"ლიკა ყაზბეგის ქმარმა შვილი მომიკლა" - გზაპრესი

"ლიკა ყაზბეგის ქმარმა შვილი მომიკლა"

ლიკა ყაზბეგის ქმრის, პატიმარ გენადი ჯელაძის ოჯახი დახმარებას ითხოვდა. მათი მტკიცებით, ის დიაბეტითაა დაავადებული, დღეში 4-ჯერ იკეთებდა ინსულინს და ამ ვითარებაში მყოფმა პატიმარმა წამლების მიღებაზე უარი თქვა. პატიმარი ირწმუნება, რომ მას ღირსება შეულახეს. ადმინისტრაციამ ყოველგვარი განმარტების გარეშე, ტანშიშველი და ფეხშიშველი, მე-17 დაწესებულებიდან მე-6, დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანა. ოჯახი მის ისევ ღია დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვდა, რადგან დაავადება პროგრესირებს და დახურულ დაწესებულებაში მისი ყოფნა, საფრთხის შემცველია. პატიმრის დედა, დალი არჩვაძე იმასაც აცხადებდა, რომ მისი შვილი უკანონო პატიმარია და მკვლელობა არ ჩაუდენია, თუმცა დღემდე სამართალი ვერ იპოვეს. აღნიშნულის შესახებ სტატია ჟურნალ ”გზაში” დაიბეჭდა.

სტატიას ონში მცხოვრები მაყვალა გაგნიძე გამოეხმაურა. ქალბატონი მაყვალა იმ ბიჭის დედა აღმოჩნდა, რომლის განზრახ მკვლელობისთვისაც გენადი ჯელაძე სასჯელს იხდის.

მაყვალა გაგნიძე:

- უკვე რამდენი ხანია, ჯელაძის ოჯახი ყველა გზით ცდილობს პატიმრის გათავისუფლებას. აცხადებენ, რომ თითქოს ის უკანონო პატიმარია, ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. გენადი ჯელაძემ სრულიად უდანაშაულო შვილი, დიმიტრი მომიკლა. წარმოიდგინეთ, როცა ეს მკვლელობა ჩაიდინა, 25 წლის იყო და ამ ასაკში უკვე სამჯერ იყო ნასამართლევი. პირველი დანაშაული გვარდიაში მსახურობისას ჩაიდინა, თუმცა დედამისმა მაშინ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მისი შვილი არ დაეჭირათ. მას მერე იყო რამდენიმე მძიმე დანაშაული. ბოლოს 1998 წელს, 31 დეკემბერს, რუსთაველზე, დისკოთეკაზე იჩხუბა. გამოაგდეს იქიდან და გაბრაზებული, დანით შეიარაღებული, უკან მიბრუნდა და მამაკაცს დანით სამი ჭრილობა მიაყენა. ამ ფაქტს თავად ჯელაძის მეგობრები შეესწრნენ. ერთ-ერთმა ამხილა კიდეც. დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ მისმა ოჯახმა იმდენს მიაღწია, რომ ჯელაძე თავდებით გაათავისუფლეს. მეგობარს, კაბარჯიანს ამ ჩვენების გამო გადაეკიდა, ჩვენების შეცვლა მოსთხოვა. იმის გამო, რომ მან ეს არ გააკეთა, დაუპირისპირდა, ერთ დღეს კაბარჯიანის სახლში შეიპარა ფანჯრიდან და გატეხილი ბოთლით დაჩეხა მეგობარი. მისმა მშობლებმა ხმაური გაიგონეს, ამიტომ დამნაშავემ მისი მოკვლა ვერ შეძლო და გაიქცა. წარმოიდგინეთ, არც ეს დანაშაული უღიარებია, მაგრამ ბრალი დაუმტკიცდა და 11 წელი მიესაჯა. ამის შემდეგ ის შევარდნაძის შეწყალებით გამოვიდა ციხიდან. 2 თვის გამოსული იყო, რომ ონში ჩემი უდანაშაულო, 29 წლის შვილი მოკლა.

- თქვენი შვილი რატომ მოკლა?

GzaPress- ონელები არიან ჯელაძეები. იქ ბებია და ბაბუა ცხოვრობენ და სოფელში იყო ამოსული მეგობართან ერთად. ქუჩაში ჩვენს თანასოფლელთან თურმე კამათი მოუვიდა, ის ბიჭი ნასვამი ყოფილა და აუშარდა ჯელაძეს. რამდენიმე საათის განმავლობაში არჩევდნენ თურმე ამ საქმეს. საღამოს 7 საათი იყო, ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად პანაშვიდზე მიდიოდა და ქუჩაში შეესწრო, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ თანასოფლელს და მათი გაშველება სცადა. ჯელაძე ამბობდა, - დამნაშავეაო. ჩემს შვილს უთქვამს, - ნუ სცემთ, ხომ ხედავთ, მთვრალია, ხვალ მოგიყვანთ და დაელაპარაკეთ, თუ რამე შეეშალა, ბოდიშს მოიხდის და აპატიეთო. - შენ ვინ ხარო? - და ახლა თურმე ჩემს შვილს მიუბრუნდა. ამ დროს დაჭრილი ჰყოლია თომა ჩიკვილაძე. ამის მერე ჩემს შვილს მიეპარა და დანა დაარტყა. იმდენად ძლიერი იყო დიმიტრი, ადგილზე არ წაქცეულა, დაჭრილი საავადმყოფომდე თავისი ფეხით მივიდა, მაგრამ მერე გონება დაკარგა და აღმოჩნდა, რომ უმძიმესი ჭრილობა ჰქონდა. თბილისში გადაყვანა ვერ შევძელით, რადგან მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში კარგა ხანს ებრძოდა სიკვდილს. საზღვარგარეთ წასაყვანადაც ყველაფერი გავამზადეთ, მაგრამ შვილი მომიკვდა, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. ეს საქმე მაშინ ძალიან რეზონანსული იყო, ძალიან ბევრი ვიბრძოლე, რომ დამნაშავე სამართლიანად დაესაჯათ. მკვლელმა ქვეყნიდან გაქცევა სცადა, მაგრამ სამართალდამცავებმა დააკავეს. ამ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა, მაგრამ მან არც ეს მკვლელობა აღიარა. არადა, 5-6 თვითმხილველი უპირისპირდებოდა და ამბობდა, რომ მან დაარტყა ჩემს შვილს დანა. დღესაც ამბობს, რომ უკანონო პატიმარია. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დანაშაული მან ჩაიდინა. 9 თვე მიდიოდა სასამართლო პროცესები და ბრალი დაუმტკიცდა. გამაგებინეთ, რატომ არის უკანონო პატიმარი? მან ჩემი ოჯახი გაანადგურა და ახლა ციხეშიც არ უნდა, რომ იჯდეს? დავიღალეთ უკვე ამ სიბინძურეების მოსმენით. ჯერ იყო და შარშან მთელ საზოგადოებას აცნობეს, რომ ციხეში იქორწინა ლიკა ყაზბეგზე. პომპეზურად აჩვენეს მისი ხელმოწერის ცერემონიალი. მაშინაც ცდილობდნენ, როგორმე დაეხსნათ იქიდან, მაგრამ არც მაშინ გავჩუმებულვარ. ვაცხადებ, ის ჩემი შვილის მკვლელია და სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს! ახლა ახალი სკანდალის აგორებას ცდილობენ, თითქოს ცუდად არის. ესეც მათი პიარის ნაწილია. ვიცი, რომ ის ციხეში კარგ პირობებშია. ლიკა ყაზბეგი სისტემატურად დადიოდა თურმე მასთან გრძელვადიან პაემნებზე. იქაც ჩაიდინა დანაშაული, ამის გამო შეუცვალეს რეჟიმი და ამას აპროტესტებენ ახლა. ესეც არ მოსწონთ. გადაჰყავთ ღუდუშაურის საავადმყოფოში სამკურნალოდ, ასე ელოლიავებიან ჩემი შვილის მკვლელს და ეს ფაქტი ძალიან გვაღიზიანებს. ვერ გამიგია, რა დამსახურებისთვის ჰყავთ ეს რეციდივისტი ასეთ პირობებში? რატომ აქცევენ ამდენ ყურადღებას?

- ოჯახი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და ამიტომ ითხოვს დახმარებას.

- ესეც ტყუილია. კარგად ვიცნობ დედამისს. ვიცი, ის ყველაფერზე მიდის, რათა თავისი დამნაშავე შვილი ციხიდან გამოიყვანოს. ჩემი შვილი ქუთაისის საავადმყოფოში, სიკვდილს რომ ებრძოდა, მის გადარჩენაზე რომ ვლოცულობდით, დედამისი ამ დროს საავადმყოფოში საქმის გაყალბებით იყო დაკავებული. მან ექიმის მოსყიდვაც სცადა და დოკუმენტის გაყალბებაც. ეს სასამართლოზეც დადასტურდა და როგორც ვიცი, ის ექიმი მაშინ მოხსნეს კიდეც. მერე ამბობდნენ, თითქოს ჩემს შვილს ვიღაცის გასროლილი ქვა მოხვდა და ამით დაშავდა. მთელი სისხლის სამართლის საქმე სახლში მაქვს და უტყუარად არის დადასტურებული, რომ ჯელაძემ შვილი მომიკლა. წაქცეული თანასოფლელის გაშველება სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ჯელაძეს ადრეც არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, 16 წლიდან ციხეშია, მაგრამ სულ ამბობს, რომ უდანაშაულოა. ჩემი შვილის მკვლელობისთვის მას 18 წელი მიუსაჯეს, ჩვენ კი სამუდამო პატიმრობას ვითხოვდით, რადგან ის რეციდივისტია და გარეთ მისი ყოფნა საშიშია საზოგადოებისთვის. გულდაწყვეტილი ვარ იმის გამოც, რომ ასეთ ადამიანს ამნისტია შეეხო და სასჯელი შეუმცირეს. მან მისჯილი წლები ბოლომდე უნდა მოიხადოს. ასეთი ადამიანი ციხეში ჯვარს კი არ უნდა იწერდეს, თავისუფლებას კი არ უნდა ითხოვდეს, ჩადენილს უნდა ნანობდეს. მისი გარეთ გამოშვება არ შეიძლება. ქმარ-შვილი მყავს და მეშინია, ამ უსამართლობის შემხედვარე, დანაშაული არ ჩაიდინონ. შვილი მომიკლეს და განადგურებული ოჯახი ახლა იმას ვიგებთ, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. ელემენტარულად, სინანული რომ გამოეხატა, ეღიარებინა და ეთქვა, - ეს დამემართა და ბოდიში, ვნანობ ჩადენილსო, მაშინ ასეთი გამწარებულები არ ვიქნებოდით, მაგრამ ის ურცხვად ამბობს, რომ უდანაშაულოა. ჩემი შვილი მორწმუნე ბიჭი იყო, განათლებული, ყველას უყვარდა. პიროვნულად არ იცნობდა მას, უბრალოდ, შემთხვევით შეესწრო ჩხუბს და აშველებდა. დანაშაული ონის ცენტრში, პოლიციის წინ ჩაიდინა, ამასაც არ მოერიდა და მერე იქიდან გაიქცა. სხვა ეჭვმიტანილი არც ყოფილა ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში. კიდევ ერთხელ ვამბობ: მისი ბრალი დადასტურებულია და მოეშვან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. დარჩენილი წლები ციხეში უნდა მოიხადოს!

თეა ხურცილავა