სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი მიმდინარე კვირას გაიგზავნება
font-large font-small
სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი მიმდინარე კვირას გაიგზავნება
დეკანოზის მიერ სარჩელის ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება
დეკანოზი გიორგი მამალაძე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელს ხელს დღეს მოაწერს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა ეკა ლომიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დეკანოზის მიერ სარჩელის ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი სარჩელით "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტები, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ ევროკონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევას ასაჩივრებენ, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას გულისხმობს.

სარჩელით საქმე ეხება დაცვის მხარისთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დაწესებულ გაუთქმელობის პირობას. როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი განმარტავს, ამის გამო ადვოკატები სრულფასოვნად ვერ ახერხებენ დაცვის უზრუნველყოფას, მათ შორის მოწმეების დაკითხვას, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და სხვა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას. მისივე თქმით, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა ასევე გამოიხატება იმაშიც, რომ გაუთქმელობის ვალდებულების პირობებში, დაცვის მხარეს შეზღუდული აქვს კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბარი, მაშინ როდესაც პროკურატურას აქვს საშუალება შეარჩიოს ის მტკიცებულებები, რომელსაც შემდეგ გამოაქვეყნებს.
ბეჭდვა