რატომ მალავენ ქალები ძალადობის ფაქტებს?
font-large font-small
რატომ მალავენ ქალები ძალადობის ფაქტებს?
ქალები რომ ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და ვერ ახერხებენ თავიანთი უფლებების დაცვას, ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა.

მომხდარი კონფლიქტები საზოგადოებისთვის ხშირად დაფარულია ან შეიძლება ზოგიერთმა მეზობლის სახლიდან გამოსულ ხმაურს ყურადღება აღარც მიაქციოს. ფიქრობს, რომ ეს მისი საქმე არ არის.
არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით და ბევრმა ამ გზით დააღწია თავი მძიმე მდგომარეობას. ისიც ფაქტია, ამ მიმართულებით არაერთი კამპანია ჩაატარეს შესაბამისმა უწყებებმა და მოუწოდეს კიდეც, ხმა აიმაღლონ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი თავის უფლებებში მაინც ვერ ერკვევა, არ იცის კანონი და ამიტომ დღემდე ძალადობის მსხვერპლია. განსაკუთრებული პრობლემა ამ კუთხით რეგიონებშია. ამას გვიდასტურებს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის აჭარის კომიტეტის რეგიონის წარმომადგენელი, თიკო აბაშიძე. მისი თქმით, აჭარაში ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია და ქალებს ვერ გაუთავისებიათ, რომ ისინი მოძალადისგან თავის დაღწევას შეძლებენ. თიკომ ერთი ამბავი გვიამბო. მისი თქმით, მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მის ადგილსამყოფელს ბევრი ბრძოლის შემდეგ მიაგნო.


თიკო აბაშიძე:
- სოციალურ ქსელში ქალბატონმა დადო სტატუსი, რომ მის მეზობლად მცხოვრებ ქალს შველა სჭირდებოდა, ოჯახში ძალიან ავიწროებდნენ, დედამთილი და მამამთილი სცემდნენ, უკიდურეს მდგომარეობაში იყო და კითხულობდა, ხომ არ არსებობდა რაიმე სამსახური, რომელიც ამ ქალს დაეხმარებოდა. მაშინვე გამოვეხმაურე მის პოსტს და ვითხოვე, ამ ქალბატონის ტელეფონის ნომერი მოეცა. ამიხსნა, რომ სტატუსი ქალთან შეუთანხმებლად დადო და შეიძლება ამის გამო მას პრობლემები შეჰქმნოდა. ჯერ ეს ქალბატონი დავარწმუნე, რომ აუცილებელი იყო ჩვენი ჩარევა, მომცა ტელეფონის ნომერი, მაგრამ მსხვერპლის ნდობის მოპოვება ძალიან გამიძნელდა.

მან მითხრა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეა, აქვს სერიოზული პრობლემები, რომელზეც ვერ ილაპარაკებს, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქაური კანონი ვერ დაიცავს და ეშინია, შვილები არ წაართვან. დიდხანს ვეკონტაქტებოდი, ვწერდი მესიჯებს და ვარწმუნებდი, ნუ ეშინოდა და კანონი მასაც დაიცავდა, მაგრამ ამის გაგონება არ უნდოდა. ბევრი ვეძებე, კორპუს-კორპუს ვიარე და როგორც იქნა, შეხვედრაზე დავითანხმე. ბევრი მტკიცება დამჭირდა, მისი ნდობა რომ მომეპოვებინა.

- რა გიამბოთ?

- ახალგაზრდა ქალი ეროვნებით ტაჯიკია, მისმა მეუღლემ ტაჯიკეთში გაიცნო, სადაც თავის მშობლებთან ერთად სამუშაოდ იყო ჩასული. ეს ოჯახი იქ რამდენიმე წელი ცხოვრობდა, იქორწინეს, ორი შვილი შეეძინათ და მერე დაბრუნდნენ საქართველოში. რძალიც ჩამოიყვანეს, აქ გაუჩნდათ მესამე შვილი. ახლა სამ მცირეწლოვანთან, მეუღლესა და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია, დედამთილი ამცირებს, შეურაცხყოფას აყენებს. ეუბნება, რომ მახინჯია და საშინელი სიტყვებით ლანძღავს. მამამთილი ფიზიკურადაც ეხება, სცემს.

- ამ ყველაფერზე მეუღლეს რა რეაქცია აქვს?

- ყველაფრის მიუხედავად, ამ ქალს ქმარი ძალიან უყვარს. ამბობს, როცა მასზე ძალადობენ, ქმარი პასიურია და არ აპროტესტებს. როცა დედამისი აამხედრებს მის წინააღმდეგ, მაშინ ქმარიც სცემს. მამამთილმა წაართვა პირადობის მოწმობა და პასპორტი, რომ არ გაეგრძელებინა საქართველოში ბინადრობის უფლება და ამიტომ ვადის გაგრძელება ვერ შეძლო. დღეს ფაქტობრივად საქართველოში უკანონოდ იმყოფება. ახლა ეუბნებიან, თუ ხმას ამოიღებ, საქართველოდან გაგაძევებენ, შვილებს არ გაგატანთ, შენ მოსამსახურე ხარ და ამას შეეგუეო. გარკვეული პერიოდი ბაღშიც არ მიაყვანინეს ბავშვები, სამუშაო რომ მოეძებნა და რეალიზებული ყოფილიყო. ფინანსურად ოჯახი მთლიანად დედამთილ-მამამთილზეა დამოკიდებული. ამბობს, ამიტომ არის ასეთი მორჩილი ჩემი ქმარი მშობ­ლების მიმართო. ქმარი მუშაობს, მაგრამ არ აქვს დიდი შემოსავალი, ოჯახი რომ არჩინოს. შემაშფოთებელია, რომ მისი დედამთილი ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის რუსულის მასწავლებელია. ძალიან მიკვირს, ასეთმა ქალმა როგორ შეიძლება სკოლაში ბავშვები აღზარდოს? ქალი თურმე თავის შვილიშვილებს ფიზიკურად ეხება და ამას აღზრდას ეძახის. ბავშვებს ქამრითაც სცემს, რაღაცას რომ დააშავებენო. ბავშვებიც კი ძალადობის მსხვერპლები არიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ დავარწმუნე, რომ პოლიციაში წამოსულიყო და განცხადება გაეკეთებინა, რადგან არ სჯერა, რომ მას შვილებს არ წაართმევენ.

- როცა მსხვერპლი უარს ამბობს განცხადების დაწერაზე, მის დასახმარებლად სხვა რა მექანიზმი არსებობს?

- აუცილებელია თქვას სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავეხმარებით. რამდენიმე ორგანიზაციას მივმართე, ყველანი მზად არიან ჩაერთონ, მაგრამ ამ დრომდე ის სასტიკ უარზეა. მითხრა, თქვენი წასვლის შემდეგ ესენი მცემენ, ქვეყნიდან გამაძევებენ, შვილებს წამართმევენ და მე ბავშვების გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო. მზრუნველი დედაა, მარტო ზრდის სამ პატარას, ოჯახის წევრები არ ეხმარებიან.

- თქვენ რომ განაცხადოთ პოლიციაში?

- მერე მას დაჰკითხავენ და თუ თქვა, არავინ ძალადობს ჩემზეო, მაშინ ვერანაირ მსვლელობას ვერ მივცემთ ამ საქმეს. მე ვინახავ მის მოწერილ მესიჯებს, ასევე ვაპირებ ანონიმური შეტყობინება გავაკეთო სამართალდამცავებთან, კონტროლისთვის. მერწმუნეთ, მისი სიცოცხლე ამ ოჯახში სერიოზული საფრთხის ქვეშაა და შეიძლება მისი შვილებიც ფსიქოლოგიურად ტრავმირებულები არიან.

- მის მეუღლესთან შეხვედრა ხომ არ გიცდიათ?

- მეუღლემ ეს ამბავი არ უნდა გაიგოს. ქმარი ეუბნება, უნდა მოითმინოო. მთლიანად ოჯახი დედამთილის და მამამთილის კისერზეა, ისინი არჩენენ, მათ ნება-სურვილებს ემორჩილება და ამ ფაქტის გახმაურება არ უნდა. - მე და ჩემი ქმარი ცალკე რომ ვცხოვრობდეთ, ეს პრობლემები არ გვექნებოდა, ძალიან მშვიდი მეუღლე მყავსო. გავესაუბრე რამდენიმე მეზობელს. ისინი ადასტურებენ, რომ ეს გოგო საშინელ პირობებშია. როცა მეზობლები შედიან მათთან, ისინი ძალიან თბილები და ტკბილები ხდებიან, როგორც ყველა მოძალადეს სჩვევია და ამბობენ, რომ რძალზე გადაყოლილები არიან და გოგოა უმადური. მეზობლები ადასტურებენ, რომ ყველაზე მეტად მამამთილი ძალადობს. ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც ესაუბრა ეს გოგო გაუსაძლის ცხოვრებაზე. მეზობელ ქალთანაც მოუყოლია მცირე დეტალები. მის ირგვლივ ძალადობრივი გარემოა და ახალგაზრდა ქალი არავის ენდობა, რადგან არასოდეს არავინ გამოსარჩლებია და არ დაუცავს მოძალადისგან. - ჩვენ ბევრი ნაცნობი გვყავს, შენ არავინ დაგეხმარებაო, - ეუბნებიან და თურმე სახლში მოჰყავთ ადამიანები, რომლებსაც აცნობენ როგორც იურისტებს, თუმცა არავინ იცის, ისინი არიან თუ არა რეალურად იურისტები. ეუბნებიან, რომ უკანონოდ არის ქვეყანაში და აუცილებლად გააძევებენ. ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის და ძალიან გა­ნიცდის ამ ყველა­ფერს.

- ბინადრობა თუ არა აქვს, ამის გამო შეიძლება პრობლემები შეექმნას?

- უკვე მივ­მ­არ­თე მიგრაციის სამსახურს იმის გა­სარკვევად, როგ­ორ შეიძლება ამ ქალს დავეხმაროთ. დამპირდნენ, რომ დამეხმარებიან. თუ მას ჩვენ ძალადობის მსხვერპლის სტატუსს მოვუპოვებთ, ბინადრობას გაუგრძელებენ. ძალადობის კვალიც თვალში საცემია. მას ეტყობა იარები სახესა და სხეულზე, რაც ექსპერტიზითაც შეიძლება დამტკიცდეს.

- ტაჯიკეთში მისმა ოჯახმა იცის ეს ამბავი?

- მას თავის ქვეყანაში მხოლოდ ავადმყოფი მამა ჰყავს. შვილს იქიდან ვერ ეხმარება, ეს კი იქ ვერ ჩადის. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძალადობენ, ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლიც არის. საკმაოდ შემოსავლიანი ოჯახია და ამ გოგონას საცოდავად ეცვა. თურმე დედამთილმა ვიღაც გოგოს მისცა შვილის ნომერი. ასე ცდილობდა, დაეშორებინა ისინი. არ ვიცი, სად პოულობს ამხელა ძალას, ამდენს რომ გაუძლოს. შვილებს უდიდესი სიყვარულით ზრდის და მხოლოდ მათთვის ცოცხლობს. არადა, გაცხადების შემთხვევაში შეიძლება თავშესაფარში გადაიყვანონ. ფსიქოლოგი გვყავს და ვმუშაობთ, რომ ბავშვებთან ერთად თუნდაც ქუჩაში ცოტა ხანი გამოვიდეს, ფსიქოლოგს შეხვდეს, რომ ბავშვების მდგომარეობაც შევიტყოთ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ რამენაირად დავეხმაროთ...

- რეგიონში ძალადობის დამალვის ფაქტები ისევ ხშირია?

- ძალიან ბევრი ქალი მალავს და აჭარაში ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა. მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ ფინანსურად დამოკიდებულები არიან მშობლებზე, ასევე - მენტალობის ფაქტორი. ყველგან ერთი და იმავე პრობლემას ვაწყდებით, წასასვლელი არსად აქვს ქალს, შეიძლება სახლშიც აღარ მიიღონ მშობლებმა. ასეთი შემთხვევაც გვქონდა: გოგონას სისტემატურად სცემდა ქმარი, ამცირებდა დედამთილი. წამოვიყვანეთ იმ სახლიდან, მაგრამ მამამისი ამბობდა, - მირჩევნია, ქმარმა დღეში 10-ჯერ სცემოს ჩემს შვილს, ვიდრე ქმრის სახლიდან წამოსული ქალის სახელი ერქვასო. კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ: დანით დაჭრა ქმარმა ცოლი, ქალმა პოლიცია გამოიძახა და დაიჭირეს მამაკაცი. ახალგაზრდა ქალს საკუთარი მამა დაუპირისპირდა, კაცი როგორ დააჭერინეო?! რეგიონებში მენტალობის პრობლემაა, ვფიქრობ, მეტად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, რომ ადამიანებმა თავიანთი უფლებების დაცვა შეძლონ.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოფილი რძლის მუქარა და გარდაცვლილი მაზლი
ამ დღეებში, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა საცხოვრებელ კორპუსთან ჩაცხრილეს.
"ცნობილი ესპანელი მხატვრის, მურილიოს ნახატი ჩვენს ოჯახში 1962 წელს გაჩნდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მამამ მოიტანა და ძალიან ბედნიერი იყო"
რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, სადაც დაპირისპირებისას, ერთი ადამიანი - ბესიკ ომიაძე დაიღუპა, ძმები ლევან და შალვა ბუზიაშვილები კი სხეულის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა.
"რამდენიმე ათეული ბავშვი კომატოზურ მდგომარეობაშია" - ახალი საშიში ნარკოტიკი ფსიქიკურ აშლილობას და სიკვდილს იწვევს.
"ისეთი ჭრილობა ჰქონდა გულზე, ადგილზეც­ რომ დაწყებულიყო რეანიმირება, ლევანს მაინც ვერ გადამირჩენდნენ"
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლში, ერთ-ერთ სკვერში გარდაცვლილი იპოვეს.
"ყველაზე მთავარი, რაც მაინტერესებდა ის იყო, ჩემი შვილისთვის მომაკვდინებელი ჭრილობა იყო თუ არა საქმეში არსებული დანით მიყენებული, მაგრამ მხოლოდ ის წერია, არსებული დანები ამ ჭრილობებს არ შეესაბამება, თუმცა შესაძლებელია ეს დანები გამოყენებული ყოფილიყოო"
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
8 კომენტარი