როდის დაარღვევს დუმილს დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე - გზაპრესი

როდის დაარღვევს დუმილს დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე

იმ დროს, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გერმანიის ქალაქ ბერლინში საოპერაციოდ ამზადებდნენ, თბილისში შოკის მომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა: მთელი საზოგადოება პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე ალაპარაკდა. მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.

მთავარი პროკურორის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა, სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდა მოეხდინა. შოთაძე ირწმუნება, რომ აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაიწყო ფაქტზე გამოძიება: "გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო, გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს ჰპირდებოდა. როგორც გაირკვა, მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ, თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე".

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს (რომელიც ამავდროულად იყო შპს "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გენერალური დირექტორი), სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც სასიკვდილო შედეგი გარდაუვალი იქნებოდა და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

10 თებერვალს პროკურატურის თანამშრომლებმა გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულია ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება - "ნატრიუმის ციანიდი". ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი შოთაძის თქმით, დანაშაულის მოტივი ანგარება იყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, თუმცა პროკურატურას აქვს როგორც აუდიო, ასევე ვიდეომტკიცებულებები. პროკურატურას ბუნებრივია, ეს სამხილი არ გაუხმაურებია და საზოგადოება ელის მტკიცებულებების გამოქვეყნებას, რათა დარწმუნდეს ბრალდების ნამდვილობაში.

ცნობილია ისიც, რომ მამა გიორგის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი სასამართლომ დახურულ სხდომაზე განიხილა და მას პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია არ ამხელს ბრალდების დეტალებს და ამბობს, რომ სათქმელი აქვს მამაოს და იმედი აქვს, სასამართლოში მისი უდანაშაულობა დამტკიცდება. ადვოკატის თქმით, პროკურატურამ მას საქმის დეტალების გაუთქმელობის ვალდებულებაზე ხელი მოაწერინა და ამ ვალდებულებისგან გათავისუფლებას სთხოვს პროკურატურას. "აუცილებელია, მოხდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, რომ საზოგადოება არ იყოს ცალმხრივად ინფორმირებული და შეცდომაში შეყვანილი", - ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

თითქმის ყველა თანამდებობის პირმა შეაფასა აღნიშნული ფაქტი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი ეს საქმე და ის პატრიარქს ბერლინში პირადად მოინახულებს. ისიც ცნობილია, რომ პატრიარქის დაცვა გაძლიერებულია და მის უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს.

კახი კალაძის თქმით: "უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან. ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენს ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. მინდა, მადლობა ვუთხრა შესაბამის სამსახურებს, დაველოდოთ გამოძიებას და სხვა დეტალებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა, ერთი რაც მინდა ვთქვა: ყველა დამნაშავე, ვინც გამოიკვეთება, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება".

მომხდარის ირგვლივ უამრავი ვერსია ვრცელდება. ნაწილი იმასაც ამბობს, რომ საპატრიარქოში სასულიერო პირებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა და არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მამა გიორგის ეს ყველაფერი მოუწყვეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა სავარაუდოდ, მამა გიორგი მამალაძის წერილი, რომელშიც ის არქიმანდრიტ იაკობს საპატრიარქოში არსებული თალღითური სქემის დაფარვაში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ეს წერილი დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა და არც იმას გამორიცხავენ, ამის გამო მისი მოცილება სურდათ.

"მამა გიორგი მამალაძე ამბობს, რომ იმ წერილის შინაარსი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ჰგავს იმ წერილების შინაარსს, რომლითაც მას წმინდა სინოდისა და პატრიარქისთვის არაერთხელ მიუმართავს", ამის შესახებ ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

გავრცელებულ განცხადებას მეუფე იაკობიც გამოეხმაურა: "უბრალოდ, სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ თურმე მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი. ეგ ვიღაცის ჩვეულებრივი ზღაპრებია. რა კომენტარი გავაკეთო? მაგ სამსახურის შექმნა ჩემი იდეა იყო, ნუ იბრალებენ სხვები. მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება. თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე? მითხარით, რომელი უფრო სერიოზულია?" - განაცხადა მეუფე იაკობმა.

საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს ასევე მეუფე პეტრე და მან უმძიმესი ბრალდებები პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილსაც წაუყენა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით. ცალსახაა, შიგნით დიდი აუზაურია, მომხდარზე სამღვდელოების აზრიც განსხვავებულია. თავად საპატრიარქოში კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ გამოძიებას ელოდებიან, მათთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო. ინფორმაციის უქონლობის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს, - აღნიშნავენ საპატრიარქოში.

საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ, პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს: "წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე, სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის. სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, რა კომენტარს გააკეთებს მომხდარზე თავად პატრიარქი და ისიც, იცის თუ არა მან, რომ იგეგმებოდა მისი მოწამვლა.

"ვერც კი ვფიქრობ, რას იტყვის პატრიარქი. პატრიარქი ისეთ რამეს იტყვის, რაც ყველასა და ყველაფერს დაგვილაგებს. წლებმა გვაჩვენა, პატრიარქი ყოველთვის ისეთ განცხადებას აკეთებდა, არავინ ველოდით ასეთ პასუხს თუ გასცემდა ოდესმე ამ კითხვებს. მაგრამ პატრიარქი სულ ისეთ პასუხებს სცემდა... რადგან მას ღვთისგან აქვს ეს აზრიც, ფიქრი, შეხედულებები მიცემული. ისეთ რამეს იტყვის, რაც თუნდაც მამა გიორგისთვის და ყველასთვის სასარგებლო იქნება, რადგან ჩვენ ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, თქვენც, მეც, მამა გიორგიც. პატრიარქს ყველა ადამიანი უყვარს. მსურს რასაც ამბობენ სიმართლე არ იყოს. ჩემთვის ყველაფერი შოკის მომგვრელია. არ ვიცი, რამდენად სწორია ეს, არ არის სწორი, ამას ვერ განვსჯი, ამ თემასთან დაკავშირებით ვერც ვერაფერს ვიტყვი, რადგან, მამა გიორგი სასულიერო პირია, მღვდელია. სანამ არ დამთავრდება გამოძიება, ყველაფერი არ დადგინდება, ცილისწამება უმძიმესი ცოდვა არის. შოკში ვარ ამ ყველაფრით", - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

ფაქტია, საქმის ირგვლივ გამოძიება გრძელდება, მამა გიორგი მამალაძისთვის წაყენებული ბრალდება უმძიმესია. იმედია, ბევრი დეტალი გამოძიებით გახდება ცნობილი და ამ სკანდალური ინფორმაციის ირგვლივ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება და რაც მთავარია, ყველაზე მთავარ კითხვას გაეცემა პასუხი, ვის და რატომ სურდა ჩვენი უწმინდესის, ერის სულიერი მამის მოწამვლა. ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.

თეა ხურცილავა