ახლობლების გაღატაკების ხარჯზე ნაშოვნი მილიონები - გზაპრესი

ახლობლების გაღატაკების ხარჯზე ნაშოვნი მილიონები

ალბათ არაერთხელ გსმენიათ ფინანსური პირამიდების შესახებ, რომელიც ბევრისთვის სერიოზული პრობლემად იქცა. ე.წ. ქსელური მარკეტინგის მახეში ათასობით ადამიანი გაება. სამწუხაროდ, ყოველდღე იზრდება მსხვერპლთა რიცხვი და მიუხედავად თაღლითობისა, ასეთი ორგანიზაციის საქმიანობა კანონით არც ისჯება. სქემა იმდენად ლამაზადაა შეფუთული, რომ იოლი გზით გამდიდრების მსურველებს ადვილად იზიდავს. საქართველოში არსებული კომპანია "ქიუნეტი" ასე ატყუებს უამრავ ადამიანს. ეს ორგანიზაცია ოფშორშია დარეგისტრირებული და კარგად მოფიქრებული და გათვლილი სქემით მუშაობს.

საქართველოში 30 000-ზე მეტი ადამიანია QNET-ში გაწევრებული. ფინანსური პირამიდა მათ სთავაზობს გარკვეულ სარგებელს. რეალურად კომპანია ბიზნესს არ აწარმოებს. ასეთი ორგანიზაციების შემოსავლისა და მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი ან არსებული წევრებისაგან დამატებით მოზიდული თანხებია. ამ სქემით კი სერიოზული თანხა გადის ქვეყნიდან. ე.წ. ბიზნესის დასაწყებად ადამიანები ალომბარდებენ ოქროულს, გამოაქვთ ბანკებიდან სესხი და აზარტში შესულებს ხშირად მანქანისა და ბინის გაყიდვაც კი უწევთ. თუმცა, სანამ მწარე რეალობას შეეჯახებიან, ტრენინგზე ნასწავლი ფრაზებით ცდილობენ ხალხის გადაბირებას, რადგან კარგად იციან, რომ სხვანაირად ეს პირამიდა ჩამოიშლება და ჩადებული ფული დაეკარგებათ. თუ გაწაფული ხარ ტყუილებში და ბევრი ახლობლის მოტყუებას შეძლებ, თუ შენი ახლობლის უცოდინარობითა და დაბნეულობით ისარგებლებ, მათი დაკარგული თანხების ხარჯზე წილსაც მიიღებ და შენს ქსელსაც გაზრდი. თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ შენს ქვევით დარეგისტრირებულმა შენმა ახლობლებმა ვალები შეიძლება ვერ გაისტუმრონ, ამის გამო შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნათ, დეპრესიაში ჩაცვივდნენ და საქმე თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს.

ფაქტია, თუ შენ QNET-ში დარეგისტრირებული არ ხარ, ამ სისტემაში შესვლას ვერ მოახერხებ. თუ უკვე წევრი ხარ და ტრენინგებიც გავლილი გაქვს, მაშინ კომპანია 3 პუნქტის დაცვას გავალდებულებს: ყველა წევრს, რომელიც სხვის მოტყუებას ცდილობს, ეს ამობეჭდილი ტექსტი ხელთ აქვს.

პუნქტი პირველი: "მომწვევი არ ეუბნება პერსპექტივს ანუ მომავალ წევრს, რომ პრეზენტაციის მერე საქმეზე არავისთან ილაპარაკოს. ეუბნება, საქმე არ არის ახალი, თუმცა მას ყველა სწორად არ აკეთებს. თუ წარუმატებელ ადამიანს შეხვდები, გაითვალისწინე, მის წარუმატებლობას თავისი გარკვეული მიზეზი აქვს. მე გირჩევ, როგორ შეგიძლია ინტერნეტში სწორი ინფორმაციის ნახვა ოფიციალურ საიტზე ან სხვა სანდო წყაროდან და ანახვებ მას ამ წყაროს. ეუბნები, შენ თუ არ იცნობ ისეთ ადამიანს, ვინც ეს სფერო ძალიან კარგად იცის და კომპეტენტურია, მაშინ მე უკვე მოვიძიე ინფორმაცია, ჩემმა ლიდერმაც, მისმა ლიდერმაც და დავადგინე, რომ ამ საქმეს ნაკლი არა აქვს".

პუნქტი მეორე: "ეს საქმე შენით არავის აუხსნა! როგორ ფიქრობ, არ შემეძლო, ეს საქმე ამეხსნა შენთვის? თუმცა, ჯერ არ მაქვს საკმარისი გამოცდილება, რომ სრულყოფილად ამეხსნა და პასუხი გამეცა ნებისმიერ შენს კითხვაზე. შენ რომ სხვას აუხსნა საქმე, შეძლებ, ისე ზედმიწევნით გადასცე ინფორმაცია, როგორც შენ გადმოგცეს? ამაში დაგეხმარებიან გუნდის წევრები, როგორც მე მეხმარებიან".

პუნქტი მესამე: "სანამ საქმეს არ დაიწყებ, წინასწარ 2 ადამიანი არ ეძებო! ტრენინგებს რომ გაივლი, ისედაც ორსაც ავუხსნით ამ საქმეს და ასსაც. მთავარია, საქმის სწავლა და სწორად კეთება დავიწყოთ. ხაზგასმით აუხსენი, რომ ამ შეხვედრის ფუნქცია მხოლოდ საქმის გაცნობა და ინფორმაციის სრულყოფილად მოსმენა იყო და ახლა იმ გზებზე უნდა იფიქროთ, ფული ამ საქმისთვის როგორ უნდა იშოვოთ. ამ ნაწილში თუ არ დაგეთანხმა, საპასუხოდ შეგეძლება განმარტებების მიცემა".

ამ პუნქტების გარდა ბევრი ჩამონათვალი აქვთ გაწევრებულებს, რომლის დაცვა აუცილებლად ევალებათ და ამის დახმარებით ახერხებენ ხალხის მოტყუებას.

შემუშავებულია ე.წ. ბიზნესის წინსვლის 10 საფეხურიც. ამ ჩამონათვალის ბოლოს სამ უპატიებელ შეცდომაზეცაა საუბარი. აფრთხილებენ წევრს, რომ მის ქვემოთ დარეგისტრირებულს არასოდეს დაჰპირდეს ორი ადამიანის მოყვანას, ინვესტიცია სხვის მაგივრად არასოდეს გააკეთოს, ძმასაც კი არ დაუმატოს ერთი ლარი და სხვისი გასაკეთებელი საქმე არ გააკეთოს.

ერთი სიტყვით, მათთან მისულს უსახავენ ბიზნესის სტრატეგიას. ეუბნებიან, რომ მალე სერიოზულ თანხებს იშოვის და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.

ადამიანის ფსიქოლოგიური დამუშავება და დამაჯერებელ ტყუილში მისი გახვევა ამ ე.წ. ბიზნესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კარგად შედგენილია ხელშეკრულებაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ შენ ყიდულობ ამ ფასად კონკრეტულ ნივთს და იხდი 1.800-დან 3.000 დოლარამდე თანხას. თანხის ოდენობა არჩეულ ნივთზეა დამოკიდებული. პროდუქციის არჩევანი არც ისე დიდია. არის საგზურები, რომელიმე ქვეყანაში ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, საათები, სამკაულები, მცირე კომპიუტერული ტექნიკა, რაღაც პატარა მინისებრი წრე, რომელიც თურმე აურას წმენდს და ყველაფერს კურნავს. შეძენის შემდეგ ოფიციალურად ხდები კომპანიის პარტნიორი, ონლაინ რეგისტრირდები და არსად ჩანს იმ პირის ვინაობა, ვინც დგას საქართველოში ამ თაღლითური სქემის უკან. ფულის გადახდის შემდეგ შენი პროფილი იხსნება საიტზე და იქ ჩანს სამუშაო გეგმა. გევალება შენნაირის ძებნა, რათა დაარწმუნო, ჩადოს ფული. როდესაც ორ ადამიანს იშოვი, შემდეგ მათ უნდა დაეხმარო ხალხის პოვნაში. ასე გრძელდება უსასრულოდ. შემოსავალი ახლის გაწევრების შემდეგ მისდის ზემოთ მყოფს.

თითქოს თავიდან ყველაფერი იდეალურად არის, ოცნებობ მილიონებზე, მიგყავს ორი საყვარელი ადამიანი, იმას კიდევ ოთხი, ოთხს კიდევ 8 და ასე უსასრულოდ გგონია გაგრძელდება, მაგრამ პრობლემა მაშინ იქმნება, როდესაც ხვდები, რომ ასე მარტივი არ არის ადამიანების მოტყუება ან იმას ხვდები, რომ სხვისი უბედურების ხარჯზე ფულის შოვნას ცდილობ.

კომპანიის აუცილებელი პირობაა, ხალხის მოძიება ოჯახის წევრებიდან დაიწყო. ესეც აფერის ნაწილია, რადგან იციან, რომ უფრო ადვილად დასაყოლიებელია საყვარელი ადამიანი, ვიდრე - უცხო. როცა საქმე იმედგაცრუებამდე მიდის, ოჯახის წევრი არ გაგწირავს და არ გიჩივლებს, თუმცა ფაქტია, სასამართლოში ჩივილსა და შენი უფლების დაცვას ამ გზით მაინც ვერ შეძლებ. ვინც შენ მიგიყვანა, ის დოკუმენტაციაში არ ჩანს და პირდაპირ უცხოეთში გაქვს ეს თანხა გადარიცხული. მაშინ უნდა ჩახვიდე იმ ქვეყანაში, სადაც ეს კომპანიაა ოფიციალურად დარეგისტრირებული და იქ უნდა შეიტანო საჩივარი, თუმცა იქაც არ გაქვს საქმის მოგების შანსი, რადგან გარკვევით წერია ხელშეკრულებაში, რომ გადახდილი თანხით შეიძინე კონკრეტული ნივთი, რომელიც გამოგიგზავნეს.

სამწუხაროდ, ჩემ ირგვლივ ბევრი ახლობელი აღმოჩნდა ამ თაღლითურ სქემაში ჩართული. როგორც გაირკვა, ჩემს კოლეგებთანაც იყო საუბარი გაწევრებაზე, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, ისინი ვერ გააბეს მახეში. ჩემი რესპონდენტი ორი წელი გაწევრებული იყო ამ კომპანიაში. თავის თავზე იწვნია აფერის შედეგი. წელიწადზე მეტია, კომპანიიდან წამოვიდა და ამის აუცილებლობაში თავისი მიყვანილი ხალხიც დაარწმუნა, თუმცა ფულის შოვნის ნაცვლად უამრავი ვალი და განაწყენებული ახლობლები შერჩა ხელში. მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

ნინო, 24 წლის:

-QNET გაყიდვების აზიური კომპანიაა, რომელიც მუშაობს სხვადასხვაგვარი წესით. ჩემი ორგანიზაცია მუშაობდა ე.წ. ცხელ ადამიანებზე. ასე უწოდებენ ოჯახის წევრებს, ახლო ნათესავებს, მეგობრებს ანუ იმ წრეს, რომელიც ძალიან გენდობა. ასე უფრო გეომეტრიული პროგრესით იწყობა ორგანიზაცია. მე ნათესავმა შემომთავაზა ბიზნესგეგმა, ჩამიტარდა პრეზენტაცია, რადგან პრეზენტაციის გარეშე რეგისტრაცია აკრძალულია. გაწვდიან ინფორმაციას პროდუქციაზე, მოგების დანაწილებაზე, რა წილი შეგხვდება, გეუბნებიან, რომ გჭირდება ორი ბიზნესპარტნიორი და ორი ძალიან ახლობელი ადამიანი ყველას ჰყავს. აქვთ შაბლონური ტექსტი, რაც ზეპირად იციან და ტექსტით გელაპარაკებიან. როცა შენ მიდიხარ, ე.ი. შენ ხარ პერსპექტივი და შენი მომწვევის ზემდგომს ევალება ნებისმიერ შენს კითხვას და ეჭვებს გასცეს ამომწურავი პასუხი. ფსიქოლოგებს, იურისტებს ყველა ის საკითხი შესწავლილი აქვთ, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებობს. შემუშავებული აქვთ ყველა კითხვაზე პასუხი, რაც საზოგადოებაში ტრიალებს და მერე ამას იყენებენ შენზე ზემოქმედების მოსახდენად. შენზე ფსიქოლოგიური ზეწოლაც ხდება. არიან ისეთები, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს თავს არ გახვევენ ორგანიზაციაში გაწევრებას, მაგრამ რეალურად ზეწოლას ახდნენ; არის ორგანიზაციები, სადაც შენს უარს არ მიიღებენ და პირიქით, უარით იწყება შენი დაყოლიება. თუ იქ მიხვედი, თავს აღარ დაგანებებენ. თუ გიყვარს ის ადამიანი, ვინც მიგიწვია, მიჰყვები. გეუბნებიან, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, იმას უნდა აშოვნინო ფულიო. ვთქვათ, შენ გინდა იშოვო 100.000, მაშინ შენმა ცალმა მხარემ უნდა იშოვოს 50.000, მეორე მხარემაც - 50.000 და გეუბნებიან, ვისთვის გემეტება ეს ფული, თუ არა შეყვარებულისთვის, ოჯახის წევრისთვისო?

- ანუ ენდეთ ნათესავს?

- ბუნებრივია. მე ეს არ დამიწყია კომპანიისადმი ნდობის გამო. ისეთი ურთიერთობა მქონდა მასთან, ეჭვს ვერ შევიტანდი. 99% ასეა დარეგისტრირებული. თავიდან ვერ დაეჭვდები, მონუსხული ხარ, გინდა იოლად ფულის შოვნა და გგონია, რომ იშოვი. ეს ემოცია რამდენიმე თვე მოგყვება. ისეთ ტრენინგებს გიტარებენ, ამ მუხტს არ გაგდებინებენ. სანამ მონუსხული ხარ, მოგყავს საყვარელი ადამიანები. გადის დრო და ისე არ არის, როგორც გეუბნებიან.

- რას ყიდულობ 1.800 დოლარად?

- საქართველოში ძირითადად 3-ქულიანი პროდუქციის შეძენაში იხდი თანხას. საშუალო ღირებულება 1.800 დოლარია. ვთქვათ - საგზურს. მერე შენ რომ ეს თანხა გამოიმუშაო, კომპანიას უნდა მოუტანო 36.000 დოლარის მოგება. ამდენი ხალხის მიყვანის შემდეგ ნელ-ნელა გირიცხავს თანხას, მაგრამ ღუპავ საყვარელ ადამიანებს. ვერც უჩივლებ, რადგან კონკრეტულ ნივთს იწერ საიტიდან და გეუბნებიან, რომ ეს ამ ნივთში გადახდილი თანხაა. Dარადა, პირად საუბარში გარწმუნებენ, ნივთი არის თანხის უზრუნველყოფა და რეალურად აქედან იწყება შენი ბიზნესიო. იქ ნივთის შესაძენად არავინ მიდის, ყველას ფულის შოვნა უნდა. გადის დრო და ხვდები, შარში ხარ და უკვე გეუბნებიან: ხომ ხედავ, შარში ხარ, მოყვანილი გყავს ადამიანები და მათ გაწირავ?

- ანუ თქვენც გაწირეთ ახლობლები?

- როცა მათ აწევრებ, გგონია, რომ ნათესავს მაგარ საქმეს უკეთებ. მჯერა, ჩემი ნათესავიც ამაში დარწმუნებული იყო. სანამ ვინმეს მოიყვან, ჩამოგაწერინებენ ახლობლების სიას და ანიჭებენ ქულებს. სიის ანალიზი სხვადასხვა კრიტერიუმით ხდება: როგორი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, საზოგადოებაში როგორი ავტორიტეტით სარგებლობს და უამრავი კითხვაა. ეს ყველაფერი ჯამდება ქულებით და ვისაც ყველაზე მაღალი ქულა აქვს, მასზე შეგიძლია ზეგავლენის მოხდენა. მართალია, ორი ადამიანი გჭირდება, მაგრამ არჩევენ სამს, რომ რეზერვში გყავდეს. ურეკავ მათ და სამ ფრაზას ეუბნები: - დავიწყე ძალიან მაგარი საქმე, ეს ბიზნესია და ამაში ფული იშოვება. არ უნდა ახსენო ქსელური მარკეტინგი, რომ ყიდვა-გაყიდვაა. მთავარია, იქამდე მიიყვანო და მერე სხვები იმუშავებენ მასზე. შენ ხარ მომწვევი, მერე ზემდგომი, რაც ზევით მიდიხარ და შესაბამისი ცოდნა გიგროვდება, ყველა კოზირი გახსნილი გაქვს, ხვდები, რომ სერიოზულ პრობლემებში გაები. ყველა კარტი გახსნილი გაქვს მაშინ, როცა შენი ოფისი გაქვს. სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი გაწევრდა.

- საქართველოში ვინ არის ამ კომპანიის მეპატრონე?

- ის რეალურად მილიონერია, თურქეთიდან შემოიტანა ეს ქსელი, მაგრამ არსად ჩანს. ამ კომპანიაში მუშაობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახაბერ ბაინდურაშვილის ცოლი, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი სახეა. არ არის მეწილე, მოჭრილი ხელფასი ერიცხება და ევალება საქართველოში კომპანიის იურიდიული და ბუღალტრული საბუთების მოგვარება. მათთან კონტაქტი უწევთ ძირითადად მათ, ვინც უცხო ენა არ იცის. თუ ენა იცი, პირდაპირ შეგიძლია მისწერო კომპანიას.

- თანხები რის მიხედვით გერიცხება?

- შენს ქვევით რაც მეტი ადამიანია, მეტი თანხა გერიცხება. ორივე მხარე, მარჯვენა და მარცხენა თანაბრად უნდა განავითარო. თითო ადამიანი უდრის სამ ქულას, რადგან სამქულიანი ნივთი გაქვს ნაყიდი. თუ ორივე მხარეს 3-3 ადამიანი დარეგისტრირდა, ამას ეძახიან ბალანსს. გერიცხება 225 დოლარის ექარდი. თუ გყავს 5 მარჯვნივ და 3 მარცხნივ, მაშინ გერიცხება 3 ადამიანის ბალანსი და ორი გენახება მანამ, სანამ არ დაბალანსდება. რაც ბევრი მოტყუვდება, ბევრი დაგერიცხება. როცა ზევით ხარ, შენი სიტყვა უნდა წყვეტდეს ყველაფერს. აქ ყველას ყველა სჭირდება.

- თანხა თუ იშოვეთ ამ სქემით?

- ვერ ვიტყვი, რომ თანხები არ მერიცხებოდა. რაც შევიტანე, იმაზე მეტი დამერიცხა, მაგრამ რასაც გირიცხავენ, ის თანხები იქ გეხარჯება. გეუბნებიან, ბიზნესი საჭიროებს რეინვესტირებას და შენს ორგანიზაციას უნდა შეუქმნა ისეთი პირობები, რომ ხალხი მოიზიდო. შენი ფულით უნდა იქირავო ოფისი, რომ გამართო ბრიფინგები. ... სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 27 აპრილის ნომერში

თეა ხურცილავა