სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო გა­წი­რუ­ლი სი­ცოცხ­ლე - გზაპრესი

სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო გა­წი­რუ­ლი სი­ცოცხ­ლე

"ეს ის ფოტოებია, რომელიც ყველამ იცის, დანარჩენი ისეა ჩაკირული ჩემს მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვს... კადრები, რომლებიც რეალობას ასახავს და რომლის გამოქვეყნებისაც შეგრცხვა... უფრო სწორად, არ გაწყობდა... აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც "სულ ყველაზე ლამაზი უწოდე"... თუმცა იგივე ტექსტი სულ რაღაც 2 კვირაში სხვის თვალებსაც მოარგე... არასოდეს შემშურდება იმ ქალის, რომელიც უყვართ, მაგრამ მაინც ღალატობენ... მარტივი არ არის, ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა... წარმატებებს გისურვებ, პიმენ... ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში... დედაჩემთან სამძიმარზე წამოსულ მამაშენს ის სიტყვები გამოაყოლე, რომელიც ბოლოს მიწოდე... ეს დასასრულია..." - ეს სიტყვები 35 წლის სოფიო ქოიავამ 17 თებერვალს "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, ყოფილ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეოც გამოაქვეყნა. ამის შემდეგ სამსახურიდან შესვენების დროს გავიდა და კოსტავას ქუჩაზე, ნათესავის საცხოვრებელ ბინაში მივიდა. როგორც ირკვევა, დაკეტილი ბინის გასაღები მას ჰქონდა, ბინაში აივნის კარი გამოაღო და VII სართულიდან გადმოხტა, - ასე დაასრულა სიცოცხლე.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე. მოუწევს თუ არა პასუხისგება ამ მუხლით პიმენ ნაცვლიშვილს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, დიდი გამოძიება სამართალდამცავებს ამ საქმის გასახსნელად არ სჭირდებათ, რადგან სოფიო ქოიავამ თვითმკვლელობის მიზეზი საჯაროდ განმარტა. მისი სტატუსიდან ჩანს, რომ თავი შეყვარებულ პიმენ ნაცვლიშვილთან დაშორების გამო მოიკლა. თუმცა, რა კონფლიქტი იყო მათ შორის, რა დიალოგი გაიმართა და რა სიტყვები უთხრა ბოლოს შეყვარებულ გოგონას ნაცვლიშვილმა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. არსებული ინფორმაციით, ნაცვლიშვილი სამართალდამცავებმა უკვე დაჰკითხეს, მაგრამ უცნობია მისი ჩვენების დეტალები. ასევე გაიშიფრება მათი მესიჯები და სიმართლე გაირკვევა, თუმცა, რეალობას უკვე ვერაფერი შეცვლის.

დღეს ფოთში ყველა ამ ტრაგედიაზე საუბრობს და მთელი ქალაქი შეძრა მომხდარმა. ბინის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საშინელი ხმა გაიგონეს, ამ ხმაზე გარეთ გამოიხედეს და შემზარავი სურათი დახვდათ, - ახალგაზრდა გოგონა ძირს ეგდო. ფაქტის პირველი თვითმხილველი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ამ დროს ქუჩაში მოძრაობდა. მან მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა. შემთხვევის ადგილას ოპერატიულად მივიდნენ ექიმები, მართალია, ხედავდნენ მის უსიცოცხლო სხეულს, მაგრამ მაინც ყველა ზომას მიმართეს მის გადასარჩენად, სასწრაფოდ საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.

- ახალგაზრდა ბიჭმა დარეკა, გოგო გადმოვარდაო, იქვე ახლოს არის ჩვენი სამსახური და ძალიან მალე მივედით. თავიდან გვეგონა, რომ გოგონა ფანჯრის მინებს წმენდდა და მომხდარი უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. როცა მივედით და დავხედე, სოფიო ვიცანი, გვერდულად იყო დავარდნილი, შეძრული ვარ მომხდარით. ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალიან მოსიყვარულე, თბილი. საავადმყოფოში მაინც გადავიყვანეთ, ექიმებიც ბევრს ეცადნენ, გადაერჩინათ, მაგრამ სოფიო უკვე გარდაცვლილი იყო. მას კისრის მალები ჰქონდა დამტვრეული. თავის ტრავმაც იყო... შემზარავი ფაქტი დღისით მოხდა. შესვენების პერიოდი იყო, ეტყობა სამსახურში თქვა, რომ შესვენებაზე გადიოდა. იმ ბინაში სოფიო არ ცხოვრობდა, გასაღები ჰქონია. ამას ვინ წარმოიდგენდა, სიცოცხლით სავსე, ხალისიანი გოგო იყო. გული ძალიან მტკივა, გაოგნებული ვარ და თანავუგრძნობ მთელ მის ოჯახს. ის ჩემი მეგობრის დეიდაშვილი იყო და კარგად ვიცნობდი. პირად ცხოვრებაში პრობლემები თუ ჰქონდა, არ ვიცოდი", - ამბობს სასწრაფოს ექთანი გოგონა.

როგორც ირკვევა, სოფიო ქოიავა და პიმენ ნაცვლიშვილი ფოთში ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაში ერთად მუშაობდნენ. პიმენ ნაცვლიშვილი ფოთის განათლების განყოფილების ყოფილი გამგის და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, პიმენ ნაცვლიშვილის შვილიშვილია. მისი მამა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი, ბადრი ნაცვლიშვილია. სოფიოსა და პიმენის სიყვარულის ამბავი სამსახურში ყველამ იცოდა. მომხდარზე თანამშრომლებს საუბარი არ სურთ. ისინი მომხდარს ძალზე განიცდიან. ერთ-ერთ თანამშრომელს როცა წაუკითხავს სოფიოს სტატუსი, მაშინვე მისი მოძებნა უცდია, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამ სტატუსის დადებიდან 40 წუთში გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მთელ ქალაქს მოედო მომხდარი და საავადმყოფოში უამრავი ადამიანი მოგროვდა.

- ვერ აღვწერ, როგორი ხმა იყო, ძლიერი დარტყმის მაგვარი ხმა გავიგონე და ქუჩაში გავიხედე. ჩემს სახლთან ეგდო ახალგაზრდა გოგო და ვიღაც ყვიროდა, - ხალხნო, ვუშველოთო. გაოგნებულები დავრჩით. სოფიოს დეიდაც იქვე, გვერდით კორპუსში ცხოვრობს და მას არაფერი გაუგია. "სასწრაფო" ძალიან მალე მოვიდა, ექიმმა თქვა, - ერთეული სუნთქვა ისმის, გული ჯერ კიდევ მუშაობს და მაინც გადავიყვანოთ საავადმყოფოშიო, იქვეა საავადმყოფო, ალბათ 3 წუთი დასჭირდებოდათ იქ მისაყვანად. ჩვენც გავყევით. ჩვენი მეზობელი ამბობდა, - რამდენიმე წუთის წინ ამ გოგონამ ლიფტის ფული მთხოვა, რადგან ხურდა არ აღმოაჩნდა და ლიფტში შევიდაო. ამას ვინ წარმოიდგენდა? მისთვის აღელვება და უცნაური ქცევა არ შეუნიშნავს. ეტყობა, გამიზნულად მოვიდა იმ ბინაში, იქ არავინ ცხოვრობს. მისი ნათესავის სახლია, დაგირავებული ჰქონდათ და ახლა ცარიელია. საავადმყოფოში მოვარდა მისი თანამშრომელი გოგონა და ტიროდა, - როგორც კი სოციალურ ქსელში მისი სტატუსი წავიკითხე, მაშინვე დავიწყე მის ტელეფონზე რეკვა, მაგრამ არ მპასუხობდაო. ეტყობა, მეგობრებმა იცოდნენ, რა პრობლემები ჰქონდა სოფიოს და ამიტომ შეშფოთდნენ ასე ძალიან, თუმცა მის ნაწერს რომ წაიკითხავ, ყველაფერი ნათელია, იმ ბიჭთან დაშორების გამო მოიკლა თავი. ძალიან კარგ ოჯახში აღზრდილი გოგოა, სულ მოღიმარი სახით დადიოდა. ერთი ძმა ჰყავს, მგონი ტყუპისცალია, რუსეთში იყო წასული. იქ შეიტყო ეს საშინელი ამბავი და ჩამოვიდა. ახლა ყველა იმას ამბობს, - შესაძლოა, შური იძიოსო. დედამისს ფოთში ყველა პატივს სცემს, ყველას უყვარს. საოპერაციოს ექთანი იყო ზაირა ჯოლია წლების მანძილზე და იმ საავადმყოფოში მუშაობდა პიმენის მამაც, ბადრი ნაცვლიშვილი. ის ტრავმატოლოგია. 33 წელი სოფიოს დედამ იქ იმუშავა, პიმენის მამა ოპერაციებს რომ აკეთებდა, ეს ქალი მისი მარჯვენა ხელი იყო - მთავარი მედდა. თურმე 2 წელია, სოფიოს დედამ მუშაობა მიატოვა, ვალები ჰქონიათ და ამიტომ თურქეთში წავიდა სამუშაოდ. იქ გაიგო საწყალმა ქალმა ეს ტრაგედია და განადგურებულია. სულისშემძვრელად მოთქვამს, - დედიკო, ნუთუ სიყვარულის ღირსი არ იყავი, ეს რა გააკეთეო? თქვენ უნდა გენახათ, როგორ განიცდიდნენ ექიმები, საავადმყოფოს სხვა თანამშრომლები როცა ხედავდნენ, რომ ვეღარ შველოდნენ. ამბობდნენ, სოფიო ჩვენ თვალწინ, ამ საავადმყოფოში გაიზარდა, აქ დაჰყავდა დედამისსო. იქაც ყველას უყვარდა. ვერ გადმოგცემთ იმ ემოციებს, რაც იქ ტრიალებდა. ტრავმით რომ შეჰყავდათ, ეტყობა ვიღაცამ ტრავმატოლოგსაც დაურეკა და როცა ბადრი მოვიდა, ხელში სოფიო შერჩა. ამბობენ, ამ საშინელების შემხედვარე ბადრი ძალიან ცუდად გახდა და სხვა ოთახში შეიყვანესო. სოფო რომ წერს, - სამძიმარზე მოსულ მამაშენს დააბარე ის სიტყვები, რაც მიწოდეო, ეტყობა, ამიტომ წერს, რომ მათ მშობლებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 33 წელი ერთად იმუშავეს. იმხელა სიმაღლიდან გადმოხტა გოგონა, გადარჩენის შანსი არ იყო. ამბობენ, პიმენმა სხვა გოგონა დანიშნა და ეს ტრაგედიაც ამიტომ დატრიალდაო", - ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი.

სოციალური ქსელი აჭრელებულია ნაცვლიშვილის სალანძღავი სიტყვებით. მომხდარში ყველა მას ადანაშაულებს. უცნობია, რას ამბობს ის, განიცდის თუ არა მომხდარს. როგორც ამბობენ, ნაცვლიშვილი ფოთშია და არავის ეკონტაქტება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ტრაგედიის დღეს პიმენ ნაცვლიშვილს სხვა გოგონაზე უნდა ექორწინა, თუმცა ამ ფაქტს არ ადასტურებენ ახლობლები. როგორც შევიტყვეთ, ნაცვლიშვილმა ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე სხვა გოგონა ოფიციალურად დანიშნა და წყვილი ქორწილს მარხვის დასრულების შემდეგ, აპრილის თვეში გეგმავდა.

სწორედ ეს იყო ტრაგედიის ბოლო წვეთი. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილი გოგონას ოჯახის პოზიცია, მოითხოვენ თუ არა ისინი დამნაშავის დასჯას. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

სოფო ქოიავას სტატუსებიდან ჩანს, რომ ის თავის მოკვლას აპირებდა და მინიშნებებს ამაზე აკეთებდა. "უმისამართოდ შორს გამგზავრება და წვიმიანი ამინდი მინდა", 12 თებერვალს კი ტერენტი გრანელის ერთ-ერთ ლექსზე ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული "ჩემი შესანდობარი ცალკე სასმისით შესვით", ასევე წერდა: "და შემდეგ, დასასრულის შემდეგ რომ დაიწყებენ, არადა, გუშინ როგორ იცინოდაო". "მტყუან კაცსაც შეუძლია, თავი გაიმართლოს, თუ გონიერი და მოაზროვნეა, მაგრამ არსებობს სინდისის გრძნობა, რომელთანაც ვერასდროს გაიმართლებ თავს, ის შიგნიდან დაგღრღნის, სულს აგიწიოკებს, მოსვენებას დაგიკარგავს, თუ რა თქმა უნდა, უსინდისო არა ხარ".

ტრაგედიამდე სამი დღით ადრე ნაცნობ გოგონას შეხვედრია ქუჩაში სოფიო, მოუკითხავთ ერთმანეთი. - როგორ ხარ სოფიოო? უპასუხია: - გასაფრენად ვემზადებიო, მაგრამ ამ სიტყვებისთვის ნაცნობს ყურადღება არ მიუქცევია, ამას ვინ წარმოიდგენდა? დღეს უკვე მისი ბევრი ახლობელი განიცდის მომხდარს და ნანობს, რომ მისი ნაწერები რეაგირების გარეშე დატოვეს.

"თურმე რამდენი გიჭირდა, გადაწყვეტილი გქონია სოფ, ნუთუ არავინ იყო შენ გვერდით, რომ ეგ ფიქრები ამოგეგდო... რა ვთქვა აღარ ვიცი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასე დასრულდებოდა შენი ცხოვრება. შენ ხომ სიცოცხლით სავსე იყავი ყოველთვის... თურმე რამხელა ტკივილი იმალებოდა შენს გულში. აღარ შემხვდება შენი გაღიმებული სახე არსად. ნეტა მცოდნოდა, ვეტყოდი რამეს, იქნებ ეს არ ჩაედინა... ალბათ მარტო გრძნობდა თავს და ფიქრები იქით უბიძგებდა... ვინმე რომ დალაპარაკებოდა, გადაიფიქრებდა, ის ხომ ძალიან ჭკვიანი გოგო იყო...." - წერს მისი ახლობელი.

როგორც ირკვევა, ბევრმა იცოდა, რომ ძალიან სტკიოდა სოფიოს გული, მის სტატუსებსაც კითხულობდნენ, მაგრამ მაინც განზე დგომა არჩიეს. ეს ჩანს ამ კომენტარიდან: "ყველა თავს იკავებს, როცა რაიმე ადამიანის ძალიან პირადულს ეხება, არადა, სულ მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ ცხოვრება წინაა და ყველაფერი საუკეთესო წინ ელოდება! ვერ გავუბედე... ვერ მოვასწარი... ეს პოსტიც რომ დადო, გული მომიკვდა, მაგრამ ვაი თურმე რა ჰქონია განზრახული"... - მოთქვამს კიდევ ერთი მისი ნაცნობი.

ფაქტია, დროს უკან ვერავინ დააბრუნებს. სოფოს დედა თურქეთში სამუშაოდ ახალი წასული ყოფილა, იცოდა თუ არა მან შვილის გულისტკივილის შესახებ, უცნობია. ბოლო დროს სოფიო სახლში მამასთან ერთად ცხოვრობდა. მეგობრები საშინლად განიცდიან მომხდარს. "მიყვარს პეპელა, ის მაშინ კვდება, როცა მის ნაზ ფრთებს აღარ აქვთ ძალა მინდვრად ფარფატის", - წერდა სოფიო ქოიავა 16 თებერვალს და მეორე დღეს ეს უმძიმესი ნაბიჯი გადადგა.

სოფიო ქოიავას ცხედარი 23 თებერვალს იმ ადგილიდან გამოასვენეს, სადაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თეა ხურცილავა