"ნოშიკო ნამორაძემ და დავით კოდუამ დაანგრიეს ჩემი ბიზნესი" - გზაპრესი

"ნოშიკო ნამორაძემ და დავით კოდუამ დაანგრიეს ჩემი ბიზნესი"

მის ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძე კი ციხეშია და სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. ნოშრევან ნამორაძე თავის ბიზნესპარტნიორს, გიორგი ზაქაიძეს კოდუებთან კავშირში ადანაშაულებს. აცხადებს, რომ სწორედ მას გადაუფორმა კოდუების ზეწოლით, "ტიფლის დეველოპმენტის" 50%-იანი წილი. განსხვავებული პოზიცია აქვს თავად გიორგი ზაქაიძეს. იგი ნამორაძესა და კოდუას ბრალდებებს იქით უყენებს.

გიორგი ზაქაიძე:

- ნოშრევან ნამორაძემ შემომთავაზა, მიწის ნაკვეთი ერთად გვეყიდა. შევთანხმდით, რომ ერთსადარბაზოიან სახლს ავაშენებდით. თანხის ნახევარი მე უნდა მიმეტანა, ნახევარი - მას. აუქციონზე გავიმარჯვეთ და 700.000 დოლარად ვიყიდეთ მიწა. ნოშრევანმა 20 თუ 30 ათასი დოლარი მოიტანა, მაგრამ მალე უკან წაიღო და მითხრა, - პრობლემები შემექმნა, ჯერ შენ გადაიხადე და მერე მე შემოვალ ჩემი თანხითო. ჩემს ოჯახს სხვა ბიზნესებიც აქვს. საკრედიტო ხაზები მქონდა, ჩემი და ჩემი ოჯახის სხვა კომპანიის პირადი უზრუნველყოფებით; "საქართველოს ბანკიდან" თანხა ავიღე და მიწის საფასური გადავიხადე. დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. მშენებლობა 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ნოშრევანი მეუბნებოდა, რომ რაღაც ბიზნესები ჰქონდა და იქიდან უნდა წამოსულიყო დიდი თანხა, მაგრამ არ მოუტანია არაფერი ჩვენს კომპანიაში. მშენებლობის დასაწყებად მე და ჩემს ოჯახს ისევ მოგვიხდა ბევრი რამის ჩადება ბანკში და დამატებით 400 ათასის სესხად აღება. ამას ადასტურებს სესხის ხელშეკრულებები. ყველა სესხი გაცემულია ჩემს სახელზე, ჩემი უძრავი ქონების გარანტიით. შემდეგ ბანკში ჩაიდო ის მიწაც, რაც ვიყიდეთ. წლის ბოლოს ნოშრევანმა მითხრა, - ახლა სადაც ვცხოვრობ გირით, იმ ბინის მეპატრონეს ჩვენს ასაშენებელ კორპუსში, მერვე სართულზე 160 კვადრატული მეტრი ბინა მივცეთ, მილიონ-ნახევარი მაქვს ასაღები, ამწუთას არ მაქვს ფული და მშენებლობის ფულიდან 40 ათასი დოლარი მომეცი, გირაოს თანხას ამ ფულსაც დავამატებ და ის ბინა ჩემი გახდება, ბავშვს ველოდები და ბინა არ მაქვსო. ასეც მოვიქეცი. ის სახლი ნიკოლაძეზე ნოშრევან ნამორაძემ ასე გადაიფორმა. იმ მეპატრონის გახდა ამ სამშენებლოში 160 კვმ ბინა. ოფიციალურად 50%-ანი წილი გაფორმებული იყო ნამორაძის ცოლის სახელზე; აქედან 25% დავით კოდუასი იყო.

- ნინო სუთიძის თქმით, თქვენ ტყუით, არანაირი წილი არ ჰქონდა კოდუას და თქვენ ერთად მას ბიზნესი წაართვით. რა ურთიერთობა იყო თქვენსა და დავით კოდუას შორის?

- დავით კოდუს ვიცნობ დიდი ხანია, ის ჩემთან ნოშრევანმა მოიყვანა. ჩემი და დათოს ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო. სადაც ის ცხოვრობს, იქ ჩვენ გვქონდა ოფისი და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. 22 წლის ვიყავი მაშინ. ჩვენი ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზარდა, მაგრამ ეს ხდებოდა 2004 წლამდე. მერე ისე ხშირად ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს. არასოდეს ბიზნესპარტნიორები არ ვყოფილვართ, მაგრამ გვქონდა კარგი ურთიერთობა. მაშინ პატარა მშენებლობები მქონდა ჩემს ოჯახთან ერთად, მაგრამ დღეს რომ გვაქვს, ისეთი ბიზნესი არ გვქონია. ბევრი კარგიც მახსოვს დათოსგან და ბევრი - ცუდიც. ნოშრევანთან მისი ურთიერთობა საიდან დაიწყო, არ ვიცი, მაგრამ ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ და რაღაცებს ერთად აკეთებდნენ. არც დათო კოდუას შემოუტანია არაფერი აქ. სამაგიეროდ, მან 1300 კვმ ფართობი გაიტანა აქედან. ნოშიკომ ზოგი ფულად გაიტანა, ზოგი - ბინით. კომპანიის ფულით შეიძინა ავტომობილი "ტოიოტა" 63 ათას დოლარად. ამის დოკუმენტიც მაქვს. ქორწილიც კომპანიის ფულით გადავუხადეთ, იყიდა აგარაკი ბაკურიანშიც.

- ლოგიკურად სვამს კითხვას ნამორაძის ცოლი, როცა ამბობს, თუ არ გვეკუთვნოდა, რატომ გვაძლევდა ამ თანხებსო? ზაქაიძე ქველმოქმედი იყო, უანგაროდ რომ გვჩუქნიდა ამდენ ქონებასო? როცა ხედავდით, ერთი თეთრი არ მოჰქონდა, რატომ ჩუქნიდით ქონებას?

- მესმის, რასაც ამბობთ. ხვალ-ზეგ ფული უნდა შემოეტანა და ამიტომ არ ჰქონდა გატანის პრობლემა. ის დროს წელავდა, ამასობაში ეს ქონება გაიტანა, მეც დავიჯერე მისი სიტყვები. ყველა ჩემს სიტყვას დოკუმენტებით ვასაბუთებ. 2008 წელს მყიდველები გამოჩნდნენ, ბინები იყიდებოდა. ფაქტობრივად, "ჰაერს" ვყიდდით. აგვისტოს ომის მერე გაგვიჭირდა და როცა ფული მოვთხოვე, მაშინ დაიძაბა ჩვენ შორის ურთიერთობა. ვუთხარი, - აქამდე კი "გულაობდი", ახლა ფული მოიტანე, ხომ ხედავ, მშენებლობას ვერ ვაგრძელებთ-მეთქი. ორი სართული იყო მხოლოდ აშენებული. ბანკმა სესხის გაცემა შეწყვიტა. რაც გვქონდა ანგარიშზე, ის თანხაც უკან წაიღო ომის მერე. დავრჩით ფულის გარეშე. მომიყვანა აუდიტი. დაუთვალეს, რომ დიდი ვალი ჰქონდა კომპანიის. მერე კოდუას აუდიტებიც მოიყვანა. ვეუბნებოდი, - ჩემი 50%-ის ქვეშ რა მოგებაც მეკუთვნის, ისიც არ მინდა, ჩემი შემოტანილი ძირი თანხა დამიფარეთ ან გადაიტანეთ უზრუნველყოფაში თქვენ, ჩამიხსენით, რა ვალებიც მაქვს ბანკში და წავალ-მეთქი. რაც მოვიტანე, მხოლოდ იმას ვითხოვდი. საუბარი მქონდა ორივესთან. მერე დაკავებულები ვიყავით ორივე.

- თქვენ რა ბრალდებით დაგაკავეს?

- 2008 წლის სექტემბერში სოდ-ის თანამშრომლებმა ნარკოტიკი ჩამიდეს. ერთ დღეს აპირებდნენ ჩემი და ნამორაძის დაკავებას, მაგრამ ისე მოხდა, რომ ნოშიკო სახლში არ დახვდათ და მეორე დღეს დააკავეს. რამდენიმე დღე ვიყავი ციხეში. "რეინჯ როვერი", რომელზეც დიდი ხმაურია ატეხილი, ნამორაძის კი არა, ჩემი საკუთრება იყო. პირადად ჩემი ნაყიდი, "საქართველოს ბანკის" ავტოსესხით, და ამასაც დოკუმენტებით ვადასტურებ. მანქანაზე იყო პირადი ნომრები, რომლებიც ჩემს სხვა მანქანებს ეკეთა მერე. უბრალოდ, ჩემი პირადი ავტომანქანით დადიოდა ნინო სუთიძე.

- ნინო სუთიძე აცხადებს, რომ მანქანა იყიდა "რეინჯ როვერის" ცენტრში, იყო თქვენს სახელზე გაფორმებული, მაგრამ მისი საკუთრება იყო. ამას უარყოფთ?

- 8 თვის იყო ის ავტომობილი, როცა ვიყიდე ახლობლისგან, ბანკის ავტოგანვადებით და მანქანა იყო იპოთეკაში ჩადებული. დაკავების შემდეგ ეს მანქანა, როგორც ჩემი სხვა მანქანები, გადავეცი საჩუქრად სახელმწიფოს. ბანკის იპოთეკისგან რომ გამეთავისუფლებინა, ჩემი მეგობრისა და თანამშრომლის, გიორგი გელაშვილის ბინა ჩავდე უზრუნველყოფაში, ანუ ამ ბინით ჩავანაცვლე და ასე ვაჩუქე ის "რეინჯ როვერი" სახელმწიფოს. ამის მერე ჩამოსვეს სუთიძე მანქანიდან. ის ჩემს მანქანას ატარებდა, ეს არის სიმართლე. ამის გარდა, ბევრი მანქანა ვაჩუქე სახელმწიფოს. 3 ათასი კვმ მიწის ნაკვეთი ვაჩუქე გლდანში, რომელიც შარშანწინ ისევ თავიდან ვიყიდე აუქციონზე 300 ათას ლარად, რადგან იქ სხვა პირი ვერ დაიწყებდა მშენებელობას; მშენებლობა დაწყებული მქონდა.

- მიწა რატომ დაგათმობინეს?

- მიწა შევისყიდეთ კერძო პირისგან. მედავებოდნენ, რომ ნაღდ ღირებულებაზე იაფად მქონდა შეძენილი და თითქოს ამით მივაყენეთ სახელმწიფოს ზიანი. ამ წლების მანძილზე ჩვენს წინააღმდეგ ბევრი საქმე იყო აღძრული. ყველა მშენებლობა, ყველა მიწის ნაკვეთი თავიდან გვაყიდვინეს. ეს ის პერიოდი იყო, როცა ყველას ციხეში უშვებდნენ. ყველამ იცის, რა ხდებოდა.

- ალბათ ერეკლე კოდუასაც კარგად იცნობდით. თუ უკანონოდ ჩაგიდეს ნარკოტიკი, ერეკლესთან არ გიცდიათ დეტალების გარკვევა? ის ხომ სოდ-ის უფროსი იყო.

- ბევრი ლაპარაკის საშუალება არ მქონია. სკანდალს ეძებთ? რამდენ ადამიანს იცნობთ, ნარკოტიკზე რომ იყო დაჭერილი? კოდუები მე არ მიყვარს, მათ ადვოკატად ვერ გამოვდგები. შესაძლოა, ჩემს დაჭერაში ითამაშეს დიდი როლი, მაგრამ ხელს ვერ ვადებ ვერავის. ცხოვრება ისეთი რამეა, ვერაფერს იტყვი. ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გავუკეთე, დღეს აქეთ მიჩივის და ბრალს მდებს იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომელიც თავად მოიყვანა ჩემთან. ნამორაძემ და კოდუამ დაანგრიეს ჩემი ბიზნესი. მთელი 7 წელი "ვალაგებდი" ამ ბიზნესს. გათავისუფლების შემდეგ კვლავ გავაგრძელე ბიზნესსაქმიანობა. მათ ამ პერიოდში მშენებლობიდან გატანილი ჰქონდათ დაახლოებით 2 500 კვმ ფართობი. ვუთხარი, - თუ ჩემს ვალს, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი იყო, არ დააბრუნებდნენ, მშენებლობას არ გავაგრძელებდი და პრობლემები შეექმნებოდათ წინასწარ დარიგებული ფართობების გამო. იძულებული იყვნენ, ნოტარიუსის მეშვეობით გადმოეფორმებინათ თავიანთი წილები. ნამორაძის დედა და მეუღლე, რომლებიც ფიქციურად ფლობდნენ ამ წილს, მივიდნენ ნოტარიუსში და ეს წილი გადმოაფორმეს. სწორედ მე ვაიძულე ნამორაძე, მოეცა ჩემი კუთვნილი 50%-ანი წილი და გადავიფორმე კიდეც ჩემი ქონება.

- და ამ ქონების გადაფორმების მიღმა კოდუები არ იდგნენ?

- კოდუამ 1 300 კვმ ფართობი მიიღო ისე, რომ არაფერი შემოუტანია. როცა დავინახე, რომ მატყუებდნენ, იქ დამთავრდა ყველაფერი. დღემდე ვიხდი ამ ვალებს. წარადგინოს რაიმე დოკუმენტი, რომ ქონება მისი იყო. გაჩვენონ დოკუმენტი, რომ 80.000 დოლარად იყიდეს "რეინჯ როვერი". ნანუკა ჟორჟოლიანიც ტყუის, როცა ამბობს, რომ მანქანა მოპარული იყო. მანქანა მე მაჩუქებინეს სახელმწიფოსთვის. მარტო მე კი არა, მამაჩემიც იყო ამ წლებში დაჭერილი, 500 ათასი მას მიატანინეს, ჩემი ბიზნესპარტნიორიც იხდიდა სასჯელს. 4-5 ჯერ გადავიხადეთ სოლიდური თანხები, დავთმეთ ქონება. მილიონ-ნახევარზე მეტი მიგვატანინეს. წელიწად-ნახევრის წინ დავწერე განცხადება, რომ წამართვეს მიწები, უკანონოდ ჩამიდეს ნარკოტიკი, მაგრამ ეს საქმეები დევს პროკურატურაში და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მივხვდი, ყველაფერი მაიმუნობა იყო და დავანებე თავი ჩივილს. ჩემს ბიზნესპატრნიორს, ლაშა სიგუასაც ასე მოექცნენ. მასაც ჩაუდეს წამალი. 3 წელი იჯდა ციხეში უკანონოდ. ისიც ჩივის, მაგრამ რეაგირება არ ხდება. მოგაწოდონ ერთი დოკუმენტი მაინც, რომ ნამორაძეს ან კოდუას რაიმე თანხა აქვს ჩადებული. თუ სამართლიანია გამოძიება, მაშინ ორივე ჩასვან, - ნოშიკოც და კოდუაც. კოდუაც ისეთივე გარეწარია ჩემთვის, როგორიც ნოშრევან ნამორაძე.

- როგორ ფიქრობთ - რატომ გაუსწორდა ასე სასტიკად ნამორაძე კოდუას?

- თავიანთი პრობლემები აქვთ, თავიანთი თემები და იმიტომ გაუსწორდა. მე თავი დამანებონ. 2009 წლის დეკემბერში მომცა სესხი ბანკმა და ის მშენებლობა დავამთავრე. კოდუამაც დამაზარალა, მაგრამ იმას იმდენი სინდისი აქვს, რომ აქეთ არ მიჩივის. ერთმანეთში არკვიონ, რას ვერ იყოფენ, ჩემგან ბევრი წაიღო ორივემ, საკმაოდ ვიზარალე და თავი დამანებონ. ბოლოს იქამდე მივლენ, დავიწყებ იმ წაღებული თანხების მოთხოვნას. ჩავთვალე, რომ 8 წლის წინ რაღაც გადასახადი გადავიხადე და მორჩა. ჩემი შეცდომა იყო, მათ რომ ვენდე და ასეთ შეცდომას არ დავუშვებ აწი. ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, მისი ბავშვის ნათლია ვიყავი და რას წარმოვიდგენდი, ასეთები თუ აღმოჩნდებოდნენ?

ნამორაძის მეუღლე, ნინო სუთიძე კი ბიზნესმენ გიორგი ზაქაიძის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს.

ნინო სუთიძე:

GzaPress- აუქციონზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო. ზაქაიძესაც სურდა ეს მიწა, ის თვითონ მოვიდა ნოშიკოსთან და უთხრა, - ერთად გავაკეთოთ ბიზნესიო. კოდუების მეგობარი ზაქაიძე რას იტყვის, ეს ნაკლებად მაინტერესებს. სულ არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას მის ნათქვამზე. თურმე მას გავუმზითვებივარ: მანქანაც მაჩუქა, ბინაც, ქორწილიც კი გადაუხდია ჩემთვის. თურმე ნინო სუთიძე არ არსებობდა ქვეყანაზე. მეცოდება ძალიან ეს ადამიანი. ამ ყველაფრის მერე ერთი კითხვა იბადება: რატომ მჩუქნიდა ასე უანგაროდ ამდენ ქონებას? ან თუ კარგი ბიჭია და ამდენი რამე გამიკეთა, ჩემი მეუღლის ციხიდან გამოსაყვანად ყველაფერი რომ გავყიდე, მას მერე ეს კაი ბიჭი რატომ არ მეხმარებოდა? ეს არ ჯდება ლოგიკაში.

- როდის გაწყდა თქვენ შორის ურთიერთობა? ის თქვენი შვილის ნათლიაც ყოფილა.

- მას შემდეგ გაწყდა, როცა ნოშიკო გამოვიდა ციხიდან. ის მოდიოდა ჩვენთან და გვეუბნებოდა, - დათო კოდუა ითხოვს წილის გადაფორმებას და ეს ქონება მე უნდა გადმომიფორმოთო. მაშინ მივხვდი, რომ კოდუები და ზაქაიძე ერთ თამაშს თამაშობდნენ. კიდევ რა აქვთ ერთად გაკეთებული, არ ვიცი, მაგრამ ზაქაიძეს კოდუებთან დიდი ხნის მეგობრობა რომ აკავშირებს, ეს ნამდვილად ვიცი. ისინი დღემდე აგრძელებენ მეგობრობას.

- ის ამბობს, რომ "რეინჯ როვერი", რომელსაც თქვენ ატარებდით, მისი საკუთრება იყო.

- მანქანა იყო ზაქაიძის სახელზე, მაგრამ ჩემი იყო. მე მქონდა გენერალური მინდობილობა გაყიდვის უფლებით. ეს ადასტურებს, რომ მანქანა ჩემია.

- ზაქაიძის მტკიცებით, კოდუას 25%-ანი წილი თქვენს სახელზე იყო გაფორმებული.

- ესეც ტყუილია, კოდუასი რომ ყოფილიყო ქონება, როგორ ფიქრობთ, ჩემს სახელზე იქნებოდა გაფორმებული? არ ჰყავს კოდუას არავინ, რომ თავისი ახლობლის სახელზე გაეფორმებინა? გამოძიება გასცემს პასუხს ამ ყველაფერს. ჩემთვის დღეს ყველაზე მთავარია, ჩემი ქმარი გამოვიდეს ციხიდან. ადვოკატმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება. მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი და როგორც წესი, ამ ბრალდებით ხალხს ციხეში არ სვამენ. მაქვს იმედი, რომ სიმართლეს დავამტკიცებთ და კიდევ ერთხელ არ გავხდებით უსამართლობის მსხვერპლნი.

P.S. ფაქტზე გამოძიება გრძელდება. იმედია, მტყუან-მართალს გამოძიება და სასამართლო დაადგენს.

თეა ხურცილავა