"მათი დაუდევრობით გარდაიცვალა ჩემი მეუღლე" - რას ამბობს გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ქმარი? - გზაპრესი

"მათი დაუდევრობით გარდაიცვალა ჩემი მეუღლე" - რას ამბობს გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ქმარი?

"ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე იყო საუბარი და არანაირ საკეისრო კვეთაზე არავის არაფერი უთქვამს, პრობლემები რომ ჰქონოდა, იმას მაინც ხომ იტყოდნენ, საკეისრო გაუკეთეთო"

1-ლ მაისს დავით გაგუას კლინიკაში 29 წლის ნინო მათიაშვილი სისხლდენით გარდაიცვალა. ახალგაზრდას ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მათ დასჯას ითხოვენ. გარდაცვლილის მეუღლე გიორგი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ნინოს მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ დამძიმდა. "ამშობიარეს, შემდეგ გამოვიდნენ და გვითხრეს, ბავშვი ცუდად არის და ინკუბატორში დავაწვინეთო. მე ბავშვზე ვნერვიულობდი, ვიცოდი ნინო ვერ გადაიტანდა, მას რომ რამე დამართოდა. მოგვიანებით კი გვითხრეს, ჩვილი კარგად არის, მაგრამ ნინოს სისხლდენა დაეწყო და ვერ ვუჩერებთო, მათი დაუდევრობით გარდაიცვალა ჩემი მეუღლე. თუ პრობლემები ჰქონდა, რატომ არ გაკეთდა საკეისრო კვეთა. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს", - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე. ოჯახის ახლობლის თქმით, ნინო სრულიად ჯანმრთელი იყო და მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.

"სრულიად ჯანმრთელი მოვიყვანეთ, წინასწარ ყველა ანალიზი გაკეთებული ჰქონდა და ყველაფერს ზედმიწევნით იცავდა. გაგუას კლინიკაში მივიყვანეთ სამშობიაროდ. ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე იყო საუბარი და არანაირ საკეისრო კვეთაზე არავის არაფერი უთქვამს, პრობლემები რომ ჰქონოდა, იმას მაინც ხომ იტყოდნენ, საკეისრო გაუკეთეთო. ეს სრული შოკი იყო ჩვენთვის, ახალგაზრდა გოგო ექიმების დაუდევრობას შეეწირა, საშვილოსნო ამოეღოთ დროზე, თუ ასეთი გამოუვალი სიტუაცია იყო. ჩვენ არ გავჩუმდებით და მოვითხოვთ მათ დასჯას", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი. სრულიად განსხვავებულია კლინიკის ექიმის პოზიცია. ის ირწმუნება, რომ ფეხმძიმეს გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა. "პაციენტს ჰქონდა ძალიან დაბალი ჰემოგლობინი და ამიტომაც მკურნალობდა მთელი ორსულობის მანძილზე. მას მშობიარობის შემდეგ დაეწყო სისხლდენა, მობილიზებული იყო სამშობიაროს მთელი გუნდი, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თირკმელი გაჩერდა, შარდი აღარ გამოიყოფოდა, ამის ფონზე განვითარდა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და პაციენტი გარდაიცვალა. გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა", - ამბობს ექიმი ჭანტურია.

წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 11 მაისის ნომერში