"ველოდებოდი, რომ სასამართლო ამ ვერდიქტს გამოიტანდა" - ადრენალინი, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს გამომუშავდება
ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს უკვე მეორე წელია, წლის საუკეთესო ადვოკატად ასახელებენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა სარეიტინგო საბჭომ მიიღო. წელს ქვეყნის მასშტაბით 7 საუკეთესო ადვოკატი დასახელდა: ტარიელ კაკაბაძე, ზურაბ როსტიაშვილი, პაატა შავაძე, დავით ასათიანი, როინ მიგრიაული, გიორგი თურაზაშვილი და რამინ პაპიძე. ისინი "ქვეყნის საადვოკატო ბრწყინვალების" ტიტულის მფლობელები გახდნენ.
ტარიელ კაკაბაძეს უამრავი მოგებული საქმე აქვს და ამ საქმეებს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი შეემატა. მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის გაზრახ მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. 2016 წლის 29 მარტს კი პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გახმაურებული მკვლელობა გახსნა და დამნაშავე დააკავა. დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში მოკლეს და ეს საქმე წლების მანძილზე თაროზე იყო შემოდებული. მართალია ბრალდებულ ბეჟანიძის დადანაშაულებას დიდხანს ცდილობდა პროკურატურა, მაგრამ მათი მტკიცებულებები ხუხულასავით დაინგრა და ბრალდებულის უდანაშაულობა დამტკიცდა.
ტარიელ კაკაბაძე:
- ველოდებოდი, რომ სასამართლო ამ ვერდიქტს გამოიტანდა. ასლან ბეჟანიძე სრულიად უდანაშაულო იყო. ეს სასამართლო პროცესზე დამტკიცდა კიდეც. ეს საქმე არის მაგალითი, როგორ თხზავს პროკურატურა ბრალს. ცრუ მოწმეების დახმარებით ცდილობდნენ, უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულებას, მაგრამ ეს საქმე დაინგრა და შევძელით მისი უდანაშაულობის დამტკიცება. 4 მოწმე ამხელდა ჩემს დასაცავს, მაგრამ მე სულ მწამდა და დანამდვილებით ვიცოდი, რომ ასლან ბეჟანიძე უდანაშაულო იყო. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ სამართლიანი და ქართული მართლმსაჯულებისთვის ერთ-ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი მოწმეები, რომლებიც სასამართლო პროცესებზე ასლან ბეჟანიძის ბრალეულობას ამტკიცებდნენ, სხვა მკვლელობის საქმეშიც მთავარი მოწმეები არიან. საუბარია 2005 წელს, გამსახურდიას გამზირზე მომხდარ ირაკლი გურაბანიძის მკვლელობაზე. ამ მკვლელობის საქმეზეც შოთა შანიძეს და გიორგი მორჩილაძეს აქვთ ჩვენებები მიცემული. სამწუხაროდ, იმ საქმის განმხილველმა მოსამართლემ გაითვალისწინა მათი ჩვენებები და ბრალდებულს 9 წელი მიუსაჯა. თუმცა, როგორც ვიცი, მათი ჩვენებების გარდა, სხვა სამხილი არ არსებობდა. ჩვენს საქმეში მოწმეებმა ვერ გაუძლეს კრიტიკულ ჯვარედინ დაკითხვას, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები სახეზე იყო. ბოლოს მივიღეთ ძალზე კომიკური შინაარსის ჩვენებები. ჩავჭერით ისინი ტყუილებში. სავარაუდოდ, 2004 წელს ოთხმეზურის მკვლელს ხელი დააფარეს, 2016 წელს კი სრულიად უდანაშაულო პირის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მოიყვანა პროკურატურამ რამდენჯერმე ნასამართლევი პირი, რომლებსაც ამ ჩვენებების სანაცვლოდ გარკვეული შეღავათები გაუკეთეს, გამზადებული ჩვენებები მიუტანეს მათ და ასეთმა ცრუ მოწმეებმა დაადეს ხელი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანს. ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი არ არსებობდა ჩემი დასაცავის დასადანაშაულებლად. წარმოიდგინეთ, პროკურატურამ მოწმედ გამოიყვანა უმძიმესი დანაშაულებისთვის არაერთხელ ნასამართლევი პატიმარი შანიძე, რომელიც ექსპერტებსაც კი ატყუებდა, თავი რომ გადაერჩინა და შეურაცხადობაც კი გაითამაშა. ამ გზით მან ადრე რამდენჯერმე აარიდა თავი პასუხისმგებლობას. თვითონაც ამბობს - ვატყუებდი ექსპერტებსო. პროცესზე დაიკითხა ლევან ბოჭორიშვილი, რომელიც ამბობს, რომ შეესწრო მეგობრის მკვლელობას. დაინახა, როგორ დაარტყეს დანა დათოს და როგორ წაიქცა ის, მერე მიდიოდა დაჭრილი ფორთხვით ნელ-ნელა, უყურებდა, როგორ ჩასვეს ტაქსიში და წაიყვანეს საავადმყოფოში. დაადასტურა, რომ ის მოკლულის უახლოესი მეგობარი იყო, მაგრამ ამ ყველაფერს თურმე შორიდან უყურებდა, გაჩერებასთან იდგა და დაჭრილი მეგობრის დასახმარებლად არც კი წავიდა. - 5 წუთი ვუყურებდი, არ მივსულვარ ახლოს, შეყვარებულთან მეჩქარებოდა და იქ წავედიო. მითხარით, რომელი ადამიანი დაიჯერებს ასეთ აბსურდულ ჩვენებას? ამ საქმის განხილვის დროს მიდიოდა ძალიან ბინძური ბრძოლა პროკურატურის მხრიდან, დააშინეს მოწმეები, დააშინეს ექსპერტები, მათ ეშინოდათ სასამართლოში მოსვლა. მართლა უმძიმესი ბრძოლა იყო, ყოველი პროცესის დროს წინაღობებს გვიქმნიდა პროკურატურა, თუმცა სამართლიანობამ იზეიმა.
- როგორც ვიცი, ბევრი გამამართლებელი განაჩენი გაქვთ.
- მართლაც ბევრი გამამართლებელი განაჩენი მაქვს. ვიღებ ისეთ საქმეებს, საპროცესო გარიგებაზე სადაც არ მიდის ეჭვმიტანილი და მივდივართ გამართლებაზე. მიმაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც პასუხობს ჩემნაირი იურისტების მოთხოვნებს. მიმაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის დასუსტება გამოიწვევს იურიდიული პროფესიების უფრო მაღალ დონეზე ასვლას და ადვოკატების როლიც უფრო დიდი იქნება ადამიანის უფლებების დაცვაში. ყველაზე ხშირად მეკითხებიან, - რომელია თქვენი მოგებული საყვარელი საქმეო? ამაზე ერთი პასუხი მაქვს, ეს ისეა, როცა უყურებ ფილმს და გგონია, რომ ყველაზე მაგარ ფილმს უყურე, შემდეგ უყურებ სხვა ფილმს და ფიქრობ, რომ ის არის ყველაზე მაგარი. ასეა ამ შემთხვევაშიც. ახლა ისეთი შთაბეჭდილებებით ვარ ჩემს ბოლო საქმეზე, მგონია, რომ ყველაზე მაგარი ეს საქმეა, თუმცა მქონია ისეთი საქმეებიც, სადაც გაცილებით მეტი მოწმე ყოფილა ჩვენს წინააღმდეგ, მეტი მტკიცებულებები ყოფილა, მაგრამ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანია მოსამართლეს. მქონია ისეთი საქმე, როცა გამამართლებელი განაჩენის შემდეგ პოლიციელები მისცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე იყო შემთხვევა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორ ახალგაზრდას პოლიციის განყოფილებაში უსასტიკესად სცემეს, მერე მათ დააბრალეს ჯგუფურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებული ნასამართლევი იყო, პირობითი მსჯავრის ქვეშ იყვნენ და ეტყობა ეგონათ, რომ მათ წინააღმდეგ შეთხზულ ბრალს ადვილად დაამტკიცებდნენ. თან 4 პოლიციელი ხელს ადებდა მათ, ასევე პატრულის ორი თანამშრომელი და საქმეში იყო კიდევ ორი არაპოლიციელი მოწმე, რომელიც ბრალდებულებს ამხელდა. საქმეში იდო ნივთმტკიცების სახით ტანსაცმელი და ირწმუნებოდნენ, თითქოს ეს ტანსაცმელი პოლიციელებს ამ ბიჭებმა შემოახიეს, იდო ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ეწერა, რომ პოლიციელებს დაზიანებები ეტყობოდათ. ამ შეკერილი მტკიცებულებების მიუხედავად, დადასტურდა ჩემი დასაცავების უდანაშაულობა. როცა მოწმე ტყუის, მისი გამოჭერა ძალზე იოლია და საერთოდ, ყველა მოწმის ჩაჭრა შეუძლია ადვოკატს.
- შეიძლება დამნაშავეც გაამართლო სწორი დაკითხვით, ხომ?
- სწორად წარმოებული დაკითხვები ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს დაანგრევს. მთავარი მტკიცებულება არის მოწმის ჩვენება. როდესაც მოწმეს სასამართლოზე დაჰკითხავ, ჩაჭრი მას, ტყუილებში გამოიჭერ, რეალურად აქ უკვე გამამართლებელი განაჩენი დგება. თუ სწორად დაჰკითხავ, ყველა მატყუარა მოწმის ჩაჭრა შეიძლება. თუ სწორად დაჰკითხავ, შეიძლება ჩაჭრა სიმართლის მთქმელი მოწმეც. საქმეზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია, მოიპოვო და შეაგროვო სხვა მტკიცებულებები. უნდა შეარჩიო სწორი ტაქტიკა, სტრატეგია. ადვოკატი კარგად უნდა იცნობდეს ევროპულ კონვენციას, ქართულ კანონმდებლობას, სასამართლოების პრაქტიკას, რადგან სისხლის სამართალი ჩვენს ქვეყანაში განვითარებადი სფეროა. ყოველდღე ვითარდება და ყოველდღე ახალი პრეცედენტები იქმნება ყველა სასამართლოში. თუ იცნობ ამ ყველაფერს და გაქვს ადვოკატისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, მიმაჩნია, რომ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეში. არ არსებობს საქმე, რომლის მოგებაც არ შეიძლება.
- წინა ხელისუფლების დროს თუ მოგიწიათ ადვოკატად მუშაობამ? მაშინ ფაქტობრივად, სასამართლო პროკურატურის ყველა მოთხოვნას აკანონებდა.
- წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტად დაკავებული ვიყავი პედაგოგიური საქმიანობით. ბიზნესაკადემიაში ვიყავი ლექტორი. ლექციებს ვუკითხავდი უცხოელ და ქართველ სტუდენტებს, ასევე საერთაშორისო სამართალში ლექციებს ვატარებდი, მაგრამ ბოლო სამი წელია, პედაგოგიურ საქმიანობას ჩამოვცილდი, თუმცა სხვადასხვა უნივერსიტეტში ღია ლექციებს ვატარებ მომავალი იურისტებისთვის. დღეს კი ადვოკატურაში ასპარეზი მეტია, სასამართლოც შედარებით დამოუკიდებელია და აღარ ასრულებს ნოტარიუსის როლს.
- ალბათ გქონიათ ისეთი საქმეებიც, სადაც მიზანს ვერ მიაღწიეთ.
- არ არსებობს ადვოკატი, მით უმეტეს - სისხლის სამართლის სფეროში, რომელსაც წაგებული საქმე არ ჰქონია. ძალიან ხშირად, შეიძლება მოსამართლემ უბრალოდ, ვერ გაბედოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. თუმცა, ყოველი კრახი უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია, რომ მეტად გაძლიერდე, თავდადებით გააგრძელო ბრძოლა. მქონია უამრავი საქმე, სადაც პირველ ინსტანციაში არ გამიმართლა, მაგრამ აპელაციაში გავიმარჯვე. ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ გაამართლა ჩემი დასაცავი, რომელსაც 8 წელი ჰქონდა მისჯილი, მკვლელობის მცდელობისთვის. თუ იშრომებ და იბრძოლებ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს.
- როგორც ვიცი, ჟურნალისტ გასვიანის საქმეშიც მონაწილეობთ, ჟურნალისტმა პოლიციელები ამხილა. რა ხდება ამ საქმეზე?
- გიორგი გასვიანი ძალიან ღირსეული ადამიანია, იგი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ახალციხის პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. ჩვენი ინფორმაციით, გასვიანის ცემასა და შეურაცხყოფაში მხილებული დამნაშავეებიდან ორი მოქმედი პოლიციელია, ერთი ყოფილი პოლიციელი, რომელსაც თავის დროზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაატოვებინეს თანამდებობა. ველოდებით, რომ დამნაშავეებს დასჯიან. ბორჯომში გავაჩერეთ მანქანა, მაღაზიაში შევედით წყლის საყიდლად და როცა გაიგეს ადვოკატი ვიყავი, მოვიდა რამდენიმე ადგილობრივი, ლამის მუხლებში ჩაგვიცვივდნენ, გვითხრეს, ძალიან გთხოვთ, ჩვენთან დარჩით ერთი კვირა და თქვენი თვალით ნახავთ აქაური პოლიციელების აღვირახსნილ ქმედებებს, ტერორი მიდის პოლიციის მხრიდან, მოქალაქეებს საშინელ დღეში აგდებენო. გეხვეწებით, გემუდარებით, დაგვეხმარეთ, რომ ეს ყველაფერი შეწყდესო. ბორჯომის მოსახლეობა მოძალადე პოლიციელებისგან დაცვას ითხოვს.
- რა კატეგორიის ბრალდებულის დაცვაზე შეიძლება უარი თქვათ?
- პედოფილს ვერასოდეს დავიცავ. ყველას დაცვა არ შემიძლია. როცა ვხვდები ადამიანს, მან უნდა მოახდინოს ჩემზე შთაბეჭდილება, რომ დაცვა შევძლო. ბევრჯერ მითქვამს უარი საქმეზე. თუ არ გიყვარს შენი კლიენტი, თუ არ გწამს მისი, როგორ უნდა დაარწმუნო მოსამართლე მის უდანაშაულობაში?
- თუ გქონიათ საქმე, სადაც იცოდით, რომ კლიენტი დამნაშავე იყო, მაგრამ გაამართლეთ?
- ვიცავდი აბიტურიენტს, რომელმაც 17 წლისამ ჩაიდინა მძიმე დანაშაული, მაგრამ ის გავამართლე. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ციხეში რომ წასულიყო, ცხოვრება დაენგრეოდა. ამ ადამიანმა საქართველო 4-ჯერ უკვე ასახელა, ევროპის ჩემპიონატზე. დღეს ის არის ძალიან წარმატებული ახალგაზრდა, უაღრესად პატიოსანი, 3.000 ლარი აქვს ხელფასი, ჰყავს მეუღლე, შვილი. ეს ადამიანი რომ წასულიყო პატიმრობაში, მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა.
- ადვოკატობა რატომ გადაწყვიტეთ?
- ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი როლი ითამაშა უცხოელმა კოლეგამ. ვსწავლობდი ამერიკაში და ვცხოვრობდი ცნობილი ამერიკელი ადვოკატის ოჯახში, მასთან მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება და რაც მთავარია, გავიმყარე ჩემი პოზიცია. არასოდეს მიფიქრია პროკურორად, გამომძიებლად მუშაობა. მიმაჩნია, რომ ადვოკატობა არის ღირსეული პროფესია, რომელიც გაძლევს საშუალებას, პრინციპებს არ უღალატო. "ზემოდან" არავინ დაგავალებს, ებრძვი უდიდეს ძალას - სახელმწიფოს. ეს ადრენალინის დიდი დოზაა - მთელი სტრუქტურა ერთვება ერთი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ და მე ვიცავ ასეთ ადამიანებს. სტუდენტობისას ჩემი რეზიუმე გავგზავნე ამერიკაში და წაიკითხა ცნობილმა ადვოკატმა, მიხვდა, რომ ბევრი საერთო გვქონდა და გამარჯვებულ სტუდენტებს შორის ამარჩია. დღეს მართლა ბევრი გვაქვს საერთო. ის ადამიანი წელიწადში სამჯერ ჩამოდის საქართველოში, მისმა შვილმა მოიყვანა ცოლად ჩემი სტუდენტი გოგონა, თბილისში ბინა იყიდეს, მართლმადიდებლადაც მოინათლნენ. ამაზე მეტი სიყვარული ქართველი ადამიანისთვის რა უნდა იყოს? ჩამოდის ამ დღეებში და ამ გამამართლებენ ვერდიქტსაც ერთად გადავხედავთ. ვფიქრობ, ბედნიერი იქნება, როცა გაიგებს, რომ მისმა ყოფილმა სტუდენტმა წარმატებას მიაღწია.
- ალბათ კომიკური სიტუაციებიც იქმნება პროცესზე, იქნებ ასეთი ამბები გაიხსენოთ?..
- ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულს ვიცავდი და გავამართლე, რამდენიმე თვის მერე ის ისევ დაიჭირეს, ხელმეორედ მომიწია მისმა დაცვამ. სასამართლო პროცესზე მივედით, განიხილებოდა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხი. პროკურორი ითხოვს პატიმრობას, მე - გირაოს და ვასაბუთებ ჩემს პოზიციას. ვამბობ, - ეს ადამიანი ნასამართლევი არ არის, წარსული შებღალული არ აქვს-მეთქი და ვითხოვ გირაოს. მოსამართლე პიროვნებაზე აზრის შესაქმნელად მიუბრუნდა ბრალდებულს და ჰკითხა: - ნასამართლევი ხართ?
- არა, კარგი ადვოკატი მყავდა, - უპასუხა მან.
ასე გამცა ბრალდებულმა, თუმცა მოსამართლემ გირაო მაინც შეგვიფარდა.
თეა ხურცილავა