"ერთი მომხმარებელი ჩუქნის დამწყებს ნარკოტიკს და რამდენიმე მიღება საჩუქარია" - გზაპრესი

"ერთი მომხმარებელი ჩუქნის დამწყებს ნარკოტიკს და რამდენიმე მიღება საჩუქარია"

3 აგვისტოს "სასწრაფოს" ბრიგადამ 22 წლის ნათია თავართქილაძე უგონო მდგომარეობაში, სუნთქვითი და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით შეიყვანა კლინიკაში. ექიმები მის გადარჩენას თითქმის 8 საათი ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების თქმით, სიკვდილის მიზეზი გაურკვეველი ნივთიერების გადაჭარბებული დოზა გახდა. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

ახლობლების თქმით, ნათია არაჩვეულებრივი გოგონა იყო, ის არასოდეს ყოფილა ნარკოტიკის მომხმარებელი. ამბობენ, რომ მეგობრებს აჰყვა და ყველაფერი უმძიმესი შედეგით დასრულდა.

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის გახსნიდან დღემდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ათეულობით ახალგაზრდა მოხვდა. 14 მათგანი ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით იყო მოწამლული. კულუარებში ამბობენ, რომ ნათიამ და მასთან ერთად გადაყვანილმა ახალგაზრდებმა დიდი რაოდენობით ექსტაზი მიიღეს. ე.წ. კლუბური ნარკოტიკი საფესტივალო ზონაში შეზღუდვების გარეშე იყიდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია. სამწუხაროდ, ვერც ნათია თავართქილაძის გარდაცვალებამ დააფიქრა და შეაშინა ახალგაზრდები. ამ ტრაგედიიდან მეორე დღეს კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს გადაჭარბებული დოზით საავადმყოფოში. მათ შორის - 19 წლის გოგონა, რომელსაც გაუმართლა და ექიმებმა გადაარჩინეს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, გამა ჰიდროქსიბუტირატი ანუ თხევადი ექსტაზი ფსიქოაქტიური პრეპარატია, ზედოზირებისა და ინტოქსიკაციის მაღალი რისკებით. ის ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მოქმედებით გამოირჩევა და დოზის მცირე ცვლილებაც კი მძიმე ზედოზირების რისკს ქმნის, ამ დროს ითრგუნება სასუნთქი სისტემა, ადამიანი შესაძლოა, ჩავარდეს კომაში და გარდაიცვალოს. ალკოჰოლთან ერთად მიღებისას ორმაგდება ინტოქსიკაციისა და სასუნთქი გზების დათრგუნვის რისკი. მისი არევა სტიმულანტებთან და ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებთან ზედოზირების რისკს უფრო მეტად ზრდის. ყველაზე მძიმე პერიოდი მიღებიდან 20-120 წუთის განმავლობაშია.

22 წლის გოგონას დაღუპვის შემდეგ სამართალდამცავები გააქტიურდნენ და ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით არაერთი ადამიანი დააკავეს. ძალოვანებმა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტ ბაქარ კორშიას ბრალი წაუყენეს და სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. მოგვიანებით პოლიციამ სოფელ განმუხურში ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირი აიყვანა. ამასთან, შსს-მ გამოძიება დაიწყო ფესტივალის ტერიტორიაზე მოწამლული მოქალაქეების საქმეზე. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "ლიზერგიდის" შემცველი 6 ფირფიტა, "მეტადონი", "მდმა"-ს შემცველი პრეპარატი და დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად თავად ბრალდებულს მარიხუანის, "მდმა"-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შსს-ს პრესსამსახურის განმარტებით, იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მართალია, ბევრს საუბრობენ ფესტივალის ტერიტორიაზე მყოფი სტუმრები, რომ ნარკოტიკი თავისუფლად იყიდებაო, მაგრამ ორგანიზატორები იხსნიან პასუხისმგებლობას.

- ნარკოტიკების გავრცელებაზე პასუხისმგებელია ის ხალხი, ვინც ავრცელებს, ან იმ ადამიანების პირადი პასუხისმგებლობაა, ვინც ამ ნარკოტიკებს იღებს, - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი სიგუა და დასძენს:

- 10-მდე ადამიანია დაკავებული, ვისაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. საშინელი აბსურდია, რომ ჩვენ ვიღაცას ვმფარველობთ, ამაზრზენია. პირადად მე, გიორგი სიგუას, ამ ყველაფრის მერე არც მეფესტივალება და არც გართობა მინდა. იმის ნაცვლად, რომ მე გართობაზე გესაუბროთ, იმის თქმა მიწევს, რომ არც ნარკობარონი ვარ და არც არავისთან შეკრული. ნარკოტიკების გავრცელებაზე პასუხისმგებელია ის ხალხი, ვინც ავრცელებს და ვინც ამ ნარკოტიკებს იღებს. ჩვენ ვლაპარაკობთ ერთთვიან კურორტზე, რომელსაც 32 დღის განმავლობაში 10 000 ადამიანი სტუმრობს და ამდენ ადამიანში ვიღაცას ნარკოტიკი ექნება ჯიბეში, ვიღაც შებოლილი თევზით მოვა, ვიღაც გადაყლაპული შემოვა და ა.შ. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ამხელა ღონისძიებაა, შეუძლებელია გააკონტროლო, ვის რა აქვს ჩაყლაპული და რა აქვს ჯიბეში. არც ნარკორეალიზატორები და არც ნარკომომხმარებლები არ მითანხმებენ, საიდან შემოდის ნარკოტიკები.

ყოფილი ძალოვანი, ზაზა ჭაია ამბობს, რომ საქართველო ნარკოტიკებმა ისევ წალეკა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თბილისში: "ლამის ნებისმიერ დიდ, ახალ თუ ძველ თბილისურ ეზოში დილიდან იწყება "მოძრაობა", ფულის "ჩალიჩი", მთელი უბნის გასაგონად აგროვებენ "წამლის" თანხას და ისე ვაჭრობენ, როგორც ადრე მაწვნის, მაყვლის ან ჟოლოს გამყიდველი გლეხები. ზოგს მაღალი სართულიდან ჩამოსვლაც ეზარება და ფულს პირდაპირ ზემოდან უგდებს... როგორც კი "ბარიგისგან" ან "პოდ ბარიგისგან" ხელდამშვენებული "ფეხი" ბრუნდება, 10-15 პირი ესევა, ნაწილი ცალკე გადის, ნაწილი კი იქვე ეზოებში, მოურიდებლად, ქალების და ბავშვების თვალწინ იკეთებს, ეწევა. მაგრამ საღამოს ყველაფერი თავიდან იწყება. თბილისი წალეკა ნარკოტიკებმა, საზოგადოება წუხს, თუმცა პატრონი არავინ არის და თაობა იღუპება! მწერენ, რომ ფონიჭალა ნარკოკარტელად არის ქცეული, ნარკოტიკების ბრუნვა იქ პიკს აღწევს და ცალკეული ოპერაციები ნარკოტიკებით ვაჭრობას ოდნავაც ვერ აფერხებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ყოველდღე გადაჰყავს ამ ტერიტორიიდან კომაში მყოფი პირები, ხოლო "ხელდამშვენებული" წვრილი მოვაჭრეები თბილისისკენ მოიჩქარიან, რათა "თეთრი სიკვდილი" აქ უფრო ძვირად გაყიდონ და თვითონაც "იხეირონ".

ექიმებიც ადასტურებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით საავადმყოფოებში მართლა არაერთი ახალგაზრდა ხვდება. ყველაზე ხშირად ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მომხმარებლები არიან. ფაქტია, პრობლემა მწვავეა და არა მარტო ფესტივალზე, არამედ სხვა ქალაქებშიც ხვდებიან ზედოზირებით პაციენტები კლინიკებში. სპეციალისტები ხმამაღლა ამბობენ, რომ ნარკოტიკის ზედოზირების შედეგად არაერთი ახალგაზრდა დაიღუპა.

ექიმი ნარკოლოგი თათა ასათიანი:

- ყოველთვის ჩნდება ახალი ნარკოტიკები. ბიონარკოტიკები სხვადასხვაგვარია: ზოგი მოსაწევია, ზოგი ინტრავენტულად მოსახმარი, მაგრამ ყველაზე საგანგაშოა, რომ მომრავლდა ე.წ. მძიმე ნარკოტიკები და თავისუფლად იყიდება. ამას ამბობენ ჩვენი პაციენტები. ეს ოპიატები იწვევენ ზედოზირებას, სუნთქვის დათრგუნვას და ხშირ შემთხვევაში ლეტალურად მთავრდება ყველაფერი. ასევე ხშირია სტიმულატორების ზედოზირებები, რაც იწვევს პანიკურ რეაქციებს, ფსიქოზურ აშლილობებს, კრუნჩხვებს, გონება ებინდებათ და თუ ადამიანს დიდი დოზა მოუვიდა, შეიძლება უმძიმესი შედეგიც მოჰყვეს, განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვინც პირველად მოიხმარს. შედარებით შემცირდა სააფთიაქო ნარკომანია, რაც ალბათ, კონტროლის გაძლიერებამ გამოიწვია, აფთიაქის მეპატრონეები შეშინებულები არიან, მაგრამ საგანგაშო ისაა, რომ მძიმე ნარკოტიკმა მოიმატა. ნარკოლოგები ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია, არ უნდა მიდიოდეს ციხეში ადამიანი, რადგან ის დაავადებულია, მაგრამ ლეგალიზაციისთვის ჯერჯერობით მზად არ ვართ. სამწუხაროდ, მომხმარებელთა ასაკმაც საგრძნობლად დაიწია, 16 წლის გოგო-ბიჭები მოგვმართავენ პრობლემით.

ფსიქოლოგ თამუნა ბოკუჩავას ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ამ ადამიანებთან და ისიც ადასტურებს, რომ მომხმარებელთა ასაკი გაახალგაზრდავდა.

თამუნა ბოკუჩავა:

- ასაკმა საგრძნობლად დაიწია. სამწუხაროა, რომ ნარკოტიკს გოგონები უფრო ხშირად მოიხმარენ, მიზეზად კი ასახელებენ, რომ მშობელი ჩამოშორდა ან მკაცრია და ვერ უგებს. უამრავ მიზეზს პოულობენ გასასამართლებლად, მაგრამ როგორც წესი, მიზეზი ის წრე და სოციუმია, სადაც ტრიალებენ. არის შემთხვევები, როცა სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ურჩევენ, - წამალი დალიე და გამოცდას კარგად ჩააბარებო და ამ მიზნითაც მოიხმარენ. რაც შეეხება კლუბურ ნარკოტიკს, კლუბში წასვლა ასოცირებულია ნარტიკის მიღებასთან. ბევრი პაციენტი გვეუბნება, რომ კლუბში წასვლას სხვანაირად აზრი არ აქვსო.

- ხომ არ გაიხსენებთ იმას, ვინც ნარკოტიკი გადაჭარბებით მოიხმარა და სიკვდილს გადაურჩა?

- ჩვენი პაციენტების უმრავლესობას ზედოზირება გადატანილი აქვს, პატარა ასაკის ახალგაზრდებს ვგულისხმობ. ეს ძირითადად ეხება სააფთიაქო ნარკომანიას. ძალიან სახიფათოა ალკოჰოლის და ე.წ. ბიოს ერთად მოხმარება. არის შემთხვევები, როცა ზედოზირების შემდეგ გაჩერებულან და შეუწყვეტიათ მოხმარება, მაგრამ ხშირად უთქვათ, მალე დამავიწყდა ის, რაც გადავიტანეო და გაუგრძელებიათ. არის შემთხვევები, როცა გამოცდილს გამოუყვანია ზედოზირების დროს. ქვეყანაში სოციალური რეაბილიტაცია არ არსებობს და ეს ართულებს სიფხიზლის შენარჩუნების პროცესს და ამიტომაც გვაქვს ასეთი მძაფრი პრობლემა ნარკომანიასთან დაკავშირებით.

- რატომ იწყებენ მოხმარებას?

- როგორც წესი, მოხმარება იწყება ასე: ერთი მომხმარებელი ჩუქნის დამწყებს ნარკოტიკს და რამდენიმე მიღება საჩუქარია. როცა უჩნდება მოთხოვნილება, ყიდულობს. ეს არის ცნობილი მექანიზმი, განსაკუთრებით შეძლებული ოჯახის შვილები ეხვევიან ამ მახეში. ძირითადად გოგონები ამბობენ, რომ მათ სულ ჩუქნიან კლუბებში ნარკოტიკებს. ბოლომდე გახსნა და დეტალურად საუბარი წვრილმანებზე უჭირთ. სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკის ერთჯერადი მიღებაც ძალზე საშიშია. სტიმულატორს კარგი ეფექტი აქვს, დიდ ენერგიას აძლევს ადამიანს, ახასიათებს სიხარულის, ბედნიერების ჭარბი შეგრძნება, მაგრამ მეორე დღის სინდრომი ძალზე მძიმეა - ფიქრობენ სუიციდზე, თვითდაზიანებაზე და ამის მაგალითებიც მრავლად გვაქვს. აგრესიულები ხდებიან ოჯახის წევრების მიმართ, კარგავენ ინტერესს, სიამოვნების შეგრძნებას და ისევ მისი მიღებისკენ ისწრაფვიან, იმის კვლავ განსაცდელად, რაც პირველ დღეს ჰქონდათ. ერთი სიტყვით პრობლემა ძალიან მწვავეა.

თეა ხურცილავა