ალაპარაკდება თუ არა უმძიმეს ბრალდებებში მხილებული მეგის ქარდავა? - გზაპრესი

ალაპარაკდება თუ არა უმძიმეს ბრალდებებში მხილებული მეგის ქარდავა?

სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება როდის მოხდება, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, პროცედურები რამდენიმე თვეს გაგრძელდება. უკრაინულმა სასამართლომ უნდა შეაფასოს საქართველოდან გაგზავნილი მასალები და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადმოსცემს თუ არა მას ქართულ მხარეს.

უკვე 5 წელია, მეგის ქარდავა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნება. ადრეც ცნობილი იყო მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ აქამდე უკრაინელ სამართალდამცავებს მისი დაკავება არ უცდიათ. იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ეს დაკავება ორი ქვეყნის შეთანხმების შედეგი იყოს. თუ ეს ასეა, მაშინ ქარდავას ექსტრადირება აუცილებლად მოხდება, თუმცა ისიც ცნობილია, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მან უკრაინის ხელისუფლებას უკვე მიმართა.

ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ ფაქტს გაგრძელება ჰქონდეს და უკრაინულმა მხარემ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დააკავოს და საქართველოს გადასცეს.

თავად მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა მეგის ქარდავას დაკავებას და ამბობს, რომ მას საერთოდ არ იცნობს.

ირკვევა, რომ მეგის ქარდავა ომარ ძანძავას სახელითა და გვარით დადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძებნილის ბინაში ხუთი სხვადასხვა ქვეყნის პასპორტი და მეზღვაურის მოწმობა აღმოჩნდა, რომელსაც იყენებდა სხვადასხვა ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთად.

ბევრი თვლის, თუ მეგის ქარდავა ალაპარაკდა, ის "ოქროს მოწმე" იქნება სხვა ჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეში და ჩვენებების სანაცვლოდ, შესაძლოა, მასთან საპროცესო გარიგებაც გაფორმდეს. თუმცა, ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, რადგან უცნობია, მეგის ქარდავას საერთოდ გაუჩნდება თუ არა სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მხილების სურვილი.

მას საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა და ახალაიების გუნდის წევრად მოიაზრება. 2006 წელს მეგის ქარდავა VII საპყრობილის დირექტორი იყო, 2007-2009 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის, თენგიზ გუნავას მოადგილედ მუშაობდა. 2009 წელს კი სამხედრო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე დანიშნა.

დიდია ბრალდებების სია, ყველა საქმე რეზონანსული იყო, სადაც იგი ფიგურირებს. ალბათ ყველას ახსოვს ე.წ. კასრების საქმე. შსს-მ 2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვა, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა. ამ ჩანაწერებში ორი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტიც იყო აღბეჭდილი. გამოძიებამ მაშინ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მოახერხა და ისინი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ.

ე.წ. კასრების უმძიმეს საქმეზე 12 პირი მიეცა პასუხისგებაში. 2014 წელს დადგა განაჩენი, სხვებთან ერთად მეგის ქარდავაც გაასამართლეს - სასამართლომ დაუსწრებლად 9 წელი მიუსაჯა. შემზარავი კადრები საჯაროდ განადგურდა, თუმცა, მალევე იგივე კადრები ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე აღმოჩნდა. მაშინაც ამბობდნენ, რომ ამ საქმეში მეგის ქარდავას ხელი ერია.

მეგის ქარდავას მისჯილი აქვს სასჯელები "ციხის ბუნტის", სერგო თეთრაძის წამების, ე.წ. კასრების საქმისა და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეგის ქარდავა გასამართლებულია 27 წლის ქალის წამების გამო. ეს საქმე 2014 წელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მეგის ქარდავა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მას ამ დანაშაულისთვის 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ქალი 2008 წელს დააპატიმრეს ადამიანის მძევლად აყვანის მუხლით. დაკავებულმა ეს კონკრეტული დანაშაული აღიარა, თუმცა მეგის ქარდავა მისგან ითხოვდა ამ დანაშაულში თანამონაწილე პირების დასახელებასაც, რაც ბრალდებულმა არ გააკეთა, ამის გამო განრისხებული ქარდავა მას სხეულზე აწვავდა სიგარეტს, აყენებდა შეურაცხყოფას, ძალადობდა. დაზარალებული იმასაც ამბობდა, რომ ქარდავამ ნარკოტიკიც მიაღებინა, აღიარებითი ჩვენების მისაღებად.

ძალიან მძიმეა სერგო თეთრაძის წამების საქმე. მართალია, ქარდავა უშუალოდ თეთრაძის წამებაში გაამართლეს, მაგრამ სხვა ეპიზოდებში დამნაშავედ ცნეს, კერძოდ, დავით ლონდარიძისა და გია გორელაშვილის წამებაშია ბრალდებული და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

არანაკლებ მძიმეა ელდარ ქობალიასა და კოჭოიას წამების საქმე: 2011 წლის 4 აპრილს, დიდი ხმაურით დააკავეს კუდის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი და მათ უმძიმესი ბრალდება, ტერორისტული აქტის მომზადება წაუყენეს ბრალად. ამ ბრალდებით დაკავებულები ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია, იგივე კოჭოია სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც ელდარ ქობალია გარდაიცვალა. უკვე ცნობილია, რომ მთავარი პროკურატურა ე.წ. ტერორისტების საქმის გამოძიებას თავიდან იწყებს და არ არის გამორიცხული, ამ დანაშაულში მხილებული პირები გაამართლონ და პატიმრობიდან გაათავისუფლონ. მალხაზ არქანიას წამების საქმეზეც მოუწევს პასუხისგება ქარდავას. აქაც ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამებაზეა საუბარი.

აი, რას წერს თავის ჩვენებაში მალხაზ არქანია:

- ჩემს დასაკითხად მოვიდა სამხარეოს უფროსის მოადგილე, მეგის ქარდავა, რომელიც მანქანების თაობაზე მეკითხებოდა, რომლებსაც ვყიდულობდი და ვყიდდი; ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომელიც ვითომ ჩემი "ნასკიდან" ამოიღეს. მერე მეკითხებოდა, ვიცნობდი თუ არა ვინმე ზვიად არქანიას. ვუთხარი, რომ არ ვიცნობდი, რის გამოც ერთი დღით საკანში მომათავსეს. 2011 წლის 19 მაისს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს VIII საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება, ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან შეხება არ მქონია. მან უთხრა ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში. დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა და თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, იმავეს მიზამდნენ. ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა და მითხრეს, დამეწერა აღიარებითი ჩვენება, თავის გადასარჩენად. ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს, ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ და მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული. ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ძალით შემაჭამა ქაღალდი. მერე ჩემს თანმხლებებს უთხრა, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და გავეუპატიურებინე. გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით...

ასევე, რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე, 2016 წლის 7 აპრილს ქარდავა უშუალოდ განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიეცა პასუხისგებაში. ამ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

ერთი სიტყვით, ძალიან დიდია ბრალდებების ჩამონათვალი, რასაც მეგის ქარდავას ედავებიან. მართალია მისი ადვოკატი ამბობს, რომ ყველა ეს ბრალდება მის წინააღმდეგ შეთხზულია, თუმცა ფაქტია, ხუთსაქმეზე სასამართლო განაჩენები უკვე არსებობს. 4 საქმე კი ვერდიქტის მოლოდინშია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, საერთოდ ალაპარაკდება თუ არა იგი და გასცემს თუ არა ამ უმძიმეს ბრალდებებს პასუხს.

თეა ხურცილავა