ორი ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდადებული პროკურატურამ დაზარალებულად ცნო - გზაპრესი

ორი ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდადებული პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტს მსჯავრდადებული თამაზ გოგია ელოდება. მისი ბრალდების საქმის ხელახალი არსებითი განხილვა სასამართლომ უკვე დაიწყო. პროკურატურამ თამაზ გოგიას დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭა და უკანონო პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ითხოვს. არადა, 7 წელია, უმძიმესი ბრალდებით იხდის სასჯელს.

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში, საკუთარ ბინაში გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე - ეთერი მოკლულები იპოვეს. ორივეს ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ეთერ ნინუას ცხედარი მის საძინებელ ოთახში, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული. იგი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრი გახლდათ და წლების მანძილზე სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა.

ამ მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ორი ადამიანის მკვლელობაში ნინუას მეგობარი, თამაზ გოგია ამხილეს და მკვლელობის მოტივად ბიზნესსაქმიანობა დასახელდა. მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს და რამდენიმე მუხლით გაასამართლეს. ადვოკატი ყველა ეპიზოდში გოგიას გამართლებასა და მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა პროკურორი პროკოფი ჭანკოტაძე მონდომებით ცდილობდა, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდების დადასტურებას. ამ სასამართლო პროცესებს თავიდან ბოლომდე ვადევნებდი თვალს და აშკარად ჩანდა, რომ პროკურატურას საკმარისი სამხილები არ ჰქონდა. პროცესებზე ისიც გაირკვა, რომ ორი სხვადასხვა დანაშაულის ხელწერა ერთნაირი იყო. ამ სადისტურ მკვლელობამდე ორი წლით ადრე, 2007 წლის მაისში, ვაკეში, ნაქირავებ ბინაში აზარტული თამაშების მოათამაშე გოჩა მაღალთაძეც ანალოგიური ხელწერით იყო მოკლული. მასაც ერთი ჭრილობა ჰქონდა თავში. მისი სხეულიდან ამოღებული მასრა ნინუების სხეულიდან ამოღებული მასრის იდენტური იყო. მკვლელობა უიშვიათესი მოდელის იარაღიდან გასროლით მოხდა, რომელიც სპეცსამსახურებს აქვთ. ოთახშიც ანალოგიური სურათი იყო, იქაც ყველგან დაფქული წიწაკა იყო მოყრილი და ელექტროგამათბობელი ჩართული, მაღალთაძესაც სასიკვდილო ტყვია საფეთქელთან ჰქონდა. ბრალდების მთავარი მტკიცებულება იყო ის, რომ გოგიას ხელზე დენთის კვალი აღმოაჩნდა.

პროკურორი ჭანკოტაძე მაშინ აცხადებდა, მაღალთაძის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ეს საქმეც გაიხსნებაო, მაგრამ დღემდე ეს საქმე გაუხსნელია. მაშინ ისიც ჰკითხეს პროკურორს, ხომ არ დაადანაშაულებდნენ მაღალთაძის მკვლელობაშიც ბრალდებულ თამაზ გოგიას. ჭანკოტაძემ უპასუხა: - ეს მომავალში გამოჩნდებაო. არც ეს იყო გამორიცხული, მაგრამ ბრალდებული მაღალთაძეს არ იცნობდა და ამ საქმეს მას ვერ დაუკავშირებდნენ.

"დღეს ნინუების საქმე გაუხსნელია, მე უკანონობის მსხვერპლი ვარ. არ შეიძლება, ეს საქმე არ გაიხსნას, ანალოგიურად კიდევ ერთი კაცია მოკლული... არ შეიძლება, ოქროული არ გამოჩნდეს, ნინუების სახლიდან ძვირად ღირებული ძვირფასეულობაც წაიღეს, ხვეწნას ვერავის დავუწყებ, მინდა გთხოვოთ, რაც არ ჩამიდენია, იმას ნუ დამაბრალებთ. ჩემთვის ამ დანაშაულზე ფიქრიც წარმოუდგენელია. მთვრალი ავედი მეშვიდე სართულზე, ამხელა, დევივით კაცი მოვკალი, მერე - ქალბატონი ეთერიც, სახლიდან ოქროული მოვიპარე, ირგვლივ დიდი რაოდენობით წიწაკა მოვაყარე, ელექტროღუმელი ჩავრთე და იქიდან წამოვედი? ადამიანობის არაფერი დაგრჩათ?! ნუთუ არ გრცხვენიათ? ამაზე მეტი რა უნდა დამაბრალოთ, მეგობრის მკვლელობას მაბრალებთ. ნუთუ შეიძლება, სკამისთვის ეშმაკს ემსახუროთ? ქათამიც არ დამიკლავს და თამაზი და ეთერი ისე მოვკალი, რომ კვალი არ დავტოვე? ორი ადამიანის მოკვლა ასე იოლია? მე მკვდარი ვარ, თქვენ მომკალით ამ ბრალით. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, რას მომისჯით, 65 წელს თუ 10 წელს, მე თამაზ ნინუას მკვლელობის ბრალდება მანადგურებს. გთხოვთ, ამაში ნუ დამადანაშაულებთ", - აცხადებდა ბრალდებული, - ან ტყვიამ, რომელიც დენთს არ ტოვებს, ჩემს ხელზე როგორ დატოვა ამდენი რაოდენობის დენთის კვალი, მიპასუხეთ!.. საბოლოო სიტყვა თქვენია, მოსამართლევ, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით... არ მეგონა, თუ შეიძლებოდა ამისთანა სიბინძურის შეთხზვა, ეს თქვენს ნამუსსა და სინდისზე იყოს".

მოსამართლემ მაშინ თამაზ გოგიას მხოლოდ 2 მუხლი მოუხსნა, დანარჩენ ბრალდებებში ის დამნაშავედ ცნო და შეკრებითობის პრინციპით, 39 წელი მიუსაჯა. სწორედ ეს სასჯელი მოითხოვა მისთვის ბრალმდებელმა პროკურორმაც. როცა 60 წლის თამაზ გოგიას თითოეულ ბრალდებაზე სასჯელი ჩამოურიგა, შეკრებითობის პრინციპით, ეს სასჯელი 65 წლამდე ავიდა, თუმცა ჭანკოტაძემ აღნიშნა, ასაკის გათვალისწინებით, 30 წელს ვითხოვო და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

მას შემდეგ 7 წელი გავიდა და თამაზ გოგია დღემდე იხდის სასჯელს.

დღეს უკვე პროკურატურა აცხადებს, რომ გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობა მსჯავრდადებულ თამაზ გოგიას არ ჩაუდენია და ამ უმძიმეს ბრალდებებში მის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს. "ახალი გამოძიებით გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით", - აცხადებს პროკურატურა და სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემულ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას იშველიებს, რამაც გამორიცხა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდებზე დენთის კვალის არსებობა. არადა, საქმეში მთავარი მტკიცებულება სწორედ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა იყო, სადაც ეწერა, რომ თამაზ გოგიას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე აღმოჩნდა დენთის კვალი.

პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომლობით და ორი ადამიანის მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარება-შენახვაში მსჯავრდადებულ თამაზ გოგიას გამართლება მოითხოვა. პროკურატურა აცხადებს, რომ გოგიას სახელი და რეპუტაცია შეილახა, ამით მას მიადგა მორალური ზიანი, რადგან წაყენებულ ბრალდებაში ის უდანაშაულოა. 24 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ამის მამხილებელი მტკიცებულებები წარადგინა. სასამართლო კოლეგიამ საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლო სხდომები გაგრძელდება.

დაზარალებული ეკა ნინუაც დარწმუნებულია, რომ თამაზ გოგიას მისი მშობლები არ დაუხოცავს. "თავიდანვე ვიცოდი, რომ თამაზი უდანაშაულო იყო. არ ვიცი, რატომ წავიდა გამოძიება ამ მიმართულებით. ფაქტია, არც ერთი სხვა ვერსია პროკურატურას მაშინ არ განუხილავს. დღეს არ ვიცი, რეალურად ვინ არის ჩემი მშობლების მკვლელი. იმედი მაქვს, ციხიდან თამაზის გათავისუფლების შემდეგ ახალი გამოძიება სწორ გზაზე დადგება. პირველ რიგში მე დამკითხავენ და უფრო ცივ გონებაზე მივცემ ჩვენებას. მეც მაქვს რაღაც სათქმელი, მაგრამ არ მინდა დავარღვიო პროცესუალური ნორმები და ამაზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებ. მიხარია, რომ თამაზი გარეთ გამოვა, სამწუხაროა, ეს პროცესი კიდევ ერთი თვით რომ გადაიდო, - ამბობს ეკა ნინუა. - სასამართლო პროცესებზე უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და თანაც ყოფილი პროკურორის წნეხის ქვეშ ვიყავი. მან გამიყვანა გვერდზე და მითხრა, ზედმეტ კითხვებს ნუ სვამო. მივხვდი, აზრი არ ჰქონდა ბრძოლას. არც მატერიალურად მქონდა იმის საშუალება, რომ დამოუკიდებელი გამოძიება მეწარმოებინა, თორემ დროს არ დავკარგავდი. შემსრულებელი ერთია მაღალთაძის და ჩემი მშობლების მკვლელობის, როცა ეს უდავო ფაქტი სახეზეა, როგორ დავადანაშაულო თამაზ გოგია? გამორიცხულია, რომ თამაზ გოგია იყოს ჩემი მშობლების მკვლელი. პროფესიონალის ჩადენილია მკვლელობა".

ვნახოთ, რა ვერდიქტს გამოუტანს სასამართლოს ახალი შემადგენლობა თამაზ გოგიას, სავარაუდოდ მას დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

თეა ხურცილავა