყო დანელიებისთვის, რადგან ოჯახისა და გვარის ღირსება შეილახა. მომხდარს ძალიან განიცდიდა ბავშვების მამა, ალექსანდრე, რომელმაც შვილები ღირსეულად აღზარდა.

ბესიკ ხაინდრავა, სოფელ ლეხაინდრაოს რწმუნებული:

- სოსო და მისი და პატარები ლოგინში ჩატოვა დედამისმა და ქმრის ბიძაშვილს გაჰყვა ცოლად. მამამ და მამიდამ გაზარდეს ბავშვები. პატიოსანი, მშრომელი კაცი იყო მამამისი, ძალიან განიცდიდა მომხდარს, შეურაცხყოფილი იყო. წლების წინ ის უბედური შემთხვევით დაიღუპა, მდინარე ცხენისწყალში დაიხრჩო. ცოტა ხნის წინ მამიდაც გარდაეცვალათ, სოსოს და გათხოვდა, სოსო მარტო ცხოვრობდა. ძალიან მშრომელი ბიჭია, უპატიოსნესი, მაგრამ ბავშვობიდან ამ ტკივილში უხდებოდა ცხოვრება. ცოტა ხნის წინ მითხრა, ცოლის შერთვას ვაპირებო... ამას ვინ წარმოიდგენდა? დაკრძალვაზე იური დანელიას გადააწყდა, ეტყობა დაუგროვდა ეს ტკივილი და ეს უბედურება დაატრიალა. მართალია, დანაშაული ჩაიდინა და პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ვითხოვთ, რაც შეიძლება ნაკლები მიესაჯოს, რომ ეს ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, პატიოსანი ბიჭი არ გადაშენდეს და არ შეეწიროს საბოლოოდ, ოჯახის ტრაგედიას.

სოფო დანელია, ბრალდებულის და:

- ჩვენი ოჯახის ტრაგედია მაშინ დაიწყო, როცა მამაჩემმა ცოლად დედაჩემი, ნინო კახნიაშვილი შეირთო. 5 წლის ვიყავი, ერთმანეთს რომ დაშორდნენ. მამა ძალიან მშრომელი მყავდა, ფაბრიკაში მუშაობდა და ხშირად არ უწევდა სახლში ყოფნა. როცა დედამ მიგვატოვა, ჩემი ძმა 3 წლის იყო და მას საერთოდ არ ახსოვს დედა. ბევრი რამ გადავიტანეთ. დაგვტოვა, მაგრამ მაინც არ გვეშვებოდა დედაჩემი. რამდენჯერმე ჩემი მოტაცება სცადა. 3 წელი ლეხაინდრაოს სკოლაში ვსწავლობდი, მერე მამიდამ ქუთაისში წამიყვანა და მან გამზარდა. უნივერსიტეტიც დავამთავრე, პედაგოგად ვმუშაობ და კარგი ოჯახიც მაქვს. მამაჩემმა და ჩემმა მამიდებმა ღირსეულად გაგვზარდეს. დედისგან მიტოვებული სოსო გაუთხოვარმა მამიდამ შვილივით გაზარდა.

- ამბობთ, რომ დედა თქვენს წაყვანას ცდილობდა. თქვენ არ მიჰყვებოდით? - რამდენჯერმე ჰქონდა ამის მცდელობა. რატომღაც, მხოლოდ ჩემი წაყვანა უნდოდა, ჩემი ძმის ნახვა არც კი უცდია არასდროს. მე ახლოს არ გავიკარე. პატარა ვიყავი, მაგრამ დღემდე მახსოვს მისი ყოველი ნაბიჯი. იმ ქალს შვილისადმი სიყვარული არ გააჩნდა. მას მერე დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც მამჩნევია მის მიერ ბავშვობაში მოყენებული იარა. სიმინდის ტაროთი მცემდა, საშინელ დღეში მაგდებდა. ის მიწაში ცოცხლად დასამარხი ქალია.

- რატომ გცემდათ?

GzaPress- იმიტომ, რომ სხვისკენ ეჭირა თვალი და შვილები რაში აინტერესებდა? მის მიმართ საშინელი ზიზღი მაქვს. სულ უმოწყალოდ მცემდა ასეთ პატარას. რომ დაშორდნენ, წლების მერე მოინდომა ჩემთან კონტაქტი. ერთ საღამოს მეზობელმა დამიძახა. რომ მივედი, დედაჩემი და ის კაცი, იური დამხვდნენ. მტაცა ხელი და უნდოდა, წავეყვანე. გაქცევა ვცადე. ძიძგილაობის შემდეგ დავუსხლტი ხელიდან, ჩემი წაყვანა ვერ მოახერხა, მაგრამ ქვას დავარტყი თავი და ტვინის შერყევა მივიღე. კარგა ხანს მიმკურნალეს ჩემებმა. ერთხელ უნივერსიტეტშიც მომაკითხა. ამის მერე მიხვდა, რომ არასოდეს გავიკარებდი ახლოს. ახლა ბოლო პერიოდი თურმე ჩემს ძმას ურეკავდა და ხან სახლში შემოშვებას, ხან ამ სახლიდან წილს ითხოვდა. სოსო მის ზარს რომ არ პასუხობდა, სხვადასხვა ნომრიდან ურეკავდა. ისიც უთქვამს, - შემირიგდი, ნუთუ გადაცემა "პროფილს" არ უყურებ, ჩამორჩენილი ხარო? სიტყვა "დედა" შემაძულა ამ ქალმა, ისეთი აღვირახსნილია. მამაჩემი ძალიან განიცდიდა ამ ყველაფერს. ისიც მახსოვს, ეზოში ხალხი ირეოდა, მამაჩემს ქვა რომ ესროლა და თავი გაუხეთქა. იმის ნაცვლად, რომ თავი დაეხარა და გაგვცლოდა, არ გვასვენებდა. ვერ ნახავთ ისეთ ადამიანს, ვინც სოსოზე ცუდს გეტყვით. გამზრდელი მამიდა 2 წლის წინ დაიღუპა, მარტო დარჩა ჩემი ძმა და ამის მერე ურეკავდა თურმე სოსოს. ეუბნებოდა, მაგ ოჯახში ბევრი შრომა მაქვს ჩადებული, შემომიშვი, მანდ უნდა ვიცხოვროო. ამ ზარების შესახებ არაფერი ვიცოდი, ჩემი ძმა მიმალავდა, რადგან იცოდა, ვინერვიულებდი. თვითონაც განიცდიდა. თავმოყვარე კაცია და ბევრი გადაიტანა. იური დანელიამ ცოლ-შვილი მიატოვა. ამ მკვლელობის მერე გავიგე, რომ მას თურმე შვილთან ჰქონდა ურთიერთობა.

- რა მოხდა იმ დღეს?

- იური დანელიას ბიძაშვილები ჰყავს ჩვენს სოფელში. ცოტა ხნის წინ, ერთი ქალი გარდაიცვალა და ჩემი ძმა ემსახურებოდა ქელეხის სუფრას. თურმე მარანში შესულა იური და შეხვედრია სოსოს. მაშინ ჩემს ძმას გაუფრთხილებია, - ამ სოფელში არ დაგინახო, არ შემომაკვდე ხელშიო... როცა იურის ბიძაშვილი გარდაიცვალა, სოსოს უთქვამს მეზობლებთან, - დაკრძალვაზე ის კაცი არ მოვიდესო, ის კი მაინც მისულა. იმ დღეს ჩემი ძმა გამოიწვია მოკლულმა. ქელეხის სუფრას ემსახურებოდა სოსო, ღვინო შეუვსია იმ ადგილას, სადაც ეს კაცი იჯდა. ამბობენ, ჩაულაპარაკია, - ალიოშა დანელიას ბიჭი ღვინოს მისხამსო. ეს ამბავი მიუტანეს სოსოს. მერე ვიღაცამ კიდევ რაღაც დაამატა და ნელ-ნელა ივსებოდა ჩემი ძმის მოთმინების ფიალა. ქელეხის სუფრაზე მეზობლები მსხდარან ერთად, აქაც მოსულა ეს კაცი და მოუყვანია თავისი რძალი. თურმე სათითაოდ გააცნო ყველა მეზობელს და მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც სოსო იჯდა. ირონიულად გადახედა თურმე მას. შეურაცხყოფილი წამომდგარა სოსო ფეხზე და წასულა იქიდან... სადაც მიცვალებულს ასაფლავებდნენ, სწორედ იქ არის დაკრძალული მამაჩემი და ჩვენი გამზრდელი მამიდა. ეტყობა ის კაცი იქაც რომ დაინახა, მამაჩემის საფლავთან ახლოს, ვეღარ მოითმინა, უმტყუნა ნერვებმა, ეს საშინელება დაატრიალა და თავი დაიღუპა.

- მითხრეს, სოსო სასტიკად ნაცემიაო, ვინ სცემა?

- თურმე კრძალავდნენ მიცვალებულს, როცა სოსომ იური დანით დაჭრა. მამაჩემს კაცი როგორ დააკალიო, უთქვამს გარდაცვლილის შვილს და უცემია. ეტყობა, მერე სხვა ნათესავებიც მიეხმარნენ და სასტიკად არის ნაცემი. რომ ვნახე, სახე სულ დალურჯებული ჰქონდა, ტალახში იყო ამოსვრილი. მეზობლებმა იხსნეს, თორემ შეიძლებოდა, მოეკლათ. არ ვიცი, შეიძლება აწი გმირად შერაცხონ იური დანელია, მაგრამ ყველამ იცის, რა არაკაციც იყო. მიწაც არ მიიღებს, ისეთი ცუდი ადამიანი იყო. სოსომ მითხრა, - მინდოდა, დამესახიჩრებინა, რომ სამუდამოდ იარა ჰქონოდა სახეზე ჩემგანო. ცინიკურად უყურებდა ჩემს ძმას და უნდოდა ის დამცინავი სახე დაესახიჩრებინა, მაგრამ ვეღარ მოზომა, არტერიას მოხვდა დანა და გარდაიცვალა. რა მოვიმოქმედე აღარ მახსოვსო. არც ის ახსოვს, ვინ სცემა ასე სასტიკად. როცა გაიგო, რომ იური გარდაცვლილი იყო, თურმე განადგურებულმა თავის მოკვლა სცადა, მაგრამ მეზობლებმა გადაარჩინეს. პოლიციას ჩაჰბარდა და აღიარა მომხდარი. მამას სხვა ცოლი არ შეურთავს, ამბობდა, - არ მინდა, ჩემს შვილებს დედინაცვალი ჰყავდეთო. ის მდინარე ცხენისწყალში ჩავარდა და დაიხრჩო. სამი დღე ვეძებეთ. არასოდეს დამავიწყდება ჩემი ძმის განადგურებული სახე, მამის ცხედართან დაჩოქილი რომ ბღაოდა. მაშინ 17 წლის იყო. ამდენი ტკივილის მიუხედავად, ცხოვრებაზე ხელი არასოდეს ჩაგვიქნევია. სოსო სულ შრომობდა. აყვავებულია მისი კარ-მიდამო. მარტო აკეთებდა ყველაფერს. გამომძიებელმა მითხრა, ხელები სულ დაკოჟრილი აქვსო. ის ქალია მოსაკლავი, რომ ასეთ დღეში ჩააგდო ჩვენი ოჯახი და ჩემი ძმა მკვლელად აქცია. სოსოს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თანასოფლელების თქმით, მას მერე, რაც სოსოს დედა იური დანელიას გაჰყვა, წყვილმა სოფელი დატოვა, რადგან იქ არ დაედგომებოდათ. ისინი მარტვილის რაიონის სოფელ ვედიდკარში, მახათის უბანში დასახლდნენ. თუმცა არც აქ უცხოვრიათ მშვიდად. იქ ნინო კახნიაშვილმა მეზობელი მამაკაცი მოკლა და ამისთვის გაასამართლეს კიდეც. როგორც თანასოფლელები ამბობენ, ერთ წელზე მეტია, რაც ამნისტიით გამოვიდა.

გულთაზ ცანავა, სოფელ ვედიდკარის რწმუნებული:

- იურის მეუღლე, ნინო კახნიაშვილი კარის მეზობლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. კარგი ადამიანი იყო ნიკანდრო ძიძიგური, ასაკოვანი, 74 წლის. ბრიგადირად მუშაობდა, ყველას უყვარდა სოფელში. ეძინა ძიძიგურს, როცა ის ქალი მიეპარა და მოკლა. თავში ნაჯახი ჩაარტყა. მან მოიხადა სასჯელი. ბუნებრივია, იქ ვეღარ იცხოვრებდნენ და სხვა სოფელში გადავიდნენ, სოფელ სერგიეთში.

თემურ ძიძიგური, მოკლული ნიკანდრო ძიძიგურის ვაჟი:

- მამაჩემი ბრიგადირი იყო და სოფელში სიტყვა ეთქმოდა. ქუჩაში დარჩენილ იური დანელიას მამაჩემმა შეუწყო ხელი და ისინი ჩვენი სახლის წინ დასახლდნენ. მაშინ მე რუსეთში ვცხოვრობდი. ის ქალი თითქმის ჩემი ტოლია და მამა შვილოთი მიმართავდა. ცოლ-ქმარი ქურდობაში იყო შემჩნეული. მამაჩემს უთქვამს, - წესიერად მოიქცით, თორემ როგორც დაგასახლეთ, ისე გაგასახლებთ ამ სოფლიდანო. ამის მერე მოკლა მამაჩემი ნინო კახნიაშვილმა. 2004 წელს ჩაიდინა დანაშაული. მძინარე მამა ნაჯახით მოკლა და მერე კვალი წაშალა. მკვლელობის იარაღიც ვერ იპოვეს. ბევრი იბრძოლა ჩემმა დამ, რომ დამნაშავე დასჯილიყო.

შევეცადეთ, მოკლულის ოჯახის წევრებსაც გავსაუბრებოდით. დავუკავშირდით იური დანელიას რძალს, თეონას, მაგრამ კომენტარზე უარი მივიღეთ. ჩვენი ინფორმაციით, ნინოსა და იურის ერთი ვაჟი ჰყავთ, რომელიც დაქორწინებულია. რას იტყვის ამ ბრალდებებზე ნინო კახნიაშვილი და მოითხოვს თუ არა შვილის უმკაცრესად დასჯას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბრალდებული სოსო დანელია განაჩენის მოლოდინშია.

თეა ხურცილავა