"იმ კაცმა მეც ორჯერ მცემა: მაშინ დედა 9 თვის ფეხმძიმე იყო..." - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც დედა მოუკლეს - გზაპრესი

"იმ კაცმა მეც ორჯერ მცემა: მაშინ დედა 9 თვის ფეხმძიმე იყო..." - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც დედა მოუკლეს

გაჩეჩილი ჭაღარაშერეული თმა, რომელიც დიდი ხნის შესაღები გაქვს, მაგრამ არც დრო გაქვს, არც თავი და არც სახსრები... ფრჩხილებზე სამარცხვინოდ შერჩენილი რამდენიმე კვირის წინ წასმული ლაქის ნარჩენი, რომელსაც ქუჩაში მალავ, მომუშტულ მუჭებში. მოშვებული მუცელი, მოშვებული მკერდი და საერთოდ, დაკარგული ფორმები, ტანზე მუდამ ხალათი, იმიტომ, რომ ხან დრო არ გაქვს ჩაიცვა, ხან - ხალისი... ისედაც მოწყენილს, უფრო გიმძიმდება გული და ფიქრებიც... ხშირ-ხშირად ათვალიერებ იმდროინდელ ფოტოებს, სულ ფორმაში რომ იყავი და საკუთარი თავის გშურს... აღარც ისეთი სასურველი ხარ... როგორც ქალი, უფუნქციოდ დარჩი... ცდილობ, წელში გასწორდე, მუცელი შესწიო, მხრებში გაიმართო და გაუღიმო საკუთარ გამოსახულებას, მაგრამ ეს ღიმილიც ისეთივე საცოდავი და უსუსურია, როგორიც შენ, ახლა... და უცებ!!! პატარა ანგელოზის ტირილი გესმის... გაიღვიძა და შია, ალბათ... და იმწუთას გავიწყდება და სასაცილოდ გეჩვენება ყველაფერი, რაზეც ფიქრობდი და გადარდებდა, იმიტომ, რომ შენ ხარ დედა!!! და ყველაზე ძვირფასი, რაც კი შეეძლო ცხოვრებას მოეცა შენთვის, ეს შენი შვილებია. გავიწყდება გაჩეჩილი თმაც და მოშვებული მუცელიც. აღარც შურით უყურებ სილიკონით დაბერილ მოდელებს, რადგან შენ გაქვს ყველაზე დიდი სიმდიდრე, რასაც შვილები ჰქვია და შენ ხარ ყველაზე ბედნიერი ქალი, რადგან ხარ დედა!!!" - ეს სიტყვები ოთხი შვილის დედას, თათია ვაჩეიშვილს ეკუთვნის. ის ბედნიერი დედა იყო, რადგან ყველაზე მაგარი შვილები ჰყავდა, ამაყობდა და იამაყებდა ჩვენით, ახლა ცოცხალი რომ იყოს..." - ასეთ პოსტს აქვეყნებს მისი 16 წლის ქალიშვილი, რომელსაც დედა გასულ კვირას მოუკლეს.

39 წლის მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი 41 წლის გიორგი ჯანაშვილმა ელექტროსადენის კაბელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათ საერთო შვილი ჰყავთ, წლისა და 2 თვის გოგონა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ჯანაშვილი მალევე დააკავა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ეჭვიანობას ასახელებს.

მირანდას პირველი მეუღლე წლების წინ ბერად აღიკვეცა, ამიტომ მარტო უწევდა შვილების გაზრდა. მამა დავითი მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში ცოტა ხნის წინ აღესრულა. 2013 წელს ინტერნეტით გაიცნო მირანდამ გიორგი ჯანაშვილი და მას დაუკავშირა ცხოვრება. თუმცა, მალე კონფლიქტები დაიწყო და ახლობლების თქმით, სულ შიშში უწევდა ყოფნა. არაერთხელ სცემა მას ქმარმა, არაერთხელ მიმართა სამართალდამცავებს, მაგრამ უშედეგოდ.

მირანდა ვაჩეიშვილის ბინაში მისულს, მისი შვილები და ბავშვების ნათლია დამხვდნენ. წლისა და 2 თვის პატარა ყველას უღიმოდა. მას დედა აღარ ემახსოვრება. გაიზრდება და გაიგებს, რომ ის მამამ მოუკლა.

მირანდას უფროსი ქალიშვილი 18 წლისაა, სრულწლოვან ნინოს მოუწევს და-ძმაზე ზრუნვა. 16 წლის ნატო და მისი ძმა სკოლაში დადიან.

ნატო, მოკლულის ქალიშვილი:

- დედა იმ დილით 12 საათზე გავიდა სახლიდან, ახლობელ ქალბატონებს უნდა შეხვედროდა. 2 საათში უკვე გათიშული იყო მისი ტელეფონი. სახლში ადრე უნდა მოსულიყო, რადგან მეორე დღეს მამაჩემის ორმოცი იყო და მარტყოფში უნდა წავსულიყავით (ძალიან პატარა გახლდით, მამა ბერად რომ აღიკვეცა), მაგრამ ვერც იმ საღამოს და ვერც დილით ვერ დავუკავშირდით. მარტო წავედით მონასტერში. მერე ბაბუამ დაგვირეკა, გიორგის თათია მოუკლავსო. იმ დღეს თუ უნდა შეხვედროდა მას, არ ვიცოდით... 2 დღით ადრე, ბავშვის სანახავად მოვიდა გიორგი. დედამ მას ბავშვი გაუყვანა. მხოლოდ პატარის გამო ხვდებოდა, სხვა ურთიერთობა მასთან აღარ ჰქონდა. გიორგი სარგებლობდა ამით, ბავშვით მანიპულირებდა.

- როგორი ურთიერთობა იყო მათ შორის?

- როცა გაგვაცნო, კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. 6-7 თვე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მერე ხან შორდებოდნენ, ხანაც - რიგდებოდნენ. არა მარტო დედა, არამედ ჩვენც საფრთხის ქვეშ ვიყავით. მე ორჯერ მცემა: მაშინ დედა 9 თვის ფეხმძიმე იყო. ნაჩხუბრები იყვნენ და უნდოდა, დედა თავის სახლში წაეყვანა, ქუჩაში სცემა. აივნიდან ვუყურებდით, როგორ მოსდევდა ეზოში. მე და ჩემმა დამ ჩავირბინეთ, ეს ცხადია, არ ესიამოვნა და ზურგში ხელი ისე ძლიერად ჩამარტყა, ვეღარ ამოვისუნთქე, ძლივს მომასულიერეს...

ერთი პერიოდი აქვე ახლოს, ცალკე ჰქონდათ ბინა ნაქირავები და დედას დაბადების დღეზე საშინელი ამბავი ატეხა იქ. იეჭვიანა და მაშინაც სასტიკად სცემა. პატრულს ყველა კონფლიქტის დროს ვიძახებდით, მაგრამ ცოტა ხანში იგივე მეორდებოდა. დედა ცდილობდა, როგორმე მოეცილებინა გიორგი თავიდან, მაგრამ ვერ მოახერხა. ზაფხულში სოფელში ვიყავით. თბილისში დედა და ჩემი პატარა და იყვნენ, მაშინ დავა ბავშვის ნათლობასთან დაკავშირებით ჰქონდათ. თურმე, გიორგი მოუვარდა. კარი რომ არ გაუღო, კარს ბენზინი მიასხა, ცეცხლი წაუკიდა და წავიდა. დედამ პატრული გამოიძახა, ამასობაში დედას დაქალიც მოვიდა და მან ჩააქრო ცეცხლი. სამართალდამცავებს ის არც ამის გამო დაუსჯიათ საკადრისად - საქმე აღძრეს ნივთის დაზიანების გამო. იცი, კარს უკან შენი ცოლ-შვილია და ცეცხლს უკიდებ, ეს არის მკვლელობის მცდელობა. მაშინ ჯანაშვილის მამინაცვალმა, ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ გვითხრა, ჩვენ ზარალს ავანაზღაურებთო, მაგრამ არაფერი აუნაზღაურებია. სოსო ჯოგლიძე და გიორგის დედა, თამარი ხშირად რეკავდნენ, დედას ეხვეწებოდნენ, რომ მათთან, გლდანში მისულიყო: გიორგი ძალიან ცუდად არის, უშველეო.

- და ისიც მიდიოდა, არა? რომ არ წასულიყო, რა მოხდებოდა?

- მაშინ აქ მოვიდოდა და ერთ ამბავს ატეხდა. დედას მეზობლების ერიდებოდა და ცდილობდა, აქამდე არ მოეშვა... ერთხელ დედის საცემრად რომ გამოიწია, ნინომ მოიგერია, ისეთი მთვრალი იყო, რომ წაიქცა, თავი რაღაცას დაარტყა, ცოტა ხანი კომაში ჩავარდა. მერე დაემუქრა: იცოდე, ახლა ვიტყვი, დედაშენმა რომ წამაქცია და მის თავს დავაჭერინებო, მაგრამ მერე მაინც, ნინოს უჩივლა - ეს შარშან, სექტემბერში მოხდა.

ეს კაცი ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობდა. ნათესავსაც რომ ეტყოდა "გამარჯობას", ამაზეც ცუდად რეაგირებდა. დედა ვერ მუშაობდა, რადგან უშლიდა, ქალს ქუჩაში გასვლის უფლებაც არ ჰქონდა. იყო შემთხვევები, როცა "სკაიპს" მთელი ღამე ჩართულს ტოვებდა, მას იქიდან რომ დაენახა, მართლა სახლში რომ იყო და ეძინა. ეს კაცი საზოგადოებისთვის საშიშია. როგორც ვიცი, ორი წელი საფრანგეთში, ფსიქიატრიულში მკურნალობდნენ. შარშან, ქავთარაძეზეც იწვა ფსიქიატრიულში.

- დამცავი ორდერი არ იყო გამოცემული?

- მერე რა, ეს დაგვიცავდა? სახლს რომ ცეცხლი წაუკიდა, იმალებოდა. პატრულმა გვითხრა, - ვერაფერს ვიზამთ, ტელეფონს არ პასუხობს და სად ვეძებოთო? დამცავი ორდერი ალბათ, 7-8 ჯერ იყო გამოცემული, მაგრამ ელოდებოდა ორდერის ვადის გასვლას, ზოგჯერ არც ელოდებოდა და ისევ მოგვივარდებოდა ხოლმე. მაშინვე ვრეკავდით პოლიციაში, მოჰკიდებდნენ ხელს და წაიყვანდნენ, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ბრუნდებოდა. ამბობდა, მეტროსთან დამტოვესო და ჩხუბს აგრძელებდა. დედას მკვლელობის მერე გავიგეთ, ხუთჯერ ნასამართლევი რომ ყოფილა. მგონი, დედამაც არ იცოდა ეს ამბავი. დედამისი სულ ეუბნებოდა, შენ შეგიძლია ჩემი შვილი გამოასწოროო...

ყოველთვის მეშინოდა იმის, რომ ეს კაცი დედას მოკლავდა, ამიტომ ვარიდებდი, მინდოდა მისგან თავი შორს დაეჭირა. არ ვიცი, დედაჩემი ზეწოლის ქვეშ იყო თუ სხვა რაიმე მიზეზი გახლდათ, მაგრამ მაინც იძულებული იყო, როცა დაურეკავდა, ენახა... იგი მოკვლით არა მარტო დედას, ჩვენც გვემუქრებოდა. ამიტომ ახლაც შიშში მოგვიწევს ცხოვრება. ის რომ გარეთ გამოვიდეს, ჩვენც საფრთხე დაგვემუქრება.

ვაჩეიშვილის მკვლელობა გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ადვოკატ სოსო ჯოგლიძის ბინაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატის გერია, თავად ჯოგლიძე კი ამას კატეგორიულად უარყოფს.

სოსო ჯოგლიძე, ადვოკატი:

- ღამის 12 საათზე პროკურორმა დამირეკა და მითხრა, შენს სახლში მკვლელობა მომხდარაო. გიორგის ეჭვიანობის ნიადაგზე მოუკლავს ქალი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს. ადრე საფრანგეთში წოლილა ფსიქიატრიულში, იქიდან ველოდები სამედიცინო ცნობას; აქაც იწვა ფსიქიატრიულში. ეს ქალი არ იყო მისი ცოლი, მასთან ხელი არ აქვს მოწერილი.

- მაგრამ ფაქტია, ისინი ერთად ცხოვრობდნენ და მასთან საერთო შვილიც ჰყავს.

- ისინი არ იყვნენ ცოლ-ქმარი. 2-ის ნახევარზე ამოსულან ჩემს ბინაში. ჩემი ბარიდან ამოღებულია კონიაკი. დაულევიათ, მერე უთხრა თურმე, რატომ მღალატობო? როგორც თვითონ ამბობს, ქალმა უპასუხა: ის ფულს მაძლევსო. ასეთი პასუხის შემდეგ, კომპიუტერის გადამყვანის კაბელით დაახრჩო. მერე დაურეკავს დედამისთან და უთქვამს, სახლში "ტრუპი" მყავსო და წასულა. დედამისს დაურეკავს პოლიციაში.

- ამბობთ, რომ ისინი ცოლ-ქმარი არ იყვნენ, მაგრამ საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობით მიმდინარეობს.

- გამოძიება 11-108-ე მუხლით მიდის, რაც ოჯახში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისინი არ იყვნენ ცოლ-ქმარი, მაგრამ რადგან საერთო შვილი ჰყავთ, საქმე ოჯახურ დავაში გავიდა და ეს ცოტა შეღავათია ბრალდებულისთვის; სხვა შემთხვევაში, მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 108-ე მუხლით გაასამართლებდნენ და სასჯელიც უფრო მკაცრი იქნებოდა.

- ბრალდებული ნასამართლევია?

- ბევრჯერ. ბოლოს საფრანგეთში დააკავეს და მისი დეპორტაცია 2013 წელს მოხდა. მკვლელობის ადგილას საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა და ყველაფერი უამბო გამოძიებას. ის მადარდებს, რომ ამ ბინის გაყიდვას ვაპირებ და რადგან მკვლელობა მოხდა, ფასი გამინახევრეს.

- ამბობენ, რომ ბრალდებული თქვენი გერია, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდით?

- რა გერი, რას ამბობთ? დედამისი არ არის ჩემი ცოლი, უბრალოდ, ჩემი საყვარელი იყო და დროებით ცხოვრობდნენ ჩემს ბინაში. მე სხვა ცოლი მყავს.

- გიორგიმ სახლი რომ დაუწვა ცოლს, მაშინაც თქვენ იცავდით?

- არ დაუწვია, ამის მცდელობა იყო. მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ექსპერტიზა მოვითხოვე. შეიძლება 4 წელი იძულებითი მკურნალობა დაენიშნოს ან მაქსიმუმ, 8 წელზე მეტს ვერ მისცემენ, რადგან ოჯახური მკვლელობის მუხლით კვალიფიცირდება ეს საქმე. ვალდებული ვარ დავიცვა მისი ინტერესები და მაქსიმალურად ვიბრძოლებ, რომ რაც შეიძლება ნაკლები წელი მიუსაჯონ.

ქეთი, მოკლულის მეგობარი:

- მკვლელის დედა ამბობს, ის გოგო ჩემი შვილის ცოლი არ ყოფილაო. არადა, თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთანაც, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ გლდანში, ადვოკატ ჯოგლიძის ბინაში. თათია ამბობდა, კარგა ხანს მეგონა, რომ გიორგის მამა სოსო იყო; გვიან გავიგე, გერი ყოფილაო. მეტროს მიმდებარედ იქირავეს ბინა. თათიას ბინაც ახლოს იყო. სამი თვის იყო პატარა, ქმარმა ცემა რომ დაუწყო. ის მამაკაცი ბავშვებსაც აყენებდა შეურაცხყოფას. ძალიან აგრესიული იყო, ეჭვიანი. ნახულობდა მესიჯებს. იყო ისეთი ამაზრზენი ფაქტებიც, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. დაშორდნენ, მაგრამ მერე ბავშვი მოიმიზეზა და აწიოკებდა. დარწმუნებული ვართ, სახლის დაწვის მცდელობა რომ გაემართლებინათ და ციხეში არ წასულიყო, ამიტომაც მოიგონეს, თითქოს ფსიქიკური პრობლემები აქვს. არადა, თუ შეურაცხადია, მაშინ რატომ გამოუშვეს გარეთ? 5-6 თვეა, რაც საავადმყოფოდან გამოვიდა. ვფიქრობ, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. დღეს ბავშვები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან და მათთვის ფსიქოლოგი გვჭირდება. აუცილებელია შეძლონ რესოციალიზაცია და ცხოვრების გაგრძელება. ნატუკა კარგად ცეკვავს, სტუდიაში დადიოდა, ახლა კი იქ სიარულზე უარი განაცხადა, - ძალიან მიყვარს ცეკვა, მაგრამ მეშინია, საზოგადოებამ არ გამკიცხოსო. სტრესის ქვეშ არის სამივე, განსაკუთრებით - ვაჟი, რომელიც საკუთარ თავში ჩაიკეტა. პროფესიონალების დახმარება გვჭირდება. ჩემთვის ახლა მთავარია, ბავშვები იყვნენ კარგად და დამნაშავე დაისაჯოს. ასევე, მოვითხოვთ, დადგეს იმ სამართლდამცავთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც თათია ვერ დაიცვეს. კანონმდებლობაში უნდა მოხდეს ცვლილებები. ბოლოს და ბოლოს, გაიგონ, რომ ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ გადარჩენილიყო. სულ ამბობდა, - ორდერი ვერ დამიცავს, დანის გამოსმას რომ დამიპირებს, ეს ფურცელი არ მიშველის. სანამ არ მომკლავს, არ დაიჯერებენ, რომ საშიში ადამიანიაო. ასეც მოხდა. მოკლულს ზურგზე, მუცელზე დაზიანებები ეტყობოდა, მუხლები გადაყვლეფილი ჰქონდა, ყელზე ჭრილობები, საფეთქელთანაც დაზიანება. ეტყობა, მკვლელობამდე აწამეს. მკვლელი ამბობს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოვკალიო, დედამთილი კი ამბობს, თითქოს თათია მიდიოდა მათთან სახლში და აწუხებდა. ჯობია, სიმართლე თქვას. ნუ იცავს თავის ლოთ და ნარკომან შვილს, რომელსაც ბევრჯერ, საკუთარი დედაც უცემია. თუ ბრალდებული საკადრისად არ დაისაჯა და ფსიქიატრიულში მოათავსეს, გამოდის, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტო ჩაერთო საქმეში და უდედ-მამოდ დარჩენილ პატარებს დაეხმარება. სავარაუდოდ, სრულწლოვანი და დაინიშნება პატარების მეურვედ და კანონიერ წარმომადგენლად, ბავშვებს კი მარჩენალდაკარგულის პენსია დაენიშნებათ.

თეა ხურცილავა