მთავარი პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეში არსებულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს აქვეყნებს თემა: ე.წ. ციანიდის საქმე - გზაპრესი

მთავარი პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეში არსებულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს აქვეყნებს თემა: ე.წ. ციანიდის საქმე

ე.წ. ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს აქვეყნებს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერების განხორციელება საქმის მთავარ მოწმე, ირაკლი მამალაძესთან შეთანხმებით თავად მთავარი პროკურატურის მიერ დაიგეგმა.

"სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა ირაკლი მამალაძის ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დადასტურდა გიორგი მამალაძის მიერ შხამიანი ნივთიერების - ციანიდის შეძენის განზრახვა, ასევე ის ფაქტი, რომ იგი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას გეგმავდა ადამიანის წინააღმდეგ. პირველი შეხვედრისას, ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ კალიუმის ციანიდის მოძიება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შესთავაზა მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა, რომელიც აქტიურად გამოიყენება და იწარმოება საქართველოში. ბრალდებული დაინტერესდა ნატრიუმის ციანიდს ექნებოდა თუ არა რეაქცია და მიიღებდა თუ არა სასურველ შედეგს. სწორედ ამ შეხვედრისას, 4 თებერვალს - 16 საათსა და 28 წუთზე, ბრალდებულმა მისივე ტელეფონის გამოყენებით ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ დასახელებული ნივთიერება იყო ძლიერმოქმედი შხამი და მისი ზემოქმედების მომწამვლელი ეფექტი ადამიანზე კალიუმის ციანიდის ანალოგიურია. მას შემდეგ, რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ ნატრიუმის ციანიდის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო სასიკვდილო შედეგის დადგომა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მისი შეძენა. ამავდროულად, საუბარში ჩანს, რომ გიორგი მამალაძე მისი ქმედებების შედეგებს უკავშირებდა გარკვეულ იერარქიულ წინსვლას, რაც გაზრდიდა მის ძალაუფლებას საპატრიარქოში და აქედან გამომდინარე ირაკლი მამალაძესაც ჰპირდებოდა "კარგ ადგილს". ნახეთ ვიდეო

2017 წლის 6 თებერვლის შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას შეთანხმებისამებრ ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად, თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა და ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირისგან შეიძინა და ისე რომ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს, 10 თებერვალს მიემგზავრებოდა გერმანიაში.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულს წინა თვეებშიც ჰქონდა მცდელობა მომწამლავი ნივთიერება კალიუმის ციანიდი შეეძინა სხვა პიროვნებისგანაც, რომელსაც სთხოვდა შხამიანი ნივთიერების უცხოეთიდან ჩამოტანას", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ნახეთ ვიდეო