უვადო პატიმრობა - ნარკოტიკის შეძენა-შენახვის მუხლით - გზაპრესი

უვადო პატიმრობა - ნარკოტიკის შეძენა-შენახვის მუხლით

მალხაზ თალაკვაძეს 9 წლის წინ უვადო პატიმრობა მიუსაჯეს დანაშაულისთვის, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, არ ჩაუდენია. თალაკვაძე 2005 წელს წყალტუბოში, სოდ-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ამას წინ უძღოდა მისი მეზობლის, სოდ-ის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მიერ ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნების მამხილებელი ფარული ჩანაწერის გავრცელება.

მალხაზ თალაკვაძე:

- დილის 5 საათზე სახლში თავს დამესხნენ სპეცრაზმელები. თბილისისა და ქუთაისის სოდ-ის ერთობლივ სპეცოპერაციას სოდ-ის იმჟამინდელი უფროსი, ერეკლე კოდუა და მისი მოადგილე, კახა მისირელი ხელმძღვანელობდნენ. იმ დღეს წყალტუბოში, ყოფილი მეუღლის სახლში ვიმყოფებოდი შვილის მოსანახულებლად (თვითონ ოზურგეთის რაიონის სოფელ მთისპირში ვცხოვრობ). ავადმყოფი კაცი ვარ, დამაწყნარებლები მქონდა დანიშნული და ვინაიდან საღამოს ცუდად გავხდი, მეუღლემ ნემსი გამიკეთა და ჩამეძინა. მეორე სართულზე ვცხოვრობთ და სპეცრაზმელები ჯერ აივანზე ამოცვივდნენ ხმაურით, მერე ფანჯარა და კარი შემოამტვრიეს, თითქოს საშიშ ტერორისტს იპყრობდნენ. ჩხრეკის შემდეგ თქვეს, - ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა, თალაკვაძე სახლში იარაღსა და ნარკოტიკს ინახავდაო. ისინი მითვალთვალებდნენ, იცოდნენ ჩემი მარშრუტი და ეგონათ, წყალტუბოში ვცხოვრობდი. იმხანად, ოთხთვიანი პირობითი მქონდა შეფარდებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და კვირაში ერთხელ ვცხადდებოდი განყოფილებაში.

პოლიციელებმა "კალაშნიკოვი" ჩადეს ბავშვის პატარა კარადაში, სადაც ტანსაცმელი ეკიდა. ავტომატი არ ეტეოდა, ამიტომ პალტოების ჩამოსაკიდი მოამტვრიეს და იარაღს ქურთუკები მიაყარეს. იქვე ჩადეს ერთი მჭიდი და 30 ცალი ვაზნა. სახლს 3 საათს ჩხრეკდნენ. კოდუამ ჰკითხა პოლიციელებს, - რა ქენითო? როცა უთხრეს, - არაფერიაო, მან მიუთითა, - საქმეს მიხედეთო. მივხვდი, ახალ სიურპრიზს მიმზადებდნენ. მართლაც, ბავშვის საწოლ ოთახში შევიდნენ და ტუმბოზე ზემოდან ოპიუმი დაყარეს. ოქმში ჩაწერეს, ვითომ ტუმბოში ნახეს 44 თეთრ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული შავი, პლასტილინისმაგვარი ნივთიერება. გინება და ჩხუბი დავიწყე, - რატომ მღუპავთ, ამას რატომ აკეთებთ-მეთქი? სასამართლოზე წამლის ჩამდებს მოწმემ ხელიც დაადო. რვა მოწმე (მეზობლები) ადასტურებს, რომ ნარკოტიკი ჩამიდეს (40 გრამი გადაუმუშავებელი ოპიუმი, საბოლოოდ, 1,5 გრამია). თავიანთი ჩადებული ნარკოტიკის შეძენა-შენახვის მუხლი წამიყენეს და უვადო პატიმრობა მომისაჯეს. არ არსებობს პრეცედენტი, პირადი მოხმარება-შეძენისთვის ვინმესთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ. ჩხრეკის ოქმზე ჩემს ნაცვლად გამომძიებელმა, კახა ბადაშვილმა მოაწერა ხელი, ალტერნატიულმა ექსპერტიზამ კი დაასკვნა, ხელმოწერა გაყალბებული რომ იყო.

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ 13 წლის ქალიშვილი ლამის გამიგიჟეს. კოდუას ბრძანებით, მის თვალწინ დამიწყეს გინება და ცემა - ხელებშეკრული დამაგდეს ძირს და 2 საათის განმავლობაში მირტყამდნენ წიხლებსა და ავტომატის კონდახს. ცემისგან დამასისხლიანეს. ჩემს ყოფილ ცოლს გული შეუწუხდა. ბავშვი ყვიროდა, - მამიკოს რატომ მიკლავთო? მინდოდა შვილის გამხნევება, მაგრამ სპეცრაზმელმა სახეზე წიხლი დამაჭირა და ამის საშუალება არ მომცა. ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა, ყვიროდა და ჩემს ნახვას ითხოვდა. ისეთ მდგომარეობაში იყო, შეეშინდათ. მერე მითხრეს, - ბავშვი დააწყნარეო. სისხლი მომწმინდეს, დივანზე დამსვეს და გოგონა შემომიყვანეს. მოვეფერე. ხელი მომკიდა და მეკითხებოდა, - მამიკო, ცოცხალი ხარო? ახლაც ცუდად ვხდები, იმ სცენას რომ ვიხსენებ. კოდუას ვუთხარი, - ბავშვს რას ერჩოდით, გარეთ დაგეჭირეთ, თუ რამის ჩადება გინდოდათ, მანქანაში ჩაგედოთ, ამხელა ხმაურის ატეხა რა საჭირო იყო-მეთქი? გარდა ამისა, გამძარცვეს კიდეც - ჩემს მეუღლეს ჰყავდა ორი ავტომანქანა და ორივე წაართვეს. კიბეზე რომ ჩამოვყავდი, გინება დავიწყე და ვიღაცამ უკნიდან მოულოდნელად თავში ავტომატის კონდახი ჩამარტყა. გონება დავკარგე, ამის გამო ისე შეეშინდათ, "სასწრაფო" გამოიძახეს და წყალტუბოს საავადმყოფოში წამიყვანეს. ინსულტი დამემართა. წვეთოვანი მედგა და ამ მდგომარეობაში საკაცით ამწიეს და სასწრაფო დახმარების მანქანით ჩამომიყვანეს თბილისში. მიმიყვანეს სოდ-ის შენობაში. იმ დღეს მხოლოდ მამოწმებდნენ, ცოცხალი თუ ვიყავი. მეორე დღეს ამიყვანეს კოდუას კაბინეტში, სადაც მისირელი და სხვებიც იყვნენ. მითხრეს, - შენი დაჭერის სურვილი არ გვაქვსო და დამიწყეს პოლიციის მაღალჩინოსან შვანგირაძეზე ლაპარაკი: - ხომ იცი, რა უვარგისია, ეგ არც პოლიციელად ვარგა, არც კაცად. ვიცით, მან მოგცა წამალი, იარაღი და ეს უნდა თქვაო. მივხვდი, რას მთავაზობდნენ და უარი ვუთხარი, - ამდენ ხანს კაცურად ვიცხოვრე და უდანაშაულო ადამიანს ხელი როგორ დავადო-მეთქი? მივხვდი, ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ და ეს თორნიკე შვანგირაძის, იმავე თოჩიას გასაფუჭებლად კეთდებოდა.

- ვინ არის თორნიკე შვანგირაძე?

- თორნიკე შვანგირაძის ოჯახს წყალტუბოდან ვიცნობდი, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ თორნიკე თბილისში წამოვიდა და მასთან შეხება აღარ მქონია. შვანგირაძე სოდ-ში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო. მას ჩაუწერია კეზერაშვილის საუბარი ვიღაც ნარკომანთან, რომელსაც, როგორც ჩანაწერიდან ჩანს, ფული გაატანა წამლის ასაღებად. ჩანაწერში მეგობარი ურეკავს კეზერაშვილს და ეუბნება, - რა ვქნათ, მანდ მოვიტანო და გავიკეთოთ, თუ გავყოთო? კეზერაშვილი ეუბნება, - აქ მოიტანე და მივხედავო. მათი საუბარი ფარულად ჩაუწერია შვანგირაძეს, შემდეგ კი ფირი სააშკარაოზე გამოუტანია იმ მოტივით, - აი, მინისტრად ვის ნიშნავთო. შვანგირაძე პირველად კობა დავითაშვილთან მისულა. იმასაც მეტი რა უნდოდა, ოპოზიციაში იყო გადასული, მოჰკიდა ხელი შვანგირაძეს და ეს ინფორმაცია პარლამენტის ტრიბუნიდან გაახმოვანებინა. ეს ამბავი 2005 წელს მოხდა, ჩემს დაჭერამდე ერთი თვით ადრე. როგორც ვიცი, მას შემდეგ დაიწყო შვანგირაძის დევნა და მგონი, მან საქართველო დატოვა. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ტელევიზიით უჩვენეს, როგორ მივიდა კეზერაშვილი ნარკოლოგიურში ანალიზის ასაღებად და იმის დასამტკიცებლად, რომ ნარკომანი არ იყო. იქიდან გამოსული კი ამბობდა, - მომიგონეს, სუფთა ვარო.

სოდ-დან რესპუბლიკურში გადამიყვანეს, სადაც ყოველდღე მოდიოდა გამომძიებელი და მეუბნებოდა, - რას იკლავ თავს, შვანგირაძე მაინც პოლიციელია, ძაღლია და რასაც გეუბნებიან, დაჰყაბულდიო... როცა დამიჭირეს, თორნიკე იმალებოდა. იცოდა, რომ დასდევდნენ. სოდ-ის თანამშრომლები წყალტუბოში ჩავიდნენ, შვანგირაძის დედ-მამის სახლში, ალბათ იქაც უნდოდათ რამის ჩადება. მერე რა ქნეს და როგორ შემოირიგეს ეს კაცი, არ ვიცი.

თავისუფლების სანაცვლოდ შემომთავაზეს 500 ათასი ლარის გადახდა, რაზეც სიცილით მოვკვდი. მევაჭრნენ და 200 ათასზე ჩამოვიდნენ. სად მქონდა ამდენი ფული უმუშევარ კაცს?! საავადმყოფოშიც შემომიცვივდნენ ნიღბიანები, იქაც უნდოდათ წამლის ჩადება. ინსულტიანი კაცი ხელ-ფეხს ვერ ვამოძრავებდი, მირტყეს და ნერვიულობაზე გამიმეორდა ინსულტი, რის შედეგადაც მეორე ოპერაცია დამჭირდა. ჩემი ადგილიდან დაძვრა არ შეიძლებოდა, მაგრამ იძულებით ჩამსვეს მანქანაში და სასამართლოზე მიმიყვანეს. წამიყენეს ნარკოტიკის შეძენა-შენახვის მუხლი, რის გამოც მომისაჯეს უვადო პატიმრობა. ევროსასამართლოში ორჯერ გაგზავნეს ჩემი საქმე და ორჯერვე მოვიდა კითხვა: - თარგმანში შეცდომა ხომ არ არის? სასჯელი დანაშაულს არ შეესაბამებაო.

- იმედი გაქვთ, რომ გადახედავენ თქვენს საქმეს და შეძლებთ უდანაშაულობის დამტკიცებას?

- ძველი რეჟიმის პირობებში აზრი არ ჰქონდა გასაჩივრებას. მაშინ მარტო იმისთვის ვიბრძოდი, რომ ცოცხალი გადავრჩენილიყავი. როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა, შეგვპირდნენ საქმეების გადახედვას. მერე ამაზე უარი თქვეს, - სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდის თავი არ აქვსო. კომპენსაციას არც ვითხოვ. ვინაიდან გასაღებაში არ მედებოდა ბრალი, ჩემს მუხლს ამნისტია ეხებოდა, მაგრამ არ შემახეს, მეორე ნასამართლეობააო.

დალი ბარბაქაძე, მალხაზ თალაკვაძის ადვოკატი:

- თალაკვაძის შემთხვევა უპრეცედენტოა. ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაზე საქართველოში უვადო პატიმრობა ჯერ არავისთვის მიუსჯიათ. გამსაღებლებს, რომელთაც კილოგრამობით აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალება და რეალიზაციაში ედებოდათ ბრალი - 16-17 წელი მისცეს. თანაც, ამ ადამიანს საერთოდ არ ეკუთვნოდა ეს ნარკოტიკი და არიან მოწმეები, რომლებიც ამას ადასტურებენ. მართალია, 260-ე მუხლის 3 ნაწილი ითვალისწინებს უვადო სასჯელს, მაგრამ ბრალის ფორმულირებაში უნდა იყოს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება ან გასაღების მიზანი. თალაკვაძეს ბრალში უწერია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა. თალაკვაძე ადრე ნასამართლევი რომ არ ყოფილიყო იარაღის ტარებისთვის, ამნისტიაც შეეხებოდა. მოგეხსენებათ, ამნისტია ეხება არა სასჯელს, არამედ - თვითონ მუხლს. სტრასბურგში გვაქვს ეს საქმე გაგზავნილი და ვინც საქმეში ჩაიხედავს, ყველა დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს წმინდა პოლიტიკურ ინტერესთან. მაგრამ წყალტუბოს რაიონული მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი პროკურატურამ აიძულა, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ისიც არანაკლებ გაოგნებული იყო, როდესაც პროკურორმა უვადო პატიმრობა მოითხოვა. მოსამართლემ ისეთი სახით გამოაცხადა განაჩენი, თავი არც აუწევია და დარბაზიდან სასწრაფოდ გავარდა. პროკურორი იყო მიშა ჩოგოვაძე. მან მითხრა, - მართალი კი ხართ, მაგრამ თალაკვაძეს ცუდი წარსული აქვსო. მისი წარსული რა შუაში იყო, როცა კონკრეტულ საქმეს იხილავდნენ? უდანაშაულო ადამიანი უვადოდ გამოამწყვდიეს ციხეში.

პოლიციის მაღალჩინოსანს, თორნიკე შვანგირაძესაც დავუკავშირდით:

- ბატონო თორნიკე, იცნობთ თუ არა მალხაზ თალაკვაძის საქმეს, რომელიც თქვენი მეზობელი ყოფილა წყალტუბოში და ფაქტობრივად, თქვენ გამო იხდის სასჯელს?

- არაფერი ვიცი ამ ადამიანის არც დაჭერის და არც სხვა დეტალების შესახებ. მე რა ვიცი, რა მოხდა? თვითონ თქვას, რას აიძულებდნენ. თალაკვაძეს საერთოდ არ ვიცნობ, არაფრის საქმის კურსში არ ვარ.

- არ გინდათ მოგვიყვეთ, როგორ გდევნიდნენ "ნაციონალები" ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნებზე ფარული ჩანაწერის გამომზეურებისთვის?

- იმ ფირებზე რაც ეწერა, კი ნახეთ ტელევიზიით. დავამთავრე ლაპარაკი. არა, რას მდევნიდნენ... საქართველოდან არსად გავსულვარ...

შევეცადეთ, ბატონ კობა დავითაშვილსაც დავკავშირებოდით. სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, თუმცა მოვიძიეთ იმხანად ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია: "კობა დავითაშვილი ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნებს ნარკომანობასა და ნარკობიზნესში მონაწილეობაში ადანაშაულებს", სადაც ვკითხულობთ: "კობა დავითაშვილმა პარლამენტში, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მესამე სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსთან, თორნიკე შვანგირაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სოდ-ის უფროსმა, ერეკლე კოდუამ, ამავე დეპარტამენტის მესამე სამმართველოს მეოთხე განყოფილებას ფინანსური პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსნის სატელეფონო საუბრების მოსმენა დაავალა. აღინიშნა, რომ სატელეფონო მოსმენების შემდეგ, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსმა, ერეკლე კოდუამ ამავე სამმართველოს განყოფილების უფროს თორნიკე შვანგირაძეს დაავალა, რომ დაეკავებინა მოსმენების შედეგად გამომჟღავნებული პირები. თუმცა, იგი რამდენიმე საათის შემდეგ დაიბარეს და განუცხადეს, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა. შვანგირაძემ უარი უთხრა, რის შემდეგაც მის მიმართ მუქარები და ზეწოლა დაიწყო.

დავითაშვილი აცხადებს, რომ თორნიკე შვანგირაძეზე თავდასხმა განხორციელდა, მასთან სახლშიც შეიჭრნენ. შვანგირაძის განცხადებით, მისი დეპარტამენტი მთლიანად გაუქმდა.

დავითაშვილი ეჭვობს, რომ შესაძლოა, შედგა გარიგება ფინანსური პოლიციის უფროსსა და შს სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტის უფროს ირაკლი კოდუას შორის და სწორედ ამის გამო დაითხოვეს სამსახურიდან თორნიკე შვანგირაძე. დავითაშვილი შს მინისტრისგან შვანგირაძის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას მოითხოვს".

ნანა ფიცხელაური