კლუბ "დივაში" გაფლანგული სახელმწიფო სახსრები - გზაპრესი

კლუბ "დივაში" გაფლანგული სახელმწიფო სახსრები

ჟურნალი "გზა" 29 დელემბრის ნომერში კლუბ "დივაში" გაფლანგული სახელმწიფო სახსრების შესახებ სასამართლო საქ,ოს დეტალებზე წერს.

გასულ კვირას, თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი ხმაურიანი საქმის განხილვა დაასრულა. საზოგადოებას ალბათ კარგად ახსოვს, 2012 წელს პრესაში გამოქვეყნებული სკანდალური დოკუმენტები, საიდანაც ჩანდა, რომ სტრიპტიზ კლუბ "დივაში" ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდიდან, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდება, თანხები იყო გადარიცხული. ისიც ითქვა, რომ ეს თანხები მაშინ სააკაშვილის ხელისუფლების გავლენიანი პირების გართობაში დაიხარჯა. პრესაში ანგარიშფაქტურებიც კი გამოქვეყნდა. დოკუმენტებიდან ირკვეოდა, რომ 2010 წელს კლუბ "დივას" ანგარიშზე ამ ფონდიდან 5.129 ლარი ჩაირიცხა. ეს თანხა 5 დღეში დაიხარჯა და ანგარიშფაქტურის დანართში ბილეთების რაოდენობაც კი იყო მითითებული. გაირკვა, რომ "დივას" ძირითადად 2 ადამიანი სტუმრობდა, ერთხელ კი იქ გასართობად 4 ერთად მივიდა. მათი ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა ანგარიშფაქტურების მიხედვით მათი მენიუც კი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. მხოლოდ 5 მაისს, ორმა ვიზიტორმა 800 ლარის "ასტონ მარტინი" შეუკვეთა, 7 მაისს კი - 400 ლარის "ასტონ მარტინი" და 300 ლარის სიგარა. ასევე, ყველა დოკუმენტში ცალკე იყო მითითებული პრივატულ მომსახურებაში გადახდილი თანხები.

როგორც ჩანს, სამართალდამცველებმა ეს გახმაურებული ფაქტი შეისწავლეს და ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს ბრალიც წაუყენეს. მართალია, უკვე გამამტყუნებელი განაჩენიც გამოტანილია, მაგრამ ძალოვანებს დანაშაულში მხილებული პირი ამ დრომდე არ დაუკავებიათ და იგი ოფიციალურად იძებნება. როგორც ჩანს, მან ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა და ახლა იქიდან ადევნებს თვალყურს მის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ ვერდიქტს. საინტერესო იქნებოდა ბრალდებულის ჩვენება სასამართლო პროცესზე და იმის გარკვევა, კონკრეტულად რომელი ჩინოსანი ერთობოდა "დივაში".

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სერგო ქ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლა და "ძველი თბილისის განვითარების ფონდის" თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმის - 40.000 ლარის გადახდა, ასევე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის ვადით.

თეა ხურცილავა