ეჭვიანობა თუ წაგებული ფული? - 4 იანვარს მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
font-large font-small
ეჭვიანობა თუ წაგებული ფული? - 4 იანვარს მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ავარიაში მოყვა, ის მანქანა დაამტვრია, ღმერთმა არ შეარჩინა სხვისთვის წართმეული ფული

ოჯახური ძალადობა ისევ და ისევ გადაუჭრელი პრობლემაა ქვეყანაში. გასულ წელს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე 17 მკვლელობა მოხდა, მსხვერპლები ძირითადად ქალები იყვნენ. 14 ქალი გამოასალმა მეუღლემ სიცოცხლეს, გამოვლინდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის უამრავი ფაქტი. მართალია, ძალოვანებმა აქტიური სოციალური კამპანიაც დაიწყეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ისინი მოუწოდებენ მსხვერპლებს, ხმა აიმაღლონ, არ შეურიგდნენ უსამართლობას, მიმართონ სამართალდამცავებს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა, ძალადობა და მკვლელობა მაინც ხდება ჩვენ ირგვლივ. სამწუხაროდ, 2017 წელიც ქალის მკვლელობით დაიწყო.


4 იანვარს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ზიზი ურუშაძე მეუღლემ, ვახო სამხარაძემ თოკით მოახრჩო. ნაწამები ქალის ცხედარი მეორე დღეს ბინაში აღმოაჩინეს. კრიმინალისტები და სამართალდამცავები დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. მოკლული მშობლების სახლში გადაასვენეს. ახლობლების თქმით, მას უამრავი დაზიანება ეტყობოდა სხეულზე, სახეზე, თვალზე სილურჯეები, შუბლზე - კოპი, ცხვირის ძვალი გატეხილი, ნიკაპი დაზიანებული. თითები დამტვრეული. მუხლები, ფეხები სულ აფლეთილი და გადატყავებული. ეს დაზიანებები ადასტურებს, რომ მკვლე­ლობამდე მსხვერპლს მოძალადე ქმარი ფიზიკურად გაუსწორდა.

ცოლ-ქმარი ე.წ. იტალიურ ეზოში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეორე სართულზე იყო მათი პატარა ოთახი. მათ ირგვლივ რამდენიმე მეზობელი ცხოვრობს. წარმოუდგენელია, იმ ხის კედლებიდან გარეთ ცოლ-ქმრის ჩხუბი არ გამოსულიყო, მაგრამ მეზობლები მომხდარზე საუბარს თავს არიდებენ. ერთ-ერთმა მეზობელმა ასე მითხრა:
- სხვისი ოჯახის საქმე რა ჩემი გასარჩევია? გირჩევთ, ნურც თქვენ ჩაერევით: ვწუხვარ რაც მოხდა, მკვლელი მკაცრად უნდა დაისაჯოს, ძალიან საყვარელი, კოხტა გოგო მოკლა, მაგრამ მე ახლა ჩემს რეპუტაციასა და იმიჯს ვერ შევილახავ და სხვისი ოჯახის საქმეებზე საუბარს ვერ დავიწყებ.
ცუდია, როცა ადამიანისგან ასეთ სიტყვებს ისმენ, როცა ასეთი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში. ერთ-ერთი მეზობელი კი ამბობს, რომ ბინიდან ხმაურის ხმა გამოდიოდა და გაიგონა ისიც, როგორ სთხოვდა ქმარი ცოლს ფულს.

ნანა, ზიზის მეგობარი:

- ალბათ კაზინოში ეგდო და იქ წააგო ფული. ზიზი იყო მაღაზიათა ქსელის მენეჯერი, ყველა საქმეს ის აგვარებდა საბაჟოზე, ბანკში, შემოსავლების სამსახურში და სახლში ხშირად ჰქონდა სამსახურის ფული, რომელიც მეორე დღეს მიჰქონდა. ეს იცოდა მისმა ქმარმა, მას სახლში ეგულებოდა ფული და სთხოვდა თანხას. ეჭვიანობაზე საუბარი გამორიცხულია, ზიზი ამის საფუძველს არავის მისცემდა, ძალიან წესიერი ადამიანი იყო. არავის მივცემთ უფლებას, მისი სახელი შებღალოს. დილიდან ღამემდე სულ მუშაობდა. ვახოსთვის ეჭვიანობის საფუძველი არასოდეს მიუცია. ის ბოღმა ადამიანი იყო, 50 წლის კაცი, რომელსაც მეგობარიც კი არ ჰყავდა. მითხარით, მაშინ რატომ არ ეჭვიანობდა, 24 საათი რომ მუშაობდა ეს გოგო და მის ნაშრომს ჭამდა? უსაქმური, უმუშევარი კაცი იყო, ეტყობა ახლა იბრძვის თავის გადარჩენისთვის, არ მივცემთ მას ტყუილის თქმის უფლებას, სიმართლე უნდა თქვას.

მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობა დასახელდა. როგორც ამბობენ, ბრალდებულმა გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება, დანაშაული აღიარა და მკვლელობის მოტივად სწორედ ეჭვიანობა დაასახელა, მაგრამ ამ ვერსიას გამორიცხავენ მოკლულის ახლობლები. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მოძალადე ქმარი ცოლს ფულს სთხოვდა და თანხის გამო მოკლა ცოლი.

მეგობრების თქმით, ზიზიმ სიყვარულით შექმნა ოჯახი, ისინი 10 წელია ერთად ცხოვრობენ, ქალს ძალიან უყვარდა ქმარი და მასზე საყვედური არავისთან დასცდენია.
- დარწმუნებული ვარ, ზიზი მას ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდა. ძალიან ლამაზი გოგო იყო. ვხედავდით, თვალსა და ხელს შუა როგორ დადნა, მაგრამ პრობლემაზე ჩვენთან არასოდეს უსაუბრია. არადა, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთმანეთის ყველა ნაბიჯი ვიცოდით, სულ ერთად ვიყავით და ასეთი მეგობრები ამ კაცმა დაგვაშორა. ვხედავდი, რომ ვკარგავდი მეგობარს, ის ბოლო დროს ჩვენთან მოსვლას თავს არიდებდა. მეგობრების დაბადების დღეებზეც აღარ დადიოდა. ვერ ვიტყვი, რომ ვახო ზიზის სცემდა, არ იყო ისეთი გოგო, ვინმეს დაეჩაგრა, მაგრამ აშკარად ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდა. 2 წუთით რომ შემოირბენდა, ვხედავდი, დაძაბული იყო, სულ სახლში გარბოდა. ვფიქრობ, რადგან ეს ნაბიჯი გადადგა და ვახოს გაჰყვა, თავმოყვარეობის გამო ვეღარ დაშორდა. ზედმეტად პატიოსანი გოგო იყო. გრძნობდა, რომ არავის მოსწონდა მისი ქმარი. ვინც მას გაიცნობდა, ყველა ამბობდა, - ვახო ენერგოვამპირიაო. ენერგიას გაცლიდა ადამიანს. ზიზი კი ყველას გვერდში მდგომი, გამორჩეული გოგო იყო, თავი სულ გადადებული ჰქონდა სხვისთვის. ვახოს მანამდე სხვა ოჯახები ჰყავდა, ყოფილ მეუღლეებთან შვილებიც ჰყავს, მაგრამ საკუთარ შვილებთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ზიზიმ აღადგენინა შვილებთან ურთიერთობა. მის პატარა ბიჭს, სანდროს არაფერს აკლებდა და ზიზი ძალიან უყვარდა მას. საკუთარი შვილი არ ჰყავდა, ოცნებობდა დედობაზე და სურდა, პატარა აეყვანა, მაგრამ ქმარმა ამის უფლება არ მისცა, - ჩემი შვილები მყავს და სხვის შვილს არ გავზრდიო. ვახო ვერაზე გაიზარდა, მაგრამ მშობლების ბინაც გაყიდა, თავშესაფარი არ ჰქონდა და ზიზის ცოლად შერთვამდე მოხუც მამიდასთან ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. ვახოს დედა გარდაეცვალა, მამამისმა სხვა ქალი შეირთო და მასთან შვილები ჰყავს. მათ ბინაში იყო ვახო ჩაწერილი, არანაირი წილი იქიდან არ ეკუთვნოდა, მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ სასამართლოებში ირბინა, საკუთარ პატარა და-ძმას უჩივლა და წილი მოითხოვა. დედის ამარად დარჩენილ ბავშვებს სახლი გააყიდვინა, ქუჩაში დატოვა და იქიდან წილი წამოიღო. იმ ფულით მანქანა იყიდა, მაგრამ რამდენიმე დღეში ავარიაში მოყვა, ის მანქანა დაამტვრია, ღმერთმა არ შეარჩინა სხვისთვის წართმეული ფული. ასეთი კაცი იყო ვახო სამხარაძე, - ამბობს მოკლულის მეგობარი და ტრაგედიის დღეს იხსენებს:
- ზიზი არასოდეს აგვიანებდა სამსახურში, იმ დილით რომ არ მივიდა, დაურეკეს, ტელეფონზე არ პასუხობდა და ამიტომ თანამშრომელმა ვახოს დაურეკა. ვახოს ასეთი სისასტიკე უკვე ჩადენილი ჰქონდა და თანამშრომელი მოატყუა. უთხრა, ზიზი ბანკშია წასულიო. მან ცხედარი ოთახში ჩაკეტა და ამის შემდეგ ზიზის მშობლების ეზოში მივიდა. იქიდან ზიზის ძმისშვილი გამოიხმო, მას თავისი მანქანის გასაღები მისცა, უთხრა, - შენ გჩუქნიო და წავიდა. პოლიციის შენობა მკვლელობის ადგილიდან 100 მეტრში იყო, მაგრამ იქ კი არ მივიდა, წავიდა გლდანის ციხეში და იქ ჩაბარდა. ესეც შეგნებულად გააკეთა, გათვლილი ჰქონდა, რომ აეცილებინა უსიამოვნება. აქვე რომ მისულიყო, ვიღაც შურს იძიებდა მასზე და ესეც გაითვალისწინა. ისიც იცოდა, რომ ჩაბარებით ბრალს შეიმსუბუქებდა. საშინლად ნაწამებია ზიზი. მართალია ის ქმარზე ცუდს არასოდეს ამბობდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ რაღაცას განიცდიდა.

ვახოს ვუთხარი, - ეს გოგო არსად დადის, რა ხდება-მეთქი? აქეთ შემომიტია, - რა გგონია, მე არ ვუშვებო? ჩემთან უფრო მოდიოდა, ვიდრე დანარჩენ მეგობრებთან. არადა, ტრადიცია გვქონდა, სულ ერთად ვხვდებოდით ყველა დღესასწაულს. მთელი სამეგობროს ჩამოცილება სცადა. იცოდა, რომ ზიზის სამეგობროს ის არ მოსწონდა და ყველა ასე გაგვანადგურა და გაგვამწარა. ერთ პატარა ოთახში, ნაქირავებში ცხოვრობდნენ, სადაც სველი წერტილიც კი არ იყო შიგნით, ქირას ზიზი იხდიდა. ეს გოგო ამ რთულ პირობებს ქმრის სიყვარულის გამო იტანდა. არადა, თავად კარგ პირობებში გაზრდილი იყო, კომფორტი უყვარდა. თბილ და ტკბილ ოჯახში გაიზარდა, - ამბობს უახლოესი მეგობარი.
მომხდარზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და გამოძიება ალბათ დეტალებს დაადგენს, მაგრამ ფაქტია, ეს ვერანაირი ნუგეშია შვილმკვდარი დედისთვის, ოჯახის წევრებისა და ზიზის მეგობრებისთვის.
ურუშაძეების სახლში ხალხის ნაკადი არ წყდება, სულის შემძრელია დედის განწირული გოდების მოსმენა. ქალბატონმა ცისანა მათითაიშვილმაც ისაუბრა მომხდარზე. შვილმკვდარი დედა მთავარ კითხვაზე პასუხს ითხოვს, არ იცის, რატომ მოუკლეს შვილი.

ცისანა მათითაიშვილი:

- მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც მე მჭირს, ჩემი ჭკვიანი შვილი რატომ მომიკლეს, არ ვიცი. 10 წელია გათხოვილია, თავიდან ვერ მივიღე სიძე, მაგრამ ჩემს შვილს უყვარდა და ამიტომ შევეგუე. ყოველდღე ვნახულობდი ზიზის, აქვე ახლოს ჰქონდათ ბინა ნაქირავები. სიძეს ჩ ჰეპატიტი აქვს და დიეტურ საჭმელებს ვუგზავნიდი, ჩემი საცოდავი შვილის ხელით. 24 საათი მუშაობდა ზიზი, სულ შრომაში იყო. დატვირთული დღის რეჟიმი ჰქონდა. დაღლილი მოირბენდა ცოტა ხნით და სულ სახლში ეჩქარებოდა. სულ 3-4 ჯერ მოვიდა გაბუტული, ესეც არ უთქვამს, მაგრამ ვხვდებოდი. მეტყოდა, - სამუშაო მქონდა და იმიტომ გადმოვედიო, არადა, ამ დროს მისი ტელეფონი არ ჩერდებოდა, ვახო სულ ურეკავდა. არავის ეტყოდა თავის პრობლემაზე. ყველაფერს დადებითს ამბობდა ქმარზე. ყოველდღე ვნახულობდი ჩემს შვილს და არასოდეს შემინიშნავს უსიამოვნება. წინადღეს დამირეკა, - მამა რომ არ არის კარგად, გადასხმები გავუკეთოთო. ძალიან დაკავებული იყო, სადაც მუშაობდა, იმ ფირმას რამდენიმე მაღაზია ჰქონდა და საქმეებს ის აგვარებდა. ბუნებით ეჭვიანი რომ იყო ჩემი სიძე, ამას ვგრძნობდი. რამდენჯერმე ზიზის სამსახურთანაც შევნიშნე, ვხედავდი, შორიდან როგორ უთვალთვალებდა. ბოლო დროს ჩ ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობდა. ზიზიმ მითხრა, ღიზიანდება ყველაფერზეო. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. იმ დღეს არ ვიცი, რა მოხდა. ყოველ დილით, სამსახურში წასვლის წინ მირეკავდა. რომ არ დარეკა, ვიფიქრე, ალბათ ტელეფონი არ აქვს დატენილი-მეთქი. ჩემი შვილიშვილი მოვიდა ვარჯიშიდან, პირველის წუთები იყო, ამ დროს დაურეკა ვახომ. ახლოს ვიდექი ბავშვთან და მისი ხმა გავიგონე. უთხრა, - ქვევით ჩამოდიო. რომ ამოვიდა, ძალიან აღელვებული და გაფითრებული იყო, სულ ცახცახებდა, - ვახომ მითხრა, ჩემს მანქანას გჩუქნი, გვერდით ეზოში მყავს დაყენებული. ვერაფერი გაგიკეთე, პატივი ვერ გეცი და მანქანის გასაღები მომცაო. ბავშვმა მითხრა, ზიზის დაურეკე და გაარკვიე, ეს ამბავი თუ იცისო. ზარი გავიდა, მაგრამ ყურმილი არ აიღო, 10 წუთში ისევ რომ დავრეკე, ტელეფონი უკვე გათიშული იყო. ვერ დავუკავშირდი, ბავშვი კი ნერვიულობდა. შევიდა აბაზანაში და ამ დროს ეზოში დაიძახეს, - ურუშაძეები სად ცხოვრობენო? ვიცანი ვახოს და, ნინო და მისი ქმარი იყვნენ. გამიკვირდა მათი მოსვლა, - ხომ მშვიდობაა-მეთქი? - ვახომ დარეკა, მივდივარ, ბოდიშს გიხდით რომ ვერ გნახულობთ, ყველაფერი დამთავრდაო. ვახოს და ზიზის სახლს ვერ აგნებდნენ, ისე იყვნენ ანერვიულებულები.

რომ შემოვბრუნდი, დავფიქრდი, რაღაც ხდება-მეთქი. შვილიშვილი გავუშვი, - გაიქეცი და გაიგე, რა ხდება-მეთქი. ბავშვმა 15 წუთში დამირეკა, - პოლიციაში ვარ და მოდიო. იქ გავიგე, რომ შვილი აღარ მყავდა. ზიზის ხალათი ეცვა. სამსახურში არასოდეს აგვიანებდა, ეტყობა, დილით მოკლა. მითხრას, რატომ მომიკლა. ვახოს ეჭვიანობის მიზეზი არ ჰქონდა. ცოდვას ნუ იტყვის, თავის გადასარჩენად, სიმართლე თქვას.
ზიზი აქ რომ იყო, სულ ცდილობდა, ვახოს იქიდან დალაპარაკებოდა, სადაც ბავშვი იყო, ბავშვის ხმას ასმენინებდა, რომ დარწმუნებულიყო, მართლა ჩემთან იყო მოსული. ესეც ადასტურებს, რომ ეჭვიანი იყო, ამას ვგრძნობდი, მაგრამ არასოდეს უთქვამს ზიზის.

ვახო რომ პერიოდულად აზარტულ თამაშებს თამაშობდა, ეს ზიზის ახლობლებმა იცოდნენ. ყველამ იცოდა ისიც, რომ მანქანა, რითაც ვახო სამხარაძე მოძრაობდა, კაზინოში მოგებული ფულით იყიდა. მოგებული ფულით შეიძინა კომპიუტერიც. სწორედ ის მანქანა აჩუქა ზიზის ძმისშვილს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა და მეუღლის მკვლელობისთვის გაასამართლებენ. რა ჩვენებას მისცემს ბრალდებული სასამართლოს და მკვლელობის მიზეზად რა არგუმენტებს მოიყვანს, ეს სასამართლო პროცესებზე გამოჩნდება.
ვნახოთ, რას დაადგენს პოლიცია და რა ვერდიქტს გამოუტანს ცოლის მკვლელს სასამართლო.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
17.01.2017
საოცარია ისეთი ლამაზი,განათლებული,შრომის მოყვარე გოგო როგორ გაჰყვა უსაქმურ,აზარტულ მოთამაშეს ცოლად,მითუმეტეს ორი ოჯახი და შვილები ჰყავდა მიტოვებული.არც გარეგნობით გამოირჩეოდა ეგ არა კაცი,რითი მოხიბლა საცოდავი.
*
17.01.2017
უნამუსო და კიდევ რამდენს ყავს ესეთი უნდამუსო ქმარი??? ზალაინ ბევრი, უსირცხვილო კაცები, ქარტველი დედების გაზლუქებული უსაქმური სჰვილები, უმაღლესი ზომა უნდ ამიესაჯოს
-
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი