ირმა ყოჩიაშვილის ჩვენების სკანდალური დეტალები - გზაპრესი

ირმა ყოჩიაშვილის ჩვენების სკანდალური დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის შემზარავი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა. მართალია, ამ საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია და თავად ბრალდებულები მზად იყვნენ მათი სასამართლო პროცესები ღია ყოფილიყო, მაგრამ პროკურატურამ პროცესების დახურვა მაინც მოითხოვა. როგორც ცნობილია, ირმა ყოჩიაშვილსა და ბექა შენგელიასთან ერთად უმძიმესი ბრალდება მათ მეგობარ არასრულწლოვან გოგონასაც წაუყენეს. არასრულწლოვნის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო და მას სასამართლო დამოუკიდებლად გაასამართლებს, მაგრამ პროკურორი მიიჩნევს, ვინაიდან ის პირდაპირ კავშირშია შენგელიასა და ყოჩიაშვილის სასამართლო პროცესთან, შესაბამისად, შესაძლოა დაირღვეს არასრულწლოვნის უფლებები და ამიტომაც სხდომები უნდა დაიხუროს.

ბრალდებულებმა პირველივე სასამართლო სხდომაზე აღიარეს დანაშაული, მათ შორის - ცხედრის დანაწევრებაც და ყველაზე სასტიკი მკვლელობის დეტალზე საჯაროდ ისაუბრეს. ბექა შენგელია ცდილობდა, სხვებისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა და ირწმუნებოდა, რომ მან თვითონ მოაქცია ზეგავლენის ქვეშ ირმა ყოჩიაშვილი. შენგელია აღიარებს იმასაც, რომ გარდაცვლილის ორგანოები შეჭამა, თუმცა რიტუალურ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.

როცა ასეთ სისასტიკეს ისმენ, გიჩნდება კითხვა - არიან თუ არა ისინი ფსიქიკურად შეურაცხადები. საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნები - არც ერთი მათგანი შეურაცხადი არ აღმოჩნდა, მაგრამ ცხადია ისიც, რომ სრულიად ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ასეთ სისასტიკეს ვერ ჩაიდენს. ირმა ყოჩიაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა სამმა ექსპერტმა შეისწავლა და მათ მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მას აღენიშნება არაფსიქოზური დონის - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა. აქვე ექსპერტები დასძენენ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ირმა ყოჩიაშვილი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედება. იგი არ საჭიროებს იძულებით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას და არა აქვს იმგვარი ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.

- შემეძლო, საერთოდ არ მივსულიყავი შემთხვევის ადგილას, მაგრამ გამოცდილებისთვის მინდოდა, ამ ფაქტებისთვისაც მეყურებინა, რადგან ცხოვრებაში უკვე ბევრი რამ ვნახე... - თქვა პროცესზე ბრალდებულმა ყოჩიაშვილმა.

საქმის მასალებიდან კი ჩანს, როგორ ცდილობდა ირმა ყოჩიაშვილი თავიდან შეცდომაში შეეყვანა გამოძიება. ამბობდა, რომ დედის დაკარგვაზე არაფერი იცოდა.

ნაწყვეტი ირმა ყოჩიაშვილის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან:

"...19 ოქტომბრამდე ჩვენთან ერთად ცხოვრობდა დედაჩემი, ლუბა ყოჩიაშვილი, რომელიც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა... არ ვარ ომარის და ლუბას ბიოლოგიური შვილი, რის შესახებაც გავიგე 7 წლისამ და მას მერე გამიფუჭდა მათთან ურთიერთობა. სახლში მივდივარ იშვიათად, ძირითადად ვრჩები მეგობრებთან. ბოლოს საცხოვრებელ სახლში 16 ოქტომბერს ვიყავი, მხოლოდ ერთი საათით... მერე მამაჩემისგან ტელეფონით შევიტყვე დედაჩემის დაკარგვა... მისი ადგილსამყოფელი და სახლიდან წასვლის მიზეზი ჩემთვის უცნობია..."

თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს ამაზრზენი დანაშაული გაიხსნა და უკვე ბრალდებულის სტატუსით დაჰკითხეს ირმა ყოჩიაშვილი, ის უკვე დეტალურად ჰყვებოდა ჩადენილს.

ნაწყვეტი ირმა ყოჩიაშვილის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან:

"...7 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ომარ და ლუბა ყოჩიაშვილების ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი, მას მერე მათთან ურთიერთობა გამიფუჭდა... არ მივდიოდი სახლში და დავიწყე სხეულის დასვირინგება, რის გამოც მშობლები გამუდმებით ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ისინი შემზიზღდა საბოლოოდ და უარი ვთქვი მათზე. 2014 წლის დასაწყისში საცხოვრებლად გადავედი ჩემს მეგობართან, მეტსახელად - "ნიკი". ეს გოგონა გავიცანი კლუბ "ბიბლიოთეკაში", ის გიდი იყო და მასთან ერთად ვმუშაობდი. 2015 წელს ბექა შენგელია "ფეისბუკით" გავიცანი, ციხიდან ახალი გამოსული იყო. ვსაუბრობდით როკზე, მუსიკასა და სულიერ სამყაროზე. რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ ბექას შეხედულებები 100 პროცენტით ემთხვეოდა ჩემსას. სახლში მივდიოდი იშვიათად, მშობლებთან ურთიერთობა ბოლო დროს თითქმის არ მქონია. ბექასთან მქონდა ყოველდღიური კავშირი. დაახლოებით სამი თვის წინ ბექამ იქირავა ბინა "ოპერის" მიმდებარედ და მას მერე მასთან ვრჩებოდი. მალე ბექამ გამაცნო მეგობარი გოგონა, ნ.ჩ, რომელიც მსახიობი იყო, მასთანაც ჩამომიყალიბდა ნორმალური ურთიერთობა. ბექა შენგელია "გოთიკის" მიმდევარია და მეც მაქვს გარკვეული სიმპათია ამ მიმდინარეობის მიმართ. კერძოდ, მიზიდავს დეპრესიული სამყაროსადმი ჩაღრმავებული თემატიკა. ბექას და ნ.ჩ-ს ხშირად ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა, ყოფილა შემთხვევა, მე, ის გოგონა და ბექა ერთად დავრჩენილვართ ღამე ერთ ბინაში, მათ სექსუალურ კავშირსაც დავსწრებივარ, თუმცა მონაწილეობა არ მიმიღია. ანალოგიურად, ჩემი და ბექას სექსს დასწრებია ის გოგონაც რამდენჯერმე... მშობლები მეუბნებოდნენ, რომ მათი გარდაცვლილი შვილი ანგელოზი იყო, ხოლო მე - სატანის ნაშიერი. ამის გამო მინდოდა მათი დასჯა. 16 ოქტომბერს მე და ბექა ნაქირავებ ბინაში ვიმყოფებოდით, დავიწყე ჩემი მშობლების ლანძღვა და შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობის ახსნა. აქვე დავამატე, რომ სიამოვნებით მოვკლავდი ორივეს. მაშინ ბექამ მითხრა, რომ გამიწევდა დახმარებას ჩემი მშობლების მოშორებაში. მისი აზრი მომეწონა და დავიწყე ფიქრი, როგორ მომეკლა მშობლები. პირველ მსხვერპლად ავირჩიეთ დედაჩემი, ლუბა ყოჩიაშვილი. საბოლოო მსჯელობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ლუბა მოგვეკლა მისსავე სახლში დღის საათებში, როცა მამაჩემი სამსახურში იყო. ბექამ შემომთავაზა, დაგვეხმარებინა ამ საქმეში ნ.ჩ, რადგან ის იყო სანდო მეგობარი და დიდ დახმარებას გაგვიწევდა...

19 ოქტომბერს მივედით რუსთაველზე მდებარე სუპერმარკეტ "სმარტში" პარკების საყიდლად, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა გვამის გადასატანად. ჯერ ლობიანი ვჭამეთ და წვენი დავლიეთ, "სმარტში" ასევე შევიძინეთ მოშავო ფერის დიდი პარკები. რამდენიმე წუთში მოვიდა ნ.ჩ-ც, რომელსაც მოვუყევით ჩვენი ჩანაფიქრი, მასაც მოეწონა და დაგვთანხმდა, რომ დაგვეხმარებოდა. ერთობლივად დავგეგმეთ, მივსულიყავით ჩემი მშობლების სახლში და უხმაუროდ მოგვეკლა ლუბა. ლუბა უნდა გაგვეთიშა, რის შემდეგ მოხდებოდა მისი გაგუდვა, რადგან არ გვინდოდა დაგვეტოვებინა რაიმე კვალი. ჩაფიქრებული მკვლელობის გასაადვილებლად აფთიაქში ვიყიდე სამი ცალი რეზინის ხელთათმანი. ვიცოდი, ჩვენი კორპუსის ქვევით მაღაზიას კამერები ჰქონდა, ამიტომ უკანა მხრიდან შევედით სადარბაზოში, ლიფტით ავედით VII სართულზე და კარზე დავაკაკუნე. დავიძახე - "დედა, მე ვარ, კარი გააღე". მან გააღო. ბექა შენგელიას წინასწარ ჰქონდა მომზადებული ბინტი, რომელზეც მისხმული იყო მოსადუნებელი, ჩემთვის უცნობი ხსნარი. მიაფარა პირზე ლუბას, რამაც მისი მოდუნება გამოიწვია, თუმცა იქნევდა ხელებს და ეწინააღმდეგებოდა. ამის გამო მე და ნ-მ დავუჭირეთ ლუბას ხელები, ხოლო ბექამ ყელზე ხელის მოჭერით მოახრჩო, რის შემდეგ ის უგონოდ დაეცა იატაკზე. ამ დაცემის დროს ტუმბოებიდან გამოიყარა ნივთები. მისი დახრჩობის შემდეგ, ლოჯიიდან ავიღე "სკოჩები", ბექამ მოკეცა ლუბა ყოჩიაშვილი და სამივემ "სკოჩებით" გადავახვიეთ. საძინებლიდან მამაჩემის მორუხო ფერის, დიდი ზომის გორგოლაჭებიანი ჩანთა ავიღე, რომელშიც ჩავდეთ დედაჩემის გვამი. ამავე ჩანთაში ჩავაგდე კომბოსტო, რომელსაც ჩვენს მისვლამდე ჭრიდა და საჭრელი დაფა, რადგან შემეშინდა თითის ანაბეჭდები არ დარჩენილიყო. ასევე ავიღე რამდენიმე წყვილი დედაჩემის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რადგან მისი სახლიდან წასვლის იმიტაცია მინდოდა შემექმნა... ვინაიდან სახლი არეული იყო, დავრჩი, დალაგებისა და თითის ანაბეჭდების წაშლის მიზნით, ხოლო ბექა და ის გოგო წავიდნენ ბექას ბინაში ტაქსით, თან წაიღეს დედაჩემის გვამი და სხვა ნივთები. სახლში მალევე წავშალე თითის ანაბეჭდები, დავალაგე და ისე ჩავედი ქვევით, რომ არავის შევუმჩნევივარ. ასევე ლუბას დაკარგვის იმიტაციის მიზნით სახლის კარი დავტოვე მიხურული. "მარშრუტკით" წავედი ბექას ნაქირავებ ბინაში. იქ იყვნენ ორივე, დედაჩემის გვამი შიშველ მდგომარეობაში დასვენებული იყო იატაკზე, საწოლებს შორის და თავი ჰქონდა მოჭრილი, რომელიც ბექას ხელში ეკავა, სისხლისგან დაცლის მიზნით. ქვეშ დადებული ჰქონდა ქვაბი, რომელიც მეზობლისგან ითხოვა. ამის შემდეგ ბექამ ხერხით მოაჭრა ლუბას ფეხები. მე და ის გოგონა ვეხმარებოდით, დავანაწევრეთ და ჩავდეთ გორგოლაჭიან ჩანთაში. პარალელურად მე და ჩვენი მეგობარი გოგონა სისხლს ვწმენდით იატაკიდან. მერე ბექამ გულმკერდი გადახერხა, ხელით გადაუწია და გული ამოაგლიჯა და სხვა ორგანოები, რომელიც სხვა პარკში მოვათავსეთ. ამის მერე მეც ავიღე ხერხი, ბექას დედაჩემის მაჯა ეჭირა, იმ გოგოს თითის წვერები და გვამს ხერხით სათითაოდ მოვაჭერი თითები, თან ვიხსენებდი, რომ ოდესღაც იმავე თითებით მცემდა. ბექამ ჩვენი დახმარებით სრულად დაანაწევრა გვამი, მერე ჩავდეთ პარკებში, შემდეგ გორგოლაჭიან ჩანთაში და ამავე ჩანთაში მოვათავსეთ ყველა ის ტილო, რომელიც გამოვიყენეთ მოსასუფთავებლად და ამის შემდეგ ძირფესვიანად გავწმინდეთ სახლი. ბექამ გვამის დანაწევრების შემდეგ გაგვიმხილა, რომ ლუბას გულის ჭამას აპირებდა და ეს მისი დიდი ხნის სურვილი იყო. ბექას სახლში ჰქონდა 10 ლიტრიანით ბენზინიც. ყველაფრის მოსუფთავების შემდეგ, ბექა ფეხით წავიდა რუსთაველზე და ღამის 2 საათი ხდებოდა, როცა ტაქსი მოიყვანა. იქ ჩავდეთ გვამი, მძღოლს ვუთხარით, წავეყვანეთ გლდანის შემოვლით გზაზე. ბექამ მითხრა, ვიცი ადგილი, სადაც კამერები არ არის და იქ დავწვათ გვამი თავისუფლადო. გავიარეთ გლდანის ციხე და ვიარეთ ნორიოს მიმართულებით. მან ტაქსი გააჩერა. იქვე ახლოს გაურკვეველი შენობა იყო, სამივემ ფეხით ვიარეთ ერთი კილომეტრი. გვამის ნაწილები ყველას მიგვქონდა და ასე მივადექით ორმოს, რომელიც ძველი ამოთხრილი იყო. იქ ჩავაგდეთ გორგოლაჭიანი ჩანთა, პარკები, ბექამ ცალკე დადო პარკით გული და ღვიძლი. მერე ყველაფერს დაასხა ბენზინი და ასე მოვუკიდეთ ცეცხლი ყველაფერს. ორმოსთან მოვწიეთ რამდენიმე ღერი სიგარეტი, ის ქვაბი, რომელიც დასვრილი იყო ლუბას სისხლით, ბექამ იქვე, ორმოსთან მოისროლა. რის შემდეგ ფეხით მივედით გლდანის ციხის მიმდებარედ. გვამთან ერთად დავწვით ჩემი და ბექას სისხლიანი ტანსაცმელი და მამაჩემის ქურთუკი. იქიდან ტაქსით წავედით თემქაზე, ბექას დედის ბინაში, სადაც დილის 6 საათზე მივედით. სამივემ ერთად დავიძინეთ, მერე რომ გავიღვიძეთ, ბექამ მაცივრიდან გამოიტანა დედაჩემის გულ-ღვიძლი, მოხარშა ქვაბში, შემდეგ შეწვა ტაფაზე და შეჭამა. მე და ნ-ს არ გვიჭამია. ბექამ მაშინ თქვა, ლუბას ჰქონდა დიდი გამოცდილება და მისი გულ-ღვიძლის ჭამა ენერგიას შემმატებსო... შემდეგ ვნახე მამაჩემი და ვუთხარი, რომ არაფერი ვიცოდი დედაჩემზე. პერიოდულად ომარს ვურეკავდი ხან ჩემი, ხან ბექას ნომრით და ვკითხულობდი, ხომ არ გაიგო რამე... მერე ბექამ მითხრა, რომ ბინის შეცვლას აპირებდა და დავხმარებოდით ახლის მოძებნაში... როდესაც პოლიციაში დამიბარეს და დამკითხეს, მივხვდი, რომ შეიძლებოდა დედაჩემის გვამი ეპოვათ. ამიტომ მე და ბექამ გადავწყვიტეთ, ყველაფერი მამაჩემისთვის დაგვებრალებინა. ვაპირებდი, მომეძებნა ტაქსის მძღოლი, რომელსაც გადავუხდიდი დიდ თანხას და გამოძიებისთვის მივაცემინებდი ცრუ ჩვენებას, თითქოს მან წაიყვანა ომარი შემოვლით გზაზე და იქ დატოვა ჩანთით ხელში... 24 ოქტომბერს მე და ბექა ავედით იმ ადგილას, სადაც გვამი დავწვით, რათა დაგვენახა, დარჩენილი იყო თუ არა გვამის ნაწილები, თუმცა ადგილზე მხოლოდ კომბოსტო დაგვხვდა. ჩავთვალეთ, რომ გვამის ნაწილები ცხოველების წაღებული იყო. როდესაც იქიდან საავტომობილო გზაზე ჩამოვედით, პოლიციელებმა გაგვაჩერეს და ამ დროს დაგვაკავეს..."

თეა ხურცილავა