ადვოკატის ცემაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს - გზაპრესი

ადვოკატის ცემაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხმაურიანი საქმის არსებითი განხილვა დაასრულა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა კვირკვაია სასამართლო დარბაზიდან ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. პოლიციის მაღალჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება დიდი ხმაურის შემდეგ წაუყენეს. მართალია, ბრალდებული დღემდე ირწმუნება, რომ ადვოკატი არავის უცემია, რეალურად არანაირ ცემას ადგილი არ ჰქონია და გიორგი მდინარაძემ საქმის გაჭიანურებისა და შექმნილი დისკომფორტის გამო პოლიციის განყოფილებაში თვითდაზიანებები თავად მიიყენა, მაგრამ ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალდება სულ სხვა რამეს ადასტურებს.

შეგახსენებთ, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის დასაცავად გვიან ღამით მისულ ადვოკატს სასტიკად სცემეს. ნაცემი ადვოკატის სახესა და სხეულზე მიყენებული დაზიანებები მაშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა. დაზარალებული ადვოკატი კონკრეტულ გვარებს ასახელებდა.

საქმის მასალების მიხედვით, 2015 წლის 8 ნოემბერს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების უფროსს, ლაშა კვირკვაიას შეკამათება მოუხდა ადვოკატ გიორგი მდინარაძესთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნის დუმილის უფლების გამოყენების გამო. ლაშა კვირკვაიამ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გიორგი მდინარაძეს დაზიანება მიაყენა.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა ძალოვანმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, მაგრამ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მან სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. კვირკვაიასთვის წაყენებული ბრალდება ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა მოსამართლემ ჩათვალა, რომ საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულება ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ამიტომ ბრალდებულის ქმედება გადააკვალიფიცირა უფრო მსუბუქ მუხლზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ბრალდებულის პიროვნებისა და ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, ლაშა კვირკვაიას სასამართლომ ჯარიმა - 12.000 ლარი განუსაზღვრა. მოსამართლემ ასევე მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა, ჯარიმის თანხა 2.000 ლარით შეამცირა და საბოლოოდ, პატიმრობიდან გათავისუფლებულ ყოფილ ძალოვანს 10.000 ლარის გადახდა დააკისრა.

მოსამართლის ეს ვერდიქტი მოულოდნელი აღმოჩნდა დაზარალებული ადვოკატისთვის. პროკურატურა ასევე თვლის, რომ საქმეში ყველანაირი მტიცებულება იყო პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, ამიტომ მოსამართლის განაჩენს პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. არც ციხიდან გათავისუფლებული ბრალდებული ლაშა კვირკვაია იყო აღნიშნული განაჩენით კმაყოფილი. ის გამართლებას ითხოვდა და ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს გამოტანილ ვერდიქტს.

"რა აბსურდი თქვა მოსამართლემ? პოლიციელმა კი გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მაგრამ ძალადობით რომ გადაამეტა, ეს არ დადასტურდაო. აბა, დაზიანებები მიხატული მქონდა?! ეს არის მართლმსაჯულების მძიმე შეურაცხყოფა... ჩემი თვითმიზანი არ არის, ვინმეს ციხეში გაშვება, მაგრამ ეს სამაგალითო უნდა იყოს სხვა პოლიციელებისთვის", - ასე გამოეხმაურა ვერდიქტს დაზარალებული ადვოკატი.

მისი თქმით, ბრალდებულის მეგობრები სასამართლო პროცესზე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ: "ერთი ამბობდა, რომ თითქოს კვირკვაიას ყური ავუწიე და ამიტომ მოხდა ჩემი ადმინისტრაციული წესით დაკავება. მეორე ამბობდა, თითქოს შემოვარტყი. მესამე ამბობდა, რომ ყური ავუწიე და მერე შემოვარტყი და ა.შ. ისინი არიან კვირკვაიას მეგობრები და მათაც აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ცრუ ჩვენების მიცემის გამო. ამის პარალელურად, არსებობს ჩემი, ჩემი მეუღლის, დაკავებული არასრულწლოვნის, მისი მამისა და სხვა არაერთი ადამიანის ჩვენება, რომელიც რეალურად ასახავს, თუ რა და როგორ მოხდა", - დასძენს ნაცემი ადვოკატი.

სასამართლოს ვერდიქტს გამოეხმაურა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც მომხდარს პირველივე წუთიდან აპროტესტებდა და დამნაშავე პოლიციელის სამაგალითოდ დასჯას ითხოვდა.

"23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამარცხვინო მოსამართლემ, ლილი მსხილაძემ გამოიტანა საოცარი განაჩენი და ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ჩადენილი, ჩემი შეფასებით, წამების ფაქტი პოლიციელის მხრიდან შეაფასა 10.000-ლარიანი ჯარიმით. ლილი მსხილაძემ დაარღვია სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე და ნაწამები ადვოკატის მწამებელ ლაშა კვირკვაიას მიუსაჯა 10.000 ლარი ჯარიმა, რაც მოასწავებს ბიძინას ხელისუფლების მხრიდან პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. პოლიციელების მხრიდან ათობით ჩადენილ უკანონობაზე თვალს ხუჭავს პროკურატურა, რომელმაც გიორგი მდინარაძის წამების შემთხვევა შეაფასა როგორც პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და არა - წამება, რაც წინასწარ გათვლილი უკანონობა იყო, რომ არ მომხდარიყო ლაშა კვირკვაიას ციხეში გაჩერება ორ თვეზე მეტი ვადით... გიორგი მდინარაძე არის მხნედ, ადვოკატები, ვინც ვმუშაობთ სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ საქმეებზე, ვიცით, რომ ამ საქმეს მოვიგებთ და მოსამართლე ლილი მსხილაძიდან დაწყებული, პოლიციელებით დამთავრებული, დავსვამთ საბრალდებო სკამზე... მოვა დრო და ყველა პოლიციელს უკანონობის გამო პასუხი მოეთხოვება", - ამბობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

ლაშა კვირკვაია ცდილობს თავის მართლებას. იგი პირად ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ამბობს, რომ მას გენერალური პროკურორი დევნის: "პროკურატურას საქმეს უადვილებს ის, რომ მეორე მხარეს დგას ლაშა კვირკვაია, რომლის მიმართაც ირაკლი შოთაძეს ნამდვილად აქვს პირადი ინტერესი, რადგან მე დავაკავე მისი მეგობრები, რომლებმაც ძალიან მძიმე დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს", - განაცხადა ლაშა კვირკვაიამ.